მწვანე კუთხე
კითხვა: რა სიხშირით სჭირდება მორწყვა ფილოდენდრონს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე და როგორ მოვუაროთ მას ახლა, ზამთარში?
პასუხი: აქტიური ზრდის პერიოდში ფილოდენდრონი რეგულარულად მორწყეთ, რათა მისი მიწა მუდამ ტენიანი იყოს. ზამთარში, როცა ზრდა ნელდება და მცენარე „დასვენების რეჟიმში“ გადადის, ნიადაგი ცოტათი უნდა გამოაშროთ ხოლმე და შედარებით იშვიათად მორწყათ. ზამთარში მცენარის ნიადაგს მინერალური სასუქებით განოყიერება არ სჭირდება. ეცადეთ, ამ დროს ფილოდენდრონი სინათლეზე დადგათ და ხანდახან მისი ფოთლები სველი ნაჭრით გაწმინდოთ, რომ მათ სიჯანსაღე და სიკაშკაშე შეუნარჩუნოთ.
კითხვა: რა ტემპერატურაზე ვამყოფო კარიოტა, კარგად რომ გაიხაროს?
პასუხი: კარიოტას მთელი წლის განმავლობაში მინიმუმ 15 გრადუსი ტემპერატურა სჭირდება. ზაფხულში შეგიძლიათ, ეზოშიც გაიტანოთ, თუმცა, ეს მცენარე ვერ იტანს მზის მწველ სხივებს. ზამთარშიც ეცადეთ, მაღალ ტემპერატურაზე ამყოფოთ. გახსოვდეთ, მცენარეს მაღალ ტემპერატურაზე მორწყვა უფრო მეტად სჭირდება, ზამთარში კი მორწყვიდან მორწყვამდე მიწის ზედაპირს შეშრობა უნდა აცადოთ.