კითხვა: როგორ მიმდინარეობს ლეიშმანიოზის დაავადება, რა სიმპტომები აქვს მას, ვის მივმართო და როგორ ვიმკურნალო?
პასუხი: ლეიშმანიოზის გადამტანები ძირითადად მწერები არიან. განასხვავებენ კანისა და ვისცერალურ (შინაგან) ფორმებს. ინკუბაციური პერიოდი 10-20 დღიდან 3-8 თვემდე გრძელდება. კანის ფორმის დროს ნაკბენის ადგილას წარმოიქმნება 2-3-მილიმეტრიანი დაზიანების კერა, რომელიც მალე იზრდება და წყლულად გარდაიქმნება (დიამეტრში შეიძლება 5 სანტიმეტრამდე მიაღწიოს). წყლულის მოშუშებამ შეიძლება 5-დან 12 თვემდე გასტანოს. ხშირია თანმხლები ლიმფადენიტები და ლიმფანგიტები. დიაგნოზი ისმება დამახასიათებელი კლინიკური სურათით, დასტურდება ინფილტრატიდან აღებულ მასალაში ლეიშმანიების აღმოჩენით. ვისცერალური ფორმისთვის დამახასიათებელია მკვეთრად გადიდებული ელენთა, ღვიძლი და ლიმფური კვანძები. ტემპერატურა დღე-ღამეში 2-3-ჯერ იმატებს. დაავადება მზარდი სისუსტითა და ფაღარათით იწყება. კანზე ჩნდება სხვადასხვა ფარმის გამონაყარი. დამახასიათებელია მიდრეკილება სისხლდენებისადმი. თანდათან ვითარდება კახექსია, ანემია, შეშუპებები. ზუსტი დიაგნოზის დასმა შესაძლებელია მხოლოდ ელენთის ან ძვლის ტვინის პუნქციის საფუძველზე. მკურნალობას ნიშნავს ინფექციონისტი.
კითხვა: ჩემს შვილს აქვს ლოყაზე იარებივით გამონაყარი, ერთ ადგილას ღარიც კი გაუჩნდა. რისი ბრალია ეს და როგორ ვუმკურნალოთ?
პასუხი: სახეზე გამონაყარი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დერმატოლოგიური პრობლემაა. თუ თვითონ შეეცდებით გამკლავებას, შეიძლება, კანის უარესი გაღიზიანება ან ნაწიბურებიც კი მიიღოთ! გამონაყარი შეიძლება იყოს ალერგიული, სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებული ან შინაგანი ორგანოების დაავადებების შედეგი. გამონაყარის ლოკალიზაციით შეიძლება ვივარაუდოთ, რომელ ორგანოს „უჭირს“: საფეთქლებზე – ნაღვლის ბუშტს, ნიკაპზე – სასქესო ორგანოებსა და ენდოკრინულ სისტემას, ლოყებზე – საჭმლის მომნელებელ სისტემას. მიაქციეთ ყურადღება სწორ კვებას: მოერიდეთ ყავას, შოკოლადსა და ნიკოტინს, მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული. დერმატოლოგი ან ენდოკრინოლოგი დაადგენს თქვენი შვილის კანის პრობლემების მიზეზს, ხოლო კოსმეტოლოგებს აქვთ უამრავი საშუალება კანის ხარვეზების გამოსასწორებლად.
კითხვა: ექიმმა დამინიშნა ონკომარკერების ანალიზი. არის თუ არა საჭირო რაიმე სპეციალური პირობები (უზმოზე ყოფნა ან სხვა)?
პასუხი: ონკოლოგიური მარკერების განსაზღვრას არ ესაჭიროება სპეციალური პირობები.
კითხვა: რამდენიმე თვის წინ სისხლის საერთო ანალიზში ედს იყო 28, ახლა კი 20-ია. ამ დროის განმავლობაში სიცხე მაქვს 37,2. რა შეიძლება იყოს მიზეზი და როგორ მოვიქცე?
პასუხი: ტემპერატურის მატების მიზეზი შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური (გადაღლა, ციკლის ლუთეინური ფაზა), ანემიები, ინფექციური ან არაინფექციური ხასიათის ანთებითი დაავადებები, ჰორმონალური დარღვევები. თერაპევტმა უნდა დანიშნოს შესაბამისი გამოკვლევები და დაადგინოს მიზეზი.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი