კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყვნენ ჰიპების მიერ დაარსებული ანსამბლ „ჯეჯილის“ წევრები, ნუგზარ კვაშალთან და ზურა ყიფშიძესთან ერთად

ყველას უყვარს, ისიც და მისი სცენური პერსონაჟებიც... ნუგზარ კვაშალს ვგულისხმობ. ვიცნობთ, მის სიმღერებს, მეტ-ნაკლებად ცხოვრებასაც, მაგრამ ბევრმა, ყოველ შემთხვევაში, ჩემმა თაობამ, ალბათ, არ იცის, რომ ის დიდი ხნის წინათ (არ დაიჯერებთ და ზურა ყიფშიძესთან ერთად), ჰიპურად ცხოვრობდა... ჩვენი საუბრის თემაც, რაღა თქმა უნდა, მისი ცხოვრების ამ პერიოდს ეხება. 

 

– ნუგზარ ბატონო, მე, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ვიცნობდი „ჯუჯა” – ნუგზარ კვაშალს და მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ შევიტყვე, ერთ დროს ჰიპი ნუგზარ კვაშალი ყოფილხართ...

– მართალია, ნუგზარ კვაშალი „ჯუჯა“ იყო 1986 წლიდან, მაგრამ მანამდე იყო ძალიან ბევრი ბატალია, სხვადასხვა სცენა, მათ შორის, ეგრეთ წოდებული, მიწისქვეშა, ანუ აკრძალული სცენებიც. სადღაც ქარხნებში ვიკრიბებოდით და აკრძალულ მუსიკას იქ ვუკრავდით ხოლმე.  

– რომელ მუსიკას გულისხმობთ აკრძალულში?

– ვთქვათ, ჯიმი ჰენდრიკსი, „ბითლზი”, რომელიც ძალიან გვიყვარდა. ვცდილობდით, ჩვენც შევერთებოდით იმ  დიდ ნაკადს მთელ მსოფლიოში რომ იყო მაშინ.

– „მაშინ” რომელი წლებია?

– ეს იყო 1967 წელი. სკოლაში ერთგვარი გაფართხალება მოხდა – ფიცრებზე დავაწებეთ რაღაც და საკუთარი ძალებით მივიღეთ ელექტროგიტარა. ამ პერიოდიდან დაიწყო ჩვენი, ასე ვთქვათ, მომთაბარე, ჰიპური ცხოვრება. მოგეხსენებათ, ჰიპები ყველაზე თავისუფალი ხალხი იყო მთელ მსოფლიოში. ფულის მაგივრად ჯიბეში კენჭები ელაგათ. მათთვის სხვა ღირებულებები არსებობდა. 

მოგვიანებით, ჰიპების უდიდესი შეკრება მოხდა ვუდსტოკის ფესტივალზე და ამან სულ დაგვაშტერა ყველა. ეს ფესტივალი 1969 წელს ჩატარდა. შეიკრიბნენ ჰიპები უშველებელ ტერიტორიაზე, სადაც უყვარდათ ერთმანეთი, არ აშინებდათ წვიმა, სიცივე და იყო მეგობრობა, სიკეთე და სიყვარული. ჰიპების დევიზი გახლდათ: მშვიდობა, სიყვარული და მეგობრობა! 

ჩვენ ისე ვერ ვჰიპობდით, როგორც იქ იყო, მაგრამ ჩვენც ჩვენებურად „ვახურებდით“.

– თქვენებურად, როგორ იყო?

– გვეცვა მოკლე შარვლები. თეთრი წინდები იყო მოდაში, წითელი ხომ საერთოდ, რაღაც... ბაკები, დიდი თმები... ვიკრიბებოდით გრიბოედოვის ძეგლთან, დაბლა, კამოს ქუჩაზე. იქ იყო ზურა ყიფშიძე, თემურ ჩიხლაძე, ადამიანი, რომელიც მოგვიანებით გახდა მამაო და სამწუხაროდ, მოხვდა იმ ძალიან დიდ გაუგებრობაში, რომელსაც მომავალში „თვითმფრინავის ბიჭების ტრაგედია” ეწოდა. იგი ერთ ფილმშიც არის გადაღებული, „ფილატელისტის სიკვდილი” ჰქვია. თავისებური ადამიანი იყო. უზომოდ უყვარდა სიკეთე, მშვიდობა, მეგობრობა... თვითმფრინავი რომ გაიტაცეს, თვითონ სულ არ ყოფილა იმ თვითმფრინავში. თვითონ რაც თქვა საკუთარ თავზე, ეგონა, ამ სიტყვებით დანარჩენებს სასჯელს შეუმსუბუქებდა. შეეწირა ამ ამბავს და არც მისმა სიტყვებმა უშველა დანარჩენებს. საზიზღარი პერიოდი იყო... 

– სხვა ჰიპები ვინ იყვნენ თქვენს რიგებში?

– გია ეძგვერაძე, მხატვარი რომელიც დღეს გერმანიაში მოღვაწეობს, მისი ძმაკაცი – იაგო, აგრეთვე მხატვარი, კიდევ მიშა ფოფხაძე, რომელიც დღეს ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარია. ერთი პერიოდი ამერიკაშიც იყო წასული. ერთ-ერთი პირველი გახლდათ, რომელიც იქ გაექცა კომუნისტურ რეჟიმს. ამას მთელი ამბავი მოჰყვა. აქედან მაშინ ვერავინ გარბოდა, პირველი იყო ნუგზარ შარია და მეორე – მიშა ფოფხაძე. მიშა, ამერიკიდან „თავისუფლების ხმაში” ლუკა ბეთანელის ფსევდონიმით მუშაობდა. როდესაც კომუნისტური რეჟიმი დამთავრდა, ჩამოვიდა და ახლაც აქ არის, ქაშუეთის წინამძღვარია. ჰიპი იყო ვალერი კოჩაროვი, რომელიც, მოგვიანებით, ლივერპულში ცხოვრობდა. მის ანსამბლ „ბლიცს” „ბითლზების” ორი დიდი ფესტივალი აქვს მოგებული საუკეთესო შესრულებისთვის. ძველი ჰიპები იყვნენ, აგრეთვე, დათო სულაქველიძე, რეზო ჩაჩხიანი...  

ვუკრავდით გიტარაზე, ვუბარტყუნებდით, ხან ჩემთან სარდაფში, ხან სად, ხან სად და ბოლოს შეიქმნა იდეა – ხომ არ ჩამოგვეყალიბებინა ანსამბლი, რომელიც პროფესიონალურ სცენაზე ავიდოდა. ამ დროს, მე ვარ მეცხრე კლასში, ზურა ყიფშიძე – მერვეში, მამუკა დუმბაძე, რომელიც დღეს ისტორიკოსია – ჩემხელაა და გია ეძგვერაძეც – მერვეში. მაშინ სად იყო ინსტრუმენტები... ზურა ისეთი ლამაზი იყო, ჯერ ხომ გოგოები აფრენდნენ და წივილ-კივილი ჰქონდათ მის დანახვაზე, თანაც ისე უკრავდა ტაშტებსა და რაღაცეებზე, რასაც დღეს ვერ ვუწოდებ ინსტრუმენტს, ისიც კი საოცრად უხდებოდა. ამას კიდევ უფრო აღტაცებაში მოჰყავდა გოგონები. რა ამბავი ჰქონდათ, უნდა გენახათ. მე სოლო გიტარისტი, გია – ბექ-გიტარა და მამუკა – ბასი. ამ შემადგენლობით წარდგა მაყურებლის წინაშე ანსამბლი „ჯეჯილი”. პირველი განყოფილება გააკეთეს პროფესიონალებმა პროფესიულ სცენაზე. უნდა ყოფილიყო ზურას დედა – ლენა ყიფშიძე, ეკატერინე ვერულეიშვილი – განთქმული კომიკოსი ქალი, თუ გახსოვთ ფილმი „ქორწილი“, იქ თამაშობს დედის, როლს, ზემოდან, აივნიდან რომ იყურება; გოვენ ჭეიშვილი – „ხუტა უფროსი”. ჩვენ აკომპანემენტს ვუწევდით ამ ვარსკვლავებს. ნოტები არც ერთმა არ ვიცოდით. როგორ მახსოვს, მოიყვანეს მკრტჩიანი, ძალიან ბურდღუნა კაცი იყო. გვითხრეს, რომ ამერიკელი ბანჯოს დამკვრელი შეცვალა, რომელიც ავად გახდა. ავიდა სცენაზე მის ნაცვლად და პირდაპირ ნოტებიდან დაუკრაო. ხანში შესული კაცი იყო, ჯერ კიდევ მაშინ. მან რომ შეიტყო, ნოტები არ ვიცოდით, გაგიჟდა: მე ვაპირებდი ერთ თვეში პროგრამა მზად მქონოდა, და ალბათ, თქვენთან ამისთვის 5 თვე დამჭირდებაო.   

– მართალი გამოდგა?

– დიდი გულისყურით მოვეკიდეთ საქმეს და ერთ თვეში, მართლაც, მზად გვქონდა პროგრამა. ნიჭიერი ჰიპები ვიყავით. 

ჩვენი პირველი კონცერტი ჩატარდა მანავში. ამ დროისთვის ინსტრუმენტებს არა უშავდა, მაგრამ გამაძლიერებლები გვქონდა ისეთი, ყოველ ხუთ წუთში სკდებოდა. ამიტომ, გვყავდა ხმის რეჟისორი. ჩვენს რეპერტუარში იყო ჯიმი ჰენდრიქსი, „ბითლზები“... რეპერტუარში გვქონდა ქართული სიმღერებიც: „ჩემო ციცინათელა”, „ართი კოჩი ქუმორთუდო” – მეგრული, ჰიპურად აჟღერებული, როკში. მოკლედ, ქალები გიჟდებოდნენ. მახსოვს, სოხუმში, თეატრის წინ არ შეიძლება ბანაობა – ჩვენ ოთხს მილიცია გვიცავდა, რომ არ დავეჭამეთ და ისე ვბანაობდით.

– ამ დროს რამხელები იყავით?

– იგივე პერიოდი იყო. „ჯეჯილმა” თავის არსებობის განმავლობაში მთელი საქართველო მოიარა და ჩაატარა 40-მდე კონცერტი. თითო კონცერტში 10 მანეთს ვიღებდი, კარგად მახსოვს. 

– როგორ ცხოვრობდით მაშინდელი ჰიპები?

– არ მოსწონდათ ჩვენს მშობლებს. არა მხოლოდ მათ... რამდენჯერ აუხიკივართ მილიციას ქუჩიდან – რას ჰგავხართო! ზოგი გადაუხოტრავთ კიდეც... 

– ესე იგი, პირველად პროფესიულ სცენაზე მოხვდით როგორც „ჯეჯილის” წევრი? 

– კი ბატონო, „ჯეჯილი” მარჯანიშვილის თეატრთან არსებული ანსამბლი იყო. შემდეგ იყო „ციცინათელა”, სადაც თემურ წიკლაურიც მღეროდა, „ივერიის” პატარა ბაზაც შეიძლება დავარქვათ. მერე იყო „ივერია” და მას შემდეგ აქ ვარ. 

ბავშვობისა თუ ახალგაზრდობის ამ გატაცებამ დამიტოვა ის, რომ ვარცხნილობა, ჩაცმულობა თავისუფალი შემრჩა. არასდროს მიყვარდა ჰალსტუხი. 6-7 წლის წინ თმებიც კი მოვუშვი. მეუბნებოდნენ, რას ჰგავხარო, მაგრამ არ მაინტერესებს... 

ასეთი ჰიპები ვიყავით.... ასეთები დღეს აღარ არიან. 

– რა გაჩუქათ, ჰიპობის პერიოდმა?

– ბევრი კარგი მეგობარი და გემოვნება. ზურა ყიფშიძე დღესაც ჩემი დიდი მეგობარია. მიყვარს მთელი მისი ოჯახი. იქ გავიზარდე. ელენე ყიფშიძემ ულამაზესმა ქალბატონმა გვითხრა: თქვენ ისეთი მეგობრები ხართ, მოდი, ერთად ჩააბარეთო. მიუხედავად იმისა, რომ მე ზურაზე ერთი წლით უფროსი ვიყავი, ერთად ჩავაბარეთ თეატრალურში. სხვადასხვა ჯგუფებში კი მოვხვდით, მაგრამ ერთად გაგვრიცხეს (იცინის). მე არ დავდიოდი  და არც ის... მერე ზურა წავიდა „ვგიკში“, მე – „ივერიაში”. მეგობრობა მოგვდევს, წლები გავიდა, სამოც-სამოცმა მოგვიკაკუნა, მაგრამ ცხოვრების წესით, მე მაინც იგივე ვრჩები. შემიძლია, ბოტასებით ვიარო ოპერაში. თმები აღარა მაქვს, თორემ ახლაც მოვუშვებდი. წვერით სულ დავდივარ. მიყვარს, ვერ დავაჯერე ვერავის, რომ წვერი ზამთარში გამათბობელია და ზაფხულში – კონდენციონერი. მაშინდელი ჰიპები დღეს ხშირად არ ვიკრიბებით, მაგრამ იშვიათი შეხვედრებიც გვშველის ასაკის შენარჩუნებაში. ისეთ რაღაცეებს ვაკეთებთ, ბებერი ამას ვერ გააკეთებს. არ არსებობს, თუ სულით ახალგაზრდა არ ხარ... ნაოჭებს ვინ უყურებს, გეხვეწები... 

რაც შეეხება „ივერიას”, წელს 44 წლის ხდება. მე 40 წელია, ამ ანსამბლის წევრი ვარ. შემეძლო ყოველ წელიწადს მევლო ანსამბლიდან-ანსამბლში, მაგრამ „ივერიაში” შემოვრჩი, რადგან მასში იყო ზუსტად ის ჰიპური ლოზუნგი, მეგობრობისა და მშვიდობისა, რასაც მაშინ ვსწავლობდით და გვიყვარდა. ეს გამოიხატა კიდეც ზუსტად იმ „ჯუჯურ“ ცხოვრებაშიც და „ჯუჯების“ სიმღერაშიც. მთავარია, სამი რამე დედამიწაზე: სიყვარული, სიკეთე და სილამაზე. სიყვარული უნდა იყოს უპირველესი. ჩვენ, ახალი გურულები, პირველ სადღეგრძელოდ მშვიდობას აღარ ვადღეგრძელებთ. 

– რეიზა?

– იმიზა, რომ მშვიდობა შეიძლება იყოს, მაგრამ არ იყოს სიყვარული და მეგობრობა. როცა არის სიყვარული, იქ მშვიდობაც არის, სიკეთეც და სიყვარულიც. ასე რომ, მთავარი მაინც სიყვარულია. 

ბევრი სკოლა გავიარე იმ ჰიპობიდან დაწყებული დღემდე.

 

 

скачать dle 11.3