კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაინტერესდა 8 ქართველისგან შემდგარი „ლაზიკით“ ბრიტანული „ნიჭიერი“ და როგორ ცეკვავენ ისინი მსოფლიოში ცნობილ შოუში

ქართული ცეკვა ჩემზე ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა და არასდროს მტოვებდა ემოციების გარეშე, მაგრამ კიდევ უფრო ემოციურია იმის ნახვა, როცა 8 პროფესიონალი ქართველი მოცეკვავე – თემო, ლადო, ნიკა, მალხაზი, მანუჩარი, მანუჩარი, ირაკლი, ირაკლი, ქართულ მუსიკაზე, ქართული შეძახილებითა და ცეცხლით როგორ ასრულებენ ქართულ ცეკვებს მსოფლიოში აღიარებულ, წარმატებულ შოუში „ანატოლიის ცეცხლი“. მისი მეორე ნაწილი – წარმატებული და პოპულარული შოუ „ტროა“ თურქეთში მათი ჩასვლის შემდეგ შეიქმნა. ცოტა ხნის წინ რვა პროფესიონალმა მოცეკვავემ თურქული „ნიჭიერისთვის“ საკუთარი შოუ გააკეთა. „ლაზიკა“ დაარქვეს და როგორც ჟიურის, ასევე მაყურებლის მოხიბვლა ცეკვის დაწყებიდან პირველივე წამებიდან შეძლეს. მიუხედავად ასეთი წარმატებისა, პოპულარობისა და კარგი სამსახურისა, ბიჭების ყველაზე დიდი სურვილი ქართულ ანსამბლში ცეკვა და ქართველებთან ერთად, ქართული კულტურის მთელ მსოფლიოში პოპულარიზაციაა.

 

თემო ციხისელი: 5 წელია, რაც თურქეთში ვცხოვრობ, იმ კომპანიას, სადაც ვმუშაობთ „ანატოლიის ცეცხლი“ ჰქვია და ორი შოუსგან შედგება – „ანატოლიის ცეცხლი“ და „ტროა“, რომლისთვისაც ქართველები სპეციალურად მიგვიწვიეს. თავიდან ექვსნი ვიყავით, შემდეგ ათნი, ახლა რვანი ვართ. სამი ამერიკაში წავიდა, იქ აგრძელებენ კარიერას, მაგრამ ჩვენ დღემდე ერთნი ვართ. გაზაფხულზე ხშირად გვაქვს გასტროლები ევროპაში, აზიაში. „ანატოლიის ცეცხლი“ ძალიან პოპულარულია მთელ ევროპასა და მსოფლიოში. სტაბილურად, 6 თვე ანტალიაში ვართ. კვირაში სამი კონცერტი იმართება დიდ საკონცერტო ამფითეატრებში, რომელთაგან ერთი, ჩვენი კომპანიის საკუთრებაა. სანამ თურქეთში ჩამოვიდოდი, „ერისიონში“ ვცეკვავდი და 5 წლის წინ მოწვევით ჩამოვედი. შოუს პარალელურად, გვინდოდა და ჩანაფიქრში გვქონდა Britain’s Got Talent-ში მიგვეღო მონაწილეობა, აპლიკაციებიც შევავსეთ. ჩვენმა ვიდეომ მოწონება დაიმსახურა, მაშინვე დაგვიკავშირდნენ, გვითხრეს, თქვენმა ვიდეომ გაიმარჯვა, თუ ლონდონში ხართ, შეგიძლიათ, შოუში მონაწილეობა მიიღოთო. ავუხსენით, რომ ქართველები ვიყავით და ინგლისში არ ვცხოვრობდით. იმჟამად თურქეთში ვიყავით და ამის გამო ვერ მოხერხდა ჩვენი იქ მონაწილეობა. რაც შეეხება თურქულ „ტალანტს“, აქამდე არ გვიფიქრია მასში მონაწილეობა, არ ვიყავით დაინტერესებულები. ის შოუ, სადაც ვცეკვავთ, თურქეთის, ასევე ევროპის მასშტაბით, ძალიან ცნობილი შოუა, დიდი რეკლამები აქვს მთელ მსოფლიოში. ძალიან კარგად ვართ, ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და დიდ პატივს გვცემენ. თურქეთში კავკასიური ცეკვები ძალიან უყვართ, ინტერნეტში რამდენიმე ვიდეო ვნახე, თურქები ასრულებდნენ ქართულ ცეკვებს. ბიჭებს ვუთხარი, მოდი, ჩვენც ვცადოთ თურქულ „ნიჭიერში“ ბედი-მეთქი. რადგან შოუში კონტრაქტით ვართ, ამიტომ უფროსს დაველაპარაკეთ. თავისუფალი დრო გვქონდა და არ უთქვამს უარი. მივედით, გაგვესაუბრნენ, გვითხრეს, ხვალ ჩაგწერთ და თუ თქვენი ვიდეო გაიმარჯვებს, იმ შემთხვევაში, გამოგიძახებთო. წავედით, უცებ, ავაწყვეთ ცეკვა, ქართული ანსამბლების მუსიკა დავიხმარეთ, რადგან დროში ვიყავით შეზღუდულები და ვერ მოვასწრებდით ახლის გაკეთებას. მათ მინდა მადლობა გადავუხადო. ჩვენმა ცეკვამ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც ჟიურის, ასევე, მაყურებლის მხრიდანაც, სამი „კი“ მივიღეთ და გადავედით შემდეგ ეტაპზე, რომლისთვისაც უფრო სერიოზულად მოვემზადეთ. პროექტი „ნიჭიერი“ ჩვენთვის უფრო მეორეხარისხოვანი იყო, თუმცა იმით არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს სახელი კიდევ უკეთესად წარმოვაჩინეთ.

– რატომ დაარქვით „ლაზიკა“?

– რამდენიმე ვარიანტი გვქონდა, ბოლოს „ლაზიკა“ ავირჩიეთ. თურქეთში ბევრი ლაზი ცხოვრობს, თან გავიგეთ, რომ საქართველოში არსებობს პროექტი ახალი ქალაქის, „ლაზიკას“ აშენებასთან დაკავშირებით. ლამაზად ჟღერს, ადვილად გამოითქმის, თურქებისთვის ნაცნობი სიტყვაა და ამიტომ ავირჩიეთ.

– ძალიან შთამბეჭდავი იყო თქვენი გამოსვლა, საოცარი ემოციები მქონდა.

– დიდი ხანია, ქართულ ხელოვნებას ვემსახურებით. ქართულ ცეკვებს ვცეკვავთ, ბევრს ვმუშაობთ, ძალიან კარგი სინქრონი გვაქვს. მეორე ნომერი უფრო შთამბეჭდავი შევარჩიეთ: დავიწყეთ ქართული ნახტომებით – „ირმულა“ და მერე უკვე ქართული სოლოებით, „ტრიუკებით“ გავაგრძელეთ. ამ ცეკვას „შეჯიბრი“ ჰქვია. მუსიკაც საქართველოში, სტუდიაში ჩავაწერინეთ. ყველაფერი ჩვენი გემოვნებით გაკეთდა. სამწუხაროდ, დავტოვეთ პროექტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გამოსვლის შემდეგ დარბაზი ფეხზე ადგა და ჟიური გაოცებული იყო. 15 მონაწილიდან ხუთეულში გავედით, საიდანაც ნახევარფინალში 2 მონაწილე გადიოდა. როგორც შემდეგ გავიგეთ, შეფასება ხდებოდა დარბაზში მსხდომი მაყურებლის ხმათა ქულების ჯამის მიხედვით. ხმის მიცემა რომ დაიწყო, დარბაზში ყველა გულშემატკივარმა ხმა თავის მონაწილეს მისცა. ჩვენ არ ვიცოდით, ასე თუ იქნებოდა შეფასება, არც ერთი გულშემატკივარი არ გვყავდა წაყვანილი, შესაბამისად, გავიდა ის, ვისაც მეტი გულშემატკივარი ახლდა. მოკლედ, დაგვჩაგრეს. მეცინება, რომ მახსენდება, ვინ გვაძლევდა შეფასებას. ჟიური ისე გვგულშემატკივრობდა, დარწმუნებული იყო, რომ ჩვენ ვიმსახურებდით შემდეგ ტურში გადასვლას, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი ასე დამთავრდა... მაგრამ საინტერესო ახლა იწყება...

– ძალიან საინტერესო, ლამაზი შოუა და ჩემზე ყოველთვის განსაკუთრებულად თქვენი, ქართველების შესრულებული ნომრები მოქმედებს. თუმცა, ჯერჯერობით მათი ნახვა მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით მოვახერხე.

– „ანატოლიის ცეცხლი“, ჩვენ რომ ჩამოვედით 7 წლის იყო და უკვე ძალიან პოპულარულიც გახლდათ. კავკასიური ნომრები ჰქონდათ, რომლებსაც თურქები ასრულებდნენ. ჩვენი კი „ტროას“ პროექტის გამო მოგვიწვიეს, რომელიც მთლიანად „ტროას“ ლეგენდის მიხედვით არის დადგმული: აქილევსი, ჰექტორი, ბრძოლები – ძალიან ეფექტური შოუა. თავიდან ჩვენი ორი ნომერი ჩასვეს, ხალხის რეაქცია აინტერესებდათ. საოცარი ემოციები მოჰყვა, ყველა გაკვირვებული იყო. კითხულობდნენ, საიდან მოვედით. თავიდან ექვსნი ვიყავით და რომ გამოვდიოდით, დარბაზი ინგრეოდა. თვითონ შოუ ცეკვებისგან შედგება, „რივერდანსის“ სტილშია. თურქული ცეკვებიც აქვთ, უფრო გათანამედროვებული და ძირითადად, მასიური სცენებია, ოღონდ, ძალიან ლამაზი. პირველ შოუში ჩვენ სამ ცეკვას ვცეკვავთ, მუსიკა ჩვენ ჩავწერეთ. კლასიკური მუსიკაა თანამედროვე ელემენტებით. ქართული დოლები, ქართული ცეკვის ილეთები. ჩვენმა ნომრებმა შოუ კიდევ უფრო გააძლიერა. ამიტომ დღეს ანსამბლში ჩვენი სიტყვა ბევრს ნიშნავს, გვაფასებენ. როდესაც სცენაზე გამოვდივართ და ჩოხა გვაცვია, ძალიან ამაყები ვართ. გვინდა, სულ ასე ვიყოთ. ქართულად ვცხოვრობთ. თურქეთში პატარა საქართველო გვაქვს შექმნილი და ჩვენი ცეკვებით, ჩვენი ქცევით, ყოველთვის მოწონებასა და პატივისცემას ვიმსახურებთ. ერთის პრობლემა ყველას პრობლემაა, ისევე, როგორც სიხარული. ყველას უკვირს, რატომ არ იცით თურქული უფრო კარგადო, სულ ქართულად ვლაპარაკობთ და ალბათ, იმიტომ.

– როგორც ვიცი, ძალიან ბევრი გასტროლი გაქვთ.

– კი, ორი თვე ვიყავით ჰოლანდიაში, სადაც 55 კონცერტი ჩავატარეთ. კვირაში ერთი დღე ვისვენებდით მხოლოდ. ხშირად დავდივართ ეგვიპტის ქალაქებში, ემირატებში, დუბაიში, აბუდაბიში, ასევე გერმანიაში, საფრანგეთში. ზოგჯერ  შოუს მონაწილეები ორად ვიყოფით, ერთი ჯგუფი მიდის აზიაში, მეორე ნაწილი – ევროპაში. მარტიდან გვეწყება გასტროლები რუსეთის სხვადასხვა ქალაქში, შემდეგ უკრაინაში. წინ ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს.

 

 

скачать dle 11.3