დაბრუნება წარსულში...
ვინ გითხრათ, რომ ძველი სიყვარულის დაბრუნება არ შეიძლება? ეს მოსაზრება მცდარია. უბრალოდ, კარგად უნდა გააანალიზოთ ამ ურთიერთობის ყველა პლუსი და მინუსი. არ მოიტყუოთ თავი და რეალურად შეაფასეთ სიტუაცია – ეს ცოტას დაგეხმარებათ, მით უმეტეს, რომ, წესით თქვენ მას, უკვე კარგად უნდა იცნობდეთ.
პლუსები: 1) თქვენ უკვე ზუსტად იცით, რა არის მისი სატელეფონო ზარების გაიშვიათების რეალური მიზეზი – გულმავიწყია, უყურადღებო თუ, საქმეში გართულს, მარტო თქვენთვის კი არა, საკუთარი თავისთვისაც არ სცალია.
2) იცით, როგორ შეიძლება მისი წონასწორობიდან გამოყვანა, რა უყვარს, რა აღიზიანებს... ერთი სიტყვით, მარტივად შეგიძლიათ მისით მანიპულირება (თუკი მოინდომებთ, რა თქმა უნდა).
3) იცნობთ მისი ხასიათის ნიუანსებს. გაქვთ სრული ინფორმაცია მის მეგობრებზე, ოჯახის წევრებსა და საქმიანობაზე.
მინუსები:
1) მინუსია ის, რომ ისიც კარგად გიცნობთ: იცის, რა ძნელია თქვენი გადარწმუნება; ახსოვს, როგორ იბუტებოდით და როგორ უწყობდით ეჭვიანობის სცენებს; როგორ იცრემლებოდით და ყველაფერი გწყინდათ, ანუ თქვენ ყოველივე ეს უნდა დაივიწყოთ და ის სასიამოვნოდ გააკვირვოთ.
2) მინუსი იქნება ისიც, თუკი თქვენ ვერ მოახერხებთ წარსული წყენების დავიწყებას, მათზე ყურადღების არგამახვილებას და პარტნიორის ისეთად მიღებას, როგორიც ის სინამდვილეშია!
ქალური ტრიუკები
იცით, როგორ უნდა გააკეთოთ ისე, რომ მამაკაცი სინდისმა შეაწუხოს და თქვენს წინაშე თავი დამნაშავედ იგრძნოს?! – ძალიან ცუდი საქციელი უნდა ჩაიდინოთ და მერე დიდხანს იხადოთ ბოდიში, გამოხატოთ დანაშაულის განცდა. შეეცადეთ, ამ დროს პატარა ბავშვს ჰგავდეთ, რომელმაც არც კი იცოდა, რას აშავებდა. როგორ იქცევა ქალი, რომელსაც დანაშაულის განცდა აქვს?! დამფრთხალი აცეცებს თვალებს და ამბობს: „ღმერთო ჩემო, არ მინდოდა... მაპატიე, თუ შეგიძლია...” სასურველია, გაწითლდეთ. ტუჩები გაბუსხოთ, თვალები დახაროთ... ამ თამაშში დასაძრახი არაფერია, უბრალოდ, უნდა იცოდეთ, როდის და როგორ ითამაშოთ. სხვათა შორის, მამაკაცებს ამის ყურება ძალიან მოსწონთ – მათთვის ეს თავშესაქცევი სანახაობაა. იცით, რატომ? გაგეღიმებათ და, ამ დროს ისინი თავს ყოვლისშემძლეებად და სამყაროს ბატონ-პატრონებად გრძნობენ. აი, ასეთი უწყინარი ტრიუკით შეგიძლიათ, მამაკაცის ყურადღება ისე მიიპყროთ, თავი სამუდამოდ დაამახსოვროთ. „ანკესზე” ნებისმიერი მამაკაცი წამოეგება, სრულიად უცნობიც კი, მერე კი ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.
საკვები ძლიერი სქესის წარმომადგენლებზე ნებისმიერ შემთხვევაში პოზიტიურად მოქმედებს. თუ მამაკაცს თქვენ მიმართ სიმპათია აქვს, საკვებით ამ სიმპტომს ერთიორად გაუძლიერებთ: შესთავაზეთ თუნდაც კანფეტი, შოკოლადი, ხილი და უთხარით, რომ სიამოვნებით აკეთებთ ამას. ნახავთ, ეფექტი არ დააყოვნებს. საერთოდ, ტყუილად არ არის ნათქვამი, რომ მამაკაცები დიდი ბავშვები არიან – ეს მართლაც ასეა. დააკვირდით, რა უყვართ და მოსწონთ ბავშვებს, მერე კი იმოქმედეთ!
მე მიყვარს, მე!
სიყვარული კარგია, მით უფრო, სიყვარული საკუთარი თავის მიმართ. მას არაფერი აქვს საერთო ეგოიზმთან, ამიტომ ნუ შეგეშინდებათ. ადამიანი, რომელიც ყურადღებით ეკიდება საკუთარ პერსონას, სხვების მიმართაც ყურადღებიანი და მზრუნველია. ცუდი ისაა, რომ ადამიანების უმრავლესობამ არ იცის, როგორ უნდა უყვარდეს საკუთარი თავი. არადა, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. დღეში თხუთმეტწუთიანი ფიზიკური აქტიურობა თქვენს სხეულს მოდუნებისა და მოშვების საშუალებას არ მისცემს. სამსახურში სირბილი არ ითვლება. ეს მოსაწყენი აუცილებლობაა, მაგრამ, მხიარულად ცალ ფეხზე ხტუნვა ან შესვენებაზე წაცეკვება სულ სხვაა – განწყობასაც გაგიუმჯობესებთ და დაღლილობასაც მოგიხსნით.
ზოგჯერ პირსაც ეცით პატივი, ანუ, დიეტა და მსუბუქი კვება ძალიან კარგია, მაგრამ, ზოჯერ უნდა ჭამოთ ის, რისი ჭამაც მართლა ძალიან გინდათ. თუნდაც ეს შოკოლადის ფილა იყოს.
საყიდლები! – ოო, ეს ქალების მთავარი სისუსტეა და ზოგჯერ ისე ვიზღუდავთ თავს (როცა ვხვდებით, რომ ამით ჩვენს ბიუჯეტს სერიოზული საფრთხე დაემუქრება) რომ, არცთუ უწყინარ სტრესს ვაყენებთ საკუთარ ნერვულ სისტემას. თუმცა, აქაც არის გამოსავალი: ზომიერება – უპირველეს ყოვლისა და ყველაფერი კარგად იქნება. კიდევ ერთი რჩევა: როცა შოპინგისთვის განეწყობით და გაემზადებით, შეარჩიეთ 4-5 სანტიმეტრი ქუსლის მქონე ფეხსაცმელი, ამით ფეხებს კომფორტს შეუქმნით და დაღლილობასაც ნაკლებად იგრძნობთ.
იზრუნეთ ტვინზე! – ის თქვენი სხეულის მნიშვნელოვანი ნაწილია და მოვლა აუცილებლად სჭირდება. ტვინი უნდა ავარჯიშოთ. ამით მეხსიერებასაც გაიაქტიურებთ და ინტელექტსაც აიმაღლებთ: ზეპირად დაისწავლეთ სიმღერების ტექსტები; ნუ გაგეღიმებათ, მაგრამ, ზოგი ტვინს მელოდრამების, სერიალებისა და კომედიების, ასევე, მარტივად გასაგები ბესტსელერების კითხვით ასვენებს. ექვსსაათიანი დაძაბული გონებრივი შრომა ტვინისთვის მაქსიმალური ზღვარია, ამის მერე ის უნდა დაასვენოთ. როგორ?! – ეს თავად გადაწყვიტეთ.
და, ყველაზე მთავარი – ღიმილი... ხშირად გაუღიმეთ საკუთარ თავს და ცხოვრებას. სიცოცხლე მშვენიერი საჩუქარია და დააფასეთ ის!
მიეხმარე მას
თუ თქვენი რჩეული ბუნებით მშვიდი და გაწონასწორებულია, მისგან სუპერ-სიურპრიზებსა და ემოციურ აფეთქებებს ნუ დაელოდებით. პრობლემები წყვილებს შორის ძირითადად მაშინ იწყება, როცა ისინი ერთმანეთის გადაკეთებასა და შეუძლებლის მოთხოვნას იწყებენ. შეეცადეთ, საკუთარი თავის მიმართ მეტი პრეტენზია გქონდეთ და პარტნიორს დაეხმაროთ თავისი ღირსებების მაქსიმალურად გამოვლენაში – ეს თქვენს წისქვილზეც დაასხამს წყალს. მაგალითად, მშვიდი მამაკაცი ძალიან ენერგიული, სწრაფი და სუპერმოხერხებული ვერ იქნება: ნურც ამბიციების იმედი გექნებათ – ანუ, ის არ ეცდება კარიერულ წინსვლაში აქტიურობას. ყოველთვის დააკმაყოფილებს ის, რაც უკვე აქვს და თავს ზედმეტად არ დაიტვირთავს. თუ არ მოსთხოვთ, ყოველ მეორე დღეს გმირობის მაგალითები გიჩვენოთ და ნემსის ყუნწში გაძვრეს თქვენთვის ბრილიანტის ყელსაბამის საყიდელი ფულის საშოვნელად, ყველაფერი შესანიშნავად გექნებათ და ერთად დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებთ.
ზოგიერთ მამაკაცს აღიზიანებს და აკომპლექსებს მისი მეორე ნახევრისა, თუ პარტნიორის მუდმივი ყურადღების ცენტრში ყოფნა. თქვენ ამას აუცილებლად იგრძნობთ და, გონივრული იქნება, თუ დროებით „ჩრდილში” გადაინაცვლებთ – ამით მას კარგ სამსახურს გაუწევთ. მიეცით პარტნიორს საშუალება, ბოლომდე გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები. ის ამას აუცილებლად დაგიფასებთ და თქვენც კმაყოფილი იქნებით, როცა შემდგარი პარტნიორი გეყოლებათ გვერდით.
შეიძლება, ფიქრობთ, რომ იშვიათი იუმორის გრძნობა გაქვთ და ძალიან საინტერესო მოსაუბრე ბრძანდებით, თუმცა, როგორი უცნაურიც უნდა იყოს, მამაკაცები ქალში ამას ნაკლებად ეძებენ, ქალს კი მამაკაცში სწორედ ამ თვისების პოვნა უნდა. გონებამახვილობა და კრეატიულობა მამაკაცის მართლაც ძლიერი მხარეებია. ამიტომ, როცა საზოგადოებაში ერთად იქნებით, აცადეთ თქვენს პარტნიორს, თავად აიყოლიოს კამპანია, გაამხიარულოს და გაართოს ის. თქვენ მხოლოდ იამაყეთ, რომ გვერდით ასეთი მამაკაცი გყავთ.