დასაქმებულები
ექვს ეტაპად
საქართველოს ამომრჩეველთა დასევდიანებული გულების (დასევდიანებულის, რადგან, 2011 წელი უარჩევნებოდ გავატარეთ) გასახარად უნდა ითქვას, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სიების დამზუსტებელმა კომისიამ, რომელსაც „მემარჯვენე“ ბ-ნი კაციტაძე ხელმძღვანელობს, ახალ სათავო ოფისში უკვე დაივანა და აწ უკვე მუშაობის ახალ, მეორე ეტაპზეც კი გადავიდა! ეს ამბავი გასული კვირის მიწურულს ხსენებულ ახალთახალ სათავო ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გვამცნო კომისიის თავმჯდომარემ. ზედაც კომისიის მუშაობის ორნახევართვიანი მუშაობაც შეაჯამა, ვინაიდან, „განვლილ ორ-ნახევარ თვეში კომისიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი მოაგვარა.“
„მოგვარებული მნიშვნელოვანი საკითხების სია“ კი შემდეგნაირია (მომყავს ციტატა თავმჯდომარის გამოსვლიდან): „განხორციელდა კომისიის სამართლებრივი ბაზის სრულყოფა, მოვიპოვეთ ფინანსური დამოუკიდებლობა და დადგინდა ერთიანი ბიუჯეტი, შემუშავდა სიმბოლიკა, ატრიბუტიკა (თუ სიმბოლიკა შემუშავდა, ამომრჩევლებს თავი ქუდში ჰქონიათ, ხმა კი – ყუთში!) და ოფიციალური ვებ-გვერდი, დასრულდა ორგანიზაციულ-სტრუქტურული მშენებლობა, კომისიას სახელმწიფო უწყებებიდან ყველა საჭირო ინფორმაცია მიეწოდა.“ მართალია, მთლადაც არ ეხება მოგვარებულ მნიშვნელოვან საკითხებს, მაგრამ, არც ის დაგვიმალეს, რომ „კომისიის მიმართ საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ინტერესი გაიზარდა“. ამ ყოველივეს მოგვარებას (საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გაზრდილი ყურადღებიანად) 300 000 ლარიც მოხმარებია (ასე ძვირი ღირს სიმბოლიკა?!).
მეორე ეტაპი თებერვალ-მარტშია დაგეგმილი და „კარდაკარის პროგრამისთვის მობილური ჯგუფების დაკომპლექტებას“ გულისხმობს, ზედაც – ტრენერების მომზადებასაც და ამ ტრენერების მიერ მობილური ჯგუფის წევრების დატრენინგებასაც.
მესამე ეტაპს აპრილ-მაისში უნდა ველოდოთ, როდესაც დატრენინგებულები კარდაკარ სიარულის პროგრამას განახორციელებენ. მეოთხე ეტაპი ივნისიდან დაიწყება, როდესაც „კარდაკარს“ ახლა უკვე მონიტორინგი ჩაუტარდება. მეხუთე ეტაპზე სიები საბოლოოდ დაზუსტდება, აი, მეექვსე ეტაპი კი აგვისტოდან არჩევნებამდე გაგრძელდება. ბ-ნი კაციტაძის განმარტებით, „ამ პერიოდში ნებისმიერი ეგრეთ წოდებული ბუნებრივი ცვლილება ამომრჩეველთა ერთიან სიებში მხოლოდ კომისიის მიერ განხორციელდება.“
კომისიის მთლიანი ბიუჯეტი 5 მილიონი ლარითაა განსაზღვრული (ეს თანხა მათ არასრულ ერთ წელიწადში უნდა აითვისონ). ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ პროგრამით 11 090 ადამიანი მხოლოდ კარდაკარ სიარულით დასაქმდება, დანარჩენები კი – კომისიის სათავო და რაიონულ ორგანიზაციებში (ასეთთა ოდენობა არ დაკონკრეტებულა), თუ ამომრჩეველთა ერთიან სიას ვერ დააზუსტებენ, ქართველ მრავალტანჯულ ამომრჩეველს ის მაინც ეცოდინება, რომ მის საარჩევნო ბედნიერებაზე ზრუნვის სახელით ამდენი ადამიანი დასაქმებულა.
ამ უმუშევრობის ფონზე – ესეც საქმეა!