როგორ აღმოჩნდება ირანთან ომის შემთხვევაში იზოლაციაში სომხეთში რუსეთის ბაზა და რატომ გადის მის მოსამარაგებლად ერთადერთი გზა საქართველოზე
სულ ახლახან რფ-ის პრეზიდენტმა დ. მედვედევმა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები სოჭში იახლა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბ-ნები სარგისიანი და ალიევი მამასისხლად არიან (ლამის ერთ ოთახში ერთდროულად ყოფნას ერიდებიან), უნდა ვივარაუდოთ, რომ რფ-ის პრეზიდენტს, რომელიც უკანასკნელ დღეებს ითვლის (ბუნებრივია, საპრეზიდენტო პოსტზე ყოფნისას) მნიშვნელოვანი მიზეზი ჰქონდა ჩვენი მეზობლების ერთად შესაყრელად. რა მოხდა სოჭში და რა კავშირი აქვს ამ შეხვედრას დასავლეთ ირანის მოსალოდნელ სამხედრო დაპირისპირებასთან, საკითხს მამუკა არეშიძე განგვიმარტავს.
– რატომ, მაინცდამაინც, სოჭში და რა მიზნით მიიპატიჟა მედვედევმა სარგისიანი და ალიევი?
– ძირითადი თემა, რასაკვირველია, მაინც არის ყარაბაღის პრობლემის მოგვარება. მაგრამ, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რატომ ახლა? საქმე ის არის, რომ რეგიონში სიტუაცია იძაბება ირანზე სავარაუდო თავდასხმის კონტექსტში და, ამდენად, მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი. საკმარისია, ფართომასშტაბიანი საომარი ვითარება შეიქმნას ირანის ტერიტორიაზე, რომ რეგიონში მოხდება დესტაბილიზაცია. ამისთვის ემზადება ყველა მხარე და არ არის გამორიცხული, გამოყენებულ იქნას საქართველოს მოკრძალებული შესაძლებლობებიც. ყოველ შემთხვევაში, ღრუბელი რომ ჩამოწვა, ფაქტია.
– და ამიტომ რუსეთს უნდა, თავიდან აიცილოს ყარაბაღის კონფლიქტის გაღვივება?
– რა თქმა უნდა. ამასთან, უნდა, რომ დემონსტრაციულად აიცილოს თავიდან ყარაბაღის კონფლიქტის გაღვივება. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ გეოპოლიტიკური ცვლილებების კონტექსტში, რუსეთმა თვითონ მოინდომოს ყარაბაღის კონფლიქტის გაღვივება. რასაკვირველია, ისე, რომ მსოფლიო საზოგადოებისთვის ჩანდეს მისი, როგორც მშვიდობისმყოფლის როლი. ამ კონტექსტში მიმდინარეობს სოჭის შეხვედრა. თან გავითვალისწინოთ, რომ ბოლო შეხვედრის დროს პეტერბურგში ალიევმა და სარგისიანმა ერთმანეთზე გაიწიეს. ანუ ეს არის მათი პირველი შეხვედრა ამ პაუზის შემდეგ და დიდი დიპლომატიური მუშაობა დასჭირდა რუსეთს, რომ ეს შეხვედრა ასეთი ფორმატით შემდგარიყო.
– რას დაჰპირდა ასეთს?
– რთული სათქმელია.
– რით დაიყოლია?
– მე მაინც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ შეხვედრის მიზანია, რუსეთის პოზიცია მოისმინოს ორივემ და არა ის, რომ მათ აზრი გამოთქვან. ეს შეეხება რუსეთის პოზიციას, თუ როგორ მოიქცევა ის ამ სავარაუდო რეგიონული ცვლილებების კონტექსტში. ის, რომ უკან არაფერზე დაიხევს, ალბათ, ორივესთვის გახდა ნათელი.
– რას ნიშნავს, რომ რუსეთი უკან არაფერზე დაიხევს?
– თუ ირანის მიმართულებით ისრაელმა დაიწყო საომარი მოქმედება და ამაში ამერიკის შეერთებული შტატებიც ჩაერთო, რაც ნაკლებ სავარაუდოა, მაგრამ ალბათობა მაინც არსებობს, არ არის გამორიცხული, რუსეთმა თავისი სტრატეგიული პარტნიორის სავარაუდო მარცხს დაუპირისპიროს ამერიკისა და დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორის, საქართველოს და დასავლეთის მოკავშირე აზერბაიჯანის შევიწროება. გარდა ამისა, რუსეთს დასჭირდება სახმელეთო დერეფნები იმისთვის, რომ სომხეთის ბაზა მოამარაგოს. სომხეთის ბაზა მარაგდება მხოლოდ საქართველოს საჰაერო გზის გავლით, ისიც აღჭურვილობით, ამუნიციით, სამედიცინო მოწყობილობებითა და სურსათით. აქედან იარაღი და ტყვია-წამალი ვერ შედის.
– რატომ აძლევენ ჩვენები ამის ნებას?
– ისინი გადადიან სომხეთის თვითმფრინავებით. ბორტი რუსულია, მაგრამ სომხური გაფორმება აქვს. საქართველოს არ აქვს უფლება, სომხეთს აუკრძალოს გადაფრენა საქართველოს საჰაერო სივრცეში. მით უმეტეს, რომ იარაღი არ გადადის, მაგრამ მთავარი საკითხი – ბაზის იარაღითა და საწვავით მომარაგება – ღია რჩება. სომხეთში რუსული ბაზა იარაღით სპარსეთის ყურიდან მარაგდებოდა. გემები შედიოდა, იტვირთებოდა და ირანის გავლით მიდიოდა სომხეთში, რაც ძალიან ძვირი ჯდებოდა, საწვავი კი მთლიანად ირანიდან შედიოდა. ომის დაწყების შემთხვევაში საწვავის შედინება შეიძლება, შეწყდეს და მით უმეტეს, შეიარაღების შეტანა სპარსეთის ყურიდან. ამიტომ რჩება ერთადერთი გზა – საქართველო. საერთო ჯამში, სომხეთში რუსეთის ბაზას შესაძლოა, ჰქონდეს ორთვიანი მარაგი და არ არის გამორიცხული, რომ რუსეთი შეეცადოს თავისი ბაზისკენ დერეფნის გაკეთებას. დერეფანი კი შეიძლება, გაკეთდეს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, ცხინვალი-ბორჯომი-ახალქალაქის მიმართულებით. ასევე, რუსეთს შესაძლოა, დასჭირდეს აზერბაიჯანის საჰაერო სივრცე. ერთი სიტყვით, რთული ვითარებაა.
– აზერბაიჯანი, რადგან სომხეთში მიდის ტვირთები, იმიტომ არ მისცემს რუსეთს სახმელეთო დერეფანს?
– რა თქმა უნდა. აზერბაიჯანს აქვს მნიშვნელოვანი მიზეზი – ყარაბაღი და მიიჩნევს, რომ არ შეიძლება, სომხური არმია გაძლიერდეს.
– ჩვენ არ გვაქვს მიზეზი? რუსული ჯარით ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორია.
– სომხეთს ამ არგუმენტს ვერ ვეტყვით.
– ავუხსნათ, რომ ოკუპანტებისთვის მიაქვს აღჭურვილობა და ვერ გავატარებთ.
– თუ გინდათ, ვთქვათ, რომ საქართველომ არ უნდა გაატაროს.
– მე არ მინდა, უბრალოდ მგონია, რომ ასეთი ქცევა უფრო გამართლებული იქნებოდა.
– ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ, თუ საქართველო თავის საჰაერო სივრცეში არ გაატარებს სომხეთის თვითმფრინავებს, ეს გამოიწვევს ურთიერთობის დაძაბვას სომხეთთან, იმიტომ რომ ფორმალურად ეს არის სომხური სატრანსპორტო ავიაცია. ჩვენთვის რთული გასარჩევია, ამ ავიაციას სომხური არმიისთვის მიაქვს ტვირთი თუ რუსულისთვის, რადგან სომხები მას სომხურ ტვირთად ფუთავენ და ეს გასაგებიცაა. თუ არ გავატარებთ, სომხებს შეუძლიათ, ძალიან ადვილად დაგვიმტკიცონ, რომ ტვირთები სჭირდებათ საკუთარი და არა რუსული ბაზისთვის. ამიტომ საჰაერო სივრცის მათთვის გადაკეტვა არაეფექტიანი ღონისძიება იქნება. ერთი სიტყვით, რთული ვითარებაა და, ალბათ, რუსული ხელისუფლება ცდილობს, რომ მოსალოდნელი სომხურ-აზერბაიჯანული დაპირისპირება მაინც აიცილოს თავიდან და გააფრთხილოს ეს ორი ქვეყანა, თუ რა ტიპის ღონისძიებები შეიძლება, გაატაროს მათ წინააღმდეგ.
– საქართველოს წინააღმდეგ რა ღონისძიებები შეიძლება, გაატაროს?
– საქართველოს წინააღმდეგ შეიძლება, გაატაროს მთავარი ღონისძიება – ეს არის დერეფნის გაჭრა.
– ბრძოლით?
– რატომაც, არა?! არ გაუკეთებია თუ რა?! თან ამ დროს ამერიკის შეერთებული შტატები დაკავებული იქნება ირანთან ურთიერთობის გარკვევით. რუსეთი ამ კონტექსტში მოიმიზეზებს, რომ ვერ ამარაგებს თავის ბაზას, ბაზა ბლოკადაშია და საჭიროა მისი დახმარება. რუსეთი წამსვლელია ამაზე, მაგრამ მთავარი ამ ბაზის მომარაგება არ არის. დერეფნის გაჭრა გამოიწვევს იმას, რომ რუსეთის ხელში აღმოჩნდება ნავთობისა და გაზის მილსადენები, რაც გამოიწვევს აზერბაიჯანის ეკონომიკის გაჩერებას. ჩნდება ბუნებრივი შეკითხვა: რას უყურებს დასავლეთი?
– მართლაც?
– მე არ ვამბობ, რომ რუსეთი ამას აუცილებლად გააკეთებს. ეს არის უკიდურესი ზომა, რასაც შეიძლება, რუსეთმა მიმართოს. ასეთი ტიპის კრიზისები მსოფლიოში ყოფილა, იგივე კარიბის კრიზისი, როდესაც ორივე მხარეს ედო თითი ატომური იარაღის წითელ ღილაკზე და ბოლო წუთს გადარჩა მსოფლიო ბირთვულ ომს. ახლაც, თუ მოვლენები უკიდურესად უარყოფითი სალდოთი განვითარდა, არ გამოვრიცხავ, მესამე მსოფლიო ომს, ოღონდ ამის ალბათობა ძალიან დაბალია. ნუ დავივიწყებთ რომ ამ ვითარებისთვის, რაზეც ახლა ვლაპარაკობთ, რუსეთი კარგა ხანია, ემზადება და ეს, გასული წლის დეკემბერში დაამთავრა. სწორედ მაშინ გამოჩნდა სირიის სანაპიროსთან რუსეთის ავიამზიდი „ადმირალი კუზნეცოვი“. ტყუილად ხომ არ გაიარა ამხელა გზა? კავკასიის ყველა ბაზა ნომერ მეორე საბრძოლო მზადყოფნაში ჰყავს.
– რას ნიშნავს ნომერ მეორე საბრძოლო მზადყოფნა?
– ომისთვის მზადყოფნას არ ნიშნავს, მაგრამ ნიშნავს, რომ იარაღი დატენილია, შალითები კი მოხსნილია ზარბაზნებიდან.
– აუცილებლად ექნება თავისი მოქმედების რამდენიმე გეგმა დასავლეთსაც. საფრანგეთი ძალიან საბრძოლოდაა განწყობილი. ისინი მხარს უჭერენ ისრაელს ირანის წინააღმდეგ. გავეცანი ისრაელში საფრანგეთის ელჩის ინტერვიუს და ის ადასტურებს საფრანგეთის მზადყოფნას ირანზე თავდასხმის მხარდასაჭერად.
– საფრანგეთის პოზიცია ეფუძნება ორ ძირითად თეზას: პირველი და მთავარი არის ის, რომ საფრანგეთმა შეცვალა თავისი მიდგომები გეოპოლიტიკური ჩართულობისადმი. საფრანგეთის დღევანდელ პრეზიდენტს უწევს ნაციონალისტებთან გამკლავება, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი არგუმენტები და ეს ეხება საფრანგეთის ხელისუფლების იმიგრაციულ პოლიტიკას. ამდენად, საფრანგეთის დღევანდელმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ნაციონალისტებს დაუპირისპიროს პატრიოტიზმი, ანუ საფრანგეთი აქციოს გლობალურ მოთამაშედ. ამას ემსახურებოდა სარკოზის ვიზიტები სამხრეთ კავკასიასა და წინა აზიის ზოგიერთ ქვეყანაში. საფრანგეთი ფრანგი ამომრჩევლის თვალში უნდა იქცეს ქვეყნად, რომელსაც გავლენა აქვს გლობალურ პოლიტიკაზე. მეორე თემაა ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას არ აძლევს ხელს ომში ჩართვა არჩევნების წინ, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ გამოიყენოს მოკავშირეები: ბრიტანეთი და საფრანგეთი. ბრიტანეთის სავარაუდო მონაწილეობა აღქმული იქნება, როგორც ამერიკული პოლიტიკის გაგრძელება. საფრანგეთის მონაწილეობა კი უფრო სხვა ფაქტორია და ეს ნიშნავს მსოფლიო აღშფოთების გამოხატვას, რადგან საფრანგეთი არ აღიქმება ამერიკის სატელიტ მოკავშირედ. ეს სერიოზული თამაშია და საფრანგეთის ელჩის განცხადებები ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. საფრანგეთი ბევრად უფრო აქტიურია, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
– მერედა, ეს როგორ იმოქმედებს საფრანგეთ-რუსეთის თბილ ურთიერთობაზე, მათი ინტერესები უკვე აშკარად ეჯახება ერთმანეთს?
– ეჯახება, მაგრამ საფრანგეთი ასე აყენებს საკითხს: ჩვენ ვართ პარტნიორები, მაგრამ უნდა იცოდე, რომ შენი პარტნიორი ირანი სახიფათო ხდება მსოფლიოსთვის თავისი ატომური იარაღით. ამდენად, ჩვენი პარტნიორობა შემაკავებელი ვერ იქნება. რუსეთს კარგა ხნის განმავლობაში ჰქონდა ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ემოქმედა ირანთან. ცდილობდა კიდეც, იმიტომ არც რუსეთისთვისაა მომგებიანი, ირანს ატომური იარაღი ჰქონდეს, მაგრამ რუსეთმა ვერ მიაღწია თავის მიზანს და, მეორე მხრივ, ის დახარბდა იმ მილიონებს, რომლებიც მიიღო ირანული ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში. გარდა ამისა, რუსეთის პოლიტიკას ახასიათებს აღმოსავლური ორპირობა. ის ერთი ხელით ცდილობს ზვავის შეჩერებას, მეორე ხელით კი პირთან საყვირი აქვს მიტანილი, რომ ზვავის ჩამოწოლა გააძლიეროს. ეს რუსული პოლიტიკის კლასიკაა. დღესაც იგივე მდგომარეობაა: რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რომ ირანს შეექმნა ატომური იარაღი, მაგრამ ეს თავისთვის სახიფათოდაც შექმნა. დღეს, სხვათა შორის, ამის ლაკმუსია ისრაელის სპეცსამსახურების მოქმედება. მათ პირდაპირ ნადირობა გამოაცხადეს ირანის ატომური პროგრამის ხელმძღვანელობაზე და რამდენიმე მათგანი გაანადგურეს ირანისვე ტერიტორიზე, მაგრამ ახლა გამოაცხადეს ნადირობა ატომის რუს სპეციალისტებზე, რომლებიც ირანს ამ საქმეში ეხმარებოდნენ. ჯერჯერობით ეს არ არის ფიზიკური ნადირობა, მიმდინარეობს მათი აღრიცხვა, რომ ექსტრემალურ ვითარებაში ისინი გაანადგურონ, თუ საჭირო გახდა. ასეთი შემთხვევა უამრავი ყოფილა.
– „მოსადს“ ახასიათებს ასეთი ქცევა. ირანთან ომი გააძვირებს ნავთობის ფასს. საფრანგეთის ხელისუფლებას ის უფრო არ დააზარალებს, თუ მათ მოსახლეობას ცხოვრება გაუძვირდება?
– ნავთობის ფასის გაძვირება მოკლევადიანი უარყოფითი ეფექტია. შევხედოთ ამას სხვანაირად: ავიღოთ ლიბანის მაგალითი. ნავთობის გაძვირებამ ლიბანის ომის გამო დისკომფორტი შეუქმნა საფრანგეთის ხელისუფლებას, მაგრამ საბოლოო შედეგმა უზარმაზარი დივიდენდები მოუტანა. ფრანგების ხელში აღმოჩნდა ლიბანის ნავთობგადამამუშავებელი სისტემის დიდი ნაწილი.
– ირანის ნავთობზე იფშვნეტენ ხელებს? და ვინც უფრო აქტიური იქნება, ის მიიღებს უფრო დიდ წილს?
– დღეს ბრძოლა მიდის აზიურ ნავთობსაბადოებზე. ერაყი უკვე კონტროლდება დიდწილად დასავლეთის მიერ და ახლა ირანის რიგი დადგა. ირანია ის ქვეყანა, რომელიც კომფორტს უქმნის მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს: ინდოეთსა და ჩინეთს. იმისთვის, რომ ინდოეთისა და ჩინეთის ეკონომიკები ნაწილობრივ გააჩერო, უნდა ფლობდე ირანის ნავთობის სადავეებს.
– ჩინეთისა და ინდოეთის ეკონომიკებისთვის მიყენებული ზარალი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის ზარალი, რაც შეიძლება, მიადგეს ევროკავშირს?
– რასაკვირველია, იმიტომ რომ ევროკავშირის ნავთობის მოხმარება ვერც შეედრება ინდოეთისა და ჩინეთის ნავთობმოხმარებას. ევროკავშირს დღეს საკმაოდ დიდი რესურსი აქვს ლიბანის ნავთობის მეშვეობით.
– ანუ მოუნდებათ, გააძვირებენ ნავთობს, მოუნდებათ – არა, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ომი ლიბანთან?
– „ოპეკი“ მათ ხელშია, რასაც უნდა, იმას გააკეთებენ. დასავლეთი იბრძვის იმისთვის, რომ ხელში ჩაიგდოს ბუნებრივი რესურსების საბადოებზე კონტროლი. იმიტომაც შეიყვანა რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, რომ თუ ძალით არა, რუსეთის ბუნებრივი რესურსების კონტროლი ხელში ჩაეგდო და ეს არ ეხება მხოლოდ ნავთობს. ბუნებრივ რესურსებზე კონტროლი დასავლეთს საშუალებას აძლევს, აკონტროლოს ჩინეთისა და ინდოეთის მზარდი ეკონომიკების პოტენციალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ქვეყნები, განსაკუთრებით, ჩინეთი, დასავლეთისთვის დიდი ხიფათის შემცველები გახდებიან.