კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები


კითხვა: რა შეიძლება მოჰყვეს გულის მარჯვენა პარკუჭის გადიდებას? როგორი რეჟიმი უნდა დავიცვათ ასეთ დროს?

პასუხი: მარჯვენა პარკუჭის გადიდება თითქმის ყოველთვის სხვა დაავადების, მაგალითად, ქრონიკული ბრონქიტის ან გულის მანკის სიმპტომია, ამიტომ შედეგებსაც და ცხოვრების რეჟიმსაც ძირითადი დაავადება განსაზღვრავს. იშვიათად გვხვდება თავად მარჯვენა პარკუჭის კუნთის დაავადებაც, რომელიც გულის რიტმის დარღვევით ვლინდება. ასეთ შემთხვევაში, პროგნოზი არითმიის სახეობაზეა დამოკიდებული.

კითხვა: ჩემს მეუღლეს პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. გამოკვლევის შემდეგ ექიმებმა ჰორმონული წამლები დაუნიშნეს, მაგრამ, მსმენია, რომ ასეთი მკურნალობა მრავალ გართულებასაც იწვევს და ვუჩიჩინებ, უარი თქვას მათზე. იქნებ არსებობს რაიმე ალტერნატივა?

პასუხი: მართლაც არსებობს შეხედულება, თითქოს ჰორმონები მავნებელია, თუმცა ეს საშიშროება გაზვიადებულია. თუ ჰორმონებს ჯანმრთელ ადამიანს დავუნიშნავთ, ისინი, რა თქმა უნდა, ზიანს მოგვიტანს, მაგრამ, სხვა საქმეა, როცა ორგანიზმში რომელიმე ჰორმონის ნაკლებობა აღინიშნება. ჰორმონების დანიშვნისას ექიმები ხშირად ხვდებიან პაციენტთა წინააღმდეგობას, მაგრამ მკურნალობის სხვა მეთოდი შედეგს არ იძლევა. ერთი-ორი თვის მკურნალობის შემდეგ მათი მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება: შრომისუნარიანობა აღდგება, ქრება დაღლილობა, ძილიანობა, დეპრესია, უმჯობესდება სპერმის თვისებები, ლიბიდო.

კითხვა: ერთი წელია, თვალწინ თითქოს რაღაც ლაქები მიცურავს. სუსტი განათებისას ისინი ქრება, ნათელი საგნის ცქერისას კი მრავლდება. ტრავმა არ მიმიღია. ექიმმა მითხრა, რომ თვალების მხრივ ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ სისხლძარღვები შევიწროებული მაქვს. ვის მივმართო?

პასუხი: ცნობილია, რომ მხედველობის ანალიზატორი თავის ტვინის კეფის წილის ქერქში ბოლოვდება და ჩვენ თვალებით კი არა, ქერქის ამ ნაწილით ვხედავთ. კეფის წილის სისხლმომარაგება ხერხემლის არტერიიდან გამოსული სისხლძარღვებით ხორციელდება. უთუოდ უნდა ჩაიტაროთ ხერხემლის კისრის ნაწილის რენტგენოგრაფია და კონსულტაციისთვის ნევროლოგს მიმართოთ.

კითხვა: რამდენიმე წლის წინ ორი ინფარქტი გადავიტანე. ბოლო დროს დამეწყო მუცლის ტკივილი. ჩავიტარე კუჭ-ნაწლავის გამოკვლევა, მაგრამ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს. ერთ-ერთმა ექიმმა მითხრა, რომ მუცლის ტკივილი გულის უკმარისობას უკავშირდება. შესაძლებელია ასეთი რამ?

პასუხი: სრულიად შესაძლებელია. ტკივილი, სავარაუდოდ, მუცლის ღრუს სისხლძარღვების სკლეროზული დაზიანების ბრალი უნდა იყოს. ასეთ დროს ტკივილის წარმოქმნის მექანიზმი სტენოკარდიის მსგავსია და მუცლის ღრუს ორგანოთა ჟანგბადოვანი შიმშილის შედეგი გახლავთ. დიაგნოზის დასაზუსტებლად სისხლძარღვთა ქირურგს უნდა მიმართოთ.

კითხვა: ტერფი ძალიან ხშირად მიბრუნდება ხან ერთ, ხან – მეორე მხარეს. სულ ვცდილობ, მაგარლანჩიანი ფეხსაცმელი ჩავიცვა. ბოლოს ორი თვის წინ ისევ გადამიბრუნდა. ტკივილმა გამიარა, მაგრამ, როცა დიდხანს დავდივარ ან ნაბიჯს უხერხულად ვდგამ, ისევ მტკივდება, ალბათ, რამე დამიზიანდა. ვის მივმართო?

პასუხი: ტერფის გადაბრუნებისას, შეიძლება, დაზიანდეს სხვადასხვა ანატომიური სტრუქტურა ტერფ-წვივის სახსრის არეში. დაზიანებათა დიაგნოსტიკისთვის რენტგენოგრაფირება და ტრავმატოლოგის კონსულტაციაა საჭირო. საერთოდ კი, როცა კოჭი ხშირად გიბრუნდებათ, ორთოპედს უნდა გაესინჯოთ.

კითხვა: რვა თვის ორსული გახლავართ. მაქვს დაბალი ჰემოგლობინი – 66. მივიღე რკინის შემცველი პრეპარატები: ფერუმლეკი, ტოტემა. მოსალოდნელი ხომ არ არის, ბავშვს რკინადეფიციტური ანემია ან რაიმე სხვა გართულება განუვითარდეს?

პასუხი: ჰემოგლობინის ასეთი მაჩვენებელი საგანგაშოდ დაბალი არ გახლავთ, მაგრამ, უნდა ეცადოთ, რომ ეს მაჩვენებელი შეინარჩუნოთ. სწორი მკურნალობისთვის თერაპევტის კონსულტაცია დაგჭირდებათ. როცა ჰემოგლობინი 60 ერთეულზე ნაკლებია, მთავარი საფრთხე, რაც ნაყოფს ემუქრება, ჟანგბადის ნაკლებობა გახლავთ. ჟანგბადოვანი შიმშილი კი განვითარებადი ორგანიზმისთვის მეტად საშიშია. მას შეუძლია, ნებისმიერი ქსოვილისა და ორგანოს განვითარება შეაფერხოს. ორსულობისას ძალზე მნიშვნელოვანია ჰემოგლობინის მაჩვენებლის რეგულარული კონტროლი.



რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

კახა ჯანაშია


скачать dle 11.3