ვინ აკონტროლებს მაკა ძაგანიას და ვისთან ერთად ცხოვრობს ის კომფორტულად და კონფლიქტების გარეშე
სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები,” დროდადრო უფრო მეტ მაყურებელს აინტერესებს და ყველა დიდი ინტერესით ველით ახალ სერიას. სერიალის ერთ-ერთი გმირი, რომელიც ჩვენი რესპონდენტია, ილიას უნივერსიტეტის თეატრის მსახიობი, მაკა ძაგანიაა. მაკა სერიალში თინას როლს ასახიერებს. როგორც თავად ამბობს, იგი რადიკალურად განსხვავდება თავისი პერსონაჟისგან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ძალიან უყვარს და მოსწონს თავისი პერსონაჟი.
– როგორ აღმოჩნდი სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები”? გიორგი ლიფონავასთან ადრეც გიმუშავია?
– გიორგისთან ადრე არ მიმუშავია, მაგრამ, დედაჩემი მუშაობდა მასთან მეორე რეჟისორად სერიალში „კლინიკა.” თუმცა, ამას დიდი როლი არ უთამაშია ჩვენს ურთიერთობაში. ჩვეულებრივად მივედი ქასთინგზე და ამის მერე შემარჩიეს თინას როლზე, რაც ძალიან გამიხარდა.
– მოგწონს თინა?
– ვგიჟდები, ისე მომწონს, ძალიან მაგარი გოგოა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის არანაირი მსგავსება არ არის და ერთმანეთისგან რადიკალურად განვსხვავდებით, დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი თინასნაირი. თავის თავში დარწმუნებული გოგოა, გადაწყვეტილებებს ძალიან წყნარად და მშვიდად იღებს, ემოციებს არ ჰყვება. პრაგმატული, ძალიან მობილიზებული და სერიოზულია, რასაც საკუთარ თავზე ვერ ვიტყვი – მე ცოტა ემოციური ადამიანი ვარ.
– დარწმუნებული ვარ, უცნობი ადამიანები გცნობენ და უყურადღებოდ არ გტოვებენ.
– ყველასგან დადებითი ემოცია მოდის, გვცნობენ და გვეუბნებიან, რომ ძალიან მოსწონთ ჩვენი სერიალი. უცნობი ადამიანებისგან სითბოს ვგრძნობ, რაც ძალიან კარგია.
– ოჯახის წევრებმა როგორ შეაფასეს სერიალში შენი გამოჩენა, კრიტიკულები იყვნენ?
– დიდად კრიტიკულები არ ყოფილან, თუმცა, დედაჩემი ხშირად მაკრიტიკებს, როცა ჩემს სპექტაკლებს ესწრება. პატარ-პატარა შენიშვნები თინას შემთხვევაშიც აქვს, მაგრამ, მთლიანობაში, დიდი კრიტიკა არ მიმიღია ოჯახის წევრებისგან.
– თეატრსა და სერიალს როგორ უთავსებ ერთმანეთს? ორივეს საკმაოდ დიდი დრო სჭირდება.
– ჯერჯერობით კარგი პერიოდი დამემთხვა, რადგან თეატრში რეპეტიციები არ გვაქვს. როცა რეპეტიციებია, მაშინ მართლა საგიჟეთი მაქვს, სპექტაკლის გამოშვებამდე ბოლო დღეებში ხომ, საერთოდ, ღამეებს ვათენებთ. ამიტომ, ამ ეტაპზე თეატრი და სერიალი ერთმანეთს ხელს არ უშლის. როცა სპექტაკლია დანიშნული, მაშინ გადაღებას არ მინიშნავენ.
– 12 წლის ქალიშვილი გყავს. მას თუ მოსწონს „ჩემი ცოლის დაქალები?”
– ძალიან მოსწონს.
– ერთმანეთს ძალიან ჰგავხართ.
– ქერა თმა რომ მქონდა, მაშინ უფრო მგავდა, ახლა იმდენად არა.
– იმიჯის მკვეთრი შეცვლა სერიალის გამო მოხდა?
– დიახ, სერიალიდან გამომდინარე მოხდა ჩემი თმის ფერის გამუქება. რადგან სამივე გოგო ქერა ვიყავით, გადაწყვიტეს, რომ თმის ფერი და ვარცხნილობა ჩემთვის შეეცვალათ. და, ვფიქრობ, რომ გაამართლა. ისე, მთელი ცხოვრება მინდოდა თმის შავად შეღებვა.
– მკაცრი დედა ხარ?
– მკაცრი დედა ვერ ვარ, ნუცა ისე მატრიალებს, როგორც უნდა. თვითონ უფროა დედა, ვიდრე მე: „იქ არ წახვალ“, ეს რატომ გაცვია, „ის რატომ ქენი“, „სად მიდიხარ“, „დამირეკე: რომ მიხვალ“... – მაკონტროლებს. როლები გვაქვს შეცვლილი.
– ეჭვიანი ხარ?
– ალბათ, ვარ, მაგრამ, დოზირებულად. თუ საეჭვიანო მაქვს, მაშინ ვეჭვიანობ, ისე არა.
– როგორია შენს წარმოდგენაში ნამდვილი მამაკაცი?
– როცა გონებით ფიქრობ, მაშინ ძალიან ბევრი კომპონენტი უნდა ჰქონდეს კაცს. მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მიდგება და გულით გიყვარდება, შეიძლება, ბევრი კომპონენტი ამოვარდეს და გონებამ ვეღარ გმართოს. მთავარია, ადამიანური იყოს, ერთგული, გულწრფელი და აუცილებლად უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა. სიმპათიურიც უნდა იყოს. ყველაფერი არ მახსენდება, მაგრამ, ბევრი რაღაც არის, რაც იმ კრიტერიუმებს განსაზღვრავს, რომლებიც ჩემს მოწონებულ მამაკაცს უნდა ჰქონდეს.
– რაზე არ იტყვი არასდროს უარს?
– უარს არასდროს ვიტყვი ჩემს პროფესიაზე.
– ბალერინა იყავი, მაგრამ, საბოლოოდ, სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარე. რატომ?
– 11 წელი ვცეკვავდი ბალეტს და ვოცნებობდი ბალერინობაზე. სამწუხაროდ, ძალიან ცუდი პერიოდი დამემთხვა – უშუქობა, უყველაფრობა და ასე შემდეგ. აბსოლუტურად ყველაფერი მკვდარი იყო. მივხვდი, რომ ცეკვას აზრი არ ჰქონდა, მაგრამ, შორსაც ვერ წავედი და მაინც სცენასთან და ხელოვნებასთან დავაკავშირე მომავალი პროფესია. მართალია, არც თეატრალურ სამყაროში არ ხდებოდა არაფერი, მაგრამ, ჩავთვალე, რომ აქ უფრო მექნებოდა შანსი, ვიდრე იქ. ამიტომ ბალეტი მივატოვე და წამოვედი. სხვათა შორის, მსახიობობას მეორე პროფესიასაც ვუთავსებ – ილიას უნივერსიტეტში სტუდენტებთან ვმუშაობ, ცეკვის პედაგოგი ვარ.
– ხშირად მსახიობ მშობლებს არ უნდათ, რომ მათი შვილიც მსახიობი იყოს. შენს შემთხვევაში როგორ არის საქმე?
– საოცრად არ მინდა, ნუცა მსახიობი რომ გახდეს, რადგან ეს ულმობელი პროფესიაა. შეიძლება, თავი ბოლომდე გაწირო და შედეგად ვერაფერი მიიღო. არც ის არის გამორიცხული, კარიერა ისე დაამთავრო, რომ ვერაფერი გააკეთო, თუმცა, შეიძლება, ბედნიერ ვარსკვლავზე იყო დაბადებული და ყველაფერი გაცილებით იოლად მოხდეს. მსახიობის პროფესიას ეს ახასიათებს – ან დაგინახავენ, ან ვერა. ამიტომ, არ მაქვს სურვილი, ჩემმა შვილმა დედის პროფესია აირჩიოს. მირჩევნია, სტაბილური, „პერერივიანი” სამსახური ჰქონდეს. ჩვენ კი ისეთ რეჟიმში ვმუშაობთ, ხანდახან თავად იტანჯება, რადგან ერთმანეთს, ფაქტობრივად, ვერ ვხედავთ.
– როგორც ვიცი, 18 წლის ასაკში, სტუდენტობის პერიოდში გათხოვდი.
– მეტყველების პედაგოგი, რამაზ იოსელიანი მეუბნებოდა, წადი სახლში, რა გინდა, მაინცდამაინც აქ უნდა გააჩინო ბავშვიო?
– დღეს თუ ხარ მზად ოჯახის ხელმეორედ შესაქმნელად?
– ამაზე არ დავფიქრებულვარ, მაგრამ, ალბათ, მზად ვარ. მაგალითად, ადრე ქორწილს რომ ვხედავდი, საწყალი-მეთქი, ვამბობდი, მაგრამ, ამ ყველაფერმა უკვე გადამიარა და, ალბათ, უკვე მზად ვარ, კიდევ ერთხელ ოჯახის შექმნაზე ვიფიქრო.
– ისიც მსახიობი იყო?
– არა, ის აბსოლუტურად სხვა პროფესიის იყო.
– მსახიობობა ხომ არ გახდა თქვენი დაშორების ერთ-ერთი მიზეზი?
– ჩემს მეუღლეს სტუდენტობის პერიოდშივე გავშორდი, ამიტომ, ვერ მოვასწარი ჩემი მსახიობობით შეწუხება. ანუ, ეს არ იყო ჩვენი დაშორების მიზეზი.
– ვისთან ერთად ცხოვრობ?
– ვცხოვრობ დედაჩემთან და ჩემს შვილთან ერთად. გვყავს ძაღლიც, რომელიც ჩვენი ოჯახის წევრია. საკმაოდ კომფორტულად და მხიარულად ვცხოვრობთ, ყოველგვარი კონფლიქტების გარეშე, რა თქმა უნდა, თუ ნუცა არ გამომიყვანს ხანდახან წყობიდან.
– კიდევ ვის შეუძლია შენი წყობიდან გამოყვანა?
– ჩემი წყობიდან გამოყვანა მხოლოდ ჩემს შვილს შეუძლია.
– ფეთქებადი ხარ?
– ძალიან ფეთქებადი ვარ. შეიძლება უცებ რაღაცაზე ავფეთქდე, ავხტე, დავხტე და მერე დავწყნარდე. როცა გლობალურ თემას ეხება რამე, მაშინ, პირიქით, ძალიან დაფიქრებულად და აუჩქარებლად ვიღებ გადაწყვეტილებას.
– მაყურებელს რას ეტყვი?
– მაყურებელს ძალიან დიდ მადლობას ვეტყვი იმისთვის, რომ გველოდება, იმისთვის, რომ ვუყვარვართ. ვეცდებით იმედები არ გავუცრუოთ.