რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს 1995 წლის „ფორდ სკორპიო“. ამ ბოლო დროს, სალონში მკვეთრად იგრძნობა ბენზინის სული. დათვალიერების შედეგად ვერაფერი აღმოვაჩინე, თითქოს ყველაფერი რიგზეა. რისი ბრალია ეს?
პასუხი: „ფორდ სკორპიოს“ სალონში ბენზინის სუნის შემოსვლა მხოლოდ ერთი მხრიდან შეიძლება მოხდეს, ეს არის ძრავას სექცია. თუ ვიზუალური დათვალიერებით ვერ შეამჩნიეთ ბენზინის ჟონვის ადგილი, ეს არ ნიშნავს, რომ ბენზინი არ ჟონავს. ბენზინი სწრაფად აქროლადი სითხეა, მით უმეტეს, ძრავას სექციაში საკმაოდ მაღალი ტემპერატურაა და შეიძლება, გაჟონვა მცირე რაოდენობით ხდება. ეს კი საკმარისია, სუნი შეიგრძნოთ. თუ გინდათ, გაიგოთ, საიდან ჟონავს საწვავი, ავტომობილს დააკვირდით დაქოქილ მდგომარეობაში დაბალ ბრუნზე მუშაობის დროს. კარგად დააკვირდით გადაბმის ადგილებს, ასევე, შეიძლება, სიძველისგან იყოს დაზიანებული რეზინის მილი და კარგად დააკვირდით, დამსკდარი ხომ არ არის.
კითხვა: ძრავადან პერიოდულად მესმის ტკაცუნის ხმა, ძირითადად, ეს ხდება მოსახვევებში შესვლის დროს. რისი ბრალი შეიძლება იყოს? მყავს 1993 წლის გამოშვება „გოლფი“.
პასუხი: თქვენ ხმა ძრავადან არ გესმით, სავარაუდოდ, ხმას გამოსცემს, ეგრეთ წოდებული, ყუმბარა. თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ხმა ძრავადან გესმით, მაშინ ამის მიზეზი შეიძლება იყოს ზეთის ნაკლებობა მასში. მაგრამ, ამ შემთხვევაში ისმის არა ტკაცუნი, არამედ ყრუ კაკუნი.
კითხვა: იქნებ მირჩიოთ რომელიმე ინტერნეტსაიტი, რომელზეც შეიძლება, ნებისმიერი მარკის ავტომობილისთვის სასურველი დეტალი შევუკვეთო.
პასუხი: ასეთი მოთხოვნებისთვის ყველაზე სრულყოფილი საიტია www.exist.ru. ამ საიტზე შეგიძლიათ, ნებისმიერი ავტომობილისთვის, ნებისმიერი დეტალის ნახაზი და მისი სხვადასხვა მწარმოებლის მიერ შემოთავაზებული ფასი ნახოთ.
კითხვა: აკუმულატორის მოხსნის შემდეგ მაგნიტოლამ კოდი მომთხოვა. მანქანა ნაყიდი მაქვს ბაზრობაზე. ძველმა პატრონმაც არ იცის კოდი. როგორ მოვიქცე?
პასუხი: არიან ავტომობილის მაგნიტოფონების ხელოსნები, რომლებსაც აქვთ სპეციალური მოწყობილობები, რომელთა მეშვეობით ამ პრობლემას ძალიან მარტივად მოაგვარებთ. ზოგ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ, კოდის გაუქმებაც.
კითხვა: ბაზრობაზე ვიყიდე ახალი ჩამოყვანილი მანქანა გერმანიიდან, რომელსაც მთლიანად შევუცვალე ზეთი. მაგრამ ზეთის მანიშნებელი ნათურა სულ ციმციმებს და გამაფრთხილებელ ხმას უშვებს, ხოლო მაღალ სიჩქარეზე, როცა ძრავის ბრუნი ორი ათას ხუთასზე მეტზე ადის, ავტომობილი ჩერდება. რისი ბრალი შეიძლება, იყოს ეს („გოლფი“ – 1992 წელი)?
პასუხი: ალბათ, ზეთი, რომელიც მანქანაში ჩაასხით, უვარგისია, შეიძლება, თქვენი მანქანის ძრავა საჭიროებს რემონტს, ან ზეთის შეცვლისას იქნა დაშვებული შეცდომა.