კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან აქვს უხილავი კავშირი ნანიკო ხაზარაძეს და ვინ გადაარჩინა დაღუპვას გია ჯაჯანიძემ

 „გია ჯაჯანიძე ჩემი ტყუპისცალია“: – ნანიკო ხაზარაძის მიერ პირდაპირ ეთერში ნათქვამ ამ სიტყვებში ლოგიკურ აზრს ბევრი ვერ პოულობს. ადამიანებისთვის გაუგებია, რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ამ ორ ტელეწამყვანს, მაგრამ, ისინი ამ მსგავსებას თავად ხედავენ და გრძნობენ. 

 

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია გია ჯაჯანიძე

– ერთხელ გადაცემაში გამოვაცხადე ასე: „ჩემი უფროსი და, ნანიკო ხაზარაძე!„ (იცინიან).

– უფროსი და? რატომ?

– არ ვიცი, ასე მომინდა. უბრალოდ, ყოველთვის ისე უსვამენ ხოლმე ხაზს ჩემს ასაკს, რომ ამასთან დაკავშირებით უკვე თავადაც ვხუმრობ ხოლმე. 46 წლის ასაკიდან ვამბობდი, ორმოცდაათის ვარ-მეთქი, – მინდოდა, ამით გამესვა ხაზი ჩემი გამოცდილებისთვის.

– ჩემთან სხვანაირად არის – როდესაც იგებენ, რამდენი წლის ვარ, შოკში ვარდებიან. „არა, არ არსებობს!“ – და სულ ასეთი რეაქციები აქვთ. ჯერჯერობით ამ სტადიაში ვარ. მომატება არა, მაგრამ, ყოველთვის ვამრგვალებ ხოლმე ასაკს, უკვე რამდენი წელია, ორმოცის ვარ, არადა, სულ რამდენიმე თვეში გავხდები ორმოცის.

– ეტყობა, სიბრძნის კომპლექსი მაქვს, მინდა ვთქვა, რომ, აი, მე უკვე დიდი და ბრძენი ვარ...

– არა, შეიძლება, ვიზუალური კომპლექსი გაქვს, შენ მეტ ასაკს ამბობ და გსიამოვნებს, როცა ვიღაც გეუბნება: „ღმერთო ჩემო, რა კარგად გამოიყურები“!.. 

– არ მჯერა. იმდენი ტყუილი კომპლიმენტი მაქვს ნათქვამი – „სასწაული ხარ, პლანეტაზე შენნაირი არავინ დადის“... – რომ საკუთარ თავზე ამის დაჯერება უკვე ძალიან მიჭირს.

– კი, მაგრამ, ჩვენს ტვინზე ისე დადებითად მოქმედებს ეს დადებითი, თუნდაც ზუსტად ვიცოდეთ, რომ გვატყუებენ, მას ეგრევე ვიტაცებთ. როგორც ცუდი გვაცლის საძირკველს და გვაგდებს, ისე კარგი გვაფრთიანებს. ამიტომ, მატყუეთ, მზად ვარ, ყველაფერი მივიღო.

– ძალიან ცუდი ამბავი უნდა გითხრა: რეიტინგებით გისწრებთ.

– რა მაგარია!

– გაგიხარდა?! რატომ, კონკურენტებად არ გვთვლი?

– არა, რას ამბობ?! თქვენი გონება სხვანაირად არის, გენაცვალე, მოწყობილი. მე კეთილშობილი ადამიანი ვარ და მიხარია, როდესაც ჩემს მეგობარს, მეზობელს, ნათესავს წინსვლა აქვს ცხოვრებაში.

– არ გამომივიდა (იცინის). ერთმანეთს სულ მესამედ ვხედავთ ცხოვრებაში, მაგრამ, რაც არსებობ ეკრანზე და რაც შენი არსებობის შესახებ ვიცი, უხილავი კავშირი მაქვს შენთან. ოღონდ, რა არის ეს, არ ვიცი. შენთან დიალოგებიც კი მქონია...

– სხვათა შორის, ამის მჯერა. თუკი მელაპარაკებოდი, ცხადია, მეც გპასუხობდი, ყველა შემთხვევაში. გიჟად არ ჩამთვალო, მართლა ასეა.

– უცნაურია, რომ ეს კონტაქტი მაძლევს იმისი თქმის საშუალებას, რასაც ახლა გეტყვი: არ ვიცი, გრძნობ თუ არა, მაგრამ, გაცილებით გონიერი ხარ, საშიში გონიერი და საოცრად ნიჭიერი. სულ რაღაც სამი-ოთხი ფრაზა თქვი და ეს ნიჭი ხილულად დავინახე. არ მინდა, ჩემს შეგრძნებებზე ღრმად ვილაპარაკო, რადგან, თავადაც ვიკვლევ, თუმცა, ერთი რამ ზუსტად ვიცი და შენც დაელოდე ამ დღეს, რომ, ერთხელაც, ადგები და, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სახლი არ იცი, პირდაპირ მოხვალ. აი, ასე: ადგები და ზარის გარეშე მოხვალ... მე შენ გამოგიძახებ.

– ხედავ? დამაპროგრამე და, დარწმუნებული იყავი, რომ ასი პროცენტით ასე მოხდება. მოვალ აუცილებლად ჩემი კატით – თავის ძმასთან მოვიყვან.

– საინტერესო შეხვედრა იქნება: მე და შენც ვისაუბრებთ და კატებიც ილაპარაკებენ. ხუმრობით თუ მართლა არ ვიცი, მაგრამ, ერთხელ თქვი, ჩემი ტყუპისცალიაო.

– ამას სულ ვამბობ. ერთი პერიოდი იმ დროს გადიოდით ეთერში, მე რომ ჯერ საგრიმიოროში ვიჯექი, სულ გიყურებდით, როგორ იჯექი ხოლმე ეთერში და სულ ვცდილობდი, ვიზუალურად დაგმსგავსებოდი: ვიკეთებდი ბევრ ბეჭედს, ხან დოდოშკას ვართმევდი სამკაულებს. ვინ ხვდებოდა ამას და ვინ არა, ეს ცალკე საკითხია. ჩემთვის დიდი ინსპირაცია იყო შენი ვიზუალი – ხან სულ წითლებში იყავი ჩაცმული, მეც რაღაც გრანდიოზულ შარფს ვიხვევდი.

– ეგრევე მირეკავდნენ, სხვათა შორის.

– ძალიან ცუდია, რომ ვეღარ გიყურებთ. სულ ვამბობ, ერთმანეთს ვგავართ-მეთქი და ამაზე სულ დამცინიან, ვერანაირ მსგავსებას ჩვენ შორის ვერ ხედავენ.

– იცი რა, ხალხი ვიზუალურ მსგავსებას ეძებს, ამიტომ, იმას, რასაც ჩვენ ვხედავთ, ბევრი ვერ დაინახავს. ერთი რამ მინდა გკითხო: დეპრესიაში ხარ ხოლმე?

– კი. 

– მიზეზი რა არის?

– მიზეზი რომ ვიცოდე, ხომ აღარ ვიქნებოდი დეპრესიაში! მიზეზი, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ, ანალიზს ვერ ვუკეთებ, რისგან შეიძლება ეს მოდიოდეს. თუკი ვიცი პრობლემის სათავე, მას შეძლებისდაგვარად ვალაგებ – ხან ერთ საათში, ხან სამ თვეში, ხან ერთ წელიწადში. მაგრამ, აი, როდესაც გაუცნობიერებლად ვარ ცუდად, ამას, შეიძლება, უშველოს მზემ, ვიღაცის კომპლიმენტმა, ზარმა, რომელსაც არ ველოდი... არ ვიცი, გააჩნია, იმ წუთებში რა მოცემულობაში ვარ. 

– კადრს გარეთ ხშირად ვჩხუბობთ ხოლმე, თქვენს შემთხვევაში რა ხდება?

– მე კადრშიც ვჩხუბობ (იცინიან), თუმცა, ახლა უკვე აღარ. ადრე გაცნობის პერიოდი გვქონდა. როდესაც ორი ადამიანი ერთ ჭერქვეშ იწყებს ცხოვრებას, იწყებენ ერთმანეთის გაცნობას, იწყება პოზიციების გამყარებაც. ზოგი ცდილობს, თავი წიგნის წაკითხვით დაიმკვიდროს, ზოგი – ხასიათით და ასე შემდეგ. ამ დამკვიდრების პერიოდში გვქონდა ჩხუბი, მაგრამ, ახლა იმდენად კარგად გვაქვს პოზიციები გადანაწილებული, ისე კარგად ვიცით, ვინ რომელ თაროზე ვართ შემომსხდრები, რომ კონფლიქტები ამოიწურა. 

– მიმტანად რომ მუშაობდი, ეს იმიჯი იყო თუ...

– არა, დედას გეფიცები. ყველას ჰგონია, იმხელა ხელფასი მაქვს, რომ სამ ოჯახს ვარჩენ. რეალურად, ფულის გამო დავიწყე მუშაობა, ბავშვს გეფიცები. 

– ზომაზე მეტს გიხდიდნენ?

– ჩემი ერთადერთი პრივილეგია ის იყო, რომ, ვიყავი რიგითი მიმტანი და მქონდა უფროსი მიმტანის ხელფასი – მხოლოდ ეს განსხვავება იყო ჩემსა და ჩემს კოლეგა მიმტანებს შორის. ისეთ ხალხს ვემსახურებოდი, ცუდად ხდებოდნენ – არ მინდა, შენი ჭირიმეო და ასეთ რაღაცეებს მეუბნებოდნენ, ეგონათ, ფარული კამერა იღებდა. არავის ჰქონდა ჩვეულებრივი რეაქცია. ამ დროს, პატიოსნად ვაკეთებდი ჩემს საქმეს, რომელსაც, თურმე, ძალიან დიდი ენერგია სჭირდება.

– „ჩაის” ალბათ ძალიან ბევრს გიტოვებდნენ.

– აუ, ერთხელ ისეთი „ჩაი” გავაკეთე, არ იცით (იცინიან). უბრალოდ, „ჩაი” არ არის მხოლოდ შენი, ის უნდა ჩააგდო ყულაბაში და ჯამი იმ ცამეტ ადამიანზე იყოფოდა, რომლებიც იმ დღეს მუშაობდნენ. პანაშვიდზე რომ გახსოვს ვინ იყო და ვინ არა, აი, ისე მახსოვს ყველა,  ვინ რამდენი „ჩაი” დამიტოვა (იცინიან). ერთხელ, მახსოვს, ორასი ლარი მომცეს და ხელი მიკანკალებდა, მასზე უარის თქმა ისე არ მინდოდა. „მოჩვენებაში“ რომ არის, ვუპი გოლდბერგი ფულს რომ ვერ აძლევს, კინაღამ ისე დამემართა. მოკლედ, სტაბილურად მქონდა, სამოცი-სამოცდაათი-ასი ლარი „ჩაი”.

– უცებ შევცვლი თემას: სიყვარულის გამო ტანჯვა თუ განგიცდია?

– უი, კი, სულ ვიტანჯები. 

– რაში გამოიხატება ტანჯვა – არ გძინავს, ვერ ჭამ?..

– გააჩნია. თუ მართლა „ძაან” ვიტანჯები, მაშინ ვერ ვჭამ, მაგრამ, თუ „ბენზინის“ გამო ვიტანჯები, ანუ, ეს ტანჯვა თან რეალურია და, თან – ცოტა პოზა, მაშინ გადასარევად ვჭამ. ანუ, დრამა ხშირად მჭირდება ინსპირაციისთვის – „ბენზინში“ ამას ვგულისხმობ.

– იტანჯები, გაგიჟდი და მოხდა ის რაღაც, რასაც ელოდებოდი და აივსე...

– ამ დროს ხდება რა: ნანიკო, ახლა ის არის, რაც შენ გინდოდა და დაიმახსოვრე ეს შეგრძნება – ხომ ზუსტად ის არის, რაც გსურდა? სულ სხვა განზომილებაში ვარ და სულ ამის დამახსოვრებას ვცდილობ. აბა, აბა, იგრძენი სად ხარ და... ამ დროს მთავრდება... და ასე ცხოვრებაც დამთავრდება! 

– კაცში შენთვის ღირებული რა არის?

– ვის გვერდითაც თავს ქალად ვიგრძნობ. 

– ვიცი, რომ შენი ადამიანი შენამდე მოსული არ არის და არ დასჭირდება მის მოსვლას დიდი ხანი. როდის იქნება, ესეც ვიცი, მაგრამ, მოდი, ეს ენერგია კოსმოსში არ გავფანტოთ.

– მეც ვგრძნობ ამას და მზად ვარ.

ინტერვიუ 2.

ჟურნალისტია ნანიკო ხაზარაძე

– შენ როგორ გრძნობ თავს ეთერში, ამოწურეთ კონფლიქტები?

– ეტყობა, ჩემი ასაკი მშველის, რომ ამ დროსაც კი მაყურებელზე ვფიქრობ და ვმუშაობ. როდესაც ჩემი თანაწამყვანები ჩხუბობენ, შიგნიდან მიხარია კიდეც – ეს კარგად მუშაობს. ერთხელ დავიღალე და ვუთხარი, კარგი, გეყოფათ, აღარ შემიძლია ამდენი სიხარული-მეთქი. მერე რაღაც მომდის გონებაში, ვამბობ და სიტუაცია ეგრევე ნეიტრალდება.

– მასწავლე.

– იცი, რამდენი რამ უნდა გასწავლო?! სასწაულები!

– ანუ, მოთმინება გაქვს.

– კი და, საერთოდ, მიყვარს ლოდინი, ვგიჟდები ამ განცდაზე. არ ვარ მანიაკი და მაზოხისტი, მაგრამ, იმდენად ზუსტად ვიცი ბოლო, რომ ეს ლოდინის პროცესი, ჩემი ნებისყოფის სიმტკიცე, კიდევ უფრო მეტად ატკბობს ფინალს. აი, რომ მჩაგრავ და ცუდად მექცევი, ვიცი, ბოლო რა არის და ეს სიმშვიდეს მანარჩუნებინებს.

– აი ახლა, ძალიან მაგარი რაღაც მასწავლე. კიდევ ერთხელ გამიმეორე, რა, გთხოვ, ხუმრობის გარეშე; მინდა, რომ ჩემმა ტვინმა ზუსტად დაიმახსოვროს. 

– ვიცი შედეგი, ეჭვი არ მეპარება მასში და ლოდინის შემდეგ იმ შედეგს მივიღებ, რომელიც გამახარებს. 

– ანუ, შედეგში არასდროს გეპარება ეჭვი?! ეს ძალიან მაგარია.

– ძალიან ფრთხილი ვარ და ასიდან ერთ პროცენტს სულ ვუშვებ, რომ, წკაპ და – კოკროჭინა ჯაჯანიძეს გული გაუჩერდა და მოკვდა. საერთოდ, ზომიერება მშველის. ერთხელ მკითხეს, ხეზე ასვლას ყველას ასწავლიო? ვასწავლი, ოღონდ, ახალ ხეზე-მეთქი. ავიდა ხეზე და კარგად არის. ყველას ყველაფერს პირდაპირ ვეუბნები – ესეც ცხოვრებამ მასწავლა. ვაშავებ, ვტკენ, ცუდია, მაგრამ ვამბობ. ალალი ვარ ამ დროს ძალიან. გუშინ ათი ცალი მაისური წავიღე სამსახურში, ორი გავაჩუქე და რვა უკან წამოვიღე – არ იმსახურებდა ის რვა არანაირ საჩუქარს. მერე ეს პირდაპირ ეთერში მოვყევი.

– დანაშაულის შეგრძნება არ გაქვს?

– არა. მოწოდებით მასწავლებელი ვარ: გსჯი და თან გასწავლი. ის რვა მაისური მათია, მაგრამ, მათ უნდა გაარკვიონ საკუთარ თავთან, რატომ არ მივეცი.

– უნდა იპოვონ მაისურებამდე მისასვლელი გზა?

– იყო ფუსფუსი და ერთი ამბავი – რა მოხდა რომელმა აწყენინეთო. 

– არასდროს ცდები იმაში, თუ ვის რა უნდა ასწავლო? 

– ბეწვის ხიდზე გავდივარ. ქალმა გადაწყვიტა, უღალატოს ქმარს და მე მირეკავს – როგორ მოვიქცეო. რატომ მირეკავს, ის ხომ მაინც უღალატებს? უბრალოდ, ისე მაწვდის ამ ინფორმაციას, რომ, ვუთხრა: კი, ასე მოიქეცი-მეთქი. ერთი რამ მაქვს გამჯდარი – მთავარია, ადამიანი არ უნდა დაღუპო.

– კი მაგრამ, ხომ შეიძლება, უთხრა არ მოჰკიდო ამას ხელი, დაგწვავს და დაიღუპებიო, არადა, იმ დაწვამ გადაარჩინოს?!

– როდესაც პაციენტებს ვიღებდი (ახლა აღარ ვიღებ), ვხვდებოდი მათ თხუთმეტი წუთით და ვატყობდი, ვუშველიდი თუ არა. კანტორა არ მქონდა – ჩაეწერე, გადაიხადე, წადი. ვგრძნობდი, რამდენად კარგი მასალა იყო, რამდენად წამომყვებოდა, დამიჯერებდა...

– და ამბობდი: „მე მისგან გავაკეთებ ბედნიერ ადამიანს!“

– ზუსტად. რა თქმა უნდა, ბევრ რაღაცას ვნანობ, მაგრამ, უფრო იმას, რაც ჩემს ცხოვრებას ეხება. არ არის საღამო, რომ სინანულის განცდა არ მქონდეს. თუმცა, როცა გადაწყვეტილებას ვიღებ, იმდენად დარწმუნებული ვარ საკუთარ თავში, რომ ჯერ არ შევმცდარვარ.

– გადაწყვეტილების მიღების დროს, გრძნობისა და გონების როგორი პროცენტული თანაფარდობაა?

– არ არსებობს, გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე მივიღო. „იჩქარე ნელა“ ვგიჟდები ამაზე. იმდენად ანტი ვარ იმ ოჯახისა და გარემოსი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, რომ, თამამად შემიძლია, ვთქვა – ეს თანდაყოლილია, ასეთი ვარ, ტვინიდან მოდის ყველაფერი. დედაჩემი სულ სოციუმის გავლენებზე მელაპარაკებოდა: „ეს არ ქნა, ის არ ქნა“... პირველ ცოლს რომ ვეყრებოდი, ამბობდა: უი, მოგვეჭრა თავიო; მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, მიყვარდა თუ არა. და, უცებ, ასეთი ოჯახიდან გამოდიხარ და წარბებს იპარსავ. მათთვის ეს იყო წესიერება, ჩემთვის – სხვა რამეა. მამაჩემი მოქეიფე კაცი იყო და, ისეთი პროტესტი მქონდა სუფრის მიმართ, ვერ აგიწერთ. ცუდად ვიქცეოდი, ბევრს ვიტყუებოდი...

– მე არ ვიტყუები და გეტყვი, რატომ: ერთხელ სახლში დავიგვიანე, უცებ ვერაფერი მოვიფიქრე და დედაჩემს ვეუბნები: ჩემი მეგობრის მანქანით ბოძს შევასკდით, მანქანას მარცხენა ფარი ჩაელეწა, მეგობარმა წინ თავი მიარტყა და ტვინის შერყევა აქვს-მეთქი. ზუსტად მესამე დღეს ის ბიჭი იმ მანქანით ზუსტად იმ ბოძს შეასკდა და ზუსტად ის დაზიანებები მიიღო, რაც ვთქვი. ამის შემდეგ განმეორდა რამდენჯერმე, ვიღაცეები დავაზარალე ამით, და, დამთავრდა – აღარ ვიტყუები! 

– ასაკთან ერთად ტყუილი სიმძაფრეს კარგავს ეტყობა. ხშირად, რაღაცას რომ მეკითხებიან, მითქვამს: მაცადე ცოტა ხანს, დაღლილი ვარ და ფანტაზია არ მომდის, მერე მოგიყვები რატომ არ მოვედი-მეთქი. ასაკი მათამამებს (იცინიან). არავის სჯერა, მაგრამ არ იცით, როგორი მორცხვი ვარ. 

– საერთოდ არ არის ეს დაუჯერებელი. იცი, როგორი მორცხვი ვარ?! საშინლად და, არც ჩემზე სჯერა ვინმეს. „ნაგლი” და აგრესიული ხარო, მეუბნებიან. ვერ ვაგებინებ, რომ ეს ერთმანეთთან არაფერ შუაშია, ცალცალკე მდგომი შეგრძნებებია.

– ასეა. რაღაცას თუ ვაკეთებ, თან მრცხვენია. რისიც მრცხვენია, იმ წუთშივე ალალად ვამბობ, მაგრამ, არავის სჯერა. 

– მე მჯერა, გია, ზუსტად მესმის შენი და, ერთ დღესაც, ჩემი კატით მოგადგები სახლში და ვილაპარაკოთ ამ ყველაფერზე.

 

 

скачать dle 11.3