სად იყრის თავს ადამიანის სხეულში მისი ბოროტი ზრახვები, აზრები, მანკიერებები და როდის შეგვიძლია საკუთარ გულში სასწაულის მოხდენა
სამყაროში არსებობენ როგორც კეთილი, ასევე ბოროტი ძალები, რომლებიც ხშირად იჭრებიან ადამიანის სხეულსა და გონებაში. როგორ უნდა გათავისუფლდეს ადამიანი ამ ყველაფრისგან, როგორია ეკლესიის მიდგომა ბოროტი ძალების მიმართ, ამის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):
– მთელი კაცობრიობისა და ეკლესიის ისტორია გვასწავლის, რომ არსებობს ღმერთი და იმავდროულად, ეშმაკიც, რომელიც მთავარანგელოზი იყო და შემდეგ გახდა ღვთის მოწინააღმდეგე – და არა მხოლოდ ღვთის, არამედ ადამიანების მოწინააღმდეგე. მას არ სურს ადამიანების მოქცევა და თავის უარყოფით ზეგავლენას ადამიანის სულზე ახდენს. რა თქმა უნდა, არსებობს როგორც ბოროტი ძალები, ასევე ავი თვალი. შეიძლება ითქვას, ადამიანის თვალი მისი გულია. ეს კი მიუთითებს იმაზე, თუ როგორი ადამიანია ის, როგორია მისი გულისთქმა. სწორედ გულში იყრის თავს მისი აზრები, გრძნობები, გულისთქმები, არასწორი შეხედულებები ცხოვრების, სარწმუნოების მიმართ. წმიდა ეპისკოპოსმა გაბრიელ ქიქოძემ თავის შესანიშნავ წიგნში მეცნიერულად აღწერა ადამიანის პიროვნება, მისი ანთროპოლოგია თავიდან ბოლომდეა წარმოდგენილი. ადამიანი არის ერთობლიობა ხორცის, ძვლების, ნერვების, მაგრამ ჯერ მისი სულია და მერე ყველაფერი დანარჩენი. ამიტომაც, ყველაფერზე ზეგავლენას ახდენს ადამიანის სული, ის ყველაფერში თამაშობს მნიშვნელოვან და გადამწყვეტ როლს. მაგალითად, ადამიანს თუ ხელში უჩხვლიტეს, მას ნაჩხვლეტი ადგილი კი არ სტკივა, არამედ ჯერ სულში სტკივა. ანუ, იმპულსები ნერვების საშუალებით გადაეცემა გონებას, გონებიდან კი – იმ უმაღლეს სუბსტანციას, რასაც სულს ვეძახით. შემდეგ სული აცნობიერებს იმას, რაც მოხდა და ის იმპულსები ტვინის გავლით ბრუნდება ნაჩხვლეტ ადგილას. სწორედ ამის შემდეგ აცნობიერებს ადამიანი, რაც მოხდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წამის მეასედებში, ძალიან სწრაფად ხდება. ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, სული ყველაფრის „ზედამხედველია“.
– სად იყრის თავს ადამიანში არსებული მანკიერებები, ცოდვები?
– სწორედ ადამიანის გულში იყრის თავს მთელი მისი წარმოდგენები, მანკიერებები, მისწრაფებები, კარგი თუ ცუდი აზრები, ფიქრები. ადამიანი თუ გულით არის ცუდი, ღვარძლიანი, უსიყვარულო, რა თქმა უნდა, მისი თვალები ყველაფერს ამას ასახავს, აფრქვევს. თვალები ადამიანის სულის სარკეა და ის კარგად ასახავს მის შინაგან მდგომარეობას. ადამიანებში არის ძალიან ბევრი მანკიერება – უსიყვარულობის, უპატივცემულობის, გაუტანლობის, პატივმოყვარეობის, შურის, ურწმუნოების, ვერცხლისმოყვარეობის. ეს ის პატარ-პატარა თუ დიდი დემონებია, რომლებიც მანკიერებების სახით წარმოჩინდებიან. დღეს ადამიანები ხშირად დადიან ექსტრასენსებთან, მკითხავებთან. ისინიც თითქოს მათ ეხმარებიან, თუნდაც ავი თვალის, ავი ძალის ზეგავლენისგან გათავისუფლებაში. ეკლესიის წიაღშიც არიან ადამიანები, რომლებიც განასხავენ ეშმაკებს, კითხულობენ კვეთებულებს. აი, რას წერენ ამის შესახებ წმიდა მამები: იმ ადამიანს, ან ადამიანებს, რომელსაც საკუთარ თავში არ აქვთ დამარცხებული მანკიერებები, ანუ მასში ისევ არის ცოდვის პატარა თუ დიდი დემონები, უფლება არ აქვთ და არც უნდა გაბედონ, სხვა ადამიანისგან განდევნონ ეშმაკები. სახარებაში წერია, როგორ განდევნა მაცხოვარმა შეპყრობილი ადამიანისგან მთელი ლეგიონი, რომელთაც ღორის კოლტში შესვლა უბრძანა. დღეს, როდესაც ჩვენ განვდევნით ეშმაკებს, ვინმემ იცის, სად შედიან ისინი? ეშმაკები თავის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებიდან გამომდინარე, ასეთ ხერხსაც მიმართავენ: ვითომ გარბიან ადამიანებისგან – გვაჩვენებენ, რომ ჩვენ იმ ადამიანის სიწმიდით განვიდევნებით, ვინც აღასრულებს რიტუალსო. გამოდიან ადამიანის სხეულიდან ყვირილით, მაგრამ შემდეგ ისევ ბრუნდებიან. შედიან ისევ იმ ადამიანში და უფრო მეტ ზიანს აყენებენ მას. წმიდა მამების ცხოვრებას თუ გადავავლებთ თვალს, იშვიათად თუ შეხვდებით ისეთ მაგალითს, როდესაც ისინი ადამიანებისგან ეშმაკებს განდევნიან. იშვიათად მიმართავენ ისინი ეშმაკების განსხმას და ესაც, გარკვეულწილად, ღვთის დაშვებით, გარკვეული მინიშნებით ხდებოდა.
– როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ არსებობს ავი თვალი, ხდება ადამიანების გათვალვა, ბოროტი ძალებისგან შეპყრობა, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს?
– არსებობს ავი თვალი, მაგრამ მის მიმართ სწორი მიდგომა უნდა გამოვიმუშაოთ, უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვექცეთ. სახარება გვასწავლის: ნათესავი ესე (იგულისხმება ბოროტი ძალები) განიდევნება მხოლოდ მარხვითა და ლოცვით. მაგრამ, თუ შინაგანად არ ვიქნებით მზად იმისთვის, რომ მივიღოთ ქრისტე, მას გული გავუღოთ, რადგან ყველა სასწაული ადამიანის გულში ხდება და სხვაგან არსად, მაშინ მხოლოდ გარეგნულ მზადყოფნას არ ექნება აზრი, ვერ გამოიღებს შედეგს. დღეს და წინა საუკუნეებშიც ძალიან ბევრი ადამიანი, მომლოცველების დიდი რაოდენობა მიდიოდა წმიდა ადგილების მოსალოცად, სადაც მაცხოვარი, განკაცებული ღმერთი მოღვაწეობდა – წმიდა მიწაზე, პალესტინაში, იერუსალიმში, ასევე სხვა სიწმიდეების სანახავად. სიწმიდე მხოლოდ იმ კრიტერიუმით შეიძლება იყოს ადამიანისთვის საინტერესო, თუ წმიდა ადამიანებს და მათ მოღვაწეობას გვახსენებს. თავად ეს სიწმიდეები არაფერს წარმოადგენს, თუ მასში რამეს მნიშვნელოვანს არ დავინახავთ. ხატებთან რისთვის ვლოცულობთ? ჩვენ ხეს, ან ოქროს კი არ ვეთაყვანებით, არამედ იმ პიროვნებას, წმიდანს, რომელიც მასზეა გამოხატული. თუ გულით არ ვლოცულობთ, მათ გულით არ ვეხვეწებით წყალობას, მაშინ ყველანაირი აზრი ეკარგება ლოცვას, ხატებთან ურთიერთობას, რადგან ყველა სასწაული ადამიანის გულში აღესრულება. ადამიანები თავიანთი სარწმუნოებით, რწმენით ახდენენ სასწაულებს და არა ადგილები.
– თუ არსებობს ბოროტი, ავი თვალისგან დასაცავი სპეციალური ლოცვები? დღემდე ქართველების დიდი ნაწილი ასეთ დროს ხშირად მიმართავს შელოცვის რიტუალს, რომელიც ძველად გავრცელებული იყო ჩვენს ყოფაში.
– როდესაც გვწამს ღმერთი, რომელიც ჩვენი გადამრჩენია, აღარ მივდივართ მკითხავთან, შემლოცველთან, თუნდაც ის ჩვენი ნათესავი, მეზობელი ან ბებია იყოს. დღეს ადამიანები უფრო დიდ მნიშვნელობას რიტუალურობას ანიჭებენ, თითქოს უფალთან გვაქვს ვაჭრობა: ვიცით, უფალო, რომ არსებობ, ახლა მე ყველაფერს გავაკეთებ და მერე შენ წყალობა უნდა მომცე. ჩვენ ვხელმძღვანელობთ წმიდა მამების ცხოვრებით, სწავლებით, რადგან მათ ეს ყველაფერი ცხოვრებაში გამოიარეს, დაგვიწერეს და დაგვიტოვეს. რაც შეეხება ლოცვებს, ჩვენ ვცდებით, როდესაც ისე ვუდგებით საკითხს, რომ თითქოს არსებობს სპეციალური ლოცვები ავი სულებისგან დასახსნელად – ან ფსალმუნი, რომელიც ამა თუ იმ შეჭირვების დროს უნდა წავიკითხოთ და ასე შემდეგ. აქაც ცალსახაა ეკლესიის სწავლება, აქაც რიტუალურობას ვეძებთ. ჩვენი მიდგომა გადაჭარბებულია – გვინდა, რომ გარეგნული წესებით შევამკოთ ჩვენი რელიგიური ცხოვრება. თუკი ადამიანი ლოცულობს გულით, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ლოცვას წაიკითხავს, რომელ წმიდანს შეევედრება, მისი ლოცვა აუცილებლად იქნება შესმენილი. ვიცით, რომ დაწერილია ესა თუ ის ფსალმუნი; ესა და ეს ფსალმუნი ამას უხდება, ამისთვის არის დაწერილი – ეს ცალკე თემაა. მაგრამ, მხოლოდ გარეგნული წესებით რომ ვხელმძღვანელობთ – ეს არასწორია. ეს უკვე სულიერება აღარ არის. ღვთისმშობლის ძალიან ბევრი ხატი არსებობს, მაგრამ, ხომ დამეთანხმებით, რომ ღვთისმშობელი ერთი გვყავს. თუ ადამიანი, რომელიც ლოთობის სენით არის შეპყრობილი ღვთისმშობლის ხატთან – „ბარძიმშეუსმელი“ არ მივა, არ ილოცებს და ღვთისმშობლის სხვა ნებისმიერ ხატს სთხოვს გულით-სულით შემწეობას, დედა ღვთისა მას არ დაეხმარება, არ შეისმენს მის ლოცვებს? რა თქმა უნდა, შეეწევა. თუ ადამიანი ლოცულობს მთელი სულით-გულით, ხატიც რომ არ იყოს იქ, მისი ლოცვა აუცილებლად იქნება ღვთისგან შესმენილი. როგორც ვთქვი, ამ დროს ხატები კი არ ახდენენ სასწაულს, არამედ ადამიანის პირადი მაგალითი, მისი ლოცვითი განწყობა, ცოცხალი სარწმუნოება და რა თქმა უნდა, წმიდანების, დედაღვთისმშობლის შეწევნა, ვისაც ისინი ევედრებიან, თავად ადამიანი აღასრულებს ამ სასწაულს. ამ შემთხვევაში გარეგნულ ფაქტორებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.