ბოთლში შენახული „ოსვენციმური ალბომი“ მუზეუმში გამოიფინა
პოლონეთის მუზეუმში, გამოფენაზე „ოსვენციმი – ბჟეზინსკი“, რომელიც ყოფილი აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკის ადგილას შეიქმნა, გამოიფინება უცნობი ტუსაღის უნიკალური ნახატები, რომლებიც მან სავარაუდოდ 1943 წლამდე შექმნა, ბოთლში მოათავსა და ერთ-ერთი ბარაკის სხვენში დამალა. სპეციალისტებისთვის ცნობილი „ოსვენციმური ალბომი“, რომელიც ფაშისტური რეჟიმის დანაშაულებს ასახავს, 22 ფურცლისგან შედგება. ის ჯერ კიდევ 1947 წელს აღმოაჩინა ყოფილმა ტყვემ, რომელიც მუზეუმში დარაჯად მუშაობდა.
გამორიცხული არ არის, რომ ალბომის ავტორი, რომელმაც ხელი მხოლოდ ინიციალებით – „მ.მ.“ – მოაწერა, პროფესიონალი მხატვარი იყო. ადამიანთა ფიგურები და საკონცენტრაციო ბანაკის შენობების გამოსახულებები ყველა, 32-ივე შავ-თეთრ ესკიზზე განსაცვიფრებელი ოსტატობითაა შესრულებული. ზედმიწევნითაა გადმოცემული მომხდარის დრამატიზმი – ჯალათების უგულობა და მათ მსხვერპლთა ცოცხალი ემოციები. მხატვარი დიდი სიზუსტით აფიქსირებდა დეტალებს, მათ შორის ავტომობილების ნომრებს და წარწერებს ვაგონებზე. ის იმედოვნებდა, რომ როდისმე მის ნამუშევარს იპოვიდნენ და ეს გახდებოდა ოსვენციმის საშინელებების მოწმობა, სადაც ნაცისტებმა 4 მილიონამდე ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. სულ ოსვენციმის არქივებში ხელოვნების 6 ათასი ნაწარმოებია, რომლებიც ნაცისტების მიერ ჩადენილ საშინელ დანაშაულს ამტკიცებს. მათგან დიდი ნაწილი მუზეუმში ნაღვლიანი თარიღის – ხოლოკოსტის დაწყების 70-ე წლისთავზე გამოიფინა. როგორც ცნობილია, ნაცისტების ლიდერებმა ებრაელების მასობრივი განადგურების გადაწყვეტილება 1942 წლის 20 იანვარს, ვანზეეში მიიღეს, ბრძანება ოსვენციმში საკონცენტრაციო ბანაკის შექმნის შესახებ კი – ორი წლით ადრე, 1940 წლის აპრილში. ზაფხულში იქ მიიყვანეს პირველი ეშელონი ტუსაღებით. 1941 წლის ზაფხულში კი, ტუსაღ-პოლონელებსა და 600 საბჭოთა სამხედრო ტყვეზე ფაშისტებმა მომწამლავი გაზი, „ციკლონი-ბ“ გამოსცადეს. როგორც ნიურნბერგის პროცესზე ოსცვენციმის ბანაკის მშენებლობის ხელმძღვანელმა, რუდოლფ ჰესმა განაცხადა, ამ მეთოდით ოსვენციმში 2,5 მილიონი ადამიანი განადგურდა.