ვინ ჰკითხავს „სუდიას“
პროგრესი და ჰორიზონტი
იმის პარალელურად, რომ დასავლეთი გვაქებს და გვაგულიანებს, ეს როგორი ნანინანატრი დემოკრატია აგიშენებიათო, საერთაშორისო ორგანიზაციები, განსაკუთრებით, უფლებადაცვითი მიმართულებების, გვაკრიტიკებენ. ასე, მაგალითად, Human Rights Watch-ის ბოლო ანგარიშში, რომელიც 2011 წლით თარიღდება, შენიშნულია, რომ „გასულ წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არაერთგვაროვანი მდგომარეობა იყო“. ორგანიზაცია ძალის გადამეტებაზეც ამახვილებს ყურადღებას და შეშფოთებასაც გამოთქვამს, რადგან, თურმე, შეკრების თავისუფლებისა და მედიის უფლებების შეზღუდვის შემთხვევებიც აღუნუსხავთ. ჩვენი დემოკრატიის და სავალალოდ, ანგარიშში სხვადასხვა სფეროში არსებული პრობლემებიც დეტალურადაა განხილული. მეტიც, მოგეხსენებათ, სიტყვის თავისუფლების მაჩვენებლით რეიტინგში ჩამოვქვეითდით და უკვე სომხეთმა გადაგვისწრო.
ასეა თუ ისე, სახელდობრ, ხალხის რჩეული და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ბ-ნი წიკლაური მიიჩნევს, რომ Human Rights Watch-ის შეფასება საკამათოა (ბუნებრივია, საკამათოა, რადგან ის არ ემთხვევა ბ-ნი წიკლაურის მოსაზრებებს!). ხოლო, რაკი საკამათოა, იგი (ხალხის რჩეული) გვპირდება, რომ „ქართული მხარე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის დასკვნებისა და შეფასებების იმ ნაწილს გაითვალისწინებს და შესაბამის ზომებს მიიღებს, რომელსაც სამართლიანად და ობიექტურად ჩათვლის (ასე მოუხდებათ მაგათ!).“
მეტიც, ბ-ნი წიკლაური უფრო შორსაც მიდის და უბნობს, რომ „საქართველოს Human Rights Watch“-ის მიერ დაყენებული არაერთი საკითხი გაუთვალისწინებია, რასაც ქვეყნისთვის სასარგებლო და პოზიტიური შედეგები მოუტანია, თუმცა ამ ორგანიზაციის მხრიდან ადგილი არაკვალიფიციურ დასკვნებსაც ჰქონია“. ჰოდა, რაკი Human Righ ts Watch „არაკვალიფიციურობაში“ ყოფილა შემჩნეული, სავსებით ცხადია, რომ ბ-ნი წიკლაური მათ დასკვნას ქვეყნის დემოკრატიულობას არ გადააყოლებს. თუმცა, იქვე დაგვპირდა, რომ „შესაბამისი სტრუქტურები ამ ახალ შეფასებასაც ყურადღებით გაეცნობიან. გაიმართება ჯანსაღი დისკუსია იმაზე, თუ რამდენად სამართლიანად წამოიჭრა ორგანიზაციის დასკვნაში რიგი საკითხები და იქ, სადაც მივიჩნევთ, რომ დარღვევათა თაობაზე დასკვნები სწორად გაკეთდა, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული (მის პირს შაქარი!).“
დასასრულ, იგი (ხალხის რჩეული) დასძენს, რომ „საქართველო თავისუფალ და დემოკრატიულ სამყაროს უახლოვდება; არ გვაქვს ილუზია, რომ ყველაფერი ძალიან კარგადაა, მაგრამ, გვაქვს პროგრესი და ამის შესახებ ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია წერს!“
ერთი სიტყვით, ეს ქართული პროგრესი კომუნიზმივითაა: რაც უფრო უახლოვდები, უფრო გშორდება ეს თავისუფალი და დემოკრატიული სამყარო!