კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არის საშიში ასთმის შეტევა და როგორ დავეხმაროთ დაზარალებულს


ხშირად გვსმენია და გვინახავს, თუ რაოდენ რთულია ასთმით დაავადებული ადამიანის ყოფა. განასხვავებენ ბრონქულ და გულის ასთმას. ბრონქული ასთმა უფრო მეტად გავრცელებული პათოლოგიაა, მაგრამ გულის ასთმის პრობლემაც საკმაოდ აქტუალურია, უბრალოდ, მის მიერ გამოწვეული დარღვევები ძირითადად სხვა მსგავს დარღვევებს მიეწერება და დიაგნოსტირებაც საკმაოდ რთულია გამოცდილი ექიმის მიერაც კი. ორივე ტიპის ასთმა ძირითადად მაღალგანვითარებულ ქვეყნებშია გავრცელებული, ამიტომ თუ პრობლემის სიმწვავეს არ ჩავთვლით, ერთგვარად საპატიოცაა, რომ ასთმა საკმაოდ აქტუალური პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში.

ბრონქული ასთმა

როგორც აღვნიშნეთ, ბრონქული ასთმა განვითარებული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი პათოლოგიაა, რასაც განაპირობებს ადამიანის იზოლირებას ბუნებრივი პირობებიდან. მსგავს სიტუაციაში თავს იჩენს იმუნური სისტემის დარღვევები და ალერგიული მოვლენები. სწორედ ალერგიული საფუძველი გააჩნია ბრონქულ ასთმასაც. მისი ძირითადი გამოვლინებაა მოგუდვითი შეტევა, რომელიც ხასიათდება ხმამაღალი და მშრალი ხიხინით, დაზარალებულს უჭირს სუნთქვა და მოიცავს პანიკა, ამიტომ, შეტევის სასწრაფოდ მოხსნის გარეშე, ძირითადად, საბედისწერო შედეგს ვიღებთ. ხშირად ასთმის შეტევას საფუძვლად უდევს პროდრომული, ანუ წინარე პერიოდი, რომლის განმავლობაშიც აღინიშნება რინიტი, მშრალი ხველა და ზეწოლის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან. გამოცდილი პირები ითვალისწინებენ ამ სიმპტომებს და, სხვადასხვა პრეპარატით შეიარაღებულები, მომზადებულები ხვდებან შეტევას. ატიპური ბრონქული ასთმის შეტევა, ჩვეულებრივ, აღმოცენდება ალერგენთან კონტაქტის შედეგად, სწრაფად ქრება ასეთი კონტაქტის შეწყვეტისას და ექიმის კონსულტაციის შედეგად მომარაგებული პრეპარატების მეშვეობით.

გადაუდებელი დახმარება

პირველადი დახმარების აღმოჩენისას, თავდაპირველად, სასწრაფოდ უნდა შეწყდეს ალერგენთან კონტაქტი. ორგანიზმში უნდა შევიყვანოთ ნერვული სისტემის აღმგზნები ნივთიერებები: 0,2-0,3 მილილიტრი ადრენალინის 0,1-პროცენტიანი ხსნარი კანქვეშ, ეფედრინის 1 მილილიტრი 5-პროცენტიანი ხსნარი, ასევე კანქვეშ. უმჯობესია, თუ ასეთი სიმპატომიმეტიკური ნივთიერების შეყვანა ინჰალაციურად მოხდება. თუ ჩვენ მიერ გატარებული ღონისძიებები არ აღმოჩნდა ეფექტური, ინტრავენურად უნდა შევიყვანოთ გლუკოკორტიკოსტეროიდები – 125-150 მილიგრამი ჰიდროკორტიზონი ან 60-90 მილიგრამი პრედნიზოლონი. პრობლემისათვის არასაკმარისი ყურადღების დათმობის გამო, ვიღებთ მრისხანე გართულებას – ასთმურ მდგომარეობას, რომელიც, შეიძლება, განვითარდეს ბრონქული ასთმის ნებისმიერი ფორმისას და ხასიათდება სამი ძირითადი თვისებით: 1. ბრონქული ობსტრუქციის, დაშლის სწრაფი გაძლიერებით; 2. სიმპატომიმეტიკების სამკურნალო ეფექტის თანდათანობითი გაქრობით; 3. სუნთქვითი უკმარისობის მწვავე გაღრმავებით. ასთმური მდგომარეობისას ავადმყოფი კარგავს გონებას, სუნთქვა ღრმაა და ამოსუნთქვა გაძლიერებულია, ვითარდება ციანოზი, ეცემა არტერიული წნევა, პულსი ძნელად ისინჯება და იშვიათდება. აუცილებელია, რომ ასეთი სიმპტომების განვითარებისას სასწრაფოდ გამოვიძახოთ ექიმი. მსგავსი პრობლემების მქონე ავადმყოფი ექვემდებარება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ჰოსპიტალიზირებას, რათა აღმოიფხვრას ორგანიზმში განვითარებული მრავალი დარღვევა.

გულის ასთმა

გულის ასთმა, ისივე, როგორ ატიპური ბრონქული ასთმა, მოგუდვითი შეტევაა და გამწვავების შემთხვევაში ავადმყოფის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ხშირად ის არ გვხვდება დამოუკიდებელ დაავადებად და გვევლინება მიოკარდიუმის ინფარქტის, ჰიპერტონიული დაავადების, ათეროსკლეროდიული კარდიოსკლეროზისა და გულის მანკის გართულების შედეგად. გულის ასთმის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომია შეტევითი ქოშინი, რომელიც თან სდევს მოუსვენრობის შეგრძნებას გულმკერდის მიდამოში. ქოშინი ხასიათდება გახანგრძლივებული ხმაურიანი ჩასუნთქვით და საკმაოდ ძნელად ხორციელდება ავადმყოფის მიერ. გულის ასთმისას ავადმყოფი აუცილებლად უნდა ვამყოფოთ წამომჯდარ მდგომარეობაში. შემდგომი თერაპია უნდა ემსახურებოდეს სუნთქვის ცენტრის ტონუსის დაქვეითებას და მცირე წრეზე დატვირთვის შემცირებას, რათა, თავის მხრივ, შემცირდეს გულთან მოდინებული სისხლის მოცულობა და მისი გადაძაბვა.

მდგომარეობის გამოსწორება იწყება მორფინის შეყვანის შემდეგ. სუნთქვის ცენტრზე ამორჩევითი მოქმედების გამო, მორფინი ამცირებს სისხლის მიდინებას გულთან, რადგან ფართოვდება მცირე წრის კაპილარები, შედეგად ვიღებთ საერთო დამამშვიდებელ ეფექტს. მორფინი შეჰყავთ კანქვეშ ატროპინთან ერთად, ხსნარის სახით. (რა დოზასაც ექიმი დაგინიშნავთ), ატროპინი ხსნის ბრონქების მუსკულატურის სპაზმს და აღკვეთს გულისრევის შეგრძნებას, რომელსაც მორფინის ზემოქმედებით ვიღებთ. გამოხატული ტაქიკარდიისას, როდესაც გულისცემა 100-ზე მეტს აღწევს წუთში, ატროპინის ნაცვლად რეკომენდებულია სუპრასტინის ან დიმედროლის 1 მილილიტრის ინტრავენური შეყვანა. ინიექციის შემდეგ, უკვე 5-10 წუთის გავლისას, ავადმყოფი მშვიდდება, სუნთქვა უბრუნდება ნორმალურ რიტმსა და ხანგრძლივობას. დაბალი არტერიული წნევისას მორფინის ნაცვლად კანქვეშ შეჰყავთ 1 მილილიტრი პრომიდოლის 2-პროცენტიანი ხსნარი, რომელიც უფრო სუსტ ზეგავლენას ახდენს ორგანიზმზე. შესაბამისად, ნაკლები სიჩქარითა და ინტენსივობით იცვლება სხვადასხვა მაჩვენებელი. სისხლის მიმოქცევის მცირე წრეზე დატვირთვის შემამცირებელი პირდაპირი მეთოდია სისხლის გამოშვება. მისი გამოყენება აუცილებელია მაშინ, თუ ფილტვებში ხდება სისხლის შეგუბება, რომლის შემდგომ, სათანადო ზომების გარეშე, სითხის გაჟონვაა მოსალოდნელი. ამ შემთხვევაში, ასევე შეიძლება, მოვახდინოთ კიდურებზე ლახტის დადება იმგვარად, რომ არტერიებზე არ მოხდეს ზეწოლა, ვენების სანათური კი ბოლომდე დაიხუროს. ამ ქმედებით ჩვენ შევამცირებთ მოცირკულირე სისხლის მოცულობას. ჩვენი ქმედების სისწორის შესაფასებლად საკმარისია პულსაციის შეგრძნება ლახტის ქვემოთ. ლახტის გამოყენება ნახევარ საათზე მეტხანს არ შეიძლება, მაგრამ მისი მოხსნისას სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. მოხსნა ერთბაშად არ უნდა მოხდეს, რადგან ამ დროს მკვეთრად გაიზრდება გულთან მიდინებული სისხლის მოცულობა. მსგავს სიტუაციაში გული ვეღარ ახერხებს კომპენსირებას და დიდი საფრთხე ექმნება ადამიანის ჯანმრთელობას. ლახტის გამოყენება იმ შემთხვევაში არ შეიძლება, თუ აღინიშნება ვენური უკმარისობა, თრომბოფლებიტი, ჰემორაგიული დიათეზი, კოლაფსი, სტენოკარდიული შეტევა ან მიოკარდიუმის ინფარქტი. ინფარქტის დროს ლახტის გამოყენების უკუჩვენებას განაპირობებს საშიშროება, რომ გაძლიერდეს გულის არტერიების სპაზმი.

თუ გულის ასთმით დაავადებულ ადამიანს პულსი აქვს არანაკლები 60 ერთეულისა წუთში, მაშინ პირველადი დახმარება, რომელსაც ამ პათოლოგიისას ყველა შემთხვევაში მიმართავენ, არის სტროფანტინისა და გლუკოზის ნარევი. ერთ დგუშში ტროფანტინთან ერთად მიზანშეწონილია ეოფილინის შეყვანა, (რა დოზასაც ექიმი დაგინიშნავთ), რომელიც ხსნის ბრონქების სპაზმს, ამცირებს წნევას ფილტვის არტერიასა და სისხლის მიმოქცევის დიდ წრეში, ასტიმულირებს გულის კუნთს, ახასიათებს გამოხატული შარდწარმომქმნელი ეფექტი.

შეტევისას ავადმყოფისათვის აუცილებელია მაქსიმალური სიმშვიდე და მყუდრო გარემო. მისი ტრანსპორტირება არ შეიძლება და სამედიცინო დახმარება უნდა მოხდეს ადგილზე. შესაბამისად, მიზანშეწონილია, თუ გამოვიძახებთ სასწრაფო დახმარებას. შეტევის დასრულების შემდეგ, გართულებების თავიდან აცილებისა და პათოლოგიური მდგომარეობიდან სრულად გამოსვლის მიზნით, უნდა მოხდეს ავადმყოფის ჰოსპიტალიზება. თუ ექიმის გამოძახება და ტკივილის კუპირება ვერ ხერხდება, მხოლოდ მაშინაა ნებადართული ავადმყოფის საავადმყოფოში გადაყვანა საკუთარი საშუალებებით. ტრანსპორტირებისას საკაცის თავი აწეული უნდა იყოს იმგვარად, რომ დაზარალებულის სხეულის ზედა ნაწილი წამოწეულ მდგომარეობაში იმყოფებოდეს.


скачать dle 11.3