არ დაუშვა ცოლის შეურაცხყოფა
ქმრისთვის ცოლის ცემა – ეს უკიდურესი უპირატესობაა არა მხოლოდ იმისთვის, ვისაც სცემენ, არამედ იმისთვისაც, ვინც სცემს. თქვენც გეუბნებით, ცოლებო და თქვენც – ქმრებო: ღმერთმა დაგიფაროთ ისეთი ცოდვისაგან, რომელიც ქმარს ცოლის ცემამდე მიიყვანს. მაგრამ რად ვამბობ ცოლის შესახებ? კეთილშობილი ადამიანისთვის თავისი მონა-ქალის ცემა და მასზე ხელის აწევაც კი საძაგელი უნდა იყოს... მით უფრო უწესობაა, ხელი შემართო თავისუფალ ადამიანზე. ეს ყველასათვის ცნობილია წარმართული კანონებიდანაც კი, რომლებიც ცოლს, თუკი იგი ქმრის მიერ გაილახებოდა, აღარ ავალდებულებდა მასთან ცხოვრებას, როგორც უღირსთან; და ამ ფონზე, ღირსება შეულახო როგორც მოახლეს, შენი ცხოვრების მეგობარს, რომელიც უკვე დიდი ხანია, გვერდში გიდგას ყველა მნიშვნელოვან საქმეში, განა არ არის უკიდურესი ურჯულოების ნიშანი?! ასეთ ქმარს, თუკი შეიძლება, მას ქმარი ეწოდოს და არა მხეცი, მე ვაყენებ ერთ რიგში მამის მკვლელებსა და დედის მკვლელებთან ერთად. რადგან, თუკი ჩვენთვის ნამცნებია, რომ ცოლის გამო დატოვო დედა და მამა, ეს არა იმიტომ, რომ ამით მშობლებს წყენა მიაყენო, არამედ, რათა აღასრულო საღმრთო რჯული, იმდენად სასურველი თავად მშობლებისთვის, რომ ისინი, დატოვებულნი, მადლობენ ღმერთს და გულწრფელად თანხმდებიან ამაზე. ამიტომ, განა უკიდურესი უპატიობა არ არის, შეურაცხყო ის, ვის გამოც ღმერთმა მოგიწოდა თვით მშობლების დატოვებაც კი?! განა უგუნურება არ არის ეს?! ხოლო უპატიობა, რომელიც აქედან გამომდინარეობს?! რა სიტყვით შეიძლება, გამოიხატოს ის მდგომარეობა, როდესაც ცოლის კივილი და მოთქმა ქუჩას სწვდება, როდესაც მეზობლები და ხმაურზე გამომსვლელნი თავს იყრიან იმის სახლთან, ვინც ასეთ უწესობას სჩადის, თითქოსდა რომელიღაც მხეცის საცხოვრებელთან, რომელიც ბუნაგში ჯიჯგნის თავის მონაპოვარს?! უკეთესი იქნებოდა, მიწას შთაენთქა ასეთი უკეთური, უკეთესი იქნებოდა მისთვის, ვიდრე კვლავ გამოჩენილიყო საზოგადოებაში. „მაგრამ ცოლი, – იტყვი შენ, – თავხედობას იჩენს“. თუნდაც ასე იყოს, მაგრამ ნუ დაივიწყებ, რომ იგი შენი ცოლია, მყიფე ჭურჭელი, შენ კი – ქმარი ხარ და ამისთვის ხარ უფროსად და თავად დადგენილი, რომ დაითმინო ცოლის სიმყიფე, რომელიც შენ უნდა გემორჩილებოდეს. ამიტომ, მოიქეცი ისე, რომ შენი ხელისუფლება პატივსაცემი იყოს. ეს კი მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც შეურაცხყოფას არ მიაყენებ შენზე დაქვემდებარებულს. მაგალითად, მეფე მაშინ უფრო პატივსაცემი ხდება, როდესაც პატივს სდებს მასზე დაქვემდებარებულ მთავარს და პირიქით – როდესაც შეურაცხყოფს და არცხვენს მისი ღირსების პატივს, მაშინ ამით მისი საკუთარი ღირსებაც არანაკლებ ილახება. ასევე შენც საკმაოდ ავნებ შენს სამთავრობო ღირსებას, თუკი ცოლს შეურაცხყოფ, რომლის ღირსებაც შენზეა დამოკიდებული.
მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი
„კანდელი“