“მარილივით თეთრი„ – ახალი ქართული ფილმის დიდი წარმატება
ქეთი მაჭავარიანის პირველმა სრულმეტრაჟიანმა ფილმმა, საქართველოს კინოთეატრებში გამოსვლამდე, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოიპოვა ევროპაში. „მარილივით თეთრი” – სოციალური დრამაა, რომელმაც კოტბუსის პრესტიჟულ კინოფესტივალზე ორი პრიზი უკვე მოიპოვა. ქართველ მაყურებელს მისი ნახვის საშუალება 9 თებერვლიდან მიეცემა, მანამდე კი შემოქმედებითმა ჯგუფმა პრეს-ჩვენებაზე „მარილივით თეთრი” მედიის წარმომადგენლებისა და კინოკრიტიკოსებისთვის აჩვენა. 35 წლის ქალი, რომლის როლსაც ნინო ქორიძე თამაშობს, შავი ზღვის სანაპიროზე სამუშაოდ გაემგზავრება. მიმტანად მუშაობის მიზანი ერთია – მოგროვილი თანხით მას მშობლიურ ქალაქში ბიზნესის წამოწყება უნდა, მაგრამ, ყველაფერი მას შემდეგ იცვლება, რაც ქალბატონს პატრულის თანამშრომელი შეუყვარდება. პატრულის თანამშრომელი, გაგი სვანიძის შესრულებით, აფხაზეთიდან დევნილია. ომგამოვლილი ახალგაზრდა კაცი ჩაკეტილია საკუთარ თავში და ერთადერთი რამ აწუხებს – მიხედოს დედას, რომელიც ავადმყოფ ქმართან ერთად დევნილთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს. სწორედ გაგი სვანიძეა იმ ერთ-ერთი პრიზის მფლობელი, რომელიც ფილმმა გერმანიაში ჩვენებისას დაიმსახურა – მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გაგი სვანიძემ ჯილდო აიღო.
გაგი სვანიძე: ძალიან დიდი წარმატებაა, როდესაც ფილმი, რომელშიც თამაშობ, კინოფესტივალებზეა მიწვეული და პრიზებს იღებს. და თუ ამას ემატება პრიზი, რომელიც კონკრეტულად შენ გენიჭება, ეს უფრო დიდი სიხარულია.
წყვილის მშვიდ ყოფას 15 წლის მაწანწალა გოგონა არღვევს. მომავლის იმედით სავსე, მეოცნებე გოგონა აჩვენებს, როგორი ნაცრისფერია მათი ცხოვრება.
„მარილივით თეთრი-ს” სცენარი რეჟისორ, ქეთი მაჭავარიანს ეკუთვნის. ჩემი აზრით, სცენარი ფილმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა.
ქეთი მაჭავარიანი: ეს ადამიანები ჩემი ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე შემხვდნენ. ისინი რეალურები არიან, რეალური პროტოტიპები ჰყავთ. არ არის აუცილებელი, ოცნება მატერიალური იყოს, შესაძლოა ის ყველაზე გიჟური ჩანდეს, მაგრამ, ნიჭიც ესაა – გიჟური ოცნების განხორციელებაზე ფიქრი.
კინოკრიტიკოსებმა ფილმი დადებითად შეაფასეს და, არა მხოლოდ საქართველოში. როგორც პროდიუსერმა გია ბაზღაძემ გვიამბო, ფილმის პრემიერა კარლოვი ვარში შედგა, რის შემდეგაც მისი საფესტივალო ცხოვრება დაიწყო – იყო მონპელიეში, მონრეალში... ყველაზე დიდი წარმატება კი კოტბუსის კინოფესტივალზე ჰქონდა, სადაც ორი პრიზი აიღო.
9 თებერვლიდან კი მაყურებელი მის ნახვას საქართველოს კინოთეატრებში შეძლებს.