რომელი დაავადებების საფრთხე იზრდება ზამთრის პერიოდში და რომელი საკვების მიღება დაგვიცავს შესაძლო ვირუსებისგან
ბევრ ადამიანს უყვარს, შემწვარ-მოხრაკული კერძებისა და ტკბილეულის ჭამა. მით უმეტეს, ახლა, როცა აცივდა. არადა, ავიწყდებათ, რომ სწორი, ზომიერი და ვიტამინებითა თუ კალორიებით მდიდარი საკვები აუცილებელია ადამიანის განვითარებისა და ჯანმრთელობისთვის. ახლა ის სეზონია, როცა განსაკუთრებით უნდა მოამზადოთ ორგანიზმი ზამთრისთვის. თუ რომელ საკვებს მივანიჭოთ უპირატესობა, როგორ ავიცილოთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები და როდის უქმნის მომავალი დედა მომავალ შვილს საფრთხეს, ამ თემებთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ექიმ-ენდოკრინოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, მაკა კორინთელს.
– დღეს ბევრი უჩივის კუჭ-ნაწლავის პრობლემას. რა არის მთავარი იმისთვის, რომ ამ მწვავე დაავადებას დავაღწიოთ თავი და რომელი ფაქტორებია ამ მხრივ, ყველაზე საშიში?
– ბევრი ადამიანი ყურადღებას არ აქცევს სწორი კვების რეჟიმს, – იკვებება არასწორად და, საბოლოოდ ამის შედეგებს მტკივნეულად იმკის. მინდა გითხრათ, რომ გადატვირთული კვება მთელი რიგი გართულებების საწინდარია. კერძოდ, მწვავდება ბევრი ქრონიკული დაავადება, მაგალითად, ისეთები, როგორებიცაა: პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი, გასტრიტი, შაქრიანი დიაბეტი და ასე შემდეგ. განსაკუთრებით საშიშია გვიან საათებში დანაყრება, რაც საკმაოდ არასასურველ შედეგებს გიქადით. თუ ადამიანი გადააჭარბებს საკვების იმ რაოდენობას, რაც დღე-ღამის განმავლობაში უნდა მიიღოს, არ აქვს მნიშვნელობა, ტკბილეული იქნება ეს თუ ცხიმი, თავის მხრივ, იწვევს ლიპიდური, ცხიმოვანი ცვლის დარღვევას, რაც გამოიხატება საერთო ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების დონის მატებით სისხლში და სხვა. თავის მხრივ კი – ლიპიდური ცვლის დარღვევა იწვევს სისხლძარღვოვან გართულებებს, რაც განაპირობებს არტერიული წნევის მომატებას, ინფარქტს, ინსულტს.
შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ ხორცეულს, ცხიმიან საკვებს, ტკბილეულს, ნაკლებად იღებენ ხილს და ბოსტნეულს. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ამ დროს უამრავი პაციენტი მიმართავს ენდოკრინოლოგიურ და კარდიოლოგიურ სტაციონარებს. ასევე, იმ ადამიანებს ექმნებათ საფრთხე, ვინც მარილიან კერძებს მიირთმევს. მას აყოლებენ ბევრ სითხეს, ეს კი იწვევს სისხლძარღვების გადატვირთვას, არტერიული წნევის მომატებას. აგრეთვე, კუჭ-ნაწლავის პრობლემებიც იჩენს თავს და ადამიანი ტკივილებით იტანჯება.
– რომელ საკვებს მივანიჭოთ ამ სეზონზე უპირატესობა და რა მოვიმოქმედოთ, რომ კუჭი არ გადავტვირთოთ?
– როგორც გითხარით, კუჭი რომ არ გადაიტვირთოს, სასურველია, საკვები დოზირებულად მიირთვათ. ასევე, უნდა მოერიდოთ ისეთ საკვებს, რომელიც კუჭ-ნაწლავს აღიზიანებს. მაგალითად, დიდი რაოდენობით ნიგვზიანი კერძები იწვევს ქრონიკული ქოლეცისტიტისა და გასტრიტის გამწვავებას. იწყება სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშ და კუჭის არეში, გულძმარვა, მუცლის ტკივილი. საერთოდ, მონელების თვალსაზრისით, მძიმე საკვებად მიიჩნევა ნიგვზიანი კერძები, ცომეული, ტკბილეული. ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემა აქვს, სასურველია, ჭამოს მოხარშული ხორცი, თევზი და მცენარეული ზეთით შეკმაზული სალათები. ასევე, უნდა მოერიდონ ცხარე, მწარე, ტომატიან კერძებს.
– თუ მაინც გადაიტვირთა კუჭი მსგავსი კერძებით, მაშინ რა მოვიმოქმედოთ?
– მაშინ განტვირთვის დღე უნდა მოაწყოთ და ასე დაეხმაროთ საკუთარ ორგანიზმს. ჭამეთ დღის განმავლობაში ერთი კილოგრამი სეზონური ხილი, 400 გრამი მაწონი ან ხაჭო და ცოტაოდენი მოხარშული ხორცი. ჩაი და ყავა დალიეთ სურვილისამებრ, ოღონდ, შაქრის გარეშე. სვით მინერალური წყალი და მიიღეთ ერთი აბი პოლივიტამინი. რასაკვირველია, ეს განტვირთვის დღე არ უნდა მოიწყონ დიაბეტით დაავადებულებმა, მათ ეს არ ეხებათ. საერთოდ, შემწვარ-მოხრაკული კერძი არ არის სასარგებლო ადამიანის ჯანმრთელობისთვის. დავუშვათ, მიეცით საკუთარ თავს ნება და, მიუხედავად დაავადებისა, მაინც მიირთვით აკრძალული საკვები, მაშინ ამ დღის შემდეგ მაინც შეიკავეთ თავი ასეთი კერძების ჭამისგან. ნაღვლის ბუშტისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებებისას შემწვარი, ცხიმიანი ხორცის, მწარე, მლაშე, ნიგვზიანი კერძები და ალკოჰოლი კატეგორიულად იკრძალება.
– ვისაც საღამოობით დანაყრება უყვარს, მათ რას ურჩევთ?
– სწორი კვება გულისხმობს საუზმეს, სადილსა და ვახშამს და, ეს, მგონი, ყველა ადამიანმა იცის. ისიც ვიცით, რომ შუალედში შეგვიძლია, ხილი და ბოსტნეული ჭამოთ. აი, საღამოს 8 საათის შემდეგ კი ვახშმობას არ გირჩევთ. თუ ამას არ გაითვალისწინებთ, მაშინ, შესაძლოა, კუჭ-ნაწლავის მხრივ პრობლემები შეგექმნათ, აკრიფოთ ზედმეტი კილოგრამები, ღამით მშვიდად ვერ იძინოთ და ასე შემდეგ. შეიძლება, გამწვავდეს ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა გასტრიტი, წყლული, არტერიული წნევა და ასე შემდეგ. მე ყველას ვურჩევ, ყველა საკვები ნივთიერება მიიღოს გარკვეული რაოდენობით და გარკვეული თანაფარდობით.
– ამბობენ, მომავალი შვილის აღნაგობაზე ქალის ფეხმძიმობის დროს მიღებული საკვები ახდენს გავლენას. მართალია თუ არა ეს და თუ შეიძლება ამან გენეტიკური ფაქტორი გადაფაროს?
– რასაკვირველია, ეს სიმართლეა. როდესაც დედას ჩემთან მოჰყავს შვილი სხვადასხვა ჩივილით, მე ყოველთვის ერთი კითხვით ვიწყებ მათთან საუბარს: კერძოდ, ნაყოფის ჩასახვის დღიდან რა საკვებსა და პრეპარატებს იღებდა დედა. ამ დროს ძალიან საშიშია გენმოდიფიცირებული საკვები. ორსულმა აუცილებლად უნდა მიიღოს რძის პროდუქტი, ხილი, ბოსტნეული. არ არის რეკომენდებული შებოლილი ძეხვეული, თევზი და სხვა. ამ დროს მეტად გასათვალისწინებელია საღი კვება. ხშირად ადამიანის თმიანობაც კი ამასთან არის დაკავშირებული. ზოგჯერ კი ეს ამა თუ იმ დაავადების მიზეზია. ბავშვებში ჭარბთმიანობა შეიძლება გენეტიკური იყოს ან თანდაყოლილი. თუმცა, ამ ბოლო დროს ეს საკმაოდ ხშირი პათოლოგიაა, ხშირად მომმართავენ ამ პრობლემით.
– ზამთრის მოახლოებასთან ერთად იზრდება დეპრესიისა და შრომის უნარის დაქვეითების ალბათობა. ადამიანები ცივ სეზონზე თავს სუსტად გრძნობენ. რომელი საკვები და ვიტამინები მივიღოთ ამ დროს?
– მართალია, ზამთრის პერიოდში შეიძლება ადამიანი გრძნობდეს სისუსტეს, ადვილად დაღლას, გაღიზიანებას, შფოთვას. თუ სრულიად ჯანმრთელი ხართ და ეს პრობლემები გაწუხებთ, მაშინ თავს თვითონ უნდა უშველოთ და გაიძლიეროთ იმუნიტეტი. ამ დროს უნდა სვათ ციტრუსების ახალგამოწურული წვენები, თაფლიანი წყალი, მიიღოთ კალციუმი, ბრომი, B ჯგუფის ვიტამინები, დამამშვიდებელი პრეპარატები, იკვებოთ მრავალჯერადად და ეს საკვები უნდა შეიცავდეს საჭირო რაოდენობის კალორიებს. ზამთარში იმუნური სისტემა შენელებულია, ვირუსების, გაციების მეტი ალბათობაა. მიირთვით მანდარინი, ფორთოხალი, კივი, ფეიხოა, ვაშლი, გოგრა – ეს ყოველივე კარგად აძლიერებს იმუნურ სისტემას. ამ სეზონზე ასევე კარგია მწვანე ჩაის და ახლად მომზადებული კომშის ან ასკილის ნაყენის სმა.