ჭამამდე ერთი საათით ადრე დალიეთ ერთი ჭიქა მინერალური წყალი
როცა ადამიანს შია, გემოვნების რეცეპტორები მაშინვე აცნობებენ ამას ტვინს და ისიც უბრძანებს კუჭს, დაიწყოს საჭმლის მომნელებელი წვენის გამოყოფა. ადამიანი საკვებს ჭამს, კუჭი კი მას ინელებს. ამ პროცესს ნივთიერებათა ორი ჯგუფი არეგულირებს: პირველია მადის აღმძვრელი და ცხიმების დამგროვებელი ნაერთები, მეორე კი – ფერმენტები, რომლებიც შიმშილის გრძნობას ამცირებს და, ასევე, სხეულის მასას აკონტროლებს. როცა ეს ორი ჯგუფი ჰარმონიულად მოქმედებს, ყველაფერი რიგზეა, მაგრამ, საკმარისია, წონასწორობა დაირღვეს და უპირატესობა პირველი ჯგუფისკენ გადაიხაროს, რომ გასუქებას ვერ გაექცევით. ყველაზე მძიმე შედეგს ისინი განიცდიან, ვისაც განსაკუთრებით კარგად აქვთ განვითარებული ცხიმოვან ცვლაში მონაწილე ფერმენტები, რომელთაც ცხიმების დაშლა და ცხიმოვან დეპოებში მათი ჩალაგება ევალებათ. ამ ფერმენტების ხელშეწყობით, ორგანიზმი საკვებიდან საჭიროზე სწრაფად შეიწოვს ცხიმებს და უფრო და უფრო მეტ კალორიას ითხოვს.
ადამიანის მადა ხშირად კუჭის ზომაზეა დამოკიდებული. გურმანებს ეს ორგანო დღითიდღე ეზრდებათ და უფრო მეტი საჭმელი სჭირდებათ დასანაყრებლად. იმისთვის, რომ კუჭი ზედმეტად არ გააღიზიანოთ და საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამოყოფა შეამციროთ, იკვებეთ ხშირად და მცირე ულუფებით, სადილი და ვახშამი კი ერთსა და იმავე დროს მიირთვით – ამით კუჭს მიაჩვევთ, საჭმლის მომნელებელი წვენი მხოლოდ მაშინ გამოყოს, როცა ის ნამდვილად საჭიროა.
სადილამდე ერთი საათით ადრე დალიეთ ერთი ჭიქა მინერალური წყალი, ის მდიდარია ტუტე ლითონებითა და მათი მარილებით. ამიტომ, ის ბლოკავს კუჭის წვენის სეკრეციას, რაც შიმშილს ამცირებს.
რაც უფრო დიდხანს გრძელდება საჭმლის მიღების პროცესი, მით მეტად ძლიერდება დანაყრების გრძნობა. არ დაგავიწყდეთ, უნდა ჭამოთ მშვიდად და აუჩქარებლად. ამ დროს დასანაყრებლად გაცილებით ნაკლები კალორია გყოფნით.
ერიდეთ ტკბილ, გაზიან სასმელებს. ასეთი სასმელები პირის ღრუსა და კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებს და შიმშილის გრძნობას იწვევს.
ცარიელ კუჭზე მირთმეული მლაშე საჭმელი, მწნილი და მცენარეული სალათები მადას ზრდის. ამიტომ, ჯობია, ჯერ მთავარი კერძი ჭამოთ და ზემოთ ნახსენები საკვები შემდეგ მიაყოლოთ.
შიმშილის ცენტრს სისხლში არსებული გლუკოზა აღიზიანებს და მადის სიძლიერესაც ეს ფაქტორი განაპირობებს. ეცადეთ, გვიან საღამოს არ ჭამოთ ტკბილეული, ცომეული და მსუყე საკვები, განსაკუთრებით კი – თაფლი, მურაბა, კომპოტი, ნამცხვრები და შოკოლადი.