რაში ვერ ეწყობა ზურა ხაჩიძე ნინი ქარსელაძესა და ხათუნა ჟორდანიას და როგორ ატარებენ ისინი მერაბ ჟორდანიასთან ერთად ჰოლანდიაში თავისუფალ დროს
ნინი ქარსელაძე ოჯახთან ერთად რამდენიმე წლის წინ ჰოლანდიაში, კერძოდ, ქალაქ არნემში გადავიდა საცხოვრებლად, რადგან, როგორც ცნობილია, მისი ბიძა, მერაბ ჟორდანია ფეხბურთის გუნდის „ვიტესის” მფლობელი გახდა. მთელი წლის განმავლობაში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნინი ლონდონში გადის ენის კურსებს, ხშირად ჩამოდის თბილისში და პარალელურად, ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობს იურიდიულ ფაკულტეტზე.
ნინი ქარსელაძე: 19 ნოემბერს ჩამოვედი თბილისში. 20 ნოემბერს რაღაც საქმე მქონდა მოსაგვარებელი. ძირითადად, არავინ მჭირდება, ყოველთვის თვითონ ვიღებ გადაწყვეტილებას. მაგრამ, დედის რჩევა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და სულ ვცდილობ, გავითვალისწინო. ჩვენს ოჯახში, ძირითადად, სპონტანურად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. შეიძლება, საღამოს უცებ გადავწყვიტოთ, რომ მივდივართ გუდაურში, ან სხვა ქალაქში. მე და ხათუნას მთელი ჩვენი ცხოვრება, ასეთი რეჟიმი გვაქვს. ზურა ცოტა ვერ გვეწყობა, რადგან ძალიან გაწონასწორებული ადამიანია, უყვარს ყველაფრის დაგეგმვა და ისე გაკეთება.
– პირად ცხოვრებაშიც ასე სპონტანურად იღებ გადაწყვეტილებას?
– პირად ცხოვრებაშიც ვიღებ სპონტანურ გადაწყვეტილებას, მაგრამ ვფიქრობ, ცუდია, რადგან შეიძლება შენი გადადგმული ბევრი ნაბიჯის გამო ინანო. თუმცა, ხათუნამ ასე გამზარდა: ისე უნდა იცხოვრო, რომ არასდროს ინანო შენი გადადგმული ნაბიჯიო. მართლა არაფერს ვნანობ.
– კიდევ რას გასწავლიდა დედა?
– ძალიან ბევრ რამეს. დედამ ფსიქოლოგიურად, როგორც ბიჭი, ისე გამზარდა. მთელი ცხოვრება, საღამოობით ვისხედით და ყველა დეტალს ვარჩევდით – ეს არასწორი იყო, ასე არ უნდა მოქცეულიყავი. ახლა ვფიქრობ, ყველაზე კარგად გამზარდა, იმიტომ კი არა, რომ საკუთარი თავით ვამაყობ, უბრალოდ, ძალიან ბევრი დეტალი არსებობს, რაც არასდროს შემეშლება. ყოველთვის ვიცი, სად, როგორ უნდა მოვიქცე. არსებობს დაუწერელი კანონები, რომელსაც მე და ხათუნა ყოველთვის ყურადღებას ვაქცევთ, ვითვალისწინებთ.
– დაწერილი კანონებიც გქონდათ?
– 18 წლამდე, 10 საათზე უკვე სახლში უნდა ვყოფილიყავი. ორჯერ დავაგვიანე და სახლში არ შემიშვა, მერე ბებიასთან წავედი. იმის შემდეგ ჩემი დაგვიანების არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა. ახლა დედაჩემი ძალიან მენდობა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის იცის, სად ვარ, ვისთან ერთად და რატომ. არასდროს მქონია ისეთი შემთხვევა, ხათუნა მომეტყუებინოს. ერთხელ მოვატყუე და ისიც ძალიან ცუდად დამთავრდა. ცეკვა გავაცდინე და შემთხვევით, ჩემი მეგობრის მანქანაში აღმოვჩნდი. ის კი ნასვამი იყო და ავარიაში მოვყევით. მით უმეტეს, ამის შემდეგ არასდროს მითქვამს ტყუილი ხათუნასთვის, მივხვდი, რომ მაინც მე ვზარალდებოდი. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ის ჩემი მეგობარი უფროა, ვიდრე დედა. დებივით ვართ, ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობაც მცირეა. თვითონაც პატარა იყო, მე რომ გავუჩნდი, ბებიამ გაგვზარდა ორივე.
– ყველა ბავშვი სრულფასოვან ოჯახზე ოცნებობს. ის, რომ მამასთან ერთად არ იზრდებოდი, დისკომფორტს გიქმნიდა, თუ დედა ყველანაირად გივსებდა ამ დანაკლისს?
– არასდროს მიგრძნია, რომ მამის გარეშე გავიზარდე. დედაჩემი ძლიერი ქალია, ერთ-ერთი ძლიერი, ვინც კი ვიცი და გამიგია. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე დაჩაგრულად არ მეგრძნო თავი. ამ ყველაფრისთვის დედაჩემის დედამაც ბევრი რამ გააკეთა. ბიძაჩემი ხომ საერთოდ, ის ადამიანია, რომელმაც უხეშად რომ ვთქვა, შექმნა ნინი ქარსელაძე. მისთვის არ არსებობს, ნინის მონდომება და ოცნება, რომელსაც არ აასრულებს.
– ალბათ, მთელი ცხოვრება ასე იყო და ასე გრძელდება.
– მერაბთან მაქვს ყველაზე კარგი ურთიერთობა. ჩვენ არასდროს გვიჩხუბია, ერთმანეთზე არასდროს გავბრაზებულვართ. ეტყობა, ეს ორივეს დამსახურებაა. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან უდიდესი სიყვარული გვაკავშირებს, მის მიმართ განსაკუთრებული რიდიც მაქვს. სულ ვფიქრობ: მერაბი არ გაბრაზდეს, ჩემი საქციელის გამო არაფერი ეწყინოს-მეთქი. ყოველთვის, ჩემი კარგი საქციელიც კი ცუდად ჩანს. ათ ადამიანში, ხმამაღლა რომ გავიცინო, ჩემზე იტყვიან აუცილებლად რამეს. ამიტომ, ვცდილობ, მერაბი არ გაღიზიანდეს. უპირველეს ყოვლისა, მერაბზე, ხათუნაზე ვფიქრობ, მერე – ბებიაჩემზე, ზურაზე და ბოლოს მამაჩემზე. ყველაფრის მიუხედავად, ის მაინც მამაჩემია.
– რა იყო ყველაზე დიდი ოცნება, რაც ბიძამ აგისრულა?
– ასე, ვერ გამოვყოფ. ყველაფერი, რაც ჩემს ოცნებაში ყოფილა, მერაბისა და ხათუნას დამსახურებით, ყოველთვის ახდენილა.
– ადვილად მიიღეთ ჰოლანდიაში გამგზავრების გადაწყვეტილება?
– მერაბი და ხათუნა იდეალური და-ძმაა. ჩემთვის სამაგალითოა ეს ყველაფერი და ვოცნებობ, რომ მეც ასეთი და ვიყო კახისა და ლევანიკოსთვის. მერაბი წავიდა ჩვენც წავედით, რადგან ერთი ოჯახი ვართ და ერთმანეთის გარეშე არასდროს გვიცხოვრია. მთელი ცხოვრება ყველგან ყოველთვის ერთად ვიყავით.
– ლონდონში მარტო ცხოვრობ?
– კი და ვსწავლობ. პირველად რომ წავედი ცოტა გამიჭირდა, დეპრესია მქონდა, ამინდს ვერ შევეგუე. მაგრამ, დედაჩემმა და მერაბმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩემთვის კომფორტი შეექმნათ და მე თავი ცუდად არ მეგრძნო. დღეს ვფიქრობ, მარტო ცხოვრება ადამიანისთვის დიდი გამოცდილებაა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება დამოუკიდებელი ვარ, არის დეტალები, რასაც ყურადღებას არ ვაქცევ, როდესაც ხათუნასთან ერთად ვარ. იქ კი, ყველაფრის გაკეთება თვითონ მიწევს. ლონდონში თავიდან ენის კურსებზე წავედი. ინგლისური არ ვიცი, რადგან ბავშვობიდან ფრანგულს ვსწავლობდი და როგორც ქართული, ისე ვიცი. თბილისში ვსწავლობ ტექნიკურ უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. მესამე კურსის სტუდენტი ვარ. ხშირი კავშირი მაქვს ლექტორებთან, გამოცდებზე, შუალედურებზე ყოველთვის ჩამოვდივარ. იქ გავდივარ იურიდიულის მოკლევადიან კურსებს, თან ინგლისურ ენას ვსწავლობ.
– როგორ ცხოვრობთ ჰოლანდიაში?
– ძალიან მშვიდად, განსხვავებით თბილისისა. ასეთი სიმშვიდე სამი თვე უკვე ბევრია. მერე ჩამოვდივართ თბილისში და „ვიტენებით“ კარგი ემოციებით. ყოველ შაბათს არის ფეხბურთის თამაში. მთელი ოჯახი დავდივართ. ლევანიკო ჩვენთან არის, კახი შვეიცარიაში სწავლობს. სახლის თამაშებზე სულ დავდივართ, გასვლით თამაშებზე ნაკლებად. დაკავებულები ვართ ლევანიკოს სწავლითა და ცხოვრებით. სპორტულ სკოლაში სწავლობს და ფეხბურთს თამაშობს. ზოგჯერ საღამოობით ყველანი ერთად მივდივართ და რესტორანში ვვახშმობთ.
– შენც გიყვარს უკვე ფეხბურთი?
– რომ არ მიყვარდეს, არავინ დამიჯერებს: ჯერ იყო „დინამო”, მერე – საქართველოს ნაკრები, ახლა – „ვიტესი”. სახლში სამი ტელევიზორია და სამივეში ფეხბურთია. ჩვენთან სხვა არხს არავინ უყურებს. ნელ-ნელა უკვე ვდგებით ფეხზე. ყოველ შაბათს, როცა თბილისში ვარ, ინტერნეტით ვადევნებ თვალს ან ხათუნას ვუკავშირდები და ვიგებ, რა ხდება, რას ვშვრებით. მთელი ცხოვრება ფეხბურთზე ვნერვიულობთ. მერაბი, ზოგადად, ბევრს არ ლაპარაკობს, თუ რამეს ჰკითხავ, გაგცემს პასუხს. როცა გუნდი წააგებს, სახეზე ემჩნევა. ისეთ ცუდ ხასიათზე შემოდის სახლში, არც გვჭირდება რამის თქმა. ძალიან გაწონასწორებული ადამიანია.
– მოულოდნელი იყო თქვენთვის, როცა გაიგეთ, რომ მერაბ ჟორდანია „ვიტესის” მფლობელი გახდა?
– არა, რადგან ჩვენ ყველაფერი ვიცოდით.
– იცნობ „ვიტესის” ფეხბურთელებს?
– არ მინდა ფეხბურთელი ქმარი, გამორიცხულია. ისიც მეყოფა, ამდენი ფეხბურთელი რომ მყავს ოჯახში. გუნდში გურამ კაშიას, გიორგი ჭანტურიას, ვაკო ყაზაიშვილსა და რამდენიმე უცხოელს ვიცნობ. ლევანიკოზე ამბობენ, რომ ძალიან კარგად თამაშობს.
– მამა აძლევს შეფასებებს?
– იშვიათად. შეიძლება, მე მითხრას, რომ ძალიან კარგად ითამაშა. არც მას და არც ხათუნას არ უყვარს ჩვენი შექება.
– ანასტასია ძალიან საყვარელია.
– ამას წინათ, მე და ხათუნამ ვიჩხუბეთ და რომ დავრეკე, არ მიპასუხა. ანასტასიას უკითხავს: ვინ არისო. დედამ უთხრა: ნინია, არ ველაპარაკები, ჩემი შვილი არ არის, სახლიდან უნდა გავაგდოო. ეტყობა, ანასტასიამ საღამოს ბევრი იფიქრა და მეორე დღეს გამოუცხადა: თუ შენ ნინის აგდებ სახლიდან და შენი შვილი აღარ არის, აღარც მე ვარ და მეც მივდივარ სახლიდანო. გამიკვირდა, ძალიან ეჭვიანია და მეგონა, გაუხარდებოდა ჩემი სახლიდან გაგდება.