კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არის მამაკაცი ღალატის გამო ქალზე გაცილებით მძიმე მდგომარეობაში

 

დათო (31 წლის): მამაკაცისთვის ძალიან ძნელია იმის გადატანა, რაც ჩემს თავზე დატრიალდა. ზღვარზე რომ არ ვიყო, არც მოვყვებოდი ამ ყველაფერს. არ ვიცი, რა შეიცვლება ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ჩუმად ყოფნა უფრო მეტ ტანჯვას მაყენებს. დეპრესია არ მაქვს, მაგრამ თავს საშინლად ვგრძნობ, საზიზღრად. ყველაზე ძალიან ის მაწუხებს და მტკივა, ჩემი შვილები უმამოდ რომ გაიზრდებიან. რა თქმა უნდა, მე მათზე ვიზრუნებ, მაქსიმალურს გავუკეთებ და ვეცდები, რაც შეიძლება ხშირად ვნახო, მაგრამ სულ სხვაა, როცა მათთან ერთად იძინებ და მათთან ერთად იღვიძებ. მთლიანობა აუცილებლად დაირღვევა. მერედა, რატომ? მე ხომ შვილებისა და ჩემი უმადური ცოლისთვის გავაკეთე ყველაფერი. მათთვის მინდოდა უზრუნველი ცხოვრება შემექმნა. რომ ჩემს ცოლს ძვირფასი ტანსაცმელი სცმოდა და კარგი მანქანით „ეგრიალა“. იცით, როგორი მზრუნველი ქმარი ვიყავი?! გადაყოლილი. შეიძლება, ამიტომაც მომექცა ასე. იცით, როგორ მდგომარეობაში ვარ?! ქალს რომ ქმარი უღალატებს და ის ყველას ერთსა და იმავეს ეკითხება, რა დავაკელიო.

– ამ კითხვაზე პასუხი, ალბათ, არც არსებობს.

– ასეა. არ არსებობს. თუმცა, ჩემი შემთხვევა მაინც განსხვავებული და განსაკუთრებულია. ნაღალატევი ქალი უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე მე ვარ ახლა.

– რატომ? რადგან ის მაინც ქალია?

– კი. მაინც არსებობს განსხვავება.

– რა განსხვავება? ღალატი ღალატია.

– გეთანხმებით, მაგრამ მამაკაცისთვის რქებდადგმულის როლში ყოფნა, გაცილებით დამამცირებელია, შესაბამისად, უფრო მტკივნეულიც. რამდენიც უნდა ვამტკიცოთ, არანაირი სხვაობა არ არისო, ეს მაინც ასეა. ვიცი, რომ არ დამეთანხმებით. მე მესმის თქვენი, თუმცა, სტატისტიკას თუ ვენდობით, ქალებს ბევრად უფრო ხშირად უპატიებიათ ქმრისთვის ღალატი, ვიდრე პირიქით. ხომ ასეა?

– იმიტომ, რომ ჩვენ საზოგადოებაში აბსოლუტურად მცდარი და სულელური მოსაზრება არსებობს, თითქოს კაცის ღალატი სხვანაირია. 

– არ არის სულელური მოსაზრება. დამიჯერეთ, ბევრი კაცი ვიცი, სხვა ქალთან რომ წვება, მაგრამ შინაგანად მაინც ცოლის ერთგულია.

– არაჩვეულებრივი არგუმენტია, წმინდა მამაკაცური.

– ვეცდები, აგიხსნათ. კაცი შეიძლება, წვებოდეს სხვა ქალთან, მაგრამ მხოლოდ რაღაც დროებითი სიახლის, დროებითი თავგადასავლის გამო, გასართობად. ვერც მისი ფიქრი და ვერც გრძნობები ვერ იქნება ამ ქალთან. ის დაბრუნდება ცოლთან და დიდი ალბათობაა, ის ქალი საერთოდ აღარც გაახსენდეს. ქალის შემთხვევაში, ასე, პრაქტიკულად, არ ხდება.

– ესეც მცდარი მოსაზრება მგონია.

– რატომ? არ არის მცდარი მოსაზრება, თუ მართლა ხელიდან წასული არ არის ქალი და მეძავობა პროფესიად არ აქვს, მისთვის, ვისთან დაწვება სულერთი ნამდვილად არ არის. გრძნობის გარეშე ქალი კაცს არ უახლოვდება ინტიმურად. თუმცა, ეს ყველაფერი მაინც მეორეხარისხოვანი და თეორიული ამბებია. ჩემს შემთხვევაში, გრძნობის გარეშე ნამდვილად არ ჩაუვლია. თუმცა, ზოგადად, ძალიან მეეჭვება, რომ ჩემს ცოლს ვინმეს მიმართ საერთოდ ჰქონდეს გრძნობა. საშინელი ეგოისტია. დიდი სიხარულით წავართმევდი შვილებს და თავად გავზრდიდი, მაგრამ ვიცი, კანონი მის მხარეს იქნება, მიუხედავად იმ ამორალური საქციელისა, რაც მან ჩაიდინა. იმდენად წარმოუდგენელი რაღაც გააკეთა, რომ ძალიან დიდხანს, საერთოდ, ვერ ვიჯერებდი. საკუთარი დედის არ მჯეროდა. ღალატი ღალატად, მაგრამ იმასაც ხომ მნიშვნელობა აქვს, როგორ და ვისთან გააკეთებს ამას. ჩემს ცოლთან სერიოზული პრობლემები არასდროს მქონია. დარწმუნებულიც კი ვიყავი, რომ კარგად ვიცნობდი. ვერაფრით წარმოვიდგენდი, ასეთ სიმდაბლეზე თუ იქნებოდა წამსვლელი. პირადად მე ფეხებზე მკიდია, ამ ორ მოღალატეს შორის რომელი უფრო დამნაშავეა და რომელი უფრო ნაძირალაა. ერთმანეთს ავსებენ სისაძაგლეში.

– ორი მოღალატე? ცოლი და...

– გიყვებით მთელ ამბავს. დიახ, ცოლი და კიდევ ჩემთვის ძვირფასი ადამიანი...  დედაჩემმა მითხრა, შენს ცოლს არასოდეს ყვარებიხარ, ყოველთვის ფეხებზე ეკიდე და მარტო ფული უნდოდა. ადრეც გაფრთხილებდი, მაგრამ ყურადებას არ მაქცევდიო.

– თქვენ როდესმე გიგრძნიათ, რომ ცოლს არ უყვარდით?

– არ ვიცი. არ მინდოდა, ამაზე მეფიქრა.

– ანუ, რაღაც ეჭვი არსებობდა?

– ეჭვი, რომ არ ვუყვარდი?! ჩემი ცოლი იყო, ორი შვილი გამიჩინა. ერთად კარგად ვიყავით. მეფერებოდა... მეალერსებოდა... სექსიც ნორმალური გვქონდა. რატომ უნდა მეფიქრა, რომ არ ვუყვარდი?

– თქვენ არ გიღალატიათ მისთვის?

– რომ გითხრათ, არა-მეთქი, დამიჯერებთ? არადა, მართლა არ მიღალატია. არ მეცალა ამისთვის. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, ბუნებით ძალიან ერთგული ადამიანი ვარ. შევირთე ცოლი? – მორჩა! აღარ გამირბოდა ჭკუა-გონება აქეთ-იქით. ვფიქრობდი, როგორ შემექმნა უკეთესი საცხოვრებელი პირობები ჩემი ოჯახისთვის. მინდოდა, აბსოლუტურად ყველაფერი ჰქონოდათ. ორ სამსახურში გადარბენაზე ვიყავი (ახლაც ასე ვარ). დღე ჩემთვის არ არსებობდა და ღამე. ფულის შოვნა იყო ჩემი მთავარი საფიქრალი...

– თვითონ გთხოვდათ, ფუფუნებაში მაცხოვრეო?

– სიტყვით არასოდეს უთქვამს, მაგრამ წუწუნებდა და იბოღმებოდა, როცა რამე სურვილს ვერ ისრულებდა. მე არ შემეძლო მისი მოწყენილი სახის დანახვა. განვიცდიდი, თუ ცუდ გუნებაზე იყო და ტყავში ვძვრებოდი, რომ გამეხარებინა. განსაკუთრებული სითბოთი არც შვილებთან გამოირჩეოდა. ხომ არიან „ცივი“ ქალები. ასეთი იყო და მე ასეთი მივიღე. შევიყვარე კიდეც.

– რადგან ლამაზი იყო? 

– ჩემთვის იყო ლამაზი, თორემ მზეთუნახავი ნამდვილად არ არის. ეს ხომ არ არის მთავარი და გადამწყვეტი. ჩემი სიყვარული არ დაინახა და საზიზღრად მომექცა. ესაა პრობლემა, თორემ, ნუ მომატყუებდა. ეთქვა, სხვა შემიყვარდა, შენგან მივდივარო და თავს არარაობად მაინც არ ვიგრძნობდი. თუმცა, მეეჭვება, საერთოდ იცოდეს, რა არის სიყვარული. ცუდი ის არის, რომ ბუნებით მეტისმეტად მიმნდობი ვარ. ეს ჩემმა ცოლმა ბოროტად გამოიყენა. ჩემი მშობლები უფრო ადრე მოეგნენ გონს. რძალი განსაკუთრებულ პატივში ჰყავდათ, მაგრამ დედაჩემს თვალები „ახელილი ჰქონდა“, ჩემგან განსხვავებით. თუმცა, როცა პირველად  მითხრა, შენი ცოლი არ იმსახურებს ასეთ პატივისცემას შენგანო, საშინლად გავბრაზდი. რას ერჩით-მეთქი. არ უყვარხარო.

– თქვენ, ალბათ, ჩვეულებრივ, დედამთილურ კაპრიზად მიიჩნიეთ.

– ასე იყო, ნამდვილად ძალიან გავბრაზდი და სწორედ ეს ვუთხარი დედაჩემს. რა გინდა, რატომ გაღიზიანებს ის, რომ ჩემი ცოლი მიყვარს და პატივს ვცემ-მეთქი. თვალები გაახილე, სანამ გვიან არ არისო.

– ანუ, თქვენზე ადრე სცოდნია სიმართლე.

– ჰო. ასე გამოდის. მე კი გავბრაზდი, მაგრამ დედაჩემის სიტყვები მაინც ცუდად ჩამრჩა გულში. ხომ იცით, შეძახილი ხეს ახმობს. ბოლოს და ბოლოს, რაღაც ჩემთვისაც შეიცვალა. ცოტა „შემაჯანჯღარა“ და დავეჭვდი. მართალია, დედაჩემთან ამ თემაზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობდი. ის ჩვენთან არ მოდიოდა. ბავშვები მე მიმყავდა ხოლმე მათთან პარასკევს და კვირა საღამოს მომყავდა. დედაჩემიც კმაყოფილი იყო და ჩემი ცოლიც არ მალავდა, რომ მოსწონდა ეს ვარიანტი. რატომაც არა, ბავშვები ხელს უშლიდნენ სატრფოსთან პაემანზე სირბილში. თავისუფალი დრო სჭირდებოდა „საგრიალოდ“. მე კი „ვპახაობდი“ ქანცის გაწყვეტამდე. კერძო შეკვეთებსაც ვიღებდი. ამოსუნთქვის დრო არ მქონდა. ვფიქრობდი, რომ ცოლის მუდმივი უკმაყოფილების მიზეზი ფულის ნაკლებობა იყო. ეჭვმა უკვე ღრმად შეაღწია ჩემს არსებაში და გამოუსწორებელი, საშინელი შეცდომა დავუშვი. ჩემს მეგობარს ვთხოვე, ჩემი ცოლის პატიოსნება გადაემოწმებინა. ჭკვიანი კაცი ამას არ გააკეთებდა. თუმცა, თუ ძმაკაცს არა, აბა, ვის უნდა ენდო?! კაცებს შორის მეგობრობა ხომ განსაკუთრებული მოვლენაა.  მაგრამ მე სწორედ ძმაკაცმა მიღალატა. თქვენ მკითხეთ, რატომ არის მამაკაცი ღალატის შემდეგ ქალზე გაცილებით ცუდ მდგომარეობაშიო და ახლა გიპასუხებთ – იმიტომ, რომ კაცი ორმაგად ზარალდება, როცა ცოლიც ღალატობს და ძმაკაციც. საკუთარ თავთანაც დამნაშავე გამოდის. შეეცადეთ, სწორად გამიგოთ. ვიცი, რომ ხშირია შემთხვევა, როცა ქმარი ცოლს მისივე დაქალთან ღალატობს, მაგრამ ვიმეორებ, კაცის შემთხვევა გაცილებით მძიმეა. უფრო სტრესულია.

– თვითონვე რატომ არ გადაამოწმეთ ეჭვი, რომელიც გაგიჩნდათ?

– აი, მაგაში კი მართალი ბრძანდებით. მე უნდა გადამემოწმებინა. რა თქმა უნდა, მაშინ კრეტინად არ გამომიყვანდნენ. რომ წარმოვიდგენ, ალბათ, როგორ დამცინოდნენ, ცუდად ვხდები. სურვილი მიჩნდება, იარაღი ავიღო და ორივეს ტვინი გავასხმევინო. მკვლელობაზე წამსვლელიც ვარ, მაგრამ ციხეში ჯდომა ამ ორი ნაძირლის გამო ნამდვილად არ მინდა. მე იდიოტს, რატომ მეგონა, რომ მეგობრობა ყველაზე დიდი ძალაა?! ჩემი სისულელით, მათ გარყვნილებას ხელ-ფეხი შესანიშნავად გავუხსენი. ყველაზე გულისამრევი ის „ანგარიშები“ იყო, რომელსაც ჩემი მეგობარი რეგულარულად „მაბარებდა“.

– ღალატის შესახებ როგორ გაიგეთ?

– ვერაფერიც ვერ გავიგე. დავდიოდი გაბითურებული და რქებდადგმული. „ნაგლად“ მითხრა კიდეც ჩემმა ცოლმა, შენს თავს დააბრალეო. მართალია, ჩემი ბრალია. ვინ დავადანაშაულო?! განქორწინება ჩემმა ცოლმა მოითხოვა. როცა იმასთან უკვე ბოლომდე ააწყო ურთიერთობა – „დაალაგა“ და გათვალა ყველაფერი. თან, ისიც გაითვალისწინა, რა შანსები ექნებოდა ჩემთან და რა – იმასთან. მისი სიტყვები: დროა, ერთმანეთს ცივილიზებულად დავშორდეთო, – ჩემთვის ცაზე მეხის გავარდნასავით იყო. ბედის ირონიაა ის, რომ ისევ ჩემს მეგობარს ვთხოვე, გაეგო, ვის გამო მტოვებდა ცოლი. ესეც გამოუსწორებელი შეცდომა იყო. სრული იდიოტიზმი და დებილობა, ამიტომ განვიცდი ცოლის ღალატს ორჯერ უფრო მძიმედ. აღარ მინდა, ჩავეძიო და „გამოვქექო“, როდიდან დაიწყო მათი რომანი, მაგრამ უკვე აღარ არის საინტერესო. ჩემი თავმოყვარეობა ბოლომდე განადგურებულია. არც ვიცი, როგორ გაგრძელდება ჩემი ცხოვრება ამ ყველაფრის შემდეგ.

– გათხოვდა თქვენი ყოფილი მეუღლე?

– ჯერ არა. ჩემი ყოფილი მეუღლე, ჩემს ყოფილ მეგობართან ცხოვრობს. აი, ასეა. არავინ თქვას, რომ ქალები მეტად იმსახურებენ საზოგადოების თანადგომას, რომ ისინი უფრო ხშირად ხვდებიან ღალატის მსხვერპლნი. ჩემი შემთხვევა იმას ამტკიცებს, რომ არც ქალების ვერაგობას აქვს საზღვარი.

– თქვენი მეგობრის ღალატი ნაკლებად მძიმეა? ის ხომ მამაკაცია.

– გეთანხმებით. მისი ღალატიც საშინელებაა. თუმცა, რამდენად არის ის მამაკაცი ამ სიტყვის სრული გაგებით, ეს უკვე სადავო თემაა. თქვენ მითხარით, არის ის კაცი? თუმცა, მე უფრო სხვა კითხვა მტანჯავს: სად და როდის დავუშვი შეცდომა? შეიძლებოდა თუ არა ამ ყველაფრის თავიდან აცილება? იქნებ მეც მიმიძღვის ბრალი? ჩემი ცოლისთვის, მაგალითად, ამ წლების განმავლობაში, ფეხის საწმენდი ჩვარი არ უნდა ვყოფილიყავი და ამას ვერ გამიბედავდა. იცოდა, ნებისმიერ მომენტში შეეძლო, ჩემთვის თავზე გადაევლო და ამიტომაც გააკეთა ის, რაც გააკეთა. სიყვარული ხომ არ ჰქონდა, არც შიშის გრძნობა გააჩნდა.

– თქვენ ფიქრობთ, რომ შიშია ცოლქმრული ერთგულების გარანტი?

– არა, რა თქმა უნდა. არც ასეთი სულელი ვარ, როგორ გეკადრებათ. მაგრამ, რაღაცის მაინც მოერიდებოდა. რაც შეეხება იმას, რომ ჩემ მიმართ არ ჰქონდა გრძნობა – ჩემ გვერდით ამდენი წელი ხომ ცხოვრობდა? ჩემს შვილებს ხომ ზრდიდა? ალერსზე ხომ მპასუხობდა? – რა არის ეს, თუ არა გარყვნილება?! მეძავიც კი, რომელიც თავის სხეულს ნებისმიერ მამაკაცზე ჰყიდის, ჩემს ცოლზე პატიოსანი გამოდის. ასე რომ, როცა ქალები ხელაღებით იწყებენ მამაკაცების ლანძღვას, მინდა, ახსოვდეთ, რომ მათ შორისაც არიან მოღალატეები. ისე, ეს შვებას ვერ მომიტანს და ვერც ცხოვრებას გამაგრძელებინებს ჩვეულ რიტმში. ნდობასაც ვერ დამიბრუნებს, გამორიცხულია. ვერასოდეს ვიფიქრებ ქალზე სერიოზულად. აღარც ჩემი მეგობრების დანახვა მინდა. ერთადერთი სურვილი მაქვს, ჩემი შვილები გავზარდო და რა ენერგიაც დამრჩა, მათ მოვახმარო. სხვა რამისთვის უკვე აღარ გამოვდგები.

 

 

скачать dle 11.3