რა შემთხვევაში ვერ განსაზღვრავთ როგორი გაიზრდება თქვენი ძაღლი და როდის გამოავლენს ის თავის ხასიათს
მათ, ვისაც სურს წმინდა სისხლის ძაღლების შეძენა და აინტერესებს მათი თავისებურებები, ესაუბრება და მეტად საჭირო რჩევებს მიაწვდის ძაღლსაშენ „ბოდიგარდ ლენდის” ხელმძღვანელი ბექა მეტრეველი.
– რამდენი ძაღლის ჯიში არსებობს საქართველოში?
– საქართველოში დაახლოებით ძაღლის 67 ჯიშია. სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგად გაირკვა, რომ საქართველოში თითქმის ყოველ მეთექვსმეტე ოჯახს ჰყავს ძაღლი. ეს ციფრი, დამეთანხმებით, რომ საკმაოდ სოლიდურია. უნდა გახსოვდეთ, რომ, თუ წმინდა სისხლის ძაღლის შეძენა გსურთ, ფულის გადახდაც არ უნდა დაგენანოთ, რადგან ყველაფერი კარგი ხომ ძვირი ღირს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯიშიანი ძაღლის ყიდვა ნიშნავს, ზუსტად იცოდე, როგორი გარეგნობის გაიზრდება ის, როგორი ხასიათი ექნება და რა მოვალეობა დაეკისრება მას თქვენს ოჯახში: დეკორატიული ძაღლი იქნება, თქვენი ოჯახისა და ქონების მოუსყიდველი მცველი, კარგი მონადირე თუ, უბრალოდ, იდეალური კომპანიონი. რაც შეეხება უჯიშო ძაღლებს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იყიდით მას თუ გაჩუქებენ – მაინც ვერ განსაზღვრავთ, როგორი გაიზრდება, როგორ ხასიათს გამოავლენს და რა დანიშნულება ექნება – ეს ყველაფერი ლატარიაა. საბედნიეროდ, ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს ჯიშიან ძაღლს უჯიშოსგან. ამიტომ, თავად ხვდებით, რომ ძაღლი სანდო ადგილას უნდა შეიძინოთ და არა ბაზრობაზე.
– შეიძლება, რომ კლუბში შეძენილი ძაღლი ისეთი არ გამოგვადგეს, როგორიც წესით უნდა გაიზარდოს?
– საბედნიეროდ, საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს კინოლოგიური კლუბები და არიან კერძო მომშენებლები, რომლებიც პროფესიონალურად უდგებიან ჯიშიანი ძაღლების მოშენების საკითხს. თუ გაიზრდება მოთხოვნა და კლიენტურა ზუსტად განუმარტავს კლუბსა თუ მომშენებელს, როგორი ძაღლის შეძენა სურს, მოსთხოვს გარანტიას, რომ ძაღლი ნამდვილად ისეთი გაიზრდება, როგორსაც მას ჰპირდებიან, კინოლოგიურ სფეროში მოღვაწე ბიზნესმენები (კლუბების მეპატრონეები) თვითონვე ეცდებიან, აამაღლონ ძაღლების ხარისხი.
– მაგალითად, მსურს, შევიძინო „შოუ-კლაის“ წარმომადგენელი. რას გვეტყვით შოუ-ძაღლების შესახებ? ბევრს ხომ ის თავისი ლამაზი გარეგნობის გამო, მხოლოდ გასართობი და სახლის დეკორაცია ჰგონია.
– „შოუ-კლასის“ ლეკვს აქვს გენეტიკური და ვიზუალური მონაცემები, გახდეს მომავალი ჩემპიონი. აუცილებელია, ასეთ ლეკვს, მკაფიოდ ჰქონდეს გამოხატული ჯიშისთვის დამახასიათებელი ნიშნები.
– როდის ენიჭებათ მათ ეს წოდება?
– კიდევ ერთხელ ვეტყვი ყველა პოტენციურ მყიდველს: კარგად გაიაზრეთ, რომელი ჯიშის წარმომადგენლის შეძენა გსურთ და რა დანიშნულებით გინდათ მისი გამოყენება. რაც შეეხება „შოუ-კლასის“ წარმომადგენელს, გეტყვით, რომ „შოუ-კლასის“ წოდება ლეკვს 5-6 თვის ასაკიდან ენიჭება, ანუ, მას შემდეგ, რაც გამოფენაზე ექსპერტი შეაფასებს მას, როგორც ძალზე პერსპექტიულს.
დროთა განმავლობაში იცვლება ამა თუ იმ ძაღლის სტანდარტი. კინოლოგები ცდილობენ, ძაღლს ისეთი ექსტერიერი შესძინონ, რომელიც მას თავისი ჯიშისთვის დამახასიათებელი სამუშაო თვისებების შესრულებას გაუადვილებს. ბევრისგან მსმენია, რომ ბევრს ამა თუ იმ ჯიშის ძაღლი მხოლოდ თვალის გასახარებლად სურს. ეს დიდი შეცდომაა, ძაღლს თავისი დანიშნულება არ უნდა დაუკარგო. არ შეიძლება, იყოლიო კანე კორსო, დობერმანი, ქართული ნაგაზი და და სხვა მსგავსი ძაღლები ისე, უბრალოდ, მიზანმიმართული ფუნქციის გარეშე. ის, ადრე თუ გვიან, გამოაჩენს თავის ხასიათს და ყოველთვის ეცდება, დაიცვას თქვენი საკუთრება დაუპატიჟებელი სტუმრებისგან, და თუ მაინც ეცდებით მათში დაცვის უნარის ბოლომდე მიძინებას, დროთა განმავლობაში მათგან მიიღებთ არაფრის მაქნის გიგანტ დეკორაციებს! გახსოვდეთ, ნებისმიერი ჯიშის ძაღლს აქვს თავისი დანიშნულება და მან ის აუცილებლად უნდა შეასრულოს.