როდის ხდება სხეულის იდუმალი სურნელი ორ ადამიანს შორის სიყვარულის მიზეზი და როგორ მამაკაცთან ვერ იცხოვრებს ხატია შამუგია
ვინც ხატია შამუგიას იცნობს, დამეთანხმება, რომ მის გვერდით თავსაც კომფორტულად იგრძნობთ და არც მოწყენილობა შეგაწუხებთ. ადამიანის ხასიათს, გემოვნებასა და პროფესიასაც კი, სუნამოს სურნელით, ანუ, როგორც თავად ამბობს, გამძაფრებული ყნოსვით იგებს. ნაზი გარეგნობის მიუხედავად, მასში საკმაოდ ძლიერი ქალი იმალება და ის ფეხბურთთან დაკავშირებით ნებისმიერ მამაკაცს შეეკამათება.
ხატია შამუგია: ქალი სუსტი ერთი შეხედვით ჩანს, თორემ უდიდესი ძალა გააჩნია. დამიჯერეთ, ბევრი მამაკაცი ვერ შეძლებს და აიტანს იმას, რისი გაკეთებაც და ატანაც, ჩვენ ქალებს შეგვიძლია. ხანდახან, იმდენ საქმეს ვაკეთებ, ჩემი თავის მიკვირს. 18 წლიდან ვმუშაობ და დამოუკიდებლობის ფასიც კარგად ვიცი. არავინ არაფერს მაკლებდა, მაგრამ შინაგანად მქონდა იმის მოთხოვნილება, საკუთარი შემოსავალი მქონოდა, თავდაჯერებული, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვყოფილიყავი, შევმდგარიყავი დამოუკიდებელ პიროვნებად.
– მერე, ასეთ შემდგარ და თავდაჯერებულ ქალებს მამაკაცები რომ უფრთხიან, იცი?
– ამბობენ, ძლიერი სქესის წარმომადგენლებს შემდგარი ქალის ეშინიათო, მაგრამ ასეც არ არის. ჯერ კაცი არ მინახავს, ჩემი შეშინებოდა და რა ვიცი (იცინის). საერთოდ, თუ დავაკვირდებით, დამოუკიდებელ ქალთან მამაკაცი უფრო მორიდებული და თავდაჭერილია. ჩემი აზრით, ყველა ქალი უნდა მუშაობდეს, მნიშვნელობა არ აქვს, შემომტანი ქმარი ჰყავს და მატერიალურად უზრუნველყოფილია თუ არა. ისე, რაც შეეხება თავდაჯერებულობას, სანამ ახლოს გამიცნობენ, ზოგს ძალიან ამაყი ვგონივარ, მაგრამ ასეთ შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ვტოვებ და რა ვიცი. შვილი მყავს და თანაც, მაგარი კაცია. ამიტომ, ასე თუ ისე, მამაკაცების მესმის. ყველაფერში ვგრძნობ მის მამაკაცურ ბუნებას. საქმიან შეხვედრაზე რომ მივდივარ, ვეკითხები ხოლმე – აბა, როგორ გამოვიყურები-მეთქი და ისიც რჩევებს მაძლევს. მეც ვითვალისწინებ, რადგან ვიცი, ზუსტი მამაკაცური ხედვა აქვს და არ ცდება.
– პირად ცხოვრებაზე რას იტყვი?
– რას ვიტყვი და, ერთ რამეს მივხვდი, რაც უფრო ბევრმა ადამიანმა იცის შენი პირადი ცხოვრების შესახებ, მით მეტი შანსია, არ გაგიმართლოს. აქედან გამომდინარე, გირჩევთ, პირადი ცხოვრება მოარიდოთ სხვებს, ყოველ შემთხვევაში, რაღაც ეტაპზე მაინც. გამოგიტყდებით, ისე გადავეჩვიე ცოლობას, ასე მგონია, ვეღარც შევძლებ (იცინის). გადატვირთული სამსახურის მერე, გადაქანცული რომ მივალ სახლში, საოჯახო საქმეებს ნამდვილად ვეღარ გავაკეთებ. მადლობა ღმერთს, დედა ამაში მეხმარება. არასდროს ვყოფილვარ მტირალა, ემოციური შეყვარებული გოგონა. მაშინ მოაქვს სიყვარულს ბედნიერება, როცა თავს კარგად გრძნობ და არა ავადმყოფურად იტანჯები და დარდობ. ასეთი რამეები, ნამდვილად არ მჩვევია. რაც შეეხება დღევანდელობას, სიახლეები ნამდვილად არა მაქვს პირად ცხოვრებაში, მაგრამ ერთს გეტყვით, კვლავ ოჯახის შექმნას, ჯერ არ ვფიქრობ. თუმცა, ვაღიარებ, ადამიანი სრულფასოვნად ბედნიერი რომ იყო, უნდა გყავდეს მეორე ნახევარი. ვაფასებ ისეთ მამაკაცებს, საკუთარი აზრის დაფიქსირება რომ შეუძლიათ. გააჩნიათ შინაგანი ძალა, ინტელექტი, არიან მოწესრიგებული და მოვლილი. აი, ასეთი მამაკაცი წარმომიდგენია ჩემ გვერდით. პირადად მე, მიჭირს დათმობაზე წასვლა, მაგრამ, ჩემი მეორე ნახევარი თუ ეჭვიანი არ იქნება, ამაზე დავფიქრდები (იცინის).
– ესე იგი, ეჭვიანი მამაკაცის გვერდით გაგიჭირდება ცხოვრება?
– კი არ გამიჭირდება, ვერ ვიცხოვრებ. ასე რომ, არ უნდა იყოს ეჭვიანი და უნდა უყვარდეს ზღვა, სხვანაირად ვერ მოვრიგდებით (იცინის).
– შენი მეგობრები ამბობენ, ხატია ძილისგუდააო. ამაზე რას იტყვი?
– ძილი საუკეთესო საშუალებაა, რომ კარგად გამოიყურებოდე. ღამის ცხოვრება არ მიყვარს, მირჩევნია, კარგად გამოვიძინო და დილით დასიებული თვალებითა და გადაქანცული არ შევუდგე სამუშაოს. ჩემი მეგობრები კი დამცინიან, გახდება თუ არა თერთმეტი საათი, ყვინთავო. ადრე ადგომა რომ მიწევს, აბა, ღამეებს ხომ არ გავათენებ? დახარჯულ ენერგიას ძილით ვინაზღაურებ.
– ალბათ, ბევრს გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ფეხბურთის ფანი ხარ.
– სპორტის ეს სახეობა სულ მიყვარდა. განსაკუთრებით კი, ინგლისის ფანი ვარ. გამორჩეულად კარგები არიან – „სვეტსკები” და საყვარლები. საერთოდ, აზარტული არ ვარ, მაგრამ ფეხბურთის აზარტი გამაჩნია. ბევრს ისიც გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ფეხბურთთან ერთად, ტკბილეულის ფანიც ვარ (იცინის), მაგრამ ასეა. უბრალოდ, გვიან არ მიყვარს ჭამა და სასურველ წონას ასე ვინარჩუნებ. თუმცა, პრეტენზიული მჭამელიც ვარ და ეტყობა, ესეც მიწყობს ხელს.
– მოდი, ისიც გაგვანდე, როგორ მოვხიბლოთ სასურველი მამაკაცი არომატის ჯადოსნური ძალის საშუალებით. ესეც ხომ შესაძლებელია?
– ნამდვილად შესაძლებელია, რადგან ადამიანის ხასიათისა და გემოვნების ამოცნობა, სუნამოს საშუალებითაც შეგიძლიათ. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ მოდის გამო არ უნდა იპკურო ის და გადაჭარბებული სურნელით არ უნდა შეაწუხო სხვა. სუნამოს რომანტიკული სურნელი, სხეულზე უნდა „იჯდეს” და ეხამებოდეს თქვენს ხასიათს, გემოვნებას, პროფესიას და ასაკს. ზოგადად, ორი ადამიანის ურთიერთობაში, როცა იწყება რომანი და ფლირტაობა, ვერც ერთი აცნობიერებს რა ხდება ამ დროს მათ შორის – ვერ აკონტროლებენ სიტუაციას. ამ დროს სხეულის არომატი, რომელიც ყველა ადამიანს ინდივიდუალური აქვს, დიდ როლს თამაშობს. ეს უხილავი სურნელი ხდის ადამიანს მეორისთვის სასურველს და მიმზიდველს. შესაბამისად, იწყება ლტოლვაც. მაგრამ, თუ ისეთი სუნამო გასხია, რომელიც შენია, მაშინ ლტოლვა გაორმაგებულია და საწინააღმდეგო სქესს ეს აგიჟებს, ჭკუას უკეტავს. ასე რომ, ქალმა შესაძლოა, ისე მოხიბლო და დაატყვევო მამაკაცი, რომ აზრზეც ვერ მოვიდეს, ისე გახდეს თქვენი მეორე ნახევარი. დამიჯერეთ, სურნელს საოცარი ჯადოსნური ძალა აქვს და შესწევს უნარი უფრო სასურველი გაგხადოთ. მამაკაცის შემთხვევაშიც ასეა. იდუმალი სურნელის ამოსახსნელად საპირისპირო სქესი ცდილობს ახლოს მოვიდეს, შეგიცნოს და შეგიყვაროს. აი, ეს არის სწორად შერჩეული პარფიუმის დამსახურება. მამაკაცის ბუნება რომ ამოიცნოთ, საკმარისია, დააკვირდეთ როგორი არომატის პარფიუმს გაჩუქებთ. სუნამოს არჩევა ადამიანის ტიპაჟის მიხედვით ხდება და ამ დროს ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. მაგალითად, რომელი აჩუქო თინეიჯერს, ბიზნესმენს, საქმიან ქალს და დიასახლისს. ბიზნესმენს რომ ძვირად ღირებული ბრენდული სუნამო უნდა ესხას, საქმიან ქალს – ,,შანელი” და თინეიჯერს – „კრისტინა აგილერა”, ეს ლოგიკურია. ასე რომ, ყველა მდგომარეობას, ასაკსა და პოზიციას, თავისი არომატი აქვს.