კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹29-4(578) 

 

ბიჭის სიტყვები სულის სიღრმემდე ჩამწვდა და ის მომენტი გამახსენდა, ჩემს დამწვარ მშობლებს რომ დავყურებდი. ეს მართლაც უსაშინლესი გრძნობაა და ამ შორეულმა, ბავშვობის მოგონებამ სუნთქვა შემიკრა, თვალებზე ცრემლი მომადგა და ამ მრავლისნანახ კაცს მაგრძნობინა, რომ რამდენიმე ათეული წლის წინ მიღებული ჭრილობა ისევ ღია მქონდა და მივხვდი, რომ ასეთი ჭრილობა არასოდეს ხორცდება.

– ხაზს ვუსვამ, ბატონო ჩემო, რომ, ეს დიდი უბედურებაა, აუტანელი საშინელება და შეუხორცებელი ჭრილობა, – განაგრძო ბიჭმა და, ისე გამოვიდა, რომ, რასაც მე იმ წუთას უხმოდ განვიცდიდი, ის ყვებოდა, – როგორც უკვე ვთქვი, მე დავინვალიდდი და ზუსტად ვიცი, რომ არასდროს განვიკურნები. ჩემი საცოდავი და კი გაგიჟდა და 16 წლის იყო, როდესაც ფსიქიატრიული კლინიკის პალატაში ჩამოიხრჩო თავი. ერთი სიტყვით, ჩვენი ოჯახში წამში გაცამტვერდა. თუმცა ღმერთმა მაინც გადმომხედა – მხსნელად დედაჩემის შორეული ნათესავი მომივლინა. მან მიპატრონა და უცხოეთში წამიყვანა სამკურნალოდ და სასწავლებლად. მე კემბრიჯის უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული ბიზნესის განხრით და, ამ ასაკში რომ მილიონერი ვარ, თავიდან ბოლომდე იმ ჩემი შორეული ნათესავის დამსახურებაა. სამწუხაროდ, ის სულგანათლებული შარშან გარდაიცვალა. მე ის საკადრისი პატივით მივაბარე მიწას და ისევ მარტო დავრჩი ჩემს მილიონებთან, შეუხორცებელ ჭრილობასთან და გასაკეთებელ საქმეებთან ერთად. თუმცა, ნაწილი საქმისა გაკეთებულია – უშუალოდ შემსრულებლები საშინელი სიკვდილით გავისტუმრე იმქვეყნად.

– როგორ მოახერხეთ მათზე გასვლა? – ვკითხე ბიჭს.

– სრულიად შემთხვევით. უფრო სწორად, განგების ნებით, – გაეცინა ბიჭს, – სადაც მე ვცხოვრობ, იმ ქალაქში ქართველების პატარა დიასპორაა და თანამემამულეებს ყოველ 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ წვეულებას ვუმართავ ჩემს სასახლეში. შარშანდელ წვეულებაზეც იმ ქალაქში მცხოვრები ყველა ქართველი დავპატიჟე. როდესაც სტუმრები მოდიოდნენ და მესალმებოდნენ, კაცებს ხელს ვართმევდი, ქალებს კი ხელზე ვკოცნიდი. ხელზე კოცნისას ერთ-ერთი ქალბატონის თითზე ცხონებული დედაჩემის ზურმუხტისთვლიანი ბეჭედი შევნიშნე, რომელიც იმ საზარელ ღამეს წაიღეს ჩვენი ოჯახიდან და მეც მოქმედება დავიწყე... ჩემ მიერ დაქირავებულმა ხალხმა აბსოლუტურად ზუსტად დაადგინა, რომ დედაჩემის ბეჭედი იმ ქალბატონს თავისმა საქმრომ აჩუქა. სწორედ მისი საქმრო იყო ერთ-ერთი იმ სამთაგანი, ვინც იმ ღამეს ოჯახში შემოგვივარდა. ჩემდა სასიხარულოდ და მათ და საუბედუროდ, დანარჩენი ორი შემსრულებელიც ცოცხალი იყო, თუმცა, მათი ძებნა მთელ ევროპაში მომიწია, რადგან საქართველოდან წასულები იყვნენ, ერთ-ერთის ციხიდან გამოხსნაც გახდა საჭირო, სადაც ის წვრილმანი ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს. ერთი სიტყვით, სამივე ნაძირალა საღ-სალამათი მომიყვანეს სასახლეში და სარდაფში ჩაიყვანეს, სადაც სპეციალურად მათთვის  მქონდა მოწყობილი საინკვიზიციო ოთახი. ისინი გამოტყდნენ, რომ ჩვენს ოჯახში რაიკომის მდივნის უშუალო მითითებით შემოიჭრნენ და მათი მთავარი მიზანი ჩემი მშობლების დახოცვა იყო, რათა იმ ნაძირლებს მომჩივანი არ დარჩენოდათ, ყაჩაღობა კი თვალის ასახვევი მანევრი იყო. მაგრამ, მათ სიხარბემ სძლია და, იმის ნაცვლად, რომ ნაყაჩაღარი ნივთები გადაეყარათ, ნადავლი გაიყვეს და, რომ იტყვიან, „დაიწვნენ“ კიდეც... სამივე შემსრულებელი სამი კვირის განმავლობაში მყავდა საინკვიზიციო ოთახში ჩაკეტილი, პირადად მე ვაწამებდი, ხოლო, როდესაც სულის ამოხდა დაეწყოთ, ისინი კაციჭამია ვირთაგვებს ჩავუგდე და მათი ტანჯვა-წამებით ვტკბებოდი...

ბიჭმა პაუზა გააკეთა, გადასახედიდან თბილისის პანორამას გადაავლო თვალი და მითხრა:

– მე და ჩემი და დედ-მამას ხშირად მოვყავდით აქ და თბილისის სილამაზით ვტკბებოდით. ერთხელ აქ მე და დედა ვიდექით და თბილისს გადავყურებდით. დედამ თავზე ხელი გადამისვა და მითხრა:

– მოვა დრო და შენ შენს შვილებს ამოიყვან აქ და შენს მშობლებს გაიხსენებო... სხვათა შორის, მას მერე პირველად ვარ აქ, სამწუხაროდ, შვილების გარეშე, თან ადამიანის მოკვლის შეკვეთა უნდა მოგცეთ.

– მე თქვენ მთელი გულისყურით გისმენთ, – ვუთხარი ბიჭს, რომელიც ძალიან მეცოდებოდა. მის ადგილზე საკუთარი თავი მყავდა წარმოდგენილი და მზად ვიყავი, შეკვეთა უკიდურესი სისასტიკით შემესრულებინა.

– ბატონო ჩემო, მინდა, რომ ჩემი ოჯახის დამღუპველი ორი ნაძირალა სასტიკი წამებით დახოცოთ, მე კი ყველაფერ ამას ნეტარებით ვუყურო და ამით სულიერი კმაყოფილება მივიღო. თქვენ ეს მარტომ უნდა გააკეთოთ და მთელი პროცესი „ონლაინ“ რეჟიმში მიჩვენოთ – ამისთვის სპეციალური მინი-აპარატურა მაქვს შეძენილი და ჩამოტანილი. თუ თანახმა ხართ, ნებისმიერი თანხა დაასახელეთ და მზად ვარ, წინასწარ გადაგიხადოთ.

– შეკვეთის მიღებაზე თანახმა ვარ და, თუ ფულს დღესვე მომცემთ, ყველაფერი ძალიან მალე მოგვარდება, – ვუთხარი ბიჭს და დავამატე: – მე ამ საქმეში, არც მეტი, არც ნაკლები, ზუსტად ერთ დოლარს ვითხოვ!

– რა ბრძანეთ?! – გაოცებისგან პირი დააღო შემკვეთმა. მე კი მას მშვიდად მივუგე:

– თუ არ ხართ თანახმა, აქვე დავშორდეთ ერთმანეთს.

– თანახმა ვარ, – მითხრა ბიჭმა, საფულიდან დოლარიანი ამოაცურა, მომცა და მითხრა, – მილიონჯერ მეტს უდედმამო ბავშვთა სახლებს შევწირავ.

შემკვეთმა იმავე დღეს გადმომცა მინი-კამერა, რომლის მეშვეობითაც სამი დღის შემდეგ მან „ონლაინ“ რეჟიმში იხილა მამა-შვილის საშინელი წამება. ის ნაძირლები მე მათივე ფეშენებელურ სახლში მოვიხელთე, გავაშიშვლე და ენით აუწერელი ტანჯვა-წამება მივაყენე. ბოლოს კი მათი სასახლე ცეცხლს მივეცი და მათ ბინძურ სიცოცხლეს წერტილი დავუსვი...

მიუხედავად იმისა, რომ შემკვეთი მილიონერი იყო და ფულის გადახდა არ გაუჭირდებოდა, მე ამ საქმეს სიმბოლური ფასი წმინდა მორალური მოსაზრებების გამო დავადე და, იმ ნაძირლებს რომ წამებით ვკლავდი, იმ მომენტში არა კოკი, არამედ, პატარა ინვალიდი ბიჭუნა ვიყავი...

როგორც ადრეც ვთქვი, ჩემი პროფესიის ადამიანს სხვის ტყავში შეძრომა და სხვისი ცხოვრების გათავისება უნდა შეეძლოს, ანუ, გარდასახვის გარდა, სხვისი სულიერი მდგომარეობის გათავისების უნარიც უნდა გააჩნდეს, რაც საქმის შესრულებას ბევრად აადვილებს.

– დაიმახსოვრე, კოკი, რომ სპეცაგენტი შემსრულებელი არა მარტო კარგი მსროლელი და ფიზიკურად კარგად მომზადებული ადამიანია, არამედ, კარგი მსახიობიც, – მეუბნებოდა „კაგებეს“ ერთ-ერთი ინსტრუქტორი, რომელიც ფსიქოლოგიას მასწავლიდა, – კარგად დაიმახსოვრე: სანამ ტყვიას მიზანში ისვრი, ის უნდა მოიხელთო, ხელში ჩაიგდო. ამას კი ადამიანის ფსიქოლოგიის კარგი ცოდნა და არტისტული ნიჭი სჭირდება.

ინსტრუქტორის სიტყვები არაერთხელ დამხვდა წინ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ობიექტზე ნადირობა მიწევდა. დღესაც, როდესაც მსგავსი ტიპის სამუშაოს ვასრულებ, რამდენიმე ათეული წლის წინ მიღებული ცოდნა მეხმარება.

ვინმეს თუ ჰგონია, რომ არტისტიზმი და აქტიორული ხელოვნება მხოლოდ გრიმის წასმა, კოსტიუმების მორგება და წინასწარ მომზადებული ტექსტის წარმოთქმაა, ძალიან ცდება. ესაა, პირველ ყოვლისა შინაგანი გარდასახვისა და იმპროვიზაციის უნარი. ანუ, შენ თვითონ თუ არ გჯერა იმის, რასაც აკეთებ, არაფერი გამოგივა და, „კაგებეშნიკური“ ენით რომ ვთქვათ, გაიშიფრები.

– როცა რომელი დაგჭირდება, იმ როლის მორგება უნდა შეგეძლოს, – მიმეორებდა ფსიქოლოგიის ინსტრუქტორი, – დაგჭირდება? – მათხოვრის ტყავში უნდა შეძვრე; დაგჭირდება? – ლორდის ტყავში; ხოლო, ეს რომ გააკეთო, მათი ფსიქოლოგია უნდა იცოდე და სწორედ ამას გასწავლი მე.

სხვათა შორის, სწავლა რომ დავასრულე, ფსიქოლოგიის ინსტრუქტორმა ჩემი ცოდნის შემოწმება შემომთავაზა და მითხრა:

– არ გაინტერესებს, როგორ აითვისე კურსი? ჰოდა, თუ გაინტერესებს, მოდი, შევამოწმოთ.

– კი ბატონო, შევამოწმოთ. რა უნდა გავაკეთო?

– რა და, ისე უნდა შეინიღბო და გადასხვაფერდე, რომ მშობელმა დედამაც ვერ გიცნოს. აი, მაგალითად, შენი ინსტიტუტის რექტორს უნდა ეახლო და აიძულო, რომ თავისი თანამშრომლების დაბეზღებაზე დაგეთანხმოს. ერთი სიტყვით, შენ ის  „კაგებესთან“ სათანამშრომლოდ უნდა „დაავერბოვკო“.

ჩემი რექტორი იმდენად კარგი და პატიოსანი ადამიანი იყო, რომ ასეთ რამეზე მისი დაყოლიება, ჩემი აზრით, შეუძლებელი იყო. თუმცა, ამის გაკეთება არც კი მიცდია, რადგან ის მე მამასავით მპატრონობდა. მაგრამ, ინსტრუქტორს დავეთანხმე:

– თანახმა ვარ, როდის დავიწყო?

– დღესვე. ხვალ კი ყველაფერს დაწვრილებით მომიყვები და ჩვენ ერთად შევაჯამებთ შედეგებს, – მომიგო ფსიქოლოგიის ინსტრუქტორმა, რომელსაც გამოვემშვიდობე და, რადგან კოჯრის გასაიდუმლოებულ სასწავლო ცენტრში ვიმყოფებოდი, ქალაქში საიდუმლო რკინიგზით დავეშვი, ლენინის მოედანზე მეტროში ამოვედი და საათს რომ დავხედე, ჩავილაპარაკე: „ორი საათი მაქვს და მოვასწრებ“.

სასწრაფოდ სახლში წავედი და ისეთი გრიმი კავიკეთე, რომ თავი ოცდაათი წლით დავიბერე – ორმოცდაათიოდე წლის კაცს დავემსგავსე – მერე შესაბამისად შევიმოსე, კვლავ მეტროსადგურ „ლენინის მოედანზე“ დავბრუნდი, გარეთ, ერთ-ერთ მარმარილოს ბოძს მივეყუდე და დაველოდე. ათიოდე წუთიც არ იყო გასული, რომ ესკალატორით ფსიქოლოგიის ინსტრუქტორი ამოვიდა და გასასვლელისკენ გაემართა. ის იქვე, სოლოლაკში ცხოვრობდა, კოჯრიდან ისიც საიდუმლო რკინიგზით ჩამოდიოდა ქალაქში და „ლენინის მოედნის“ სადგურზე ამოდიოდა...  (პირობითად მას ვასო შევარქვათ). როდესაც ვასო გარეთ გამოვიდა და ცხვირწინ ჩამიარა, ჩემთვის არანაირი ყურადღება არ მოუქცევია.

„ვერ მიცნო. პირველი ზღუდე დაძლეულია. გადავიდეთ მეორეზე“, – გავიფიქრე გუნებაში, მერე ვასოს ავედევნე და როდესაც ის მეტროსგან მარჯვნივ მდებარე კიბეებზე ადიოდა, წამოვიწიე, გავაჩერე და უცხოელისთვის დამახასიათებელი აქცენტით, რუსულად ვკითხე:

– თუ არ ვცდები, თქვენ ვასო ბრძანდებით, ხომ?

ვასომ გაკვირვებით შემომხედა და მიპასუხა:

– დიახ. რაშია საქმე?

„მეორე ზღუდეც დაძლეულია. ვერც ახლა მიცნო. გადავიდეთ მესამე ეტაპზე“, – გავიფიქრე გუნებაში. ვასოს კი იმავე სტილში, ხმადაბლა ვუთხარი:

– მე თომას საიმონი გახლავართ, ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომელი და თქვენთან შესახვედრად სპეციალურად მოსკოვიდან ჩამოვედი.

– მე მგონი, ვიღაცაში გეშლებით, ბატონო თომას, – ცივად მომიგო ვასომ და გზის გაგრძელება დააპირა, მაგრამ, მე ის შევაჩერე და ვუთხარი:

– ნამდვილად არაფერი მეშლება. თქვენ პროფესიით ფსიქოლოგი ხართ და ლექციებს კითხულობთ.

– კი ბატონო, ფსიქოლოგიც ვარ და ლექციებსაც ვკითხულობ, მერე რა? – ირონიით მომიგო ვასომ, რადგან ის თბილისის უნივერსიტეტშიც კითხულობდა ლექციებს, რაც არანაირი საიდუმლო არ იყო, თუმცა ჩემი ინსტრუქტორი ვერანაირად ვერ წარმოიდგენდა იმას, რაც მე მას შემდეგ ვუთხარი:

– თქვენ ვერ გამიგეთ, ბატონო ვასო, – გავუღიმე ფსიქოლოგიის ლექტორს, – თქვენ „კაგებეს“ სკოლის კურსანტებს უკითხავთ ფსიქოლოგიის კურსს.

– ბატონო საიმონ, თქვენი პროვოკაციული გამოხდომა ყოველგვარ დასაშვებ ფარგლებს სცილდება და, თუ ახლავე არ მომშორდებით, იძულებული ვიქნები, მილიციას დავუძახო.

– აბა, რა საჭიროა მილიცია? ნუ ღელავთ, დამშვიდდით და მიპასუხეთ, კოჯრიდან თბილისამდე საიდუმლო რკინიგზით მგზავრობამ ხომ არ დაგღალათ? – დავაჯახე კითხვა  და თან მის რეაქციას ყურადღებით ვაკვირდებოდი.

ვასო გაფითრდა და მივხვდი, რომ ათიანში მოვარტყი. თუმცა, მან ეს წამიერი ელდა დაძლია და ზიზღით მითხრა:

– შპიონი ხარ, შე დამპალო?

– არა, ბატონო ვასო, მე დიპლომატი ვარ, აი პასპორტი, – მივუგე ვასოს და პიჯაკის ჯიბისკენ წავიღე ხელი, რომ საბჭოთა პასპორტი ამომეღო, ჩემი ვინაობა მეჩვენებინა და ჩემი შოუ ეფექტურად დამესრულებინა, მაგრამ, ვასოს აშკარად უმტყუნა ნერვებმა – ელვისებური მოძრაობით ამოაცურა პისტოლეტი, მუცელზე მომადო და კბილებში გამოსცრა:

– ხელები დაუშვი, თორემ, გესვრი!

– პისტოლეტი გაწიეთ, პატივცემულო, არ გავარდეს, კოკი ვარ, – მშვიდად ვუთხარი ფსიქოლოგიის ლექტორს, რომელსაც ჯერ სახე ეცვალა, შემდეგ პისტოლეტი სასწრაფოდ შეინახა, ბოლოს კი მითხრა:

– გენიალურია, უმაღლეს შეფასებას გიწერ!..

ვასოს იოტისოდენითაც არ სწყენია, ასე რომ გავაბიაბრუე. პირიქით, ძალიან შემაქო, სახლში დამპატიჟა და ჩაითა და ნამცხვრით გამიმასპინძლდა. სუფრას რომ მივუსხედით, მითხრა:

– უნდა გამოგიტყდე, ასეთ სიტუაციაში პირველად აღმოვჩნდი და, ვაღიარებ, რომ შენნაირი ნიჭიერი მოწაფე ჯერ არ მყოლია. დარწმუნებული ვარ, დიდ წარმატებებს მიაღწევ, ყოჩაღ!

მადლობებსაც ხშირად მიხდიდნენ და ახალგაზრდობაში ბრწყინვალე მომავალსაც მიწინასწარმეტყველებდნენ. 

დიდი ადამიანობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, სუპერქილერი რომ ვარ, ამას მეც ვაღიარებ და ისიც კარგად ვიცი, რომ ჩემს კოლეგებს შორის მსოფლიოში არ მყავს ბადალი. ნურავინ იფიქრებს, რომ ეს მეამაყება ან ვტრაბახობ. არა! ნამდვილად არა! უბრალოდ, დიდხანს შემოვრჩი ამ საქმეს და ძალიან დავოსტატდი. სხვა გზით წასვლა არ მიცდია, ახლა კი უკვე გვიანაა პროფესიის შეცვლა.

– შვილო, კოკი, ისეთი პროფესია აირჩიე, რომ ხალხს გამოადგე, – მეტყოდა ხოლმე დედაჩემი, – ადამიანი ამქვეყნად ადამიანების დასახმარებლადაა მოვლენილი ღვთისგან. დახმარება სიკეთეა და მაშინ ხარ ნამდვილი ადამიანი, როდესაც სიკეთეს აკეთებ, მადლს თესავ და ამით ბოროტებას სპობ.

მართალია, დედის სურვილი ვერ შევასრულე და მისი მოსაწონი პროფესია ვერ ავირჩიე, თუმცა, ზოგჯერ ბოროტების მოსპობას მაინც ვახერხებ და, ალბათ, მადლსაც ვთესავ... თავს არ ვიქებ, მაგრამ ჩემი პროფესიონალიზმის წყალობით არაერთი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე მიხსნია დაღუპვისგან. რა თქმა უნდა, მკვლელი ვარ და არა მაშველი, მაგრამ, მუშნი ზარანდიასი არ იყოს, ზოგჯერ ჩემი სამსახურებრივ-პროფესიული ინტერესები სიკეთის პრინციპებს ემთხვეოდა და ადამიანებს ვშველოდი.

ერთხელ ერთი აღმოსავლელი ტერორისტის ლიკვიდაცია დამავალეს. ის ადრე საბჭოთა კავშირის დიდი მოყვარული და „კაგებეს“ ნებისმიერი დავალების უსიტყვოდ შემსრულებელი იყო. მას მანსური ერქვა და სპეცმომზადება ბალაშიხაში ჰქონდა გავლილი, რაც მისი უმაღლესი პროფესიონალიზმის გარანტია იყო. თუმცა, მოგვიანებით მანსურმა თავისი შეხედულებები შეცვალა, საბჭოეთი შეიძულა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ საღვთო ომში, ჯიჰადში ჩაება, რომელსაც ავღანელი მოჯაჰედები და მათი მომხრეები აწარმოებდნენ.

– მანსური სუპერმეომარია და რიგით მოჯაჰედს ათი თავით სჯობს, – მითხრა შჩუკინმა, როდესაც სპეცდავალების დეტალებზე ვმუშაობდით, – ის ინტელექტუალია, არაორდინარულად აზროვნებს, შეუძლია მყისეული გარდასახვა, სიტუაციის სწრაფი გაანალიზება და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღება. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ის არც საკუთარ თავს ინდობს, არც, მით უმეტეს, სხვებს და ნებისმიერი საშინელების ჩადენა შეუძლია. ის მონსტრია. ერთი სიტყვით, აქამდე შენ მისნაირი ძლიერი მოწინააღმდეგე არ შეგხვედრია.

შჩუკინმა პაუზა გააკეთა და კაბინეტში გაიარ-გამოიარა. ამით მუხინმა ისარგებლა და დაამატა:

– ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ეგ ნაძირალაც ჩვენ გამოვწვრთენით, ყველაფერი ვასწავლეთ და მან კი რით გადაგვიხადა, ჩვენვე მოგვიბრუნდა.

– მანსურის მსგავსად, კიდევ არაერთი მისნაირი მოგვიბრუნდება მტრად, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს და თითოეულ მათგანს საკადრისი პასუხი გავცეთ, – თქვა შჩუკინმა, გამომცდელი მზერა მესროლა და მკითხა: – მზად ხარ ამ მონსტრის შესაჩერებლად?

– მზად ვარ, ამხანაგო გენერალო! – გამოვეჯგიმე შჩუკინს.

– მე მჯერა შენი. წარმატებას გისურვებ, – მითხრა შჩუკინმა და გამომისტუმრა.

ჩემი მკვირცხლი პატაკის მიუხედავად, მანსურის მოკვლა საკმაოდ რთული შესასრულებელი აღმოჩნდა. პირველ ყოვლისა, იმიტომ რომ, როგორც უკვე ვთქვი, ის კარგად გაწვრთნილი იყო და მისი მოხელთება ძნელი იყო. გარდა ამისა, ის ერთ ადგილზე არ ჩერდებოდა, და მუდამ რამდენიმე კარგად გაწვრთნილი თანამოაზრე ახლდა. მიუხედავად ამისა, მე მანსურზე ნადირობა დავიწყე და საფრანგეთის დედაქალაქში ჩავედი, სადაც ის იმყოფებოდა.

მანსურის პარიზში ლიკვიდაცია ვერ მოხერხდა და მე მას მარსელში გავყევი, თუმცა ვერც გზაში მოვახერხე საქმის შესრულება და იძულებული გავხდი, მეც საოკეანე ხომალდ „ატლანტიდაზე“ ავსულიყავი, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში მიცურავდა. „ატლანტიდა“ უზარმაზარი, ულტრათანამედროვე საკრუიზო გემი იყო და მის ბორტზე ათას რვაასი ადამიანი იმყოფებოდა. მანსურს თან ოთხი კაცი ახლდა, ხოლო გემზე კიდევ ხუთი შეუერთდა და ასეთ ვითარებაში მისი ლიკვიდაცია შეუძლებელი ჩანდა, მით უმეტეს, რომ არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ მქონდა თან და თითქმის შიშველი ხელებით უნდა მემოქმედა.

მანსური და მისი ხალხი საკმაოდ მშვიდად იქცეოდნენ და ერთი შეხედვით, ისე ჩანდა, რომ ისინი „ატლანტიდაზე“ თითქოს გასართობად იყვნენ ასულები. თუმცა, მე ამაში ეჭვი მეპარებოდა და ვგრძნობდი, რომ რაღაც მორიგი ბოროტება ჰქონდათ ჩაფიქრებული. კრუიზის მერვე დღეს, შუა ოკეანეში  მცურავ „ატლანტიდას“ ვერტმფრენი წამოეწია, მის გემბანზე დაეშვა, საიდანაც ოთხი შეიარაღებული კაცი გადმოხტა. მათ მანსური და მისი მეგობრებიც შეუერთდნენ, ვერტმფრენიდან ავტომატები აიღეს, შემდეგ გემი პლასტიკური ასაფეთქებლით დანაღმეს და მანსურმა გამოგვიცხადა:

 ჩვენ საღვთო მეომრები ვართ და ეს აქცია ჩვენი ავღანელი ძმების დასახმარებლად იმართება. მისი მიზანი ფულადი სახსრების მოძიებაა. გვაქვს მეორე მოთხოვნაც: საბჭოთა ჯარებმა სასწრაფოდ დატოვონ ავღანეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ გემზე მყოფ 300 საბჭოელს ოკეანეში გადავყრით...

საქმე ის იყო, რომ „ატლანტიდის“ ბორტზე იმყოფებოდა 309 საბჭოთა მოქალაქე: მომღერლები, მოცეკვავეები, კულტურის სხვა დარგის მოღვაწეები, რომელთაც რიოში საბჭოთა კავშირის დღეების ეგიდით გამართულ ღონისძიებებში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. იმ 309 ადამიანს შორის ორმოცდაათამდე ქართველიც იმყოფებოდა. მანსური და ტერორისტები ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გარდა ას მილიონ მანეთს ითხოვდნენ და, მათი განცხადების თანახმად ეს თანხა 24 საათის განმავლობაში უნდა მიეღოთ. მანსურის ხასიათს კარგად ვიცნობდი და ვიცოდი, რომ, თუკი მას ფულს არ მიუტანდნენ, მაშინ ის არა მარტო 309 საბჭოელს დახოცავდა, არამედ, „ატლანტიდის“ ბორტზე მყოფ ყველა ადამიანს. ამ მონსტრს არაერთხელ ჩაუდენია მსგავსი საქციელი და, ამჯერად უკან დაეხია, გამორიცხული იყო.

„კოკი, შე კრეტინო, – გუნებაში ვლანძღავდი საკუთარ თავს, – ამდენი დრო გქონდა, რომ ეს ნაძირალა მოგეკლა და ვერ შეძელი. ახლა კი შენ გამო შეიძლება უამრავი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპოს“.

ერთი შეხედვით, გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი ჩავარდნილი, რადგან, ვიცოდი, რომ ას მილიონ დოლარს კი არა, ერთ ცენტსაც კი არ მისცემდა საბჭოთა კავშირი მანსურს, ჯარების ავღანეთიდან გამოყვანაზე ხომ ფიქრიც სასაცილო იყო. რომ მცოდნოდა, მანსური ასეთ საშინელებას აპირებდა, ჯერ კიდევ საფრანგეთში შევაჩერებდი, რადაც არ უნდა დამჯდომოდა და საკუთარი სიცოცხლის ფასად მოვახდენდი მის ლიკვიდაციას.

„ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. აბა, კოკი შენ იცი. მთელი შენი ცოდნა და გამოცდილება  მოიკრიბე და ეს ნაძირლები შეაჩერე. იცოდე, თუ ეს ვერ შეძელი,  შეიძლება, ხვალ ამ მანიაკებმა შენი ცოლ-შვილი დახოცონ“, – გავიფიქრე გუნებაში და საათს დავხედე. მანსურის ულტიმატუმის ამოწურვამდე ოცდაოთხ საათზე ნაკლები იყო დარჩენილი და სასწრაფო ზომები უნდა მიმეღო.

ექსტრემალური სიტუაციის მიუხედავად, პირველ ყოვლისა, დავმშვიდდი. შემდეგ ხალხის გადარჩენის ოპტიმალური გეგმის შემუშავებას შევუდექი და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ღიად, მაგრამ, ელვისებურად უნდა მემოქმედა.

მანსურის ეგრეთ წოდებული საველე შტაბი პირდაპირ გემბანზე იყო განლაგებული. კბილებამდე შეიარაღებული თოთხმეტივე ტერორისტი, აქეთ-იქით მიმოდიოდა. ერთ-ერთ მათგანს ხელში  დისტანციური პულტი ეჭირა და, საკმარისი იყო, წითელ ღილაკზე თითი დაეჭირა „ატლანტიდა“ აფეთქდებოდა და მის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპებოდა. იქვე იდგა ვერტმფრენი და მასში პილოტი იჯდა. ჩემი გეგმის თანახმად, პულტი უნდა ჩამეგდო ხელში და წყალში გადამეგდო, რითაც გემის აფეთქებას ავიცილებდი თავიდან. შემდეგ კი, შეძლებისდაგვარად, ტერორისტებიც უნდა დამეხოცა...

ულტიმატუმის ამოწურვამდე 22 საათი იყო დარჩენილი, როდესაც მოქმედება დავიწყე: ერთ-ერთ ტერორისტთან მივედი, რომელიც ეგრეთ წოდებული საველე შტაბის შესასვლელს იცავდა და ავღანურ ენაზე, პუშტუნური დიალექტით ვუთხარი:

– ალაჰ აგბარ! (დიდია ალაჰი).

– ალაჰ აგბარ! – მომიგო დარაჯმა, რომელსაც ჩემ მიმართ კეთილგანწყობა დაეტყო და მკითხა: – რამ შეგაწუხა?

– მე, ძმაო, მოჯაჰედი ვარ, თქვენი სულიერი ძმა და, მინდა, თქვენს რიგებს შევუერთდე. მართალია, იარაღთან შეხება არასდროს მქონია, მაგრამ, რამეში მაინც გამოგადგებით. ამ გემზე ათას რვაასი ადამიანია. მართალია, თქვენ შეიარაღებულები ხართ, მაგრამ, ერთი მართლმორწმუნე, თუნდაც უიარაღო მუსლიმის სახით პატარა ძალა მაინც შეგემატებათ.

– დამელოდე, ახლავე მოვალ, – მითხრა შეიარაღებულმა დარაჯმა და მანსურს ეახლა, ნახევარი წუთი ესაუბრა, შემდეგ დაბრუნდა და მითხრა: – მიდი მანსურთან და დაელაპარაკე, ის შენ გელოდება.

მანსურამდე ოციოდე ნაბიჯი იყო. გადაწყვეტილი მქონდა, რომ მისკენ მიმავალ გზაზე პულტიანი ტერორისტისთვის წამერთმია ასაფეთქებელი მოწყობილობა და ოკეანეში გადამეგდო. შემდეგ კი, თუ ასეთი შესაძლებლობა მომეცემოდა, ტერორისტების ხოცვა დამეწყო. პულტიანი ტერორისტი სკამზე იჯდა და ბანანს ჭამდა. მისგან სამი ნაბიჯი მაშორებდა და თავდასხმისთვის მოვემზადე, როდესაც მას ვიღაცამ უხმო.

– საიდ, მოდი აქ!

პულტიანი ტერორისტი სწრაფად წამოდგა და წავიდა, მე კი, რა თქმა უნდა, გზა განვაგრძე მანსურს ვეახელი და ვუთხარი:

– ალაჰ აგბარ!

– ალაჰ აგბარ! – მომიგო მანსურმა და მითხრა: გავიგე, ჩვენს რიგებში ჩადგომა გინდა. ვინ ხარ?

– მართლმორწმუნე მუსლიმი, მანსურ!

– კარგია, ჩვენი ძმა ყოფილხარ. მაგრამ, უფრო დაწვრილებით მომიყევი შენზე.

– მასუდი მქვია, ლონდონში ვცხოვრობ და ღვთისმეტყველებას ვეუფლები. მართალია, იარაღისგან შორს ვარ, მაგრამ, რითაც შემიძლია, იმით დაგეხმარებით და მართალი საქმისთვის თავსაც გავწირავ.

– ავღანელი ხარ?

– დიახ, პუშტუნი.

– კეთილი, მასუდ, ერთგული ხალხი ძალიან გვჭირდება. დარჩი ჩვენთან და ჯერჯერობით  ჩვენი გამარჯვებისთვის ილოცე. სხვა რამ თუ დაგვჭირდა, აუცილებლად დაგავალებთ, – მითხრა მანსურმა და თავის გვერდით დაჯდომა შემომთავაზა.

 მე მანსურს თავი დავუკარი და ისეთი მოძრაობა გავაკეთე, თითქოს სკამზე ვჯდებოდი, მაგრამ, ერთი მკვეთრი მოძრაობით მანსური ხორხში დარტყმით გავთიშე, მეორე მოძრაობით ავტომატი ავართვი და, სანამ დანარჩენი ტერორისტები ჩემზე იერიშს მოიტანდნენ, გამოვუცხადე:

– ალაჰი არ გაგიწყრეთ და სროლა არ გაბედოთ, თორემ, თქვენს მეთაურს მოვკლავ! – შემდეგ გემბანზე შეკრებილ ადამიანებს მივმართე: – ნუ აღელდებით, ზედმეტი მოძრაობა არავინ გაბედოს, რომ კატასტროფა ავიცილოთ თავიდან!

ხალხს ფეხი არ მოუცვლია. მე კი კვლავ ტერორისტებს მივმართე და პულტიანი მოვიხმე:

– საიდ, მოდი აქ, პულტი ჩამაბარე და ეს კონფლიქტი მშვიდობიანად მოვაგვაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს უფროსს მოვკლავ, ეს ხალხი კი თქვენ შუაზე გაგგლეჯთ და ვერც ფულს მიიღებთ და საკუთარ თავსაც უაზროდ წააგებთ.

საიდი მომიახლოვდა და პულტი მომცა. მე ის იქვე გავანეიტრალე და წყალში გადავაგდე. ამასობაში მანსური გამოფხიზლდა, მაგრამ მე ის კვლავ გავთიშე და ტერორისტებს მივმართე:

– აი, თქვენი მეთაური. შეგიძლიათ, ვერტმფრენში ჩასვათ და წაიყვანოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მე მას მოვკლავ. მართალია, შეიარაღებულები ხართ, მაგრამ, გემს ვეღარ ააფეთქებთ, ყველას მოსაკლავად კი, უბრალოდ, ტყვიები არ გეყოფათ.

საიდმა, რომელმაც მეთაურობა საკუთარ თავზე აიღო, მითხრა:

– კეთილი, თანახმა ვართ.

– მაშინ, ჯერ ვერტმფრენში ჩასხედით და მანსურს ბოლოს ჩაგისვამთ.

ტერორისტები ვერტმფრენში ჩასხდნენ და პილოტმა ძრავა ჩართო. მე კი, იმის ნაცვლად, რომ მანსური ვერტმფრენში ჩამესვა, საფრენი აპარატის ბენზინის ავზს ავტომატის ჯერი მივუშვი და ვერტმფრენი გემბანზევე ავაფეთქე თავის ტერორისტებიანად და უკლებლივ ყველა განადგურდა. აფეთქების მიუხედავად, გემი სერიოზულად არ დაზიანებულა, რადგან „ატლანტიდის“ ეკიპაჟმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოასწრო. მე გემის კაპიტანს კაიუტაში ვუხმე და ვთხოვე, რომ რაციასთან მივეშვი.

– თქვენ არ ხართ უფლებამოსილი პირი. რაციით სარგებლობის უფლებას ვერ მოგცემთ, – უარი მტკიცა კაპიტანმა. მე მას ავტომატი მივუშვირე, უკვე მეოთხედ გათიშული მანსური მის ფეხებთან დავაგდე და ფრანგულ ენაზე კბილებში გამოვცარი:

– ხომ არ დაგავიწყდათ, რას აპირებდა ეს სუბიექტი სულ რაღაც ნახევარი საათის წინ? ისიც კარგად უნდა გახსოვდეთ, ვინ შეძლო ამდენი ხალხის სიცოცხლის გადარჩენა. გარდა ამისა, მე ავტომატიც მაქვს და, წესით, სულელურ წინააღმდეგობას არ უნდა მიწევდეთ.

 კაპიტანმა უძლურების ნიშნად ხელები გაშალა, მე კი სპეციალური შიფრით გადავეცი საბჭოთა წყალქვეშა ნავს, რომელიც სულ რაღაც 30 მილის დაშორებით კურსირებდა ოკეანეში, რომ სასწრაფოდ მოსულიყო და ბორტზე ავეყვანე... ნახევარ საათში „ატლანტიდის“ სიახლოვეს საბჭოთა წყალქვეშა ნავმა „კავკასიამ“ ამოყვინთა, რომელსაც ქართველი კაპიტანი, საბჭოთა კავშირის გმირი მართავდა. მე და მანსური „კავკასიის“ ბორტზე აგვიყვანეს და, სულ რაღაც, 19 საათის შემდეგ მე და ჩემი ნადავლი უკვე ლუბიანკაზე ვიმყოფებოდით. როგორც კი შჩუკინის კაბინეტში შევდგი ფეხი, გენერალს ვუპატაკე:

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, დავალება სრულად არ შემისრულებია – ლიკვიდაციის მაგივრად, ობიექტი აქ მოგგვარეთ. თუმცა, შემიძლია, ეს ხარვეზი გამოვასწორო და, თუ ნებას დამრთავთ, ბოლო მოვუღო.

– მას სხვები მოუღებენ ბოლოს. შენ კი, ჩემო კოკი, ყოჩაღ! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დედამიწის ზურგზე ბადალი არ გყავს, – მომიგო შჩუკინმა, მაგრად ჩამომართვა ხელი და ჩემი ბოლო ვოიაჟის ყველა დეტალი დაწვრილებით გამომკითხა.

„ატლანტიდაზე“ მომხდარი ამბიდან სამი თვის შემდეგ მერიმ მითხრა:

– ამ საღამოს ჩემი მეგობრის ოჯახში ვართ დაპატიჟებული დაბადების დღეზე და ელეგანტურად უნდა გამოეწყო.

– ჩემი წამოსვლა აუცილებელია? – ვკითხე მერის, რადგან, ჩემი პროფესიის გამო, მასობრივი თავშეყრის ადგილებს ყოველთვის ვერიდებოდი.

– რამე საქმე გაქვს?

– არა, მერიკო. მაგრამ, „არაგვის“ ისტორია გაიხსენე. მაშინაც დაბადების დღეზე წავედით და, ხომ გახსოვს, რა თავგადასავალი გადაგვხდა თავს?

– ამჯერად არაფერი მოხდება, ისეთ ოჯახში მივდივართ. ჩემი მეგობარი დიასახლისია, მისი მეუღლე კი – მოცეკვავე და სტუმრებიც სოლიდური ხალხი ეყოლებათ, – დამაიმედა მერიმ, მე კი მას ვუთხარი:

– ალკოჰოლმა სოლიდური და არასოლიდური არ იცის. კაცი რომ დათვრება, მისი სოლიდურობა უმალვე ქრება.

– ესე იგი, არ მივდივართ?

– რა თქმა უნდა, მივდივართ. მე, უბრალოდ, ლირიკული გადახვევა გავაკეთე, – მივუგე მერის და დაბადების დღეზე წასასვლელ სამზადისს შევუდექი.

მერის მეგობრის დღეობაზე რომ მივედით, ქეიფი უკვე დაწყებული იყო. იუბილარმა პირადად გაგვაცნო სუფრის ოცივე წევრი, ბოლოს კი თავისი მეუღლე წარმოგვიდგინა:

– ეს ჩემი მეუღლეა, გაიცანით.

დიასახლისის ქმარი ჯერ მერის გაეცნო და ხელზე ეამბორა, შემდეგ მე ჩამომართვა ხელი, თავისი სახელი მითხრა და მკითხა:

– სადმე ხომ არ შევხვედრივართ ერთმანეთს?

მასპინძელი ყურადღებით შევათვალიერე, ვერ ვიცანი და მივუგე:

– არა, ნამდვილად ვიღაცაში შეგეშალეთ.

– უცნაურია, მაგრამ, ნამდვილად სადღაც მინახავხართ, – ჯიუტად გამიმეორა მასპინძელმა და სუფრასთან მიგვიპატიჟა.

მასპინძელი ნამდვილად არსად მენახა. მისთვის სადმე თვალიც რომ მომეკრა, აუცილებლად დამამახსოვრდებოდა, მაგრამ, მისი სახე ნამდვილად არ მეცნობოდა და შეცდომა გამორიცხული იყო.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

скачать dle 11.3