კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ცხოვრობდა რომა რცხილაძე სამი წელი ტყეში და რამ შეცვალა მისი ცხოვრება

 

რომა რცხილაძე:  ჩემი ცხოვრება ისე მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს: ვარ იმ ადამიანებთან, ვისაც ჩემი ესმის; ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მიყვარს და ვიცი. დღეს ჩემი მსმენელი არის არა მხოლოდ ქართული საზოგადოება,  არა ის ქართული დიასპორა, ვინც საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს, არამედ ნებისმიერი უცხოელი.  შარშან ევროპაში  მიმიწვიეს,  დიდი კონცერტები ჩავატარე, სამი საათი სცენაზე ვიყავით მხოლოდ მე, როიალი და მუსიკა,  სიმბოლურად ნატვრის ხე იდგა სცენაზე.  ევროპაში მარტო ვიყავი, მაგრამ, არის ერთი არაჩვეულებრივი და საინტერესო კაცი – კოკა ცქიტიშვილი, რომელმაც  14 წლის წინ დააარსა ბენდი, T. BLUZ MOB, რომელსაც  ორი წლის წინ მეც შევუერთდი. ჩვენ დიდი გეგმები და იდეები გვაქვს, რომელიც უკავშირდება არა მხოლოდ საქართველოს. საკმაოდ  ხშირად გვაქვს კონცერტები უცხოეთში მათთვის, ვისაც უყვარს მუსიკა და არ აქვს პრეტენზია არც ენაზე, არც სარწმუნოებაზე.  როცა საკუთარ თავს უძღვნი მის უდიდებულესობას  – მუსიკას, განწირული ხარ იმისთვის, რომ საკუთარ თავს არ ეკუთვნოდე. მე უკვე ვიცი, რომ ის გზა, რაც აქამდე გავიარე, იყო ერთგვარი უვერტიურა იმისთვის, რომ გამეგო, თუ ვინ ვარ და  რითი ვარსებობ.

– როგორც ვიცი, ეს საკმაოდ რთული უვერტიურა იყო.

– ყველაფერი იყო... საკუთარ თავზე საუბარი მაინცდამაინც არ მიყვარს, მაგრამ, თუ მიწევს, სულ ვცდილობ, რომ იმ ჩარჩოებში ჩავეტიო,  რომელსაც არ უნდა გადავცდე, ამას მაინც ხელშეუხებელს ვტოვებ, მაგრამ, თუ ვამბობ, ვამბობ სიმართლეს, არ ვიტყუები და ალბათ, ამიტომაც შემარქვეს „სპილო” – სპილო  ვერ იტყუება, რომც უნდოდეს, ვერ ახერხებს (იცინის).   ამ გზაზე   წარმატებაც იყო და წარუმატებლობაც, ჩავარდნებიც და ზეასვლაც. ახლა, როცა ეს ყველაფერი გავაანალიზე და შევაჯამე, უფრო მეტად დავრწმუნდი იმაში, რომ, უკან დაბრუნების შანსი რომ იყოს, ისევ იმ გზას გავივლიდი და არაფერს შევცვლიდი; ეს ყველაფერი იმდენად რთული და საინტერესო იყო, ისევ ამ უვერტიურის გზას შევუდგებოდი. ნიშნულის პირასაც ბევრჯერ ვმდგარვარ და ციცაბოზეც გამივლია.  ცნობილი ფილმის პერსონაჟის არ იყოს, თურმე, 40 წლის ასაკშიც  შეიძლება დაიწყო ცხოვრება  „ზეროდან.”  მე მქონდა ის ბედნიერება, რომ ღმერთმა მარგუნა დიდი განსაცდელი, რომლითაც უფრო მეტ უბედურებას ამაცდინა. 90-იან წლებში, როცა მთელი ჩემი სამეგობრო აფხაზეთში ჩაიხოცა, ამ პერიოდში აღმოვჩნდი აბასთუმანში,  იქ სხვა სამყარო იყო – პატარა ტაძარი, საავადმყოფო; დილის ოთხ საათზე ტყეში ცხოველებთან ერთად რძიან ბალახს ვჭამდი. ამ ყველაფერმა ჩემი ფასეულობები სხვა განზომილებაში გადაიტანა, იქ შეიქმნა ჩემი ალბომი: „სუფთა ჰაერი”.  მერე უარი ვთქვი ყველაფერზე: თამბაქოზე, ალკოჰოლზე, ყველა სხვა ცდუნებაზე.  ათი წელი ვებრძოლე ამ სენს და ვაჯობე. ახლა მე ვარ 18 წლის, დანარჩენი  50 მოვაცილე (იცინის). სამი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი ტყეში, ბუნებაში, მარტო,  ტელეფონისა და კომუნიკაციის ყველა საშუალების გარეშე და ვიყავი ძალიან ბედნიერი – საკუთარ თავთან  და ფიქრთან მარტო დარჩენილი. მოხდა ისე, რომ თავიდან დავიწყე სიარული, არსებობა, ცხოვრება, მაგრამ მადლობელი ვარ უფლის, რომ ეს გზა გავიარე,  უამრავი საინტერესო  ისტორიით. უბედნიერესი კაცი ვარ, რომ მაქვს საშუალება, ხშირად ვნახო ჩვენი პატრიარქი, მოვუსმინო მას, ვიყო ტრაპეზზე მის გვერდით.  გასულ წელს დედა გარდამეცვალა, უკვე ასაკში იყო, მაგრამ, დედას ხომ ასაკი არ აქვს.  ძალიან განვიცადე.  დედის გარდაცვალებამდე სამი თვით ადრე ჩვენს პატრიარქთან შეხვედრა ვცადე, მაგრამ, არ გამომივიდა, ეს ასე ხომ არაა, მოინდომო და ნახო მისი უწმიდესობა. დედაჩემი დილით  გარდაიცვალა,  დღის 3 საათზე კი საპატრიარქოდან დამირეკეს  და მითხრეს, პატრიარქი გიბარებთო. ეს შოკი იყო ჩემთვის. ნანატრი შეხვედრა ზუსტად იმ დღეს, როცა დედაჩემი წავიდა ამქვეყნიდან. ანჩისხატის ეკლესიასთან ვცხოვრობ, ზუსტად სამი წუთი მჭირდება ჩემი სახლიდან საპატრიარქოსთან რომ მივიდე. ამ შეხვედრიდან სახლში რომ დავბრუნდი, ყველა პრობლემა თითქოს  თავისით მოგვარდა, ყველაფერი თავდაყირა დადგა, მაგრამ, კარგი გაგებით.

– მარტოობის სამი წლის შემდეგ სოციუმში დაბრუნება იოლი იყო? 

– უნდა დავბრუნებულიყავი. მაშინ იქ თითქოს ყველაფერი ერთად შეიკრიბა, კარგიც და ცუდიც, პასუხი უნდა მეგო ყველაფერზე  და  ვაგე კიდეც.  

– ცხოვრება, ალბათ, არც ახლა გთავაზობთ  მარტივ წესებს. 

–  მე მაქვს ჩემი ბარომეტრი, შეიძლება,  ცოტა ხმამაღალ ნათქვამად მოგეჩვენოთ, მაგრამ, ეს არის ჩემი მუსიკა. კომუნისტური რეჟიმის დროს ჩემი ერთი სიმღერის გამო, „ჭადრაკის დაფა“ ჯგუფ, „ნატვრის ხეს“ ხუთი წელი აეკრძალა გამოსვლა, არც კონცერტის ჩატარების უფლება გვქონდა, რადიოშიც კი არ გვაჭაჭანებდნენ და,  იძულებულები გავხდით,  „ივერიას” შევერთებოდით. ახლა ჩემი დევიზი ჩემი სიტყვებია, რომელიც ერთ-ერთი რადიოს სლოგანიც იყო – დროს არ უნდა გაუსწრო, დროს უნდა დახვდე. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მე ისე ვჩქარობდი და ისეთი ტემპით ვიცხოვრე, სამ ადამიანს რომ ეყოფოდა. სიყალბეს ვერ ვეგუები. მესამე თვალი მაქვს და ძალიან ბევრჯერ გადავურჩენივარ ამ თვალსა და ჩემს ინტუიციას. 

– ეს  უფრო ცხოვრებისეული გამოცდილებაა, და   არა თვალი.

– გამოცდილებაც, მაგრამ, უფრო – თვალი. ჰოროსკოპით ნახევრად  მორიელი ვარ, ნახევრად მშვილდოსანი, თან წლით გველი; ვიცი, ვისთან მექნება კომფორტული ურთიერთობა, ვისთან – არა და ამიტომ არ ვმეგობრობ იმ ადამიანებთან, ვისაც სხვა ფასეულობები აქვს, ვინც  მღლის და  ენერგიას მაცლის.   ჩემი სამეგობრო ხარისხობრივად სხვა ლიგაა, სხვანაირად იციან ქალის პატივისცემა,  უფროსის, მეგობრის... განსხვავებული პეწი აქვთ, „ტაკოი” თბილისური ამბებით (იცინის); ჩვენ სხვანაირი მეგობრობა გვაქვს, მათ გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ხან სად ვარ, ხან – სად, სულ ვხეტიალობ; ახლა ფრანკფურტში მივდივარ, იქიდან ბონში ამოვყოფ თავს.  დღეს ჩემი ცხოვრების სტილი არის თავბრუდამხვევი, პარალელურ რეჟიმში 15-20 ადამიანის ცხოვრებით ცხოვრებას ვცდილობ; მარტო საქართველოში კი არა, აქედან ვაგვარებ ჩემი მეგობრების საქმეებს უცხოეთში.  ჩემი მეუღლე ბოშას მეძახის და მეც ასე მგონია, რომ ერთ-ერთი პირველი ქართველი  ბოშა ვარ, სახელიც ხელს მიწყობს (იცინის). ბოშებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. მოსკოვში არის ბოშების სახელმწიფო თეატრი, რომელთანაც საკმაოდ დიდი დრო მაკავშირებს.  ბოშები საინტერესო ხალხია,  თუ გინდა, რომ ნამდვილი თავისუფლება ისწავლო, რამდენიმე დღე მათთან ერთად უნდა იცხოვრო, მათ ყველაზე კარგად იციან, როგორ უნდა იყო საკუთარი თავის უფალი.      

– ფრანკფურტი, ბონი... ამ ყველაფერს თავად უზრუნველყოფთ თუ „ტაკოი” მეგობრების წყალობით?

– მე არასდროს მქონია ბევრი ფული,  მაქვს თუ არ მაქვს, შემიძლია, დავხარჯო ბოლომდე, არა საკუთარი თავისთვის, სხვისთვის. ასე არიან ადამიანები ჩემ მიმართაც – ეს ტრადიცია დიდი ხანია, არ ირღვევა და, არც მგონია, რომ მომავალში დაირღვეს.  ის ვიცი, რომ,  თუ არ უღალატებ  პრინციპსა და საქმეს, ეშმაკს არ დანებდები და, რაც მეტი სირთულე შეგხვდება, მით მეტად იმუშავებ საკუთარ თავზე, ის დროც  მოდის, როცა ეს ყველაფერი ფასდება.  ეს ფული ჩემთვის იმისთვისაა, რომ ახალი ხე დავრგო, რომლის ნაყოფსაც ჩაის გემრიელად დავაყოლებ – იმ ხეზე ამოსული ყველაფერი სხვანაირია... შემთხვევით არაფერი ხდება, ალბათ, არც რცხილაძე ვარ შემთხვევით – რცხილა ხეებს შორის ყველაზე სწორი, მაღალი და გამართული ხეა, ამიტომაც,  მეტყევეები ამ ხეს  „ჯენტლმენს“ ეძახიან...    

 

 

скачать dle 11.3