კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაემუქრა ილიას სტალინი და როგორ დააგორა ის ვაჟა-ფშაველამ „ივერიის” რედაქციის კიბეებიდან

 

– გილოცავთ, ბატონო გიგი, ამ პრემიას, მისასალმებელია, რომ თქვენი ნაღვაწი ვაჟას შემოქმედებასთან დაკავშირებით ასე დაფასდა.

– მადლიერი ვარ პრემიისთვისაც და იმისთვისაც, რომ ვაჟას შესახებ მართლაც ხშირად ისმის ჩვენს პრესაში, რადიოსა თუ ტელევიზიაში, მაგრამ ამას წინათ, მიწვეული ვიყავი ერთ-ერთ ღონისძიებაზე, სადაც მომხსენებელმა ვაჟას ფოტოები აჩვენა და დასძინა, რომ ისინი გადაღებული იყო უცნობი რუსი მოგზაურის მიერ. ეს ასე არაა. მე ჩემს წიგნში ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასთან დაკავშირებულ ბევრ უცნობ ფაქტთან ერთად, მოყვანილი მაქვს ის ფაქტიც, რომ ვაჟას ფოტოების 95 პროცენტი ქართული მედიცინის ერთ-ერთი ფუძემდებლის, მიხეილ ზანდუკელის მიერაა გადაღებული. სამწუხაროდ, იმ მომხსენებელმა არაფერი იცოდა ამის შესახებ... მე არავის ვაძალებ ჩემი წიგნების კითხვას, თუმცა, როდესაც ქართველი ადამიანის დამსახურებას სხვას მიაწერენ, საწყენია. 

– გვიამბეთ, რა კავშირშია მედიცინის დამსახურებული მოღვაწე ვაჟასთან და მის ფოტოებთან?

– მიხეილ (ქაიხოსრო) ზანდუკელი მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა. თურმე, იქიდან მივლინებით გამოუგზავნიათ საქართველოში, გამოუტანებიათ იმდროისათვის ძალზე იშვიათი ფოტოაპარატი და დაუვალებიათ, საქართველოს მთაში გადაეღო და აღეწერა ხალხური მკურნალობის საშუალებები. ასე მოხვედრილა ზანდუკელი ფშავში... და ვაჟა გაუცვნია მისი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში. დაუწყია მისი ფოტოების გადაღება. პოეტი, თურმე ბუზღუნებდა, ზანდუკელს თავიდან იშორებდა, – რაში გჭირდება ჩემი ფოტოებიო. მიხეილი კი პასუხობდა, შენ იმხელა პიროვნება ხარ, შენი ფოტოები შთამომავლობას უნდა დარჩესო. ამაზე ვაჟა კიდევ უფრო ბრაზდებოდა: ცოცხალი არავის ვახსოვარ და მკვდარი ვის რაღაში დავჭირდებიო. 

როგორც ჩანს, რამდენიმე ფოტოსთვის სპეციალურად მოამზადა „ფოტოგრაფმა” იგი. პოეტმა ჩაიცვა თავისი ჩოხა და მეუღლესთან ერთადაც გადაიღო სურათი. მერე მოსწყინდა, უკვე აღარც ტანისამოსს იცვლიდა და აღარც ყურადღებას აქცევდა ფოტოაპარატის ჩხაკუნს, საქმესაც კი არ წყვეტდა. ერთ ფოტოში ცულისტარს თლის, მეორეგან – გლეხურად ჩაცმული ხვდება ფოტოობიექტივში და ასე შემდეგ...  

– მსმენია და ამ ფოტოების ამბიდანაც ჩანს, რომ ფიცხი ყოფილა ვაჟა...

– გასაბრაზებელი ცხოვრებაში ვაჟას ბევრი ხვდებოდა და მათ შორის ისეთი პიროვნებებიც, ვისი ატანაც ხშირად – არ შეეძლო. თავის ძმის, ბაჩანასთვისაც კი არ უპატიებია, ზოგ შემთხვევაში, წყენა. ერთხელ ბაჩანასთან სტუმრობისას მაღაროსკარში, პრისტავმა ოძიევმა ცინიკურად თქვა სუფრასთან: ეგ შენი დამბალი ხაჭო მომაცილეო! ვაჟამ იმწამსვე ხელუკუღმა სთხლიშა „სტუმარს” სახეში და სკამიანად ამოატრიალა. 

– ჰო, მუშტი-კრივში რომ ძლიერი იყო, ამასაც ამბობენ. თქვენ რას გვიამბობთ?

– ვაჟა-ფშაველა მუშტი-კრივს პირველად თელავის სასულიერო სასწავლებელში სწავლის დროს ეზიარა, შემდეგ – თბილისსა და გორში. მუშტი-კრივი მაშინდელ საქართველოში ძალზე პოპულარული ყოფილა. როგორც იოსებ გრიშაშვილის ნარკვევიდან, „თბილისური ბოჰემიდან” ირკვევა, ის ძალზე მიღებული ყოფილა იმ პერიოდის თბილისში და როგორც ახლა, მაშინაც, თბილისი კარნახობდა დანარჩენ ქალაქებს „მოდას”.

ვაჟა მუშტი-კრივში გამორჩეული იყო იმ მხრივაც, რომ ფიზიკურად ძლიერი გახლდათ. გორში სწავლის დროს, ის მთელ გორში ცნობილი გახდა, როგორც უძლიერესი მოკრივე. გორი იმ დროს ორ ნაწილად ყოფილა გაყოფილი: ზემოუბანი და ქვემოუბანი. ეს ორი უბანი უპირისპირდებოდა კრივში ერთმანეთს. ზემოუბნელები ჩაგრავდნენ ყოველთვის ქვემოუბნელებს. ვაჟა-ფშაველა და მისი მეგობრები, მათ შორის, გიორგი ლეონიძის მამა, ნიკო ლეონიძე, დამდგარან დაჩაგრულების მხარეს. მას შემდეგ ქვემოუბნელებს დაუჩაგრავთ ზემოუბნელები. თურმე, ვაჟა რომ ჩაერთვებოდა მუშტი-კრივში, ზემოუბნელებში ჩოჩქოლი ატყდებოდა – ჩამოვიდა ფშაველიო და გარბოდნენ. ვაჟას მუშტი-კრივი „დიდ ასპარეზზე” გამოსდგომია. პეტერბურგში მცირე დროით ყოფნის დროს, ფული რომ შემოაკლდათ, ერთხელაც, ვაჟა და მისი უფროსი ძმა – გიორგი, ქუჩაში გამოსულან იმ იმედით, რომ ვიღაცა ნაცნობს გადაეყრებოდნენ და ის დააპურებდა... ამ დროს, გადაეყარნენ, გერმანელ სტუდენტს, რომელიც ასეთივე მიზნით ყოფილა გამოსული ქუჩაში. გერმანელს შეუთავაზებია – ლუდხანაში ჩავიდეთ, ბილიარდი ვითამაშოთ და ვინც წააგებს, პურმარილი იკისროსო. მართლაც ჩავიდნენ, ითამაშეს და ვაჟამ მოუგო. 

– ეს კიდევ ერთი თვისებაა ვაჟასი, რომელიც უცნობი იყო ფართო საზოგადოებისთვის.

– ბილიარდს ნამდვილად კარგად თამაშობდა ვაჟა. გახარებული გიორგი, თურმე თვალს უკრავდა ძმას და ღიმილით ეუბნებოდა, მუცლებს ამოვივსებთ, ვაჟას ჭირიმეო. ამ დროს, გერმანელი, საპირფარეშოში გასვლის საბაბით გაპარულა. ვაჟას და გიორგის კი ლუდხანის მეპატრონემ ბილიარდის თამაშის თანხის გადახდა მოსთხოვა. მათ უპასუხიათ, – ჩვენ მოვიგეთ, ვინც წააგო და ვისაც უნდა გადაეხადა, მას მოსთხოვეთო! ლუდხანის პერსონალი დაეხვია რაზიკაშვილებს და გაიმართა მუშტი-კრივი. ვაჟა და გიორგი რამდენსაც დაარტყამდნენ, იმდენს იატაკზე აგდებდნენ. იხუვლეს ლუდხანაში მოქეიფეებმა და ყველანი ერთიანად წაესივნენ „ვიღაც ველურებს”. გიორგი დაჰკრავდა ერთს, გააგორებდა და ვაჟას გასძახებდა: დახკარიკავ ლუკურიკავ, ძმაის ჭირიმეო. როცა დაიღალნენ და უკვე შეიძლებოდა, ჩაეხოცათ კიდეც, გიორგი გამოვარდა, ბოქაულს დაუძახა და შევიდნენ ლუდხანაში. ბოქაულმა რომ გაიგო, 25 კაცი ამ ორ კაცს უჩიოდა, უყვირა მათ: როგორ შევადგინო ოქმი, სირცხვილია, დამეკარგეთ, თქვენი „დუხი“ არ მანახოთო.  

რამდენიმე ხნის შემდეგ, გიორგი უკვე მარტო, ისევ მშიერი მოდიოდა. ვიღაც უცხო პიროვნებამ, რომელიც ევროპულად იყო გამოწყობილი, თავზე ცილინდრი ეხურა და ტროსტი ეკავა, გააჩერა და ბოდიშის მოხდით, სთხოვა: თქვენი გაცნობა მინდა და თუ შეიძლება, რესტორანში დავსხდეთო. მერე ჰკითხა: ვერა მცნობთო? ვერაო, – უპასუხა გიორგიმ. ამა და ამ დროს, ამა და ამ ლუდხანაში თქვენ იჩხუბეთო? – გიორგი დაეთანხმა. მეორე ვინ იყო თქვენთან ერთადო? – ჩემი ძმაო, – არ დაუმალავს რაზიკაშვილს. სად არის ახლა ისო? – ისევ უკითხავს უცნობს. უფულობისა და გაჭირვების გამო, მიატოვა უნივერსიტეტი და სამშობლოში დაბრუნდაო, – მიუღია პასუხად. ცილინდრიანს უთქვამს: მე ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი „ბოქსიორი“ ვარ, მაგრამ ეგეთი მაგარი მუშტი არასდროს მომხვედრია, თქვენმა ძმამ რომ მითავაზა ფერდში; მოცელილი ბალახივით დამაგდო და სამი დღე კომპრესებს ვიდებდიო. 

თბილისში ჩამოსული იყო იმდროინდელ რუსეთის იმპერიაში ძალზე გახმაურებული „გმირი” აშინოვი. ის იმპერატორს ჰპირდებოდა, რომ ხანჯლის წვერით მიართმევდა ინდოეთს. ამიერკავკასია რომ დაიპყრო რუსეთმა, აქედან ფიქრობდა ირანისა და ინდოეთის ხელში ჩაგდებას. აშინოვს წინასწარ, ზარ-ზეიმით ხვდებოდნენ მთელ იმპერიაში.

– თბილისშიც ასე შეხვდნენ?

– პირიქით, აბუჩად აიგდეს. სერგი მესხმა თავის გაზეთ „დროებაში” იუმორისტული ფელეტონი დაბეჭდა. აკაკი წერეთელი იგონებს: მეც იმ დროს სერგისთან ვიყავი რედაქციაში და იქვე იყო ახალგაზრდა ვაჟა-ფშაველაო. ამ დროს, შემოვარდა გაშმაგებული აშინოვი, ხანჯალზე დაიდო ხელი და იღრიალა: ახლავე თავებს დაგაჭრით, თუ ამ შეურაცხყოფის უარმყოფელ პუბლიკაციას არ დაბეჭდავთო! აკაკი იხსენებს: ჩვენ ფერი დავკარგეთ შიშისგან, ვაჟა კი უცებ წამოხტა, კისერში სწვდა, დაითრია, ერთი-ორი უთავაზა და კიბიდან დააგორაო. თურმე, მეორე დღიდან აშინოვი თბილისში აღარავის უნახავს.

– ამბობენ, სტალინსაც უწვნევია ვაჟას მუშტის გემოო. მართალია?

– მართალია. სტალინს ილიამ რომ დაუბეჭდა ის ცნობილი და მართლაც გენიალური ლექსები, გათამამებულს, ახლა სოციალიზმის იდეებით ნასაზრდოები ლექსები მიუტანია „ივერიის” რედაქციაში. ილიას უარი უთქვამს მათ დაბეჭდვაზე. სტალინი დამუქრებია: ხვალ მოვალ და თუ სტამბაში არ გექნება გაგზავნილი ჩემი ლექსები, მერე ნახავ, რა მოგელისო. მეორე დღეს, სანამ სტალინი მივიდოდა, მანამ რედაქციაში ვაჟა მისულა და ილიასგან შეუტყვია წინა დღის ამბავი. ვაჟას ფეხი აუთრევია და სოსელოს მოსვლას დალოდებია. მართლაც, მალე გამოჩენილა „კაშნე გადაგდებული” რევოლუციონერი „ივერიაში”. როგორც კი უხეშად მიუმართავს სტალინს ილიასთვის, ვაჟას ხელი უტაცნია, თავისი ბარაქიანი მუშტი უთავაზებია რამდენჯერმე და ისიც კიბეებიდან დაუგორებია. ამიტომ იყო, რომ სტალინი ბოლომდე ვერ იტანდა ვაჟას, არც კითხულობდა და ბოლოს ჩარკვიანს  მინიშნება მისცა. ამ უკანასკნელმაც, 1951 წელს, სწორედ სტალინის მითითებით, საანგარიშო მოხსენებაში ვაჟა სასტიკად მოთხარა. მთელი კამპანია გამართეს მწერლებისა და ლიტერატორების ვაჟას გასანადგურებლად.  

 

 

скачать dle 11.3