რატომ არ იცოდა 22 წლის გოგონამ შეყვარებულის შესახებ სიმართლე და როგორ იპოვა მან ის საფრანგეთის ნაცვლად საქართველოში
22 წლის ანუკი გოგას ასული კვეზერელი ეძებდა 25 წლის ანდრო ნიკოლოზის ძე კიკნაძეს.
ისტორია: ვეძებ ჩემს შეყვარებულს: 25 წლის ანდრო ნიკოლოზის ძე კიკნაძეს. მე ანდრო 2007 წლის ოქტომბერში გავიცანი და ურთიერთობის პირველივე წელს შეგვიყვარდა ერთმანეთი. 2010 წლის ივნისში, სამსახურის პოვნის მიზნით, ანდრო საფრანგეთში გაემგზავრა და მას შემდეგ მასთან კონტაქტი არ მქონია. სამწუხაროდ, დამოუკიდებლად ვერ ვიპოვე და ძალიან მინდა, დამეხმაროთ. მისი ფოტო არ გამაჩნია. იმედია, მის პოვნაში დამეხმარებით.
ჟურნალისტის შენიშვნა: რესპონდენტის თხოვნით, მის ფოტოს არ ვაქვეყნებთ. ეს ისტორია დაიბეჭდა „თბილისელების“ ერთ-ერთ წინა ნომერში. ანდრო კიკნაძე უკვე ნაპოვნია, მაგრამ, როგორც ეს ხშირად ხდება, პირველი სიყვარული მას წარსულში დარჩა.
– ანი, შენ შეყვარებულს პარიზში ეძებდი. რა რეაქცია გქონდა, როდესაც გაიგე, რომ ანდრო თბილისშია და მას უკვე ცოლ-შვილიც კი ჰყავს?
– როგორც წინა ინტერვიუში გითხარით, მე ანდრო ბოლოს, აეროპორტში ვნახე, როდესაც პარიზში მიფრინავდა. ჩემთვის დღემდე გაუგებარია, რა მიზეზით არ დამიკავშირდა, როცა საქართველოში ჩამოვიდა. მაგრამ, მთავარი მაინც ისაა, რომ მე მივაღწიე ჩემს საწადელს და ვიპოვე. ნამდვილად არ მეგონა, რომ ჩვენი სიყვარული ასე უცნაურად დამთავრდებოდა – ყოველი ახსნა-განმარტების გარეშე დამივიწყებდა და ცოლად სხვას შეირთავდა. მიუხედავად ამისა, ნამდვილად არ ვარ მასზე განაწყენებული, რადგან მისი არჩევანი მისივე გასაკეთებელი იყო და მან ის ჩემზე არ შეაჩერა. ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს ის და მისი პატარა ოჯახი. როგორც ვიცი, პატარა შვილიც კი ჰყავს. როდესაც გავიგე, რომ ანდრო თბილისშია, გავოგნდი, მაგრამ, შემდგომ, როცა მისი ცხოვრების სიახლეების შესახებ მიამბო, ყველაფერს მივხვდი. სამწუხაროდ, ყველა მამაკაცს არ ჰყოფნის იმის ძალა, რომ ყველაფერი უთხრას თუნდაც იმ ქალს, რომელიც აღარ უყვარს. ანდროს უკვე ვესაუბრე და ჩვენ ყველაფერი გავარკვიეთ. მას, თურმე, ეგონა, რომ მე ის აღარ მახსოვდა. მთავარი მაინც ისაა, რომ ყველაფერი გაირკვა და ის ჯანმრთელი და უვნებელია.
– მაინც, რამდენი ხანია, არ გქონიათ ერთმანეთთან კავშირი?
– ანდრო 2010 წელს წავიდა პარიზში. პირადად მე გავაცილე, აეროპორტშიც კი ვიყავი და შევთანხმდით, რომ, როდესაც დაბინავდებოდა, აუცილებლად დამირეკავდა ან საიტზე მომწერდა, მაგრამ, ასე არ მოხდა. მისი მოძებნის მთავარი მიზანი იყო ის, რომ გამეგო, როგორ არის და ხომ არაფერი შეემთხვა. მადლობა ღმერთს, რომ ვცდებოდი. ხალხი მართალს ამბობს, პირველი სიყვარული იშვიათად ამართლებს. ჩემთვის ანდრო პირველი სიყვარული იყო. ჩემი მეგობრები სულ მირჩევდნენ, დამევიწყებინა ანდრო, მაგრამ, გულს ხომ ვერ უბრძანებ?! მთავარია, ყველაფერი გაირკვა და მე არ ვარ მასზე ნაწყენი. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ძალა არ ეყო ჩემთვის ყველაფერი ეთქვა. ეგონა, ძალიან მატკენდა გულს, მაგრამ, ამდენ ხანს გაურკვევლობაში ყოფნა ხომ უფრო ძნელია?!
– პირადად ანდრომ რა გითხრა, რატომ აღარ შეგეხმიანა, ან, აპირებდა თუ არა შენთვის სიმართლის თქმას?
– როგორც წინა ინტერვიუში გითხარით, მე არ ვიცნობდი ანდროს არც ერთ მეგობარს. არც მასთან სახლში ვყოფილვარ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერს უფრო ადრე გავიგებდი. ანდრომ ჩემი ამბავი სტატიით გაიგო. როგორც კი წაიკითხა თქვენ მიერ გამოქვეყნებული წერილი, მაშინვე გამოგეხმაურათ და შემდეგ მეც დამიკავშირდა. მან გულახდილად მომიხადა ბოდიში ყველაფრისთვის და არც სიმართლე დაუმალავს, რომ ცოლი მოიყვანა და შვილიც ჰყავს. ნამდვილად გულახდილად გეუბნებით, მე მასზე აღარ ვბრაზობ და, მინდა, ბედნიერება და ჯანმრთელობა ვუსურვო მასაც და მის ოჯახაც.
– აპირებთ თუ არა ერთმანეთის ნახვას?
– მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი ყველაზე სანატრელი ოცნება იყო, ამჟამად ასე აღარ ვფიქრობ, რადგან მას უკვე აქვს ოჯახი, ჩვენი შეხვედრა კი უადგილოდ და უშედეგოდ მიმაჩნია. ნამდვილად არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც არაფერი აწუხებს, ოღონდ საწადელს მიაღწიოს. თუმცა იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მე მას არ ვეძებდი და არ ველოდი, როდის გამომეხმაურებოდა. უბრალოდ, სულ სხვა რეალობაში ვცხოვრობდი, სინამდვილე კი სულ სხვაგვარი აღმოჩნდა. მაგრამ, ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. სამაგიეროდ, თავს უკეთ ვგრძნობ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აღარ ვიფიქრებ წარსულზე. ამჟამად ჩემი მოვალეობაა, ვიზრუნო ჩემს მომავალზე და არც ახალ სიყვარულზე ვიტყოდი უარს (იღიმება).