როგორ მოკლა ექვსმა მოზარდმა ყოვლად უდანაშაულო 17 წლის ყმაწვილი წყნეთში
შეცვლილი ჩვენებები
1971 წლის 8 ივლისს წყნეთში საზარელი მკვლელობა მოხდა: 17 წლის მიხეილ სააკაძე ექვსმა თანატოლმა განსაკუთრებული სისასტიკით გამოასალმა სიცოცხლეს. მოკლული ყმაწვილი დანებითა და ხანჯლებით იყო დაჩეხილი – მას 39 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა აღმოაჩნდა, რომელთა შორის 11 სასიკვდილო იყო. მოკლული სააკაძე ფიჭვნარში იწვა და პირველადი დახმარების აღმოჩენა ადგილობრივმა მწყემსებმა, პავლე სამსონაძემ და კოტე ბაჯაძემ სცადეს, რომლებიც იქვე აძოვებდნენ ცხვარს და მოზარდებს შორის მომხდარ კონფლიქტს თავიდან ბოლომდე შეესწრნენ. სააკაძე უკვე მკვდარი იყო და მწყემსებმა მილიცია გამოიძახეს. მათვე მისცეს პირველი ჩვენებები და სწორედ მათი ჩვენებების საფუძველზე, მილიციამ ცხელ კვალზე, სულ რაღაც ორიოდე საათში დააპატიმრა: 17 წლის ედიშერ ვირსალაძე, 17 წლის მალხაზ ზიზიაშვილი, 17 წლის ბადრი კოხრეიძე, 16 წლის ვარლამ ბროლაძე და ძმები – 17 წლის სიმონ და 18 წლის ომარ გორგილაძეები.
მოკლული მიხეილ სააკაძე საქართველოს წყალბურთის ჭაბუკთა ნაკრების წამყვანი მოთამაშე იყო და მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. მას ძველი კონფლიქტი ჰქონდა ძმებ გორგილაძეებთან, რომელთა მამაც ერთ-ერთი დიდი კომბინატის დირექტორი და იატაკქვეშა მილიონერი იყო. გორგილაძეები და მოკლული სააკაძე ერთ უბანში, ვაკეში ცხოვრობდნენ და უსიამოვნება მათ შორის გოგონას გამო წარმოიქმნა იმ ტრაგიკულ დღემდე ზუსტად ერთი წლის წინ, წყნეთში. 16 წლის ნატო ქავთარაძე ომარ გორგილაძეს მოსწონდა, მაგრამ, ნატოს მიხეილ სააკაძე შეუყვარდა და არც წყალბურთელი ყმაწვილი იყო გულგრილი გოგონას მიმართ. წყნეთში, როგორც ნატოს მშობლებს, ასევე გორგილაძეებისა და სააკაძის მშობლებსაც, აგარაკები ჰქონდათ, სადაც ისინი დასასვენებლად ადიოდნენ ხოლმე. 1970 წლის 8 ივლისს, ანუ, მიხეილის მკვლელობამდე ზუსტად ერთი წლით ადრე, მიშიკო და ნატო ფიჭვნარში სეირნობდნენ. ამ დროს მათ ძმები გორგილაძეები და მათი ოთხი მეგობარი დაესხნენ თავს, რათა სააკაძე ეცემათ, მაგრამ, ფიზიკურად ძლიერი წყალბურთელი ყმაწვილი ექვსივე თავდამსხმელს მოერია და შეყვარებულთან ერთად იქაურობა დატოვა.
ამ დღიდან მოყოლებული, გორგილაძეები სააკაძის ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ, მაგრამ ის ხან ტურნირებზე, ხან კი საწვრთნელ შეკრებებზე იმყოფებოდა. ქუჩაში თითქმის არ დადიოდა და ვერსად მოიხელთეს. იმ საბედისწერო დღეს კი, გორგილაძეები და მათი ოთხი მეგობარი წყნეთში იმყოფებოდნენ, სადაც მიშიკო სააკაძეც იყო ასული და ნატოსთან ერთად კინოში წასვლას აპირებდა, როდესაც მას მოქიშპეები წამოადგნენ თავს და „გვერდზე გასვლა“ შესთავაზეს. მიშიკომ ნატო აგარაკამდე მიაცილა, შემდეგ კი ბიჭებს ფიჭვნარში გაჰყვა, სადაც მას ხანჯლით შეიარაღებული ომარ გორგილაძე ზურგიდან დაესხა თავს და ჯერ მარჯვენა საძილე არტერიაში დაარტყა, შემდეგ კი – გულში. ცხადია, ორივე ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა...
კონფლიქტი სულ რაღაც წუთ-ნახევარი გაგრძელდა და, სანამ მწყემსებმა შემთხვევის ადგილზე მიირბინეს, თავდამსხმელები გაიქცნენ. მწყემსები კარგად იცნობდნენ გორგილაძეებს და მილიციას მათი ზუსტი აღწერილობა და მისამართი მისცეს. სწორედ ამის შემდეგ აიყვანეს ექვსივე და თითოეულმა მათგანმა აღიარა, რომ მოკლული სააკაძის წინააღმდეგ ცივი იარაღი გამოიყენეს. ამოღებული იქნა, აგრეთვე ოთხი დანა და ორი ხანჯალი. დაპატიმრებულები თბილისში ჩამოიყვანეს და მილიციის სამმართველოს წინასწარი დაკავების საკნებში გამოამწყვდიეს. თუმცა, ყველა მეორე დღესვე გაუშვეს და, როგორც მწყემსების, ისე ექვსივე დამნაშავის ჩვენებები შეცვალეს. თუკი მწყემსები ადრე ამბობდნენ, რომ სააკაძე გორგილაძეებმა და მისმა ოთხმა მეგობარმა მოკლეს, შეცვლილ ჩვენებაში ეწერა, რომ მკვლელები არ უნახავთ და მათ, უბრალოდ, მოკლული ყმაწვილი აღმოაჩინეს ფიჭვნარში. თავიანთ ჩვენებებში კი მკვლელები ხაზს უსვამდნენ, რომ ამ საბედისწერო დღეს ისინი საერთოდ არ იმყოფებოდნენ წყნეთში და რომ ნატო ქავთარაძე ტყუილს ამბობდა. მილიციაში მისული 17 წლის ნატო ქავთარაძე კი ჯიუტად იმეორებდა, რომ მიშიკო ძმებმა გორგილაძეებმა და მათმა ძმაკაცებმა წაიყვანეს ფიჭვნარში და მოკლეს... ნორჩი ასაკისა და მშობლების დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, რომ ნატოს ჩვენება შეეცვალა, გოგონა თავის პირველ სიტყვას არ ღალატობდა და მიშიკოს მკვლელებს ამხელდა...
ფიცი
მიშიკო სააკაძის დაკრძალვას უამრავი ადამიანი დაესწრო. ის ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს და როდესაც საფლავში ჩაასვენეს, მის დედასა და ბებიას ერთდროულად გაუსკდათ გულები და იქვე დალიეს სული.
– ღმერთო, რად გამწირე, რა დაგიშავე, ღმერთო, რომ ასეთი უბედურება დამატეხე თავს!.. – ქვითინებდა მიშიკოს მამა, ნოდარი, რომელიც სულ რაღაც 36 წლის იყო, მაგრამ უბედურებას ისე მოეტეხა, რომ, უმწეო ბერიკაცს დამსგავსებოდა...
მიშიკოს გარდა ნოდარ სააკაძეს ჰყავდა 12 წლის ქალიშვილი – ანა. გოგონამ ძალიან მძიმედ განიცადა ძმის, დედისა და ბებიის სიკვდილი. ისეთ ღრმა მწუხარებაში იყო, რომ ერთი წლის განმავლობაში არც შავი სამოსი გაუხდია და არც ხმა ამოუღია. რაც შეეხება მკვლელების გათავისუფლებას, თითქმის მთელმა საქართველომ იცოდა, რომ თავისი შვილებისა და მათი ოთხი მეგობრების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების სანაცვლოდ, გორგილაძეების მამამ, იატაკქვეშა მილიონერმა ჯემალ გორგილაძემ, მილიციას, პროკურატურასა და სასამართლოს 3 მილიონი მანეთი გადაუხადა, რაც იმ პერიოდში ფანტასტიკური თანხა იყო. ჯემალ გორგილაძე ნატო ქავთარაძის ოჯახშიც რამდენჯერმე იყო მისული და გოგონას აძალებდა, რომ ჩვენება შეეცვალა. მან ერთი მილიონი მანეთიც კი შესთავაზა ქავთარაძეებს, თუმცა მშობლების თანხმობის მიუხედავად ნატოს, დაყოლიება ვერ შეძლო და პირში ჩალაგამოვლებული წავიდა. მიუხედავად ამისა, მკვლელები მაინც არავის დაუპატიმრებია და საქმე, ფაქტობრივად, ჩაიფარცხა...
მიშიკო სააკაძის საფლავს ნატო ქავთარაძე თითქმის ყოველდღე აკითხავდა. უვლიდა იქაურობას, ყვავილები მიჰქონდა და დიდხანს ტიროდა ხოლმე. 1972 წლის 8 ივლისს ნატო შებინდებისას მივიდა შეყვარებულის საფლავზე, სადაც 13 წლის ანა სააკაძე დახვდა. ბავშვს შავები ეცვა, საფლავზე იყო დამხობილი და ქვითინებდა.
13 წლის ანა სააკაძემ და 17 წლის ნატო ქავთარაძემ 1972 წლის 8 ივლისს მიშიკო სააკაძის საფლავზე ერთმანეთს შეჰფიცეს, რომ მიშიკოს სისხლს აიღებდნენ – მკვლელების დახოცვით აღადგენდნენ სამართლიანობას...
ფიცის დადებიდან ერთი თვის შემდეგ ინფარქტით გარდაიცვალა ნოდარ სააკაძე და ანა უპატრონოდ დარჩა. მას მეურვედ დეიდამისის ქმარი, ქვრივად დარჩენილი 39 წლის სოსო დაუნიშნეს, რომელიც ცოლის ბინაში მარტო ცხოვრობდა. სოსო ლოთი, გარყვნილი პიროვნება იყო. რვა თვის შემდეგ, ერთ საღამოს ის მთვრალი მივიდა სახლში და 14 წლის ანას გაუპატიურება მოინდომა, გოგონამ მოძალადე ბიძას სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია, პურის დანა გულში ჩაარჭო და ადგილზევე მოკლა.
უდანაშაულობის მიუხედავად, 14 წლის ანა სააკაძე გაასამართლეს, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და მოზარდ გოგონათა შრომა-გასწორების დაწესებულებაში ამოაყოფინეს თავი...
გაქცევა
ანას ასეთი მკაცრი სასჯელი თავიდან ბოლომდე ჯემალ გორგილაძის დამსახურება იყო. მიუხედავად იმისა, რომ სააკაძეების ოჯახში მამაკაცი აღარ დარჩა, ჯემალ გორგილაძეს შურისძიების ეშინოდა და პატარა ანას თავიდან მოშორებაც განიზრახა. იატაკქვეშა მილიონერს ეგონა, რომ გოგონა ვერ გაუძლებდა საპყრობილის მძიმე პირობებს და, ან ჭკუიდან შეიშლებოდა, ან თავს მოიკლავდა. მაგრამ, ანა სააკაძემ შეძლო ციხის რეჟიმის დაძლევა, რაშიც მას ქეთი იმნაძე დაეხმარა, რომელსაც 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. 25 წლის ქეთი ცნობილი ავტორიტეტის – „ხუჭუჭას“ მეუღლე იყო, რომელიც მილიციის კაპიტანმა, ვინმე კოხოძემ მოკლა. ქეთიმ კოხოძეზე შური იძია: მილიციის კაპიტანს სახლთან დახვდა, ქმრის ნაქონი „ნაგანიდან“ შვიდი ტყვია დაახალა, ადგილზევე მოკლა და გაიქცა... მაგრამ ის ერთ კვირაში დააპატიმრეს და 15 წელი მიუსაჯეს.
ციხეში რომ გადაიყვანეს, ანა უკვე 18 წლის იყო და ოთხი წელი მოხდილი ჰქონდა. ქეთი იმნაძე კი 28 წლის იყო, სამი წელი ჰქონდა მოხდილი, 12 კი დარჩენილი და ქალთა ციხეს უყურებდა. იმნაძემ თავიდანვე კეთილი თვალით შეხედა ანას, დაუმეგობრდა და ცხრა თვის შემდეგ უთხრა:
– აქედან უნდა გავიქცეთ.
– გავიქცეთ? – გაოცდა ანა, რომელსაც გათავისუფლებამდე წელიწადზე ოდნავ მეტი ჰქონდა დარჩენილი.
– ჰო თანაც, რაც შეიძლება მალე! – თქვა ქეთიმ, – იმიტომ კი არა, რომ მე მაქვს დიდი სროკი დარჩენილი, არამედ უფრო შენ გამო.
– ჩემ გამო?
– ჰო, შენ გამო. საიმედო წყარომ მაცნობა, რომ შენს მოკვლაში დიდ ფულს იხდიან და, მერწმუნე, თუ აქედან დროზე არ ავახვევთ, აუცილებლად მოგკლავენ.
– ვინ გითხრა?
– ზედამხედველმა, „ულვაშა მიხომ“. ის ჩემი ცხონებული ქმრის შორეული ნათესავია და რაღაც-რაღაცეებში მეხმარება. ინფორმაცია უტყუარია და დროზე უნდა მოვუსვათ აქედან.
– კი მაგრამ, აქედან როგორ გავაღწევთ?
– მიხო გაგვიყვანს. მასთან უკვე შეთანხმებული ვარ.
ამ დიალოგიდან სამი დღის შემდეგ, ანა სააკაძე და ქეთი იმნაძე ციხიდან გაუჩინარდნენ. ულვაშა მიხომ ორივე გოგონა საკნიდან გამოიყვანა, ზედამხედველების სამოსში გამოაწყო, საპყრობილის ტერიტორიის მიღმა გაიყვანა, თვითონ კი უკან შებრუნდა, რომ საკუთარი თავისთვის ალიბი შეექმნა.
მოუხელთებელნი
ციხიდან გაქცეული გოგონები მთაწმინდაზე, ნინო კახიანის ბინაში დასახლდნენ. 43 წლის კახიანი ცნობილი ქურდის, „ავარას“ მეუღლე იყო და კერძო სახლში ცხოვრობდა. ავარა სასჯელს ციმბირში იხდიდა. ის ქეთის მეუღლის, ხუჭუჭას ძმაკაცი, კოლეგა და ძველი „პაძელნიკი“ იყო. მათი ცოლებიც კარგად იცნობდნენ ერთმანეთს და, ქეთი რომ ნინო კახიანს ეწვია, მან უყოყმანოდ მიიღო ორივე და თავშესაფარიც შესთავაზა.
– მადლობა, ჩემო ნინო, როგორც კი ჩვენს ჩანაფიქრს განვახორციელებთ, მაშინვე გაგეცლებით, – უთხრა კახიანს ქეთიმ.
ნინო კახიანი გრიმიორი იყო და თბილისის ერთ-ერთ თეატრში მუშაობდა. ამიტომ, მას არ გასჭირვებია ციხიდან გაქცეული გოგონების გარეგნობის შეცვლა. ნინომ ქეთის და ანას ისეთი გრიმ-პარიკები შეურჩია, რომ გაქცეულები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ქალაქში და მათზე გამოცხადებული ძებნის მიუხედავად, ისინი ქუჩაში არავის გაუჩერებია.
ანამ ნატო ქავთარაძის მოძებნა სცადა და გაიგო, რომ ქავთარაძის ოჯახი უკვე ხუთი წელი იყო, რაც თბილისიდან გადასახლებულიყო.
– ბინა გაყიდეს და სხვა ქალაქში გადასახლდნენ, შვილო, – უთხრა ანას ქავთარაძის კარის მეზობელმა, – მაგრამ სად, არავინ უწყის.
„როგორც ჩანს, შარს გაერიდნენ, – ჩაილაპარაკა ქუჩაში გამოსულმა ანამ, – არადა, ნატო ისეთი გულწრფელი ჩანდა, მეგონა, მიშიკოს მკვლელებს მარტო ამოწყვეტდა...“
ანა სააკაძის ციხიდან გაქცევის ამბავი ერთ-ერთმა პირველმა ჯემალ გორგილაძემ შეიტყო და ორი პისტოლეტითა და ოთხი შეიარაღებული მცველით გადაადგილდებოდა. გარდა ამისა, მან თავისი ვაჟები, სიმონი და ომარი, ლენინგრადში გადახვეწა, იქ მათ ორი ბინა უყიდა და ოთხი შეიარაღებული მცველი დაუქირავა. გარდა ამისა, ჯემალმა ქართველ მაღალჩინოსან მილიციელს, პოლკოვნიკ კარლო ხუნდაძეს 50 ათასი მანეთი გადაუხადა და ძებნილი ანა სააკაძის ლიკვიდაცია შეუკვეთა. კარლო ხუნდაძე ძებნილების პოვნის საქმეს კურირებდა და ჯემალი მას ამიტომ შეუთანხმდა. მაგრამ, ვერც ანას და ვერც ქეთი იმნაძეს მილიციელები ვერ პოულობდნენ – ცამ ჩაყლაპა ისინი თუ მიწამ, ვერ გაეგოთ...
ამასობაში კი თბილისში სერიული მკვლელობები დაიწყო.
შურისძიება
სასტიკი შურისმაძიებლის პირველი მსხვერპლი 23 წლის ედიშერ ვირსალაძე იყო – გორგილაძეების მეგობარი და მიშიკო სააკაძის მკვლელობის თანამონაწილე. ედიშერი მოულოდნელად გაუჩინარდა, სამი დღის შემდეგ კი ის მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ქვებზე დაგდებული აღმოაჩინეს მეთევზეებმა. ის შიშველი იყო და საშინელი წამების კვალი ეტყობოდა. გარდა ამისა, მას 39 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა აღმოაჩნდა სხეულზე – ზუსტად იმდენი, რამდენიც მიშიკო სააკაძეს მიაყენეს. აშკარა იყო, რომ ვიღაც შურისმაძიებელი მოქმედებდა და მილიციამ ანას ძებნა გააძლიერა.
ერთი კვირის შემდეგ, იმავე ადგილას, კიდევ სამი ადამიანის გვამი აღმოაჩინეს – სამივე სასტიკად იყო ნაწამები და თითოეულს სხეულზე კვლავ 39 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ჰქონდა. 23 წლის მალხაზ ზაზიაშვილი, 23 წლის ბადრი კოხრეიძე და 22 წლის ვარლამ ბროლაძე, მიშიკო სააკაძის მკვლელობის მონაწილეები იყვნენ. ისინი ერთდროულად გაუჩინარდნენ და აშკარა იყო, რომ სამივე ერთად გაიტაცეს, ერთად მოკლეს და ერთადვე დაყარეს მტკვრის პირას...
ამ შემზარავი ამბით შეშინებული ჯემალ გორგილაძე ცოფებს ყრიდა:
– ეს ყველაფერი იმ ძუკნა გოგოს, ანა სააკაძის ნამოქმედარია. ახლა ჩვენი გორგილაძეების ჯერია, უნდა დავასწროთ და ბოლო უნდა მოვუღოთ....
– საოცარია. ნეტავ ვისი ნამოქმედარია ეს ყველაფერი? – ჰკითხა ქეთი იმნაძემ ანა სააკაძეს, როდესაც ოთხი მკვლელობის ამბავი შეიტყო.
– ვისი და ნატო ქავთარაძის, – უყოყმანოდ მიუგო ქეთის ანამ, – მე და მან მიშიკოს საფლავზე შევფიცეთ ერთმანეთს, რომ შურს ვიძიებდით. სხვა ამას არ იზამდა.
– კარგი იქნებოდა, ნატო გვენახა, მაგრამ, სად ვიპოვოთ? – სინანულით თქვა ქეთიმ.
– ვიპოვით. ერთ კვირაში ჩემი მიშიკოს დაბადების დღეა, ნატო მის საფლავზე აუცილებლად მივა და იქ ვნახავთ, – მიუგო ქეთის ანამ.
– ქეთიმ და ანამ, ნატო ქავთარაძე მართლაც მიშიკოს საფლავზე აღმოაჩინეს. გამოეცნაურნენ და ნინო კახიანის ბინაში წაიყვანეს.
– ჩემებმა ბინა გაყიდეს და ლენინგრადში გადავსახლდით, რომ აქაურობას გავრიდებოდით. მე იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე და ლენინგრადში პროკურატურაში ვმუშაობ. შურისძიებაში კი ჩემი შეყვარებული, იური პოტაპოვი მეხმარებოდა, – უთხრა ნატომ გოგოებს და მცირე პაუზის შემდეგ დაამატა: – იური ძალიან ჰგავს მიშიკოს...
– გორგილაძეებს რა ვუყოთ? – ჰკითხა ანამ ნატოს.
– ის ნაბიჭვარი ძმები ლენინგრადში ცხოვრობენ, ვერსად წამივლენ და ბოლოსთვის შემოვინახე. მთავარია, ჯემალი მოვიხელთოთ, – უთხრა ნატომ ანას.
– სამივე ერთად უნდა დავხოცოთ და ჯემალი ყველაზე გვიან უნდა მოკვდეს, მანამდე კი თავისი შვილების საშინელი სიკვდილი საკუთარი თვალით ნახოს, – მიუგო ანამ ნატოს.
მართლაც, ყოფილი მედესანტის, 30 წლის იური პოტაპოვის დახმარებით, ჯემალ გორგილაძე პირდაპირ კაბინეტიდან მოიტაცეს. იმავე დღეს ნატო ქავთარაძემ სიმონ და ომარ გორგილაძეები მოიტაცა ლენინგრადში და სამი დღის შემდეგ უკვე თბილისში ჩამოიყვანა. სამივე გორგილაძე ერთ ნესტიან სარდაფში, რკინის ძელებზე მიაბეს შიშვლები.
– გაებით, თქვე ნაძირლებო? – უთხრა გორგილაძეებს თვალებანთებულმა ანა სააკაძემ, შემდეგ ჯერ სიმონი და ომარი აწამა მამის თვალწინ და, მას შემდეგ, რაც 39 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მიაყენა, ორივეს სული ამოხადა...
შვილების ბედი გაიზიარა ჯემალ გორგილაძემაც შემდეგ, სამივე გვამი ფურგონიანი „მოსკვიჩით“, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მიიტანეს და წყლის პირას დააგდეს...
ნატო ქავთარაძე იური პოტაპოვზე გათხოვდა და თავის ვაჟს მიშიკო დაარქვა. ანა სააკაძე და ქეთი იმნაძე ავსტრალიაში გაიქცნენ, მოგვიანებით მათ ნატო და მისი ქმარ-შვილი შეუერთდნენ. ნინო კახიანის ქმარი, ავარა, ციმბირის კოლონიაში ჭლექით გარდაიცვალა, ნინო კი თავის მეგობრებთან გაემგზავრა ავსტრალიაში...