კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ წაუკიდა სანდრო ჟორჟოლიანმა სახლს ცეცხლი და რატომ გარბოდა ის წვეულებებიდან

 

კინოში ყველაზე რთული კომედიური ჟანრია და ამ ჟანრში მუშაობა თანდაყოლილი იუმორის ნიჭისა და შესაფერისი გარეგნული მონაცემების გარეშე – კიდევ უფრო რთული. საბედნიეროდ, ჩვენი კონოს ისტორიაში იყვნენ ისეთი მსახიობები, რომელთა ეკრანზე გამოჩენაც კი, მაყურებელში გულიან სიცილს იწვევდა. და რომელთა სახელის ბრწყინვალება დღემდე არ გახუნებულა. დღეს ერთ-ერთ მათგანს – სანდრო ჟორჟოლიანს გავიხსენებთ მწირი, მაგრამ საინტერესო ცხოვრებისეული ამბებით – თუ როგორ დაიწყო მისი სამსახიობო კარიერა, რას საქმიანობდა მანამდე, რა უცნაური ჩვევები ჰქონდა, როგორ ეხუმრებოდნენ მეგობრები, როგორ იქორწინა დაგვიანებულ ასაკში, რატომ გაშორდა ცოლს და ასე შემდეგ.

სანდრო ჟორჟოლიანი კინოში პირველად რომ გადაიღეს, 37 წლის ყოფილა, პროფესიულ სცენაზე კი 33 წლისამ დადგა ფეხი. მანამდე, ბავშვობაში, თანატოლებთან ერთად, სახლის აივანზე მართავდა პატარა წარმოდგენებს. ერთ-ერთი ასეთი წარმოდგენა კრახით დამთავრდა: პატარა მსახიობებმა, მეტი დამაჯერებლობისთვის, ქაღალდის დეკორაციას ცეცხლი წაუკიდეს – როგორც ჩანს, მათ პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეს სახლის დაწვის სცენა და კინაღამ მთელი სახლი გადაწვეს.

სანდრო ჟორჟოლიანი თავისი ცხოვრების ყველა ეტაპზე თეატრით იყო გატაცებული, ეს იყო ბათუმის, თბილისის, ბაქოს გიმნაზიაში თუ ოდესის უნივერსიტეტში სწავლის დროს (სანდრო ჟორჟოლიანი ოდესის უნივერსიტეტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა) და, ამიტომ, თავი მიანება პედაგოგიურ საქმიანობას. რუსთაველის თეატრიდან წამოსვლის შემდეგ კი, რომელიც მან სანდრო ახმეტელისა და კოტე მარჯანიშვილის კონფლიქტის შემდეგ დატოვა, მარჯანიშვილის თეატრს მიაშურა და სიცოცხლის ბოლომდე ამ თეატრის სტაჟიანი მსახიობი იყო. მისი გიმნაზიის დროინდელი მეგობარი, ვახტანგ კაკაბაძე, ბახმაროში გატარებული ზაფხულის დღეებს იხსენებს: 

„სანდრო ჟორჟოლიანი ბათუმის გიმნაზიის მოწაფე იყო. მეც იქვე ვსწავლობდი. სანდრო მეექვსე კლასში გახლდათ, მე – მესამეში. ეს კი ისეთი „დაცილების მანძილი“ იყო, რომ მისი გადალახვის სურვილზე, სანდროსთან დაახლოების მიზნით, არც კი მიოცნებია. დაასრულა ექვსი კლასი და თავისი ნებით მიატოვა გიმნაზია, თურმე, იმ განზრახვით, რომ გიმნაზიის დამთავრებისთვის საჭირო ორი წლის პროგრამა ერთ წელიწადში აეთვისებინა და ამით ერთი წელი მოეგო. სანდრომ მართლაც ბეჯითად იმეცადინა და წარმატებით ჩააბარა გამოცდები ექსტერნად. 1907-სა თუ 1908 წლის ზაფხულში სანდრო ბახმაროში სააგარაკოდ იყო ჩამოსული, ყველასთვის სასურველი, ნიადაგ მხიარული, მეტწილად სტუდენტების წრეში ტრიალებდა. სანდროსა და მის წრეს „განვითარებული“ სტუდენტების სახელი ჰქონდა მოხვეჭილი, მრწამსითაც მარქსისტებს ეკუთვნოდნენ. ჩვენ, საშუალო კლასების რამდენიმე გიმნაზიელი, მოწიწებითა და გაუბედავად ვუახლოვდებოდით მოკამათე სტუდენტთა ჯგუფს. შებინდებისას უკვე მხიარულება მოიკიდებდა ფეხს. სტუდენტები წამოიწყებდნენ სიმღერას. მეტწილად სტუდენტურსა და რევოლუციურ სიმღერებს ასრულებდნენ, ქართულს, რუსულს. ძალიან პოპულარული იყო იმხანად ზოგი ქართული და რუსული რომანსი, მაგალითად, „მხოლოდ შენ ერთს...“ სცენის მოხალისენი არცთუ ისე იშვიათად მართავდნენ წარმოდგენებს შუაგულ მოედანზე. სანდრო ჟორჟოლიანმა აქ რამდენჯერმე გამართა სახელდახელო წარმოდგენა. რაიმე სერიოზულის დასადგმელად პირობები არ იყო, არ ჰქონდათ რეკვიზიტი, ბუტაფორია, დეკორაცია. კარგად დამამახსოვრდა სანდროს მიერ დადგმული ერთ-ერთი წარმოდგენა. ჯერ ვოდევილი გაითამაშეს, მგონი, „ორი მშვენიერი“, მეორე განყოფილება დივერტისმენტით დაიწყო. გვაჩვენეს პაროდია მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე. სანდრო იყო ჟიურიც და მეთაურ-ხელმძღვანელიც, რაღაც იმგვარი, ნამდვილ ცირკში რომ გამოდიოდნენ. სანდროს კოჭებამდე ეცვა რაღაც, კისერზე დიდი სასტვენი ეკიდა, დაუსტვინა თუ არა, სცენაზე გამოცვივდნენ „ჩემპიონები“, მაგრამ, როგორნი! ზოგი დონ კიხოტსა და მის სანჩო-პანსას მოგაგონებდათ, აწოწილი ჩონჩხები და ღიპიანი ბაჯაჯგუნები. უპირველესად, გაოცებას იწვევდა, სად მოუყარა სანდრომ თავი ასეთ „ტიპებს“. სასულე ორკესტრი საიდან იქნებოდა, მაგრამ, იყო ორი გიტარა და ერთიც  – მანდოლინა. სხვათა შორის, მანდოლინაზე ვირტუოზულად უკრავდა მომავალი კომპოზიტორი ვიქტორ დოლიძე, მაშინ თბილისის კომერციული სასწავლებლის მოწაფე. სანდრომ „ავანსცენაზე“ ჯერ მუსკულატორის სადემონსტრაციოდ გამოიყვანა ერთი „მოჭიდავე“, რომელსაც კუნთების ნასახიც არ გააჩნდა. ამ შეუსაბამობამ მაყურებელში სიცილი გამოიწვია, რაც წარმოდგენის ბოლომდე არ დამცხრალა. დაიწყო ჭიდაობაც და ყველაფერი აირია. დაიწყეს სცენაზე კოტრიალი. რეჟისორიც და არტისტებიც სიცილით იჭაჭებოდნენ, არამცთუ მაყურებელი. ფარდაც ჩამოუშვეს – ორი ჭინჭის ნაჭერი. ცოტა ხნის შემდეგ ისევ აიწია ფარდა და სანდრომ „ჩემპიონატის“ შედეგი გამოაცხადა. დასცხო „ორკესტრმა“ გამარჯვებულთა პატივსაცემად. 

ერთ დღეს ჟორჟოლიანმა და მისმა ამხანაგებმა ახალგაზრდების ექსკურსია მოაწყვეს „მზის გადასახედზე“. ღამით ადრე დაგვაყენეს აღმართს და გზა სულ სიცილსა და ხუმრობაში გავლიეთ. განსაკუთრებით დაუმცხრალმა მხიარულებამ იმ ჯგუფში დაისადგურა, რომელსაც სანდრო „ბრიგადირობდა“.

ილიკო ფერაძე: „მე და გიას თერთმეტი ბებია-ბაბუა გვყავდა. დედაჩემის ბიძა საქართველოს ყველასთვის საყვარელი კომიკოსი მსახიობი სანდრო ჟორჟოლიანი გახლდათ. შინაურებში და ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, სანდრო ჟორჟოლიანი საკმაოდ უცხვირპირო კაცი იყო. ქეიფებსა და დროსტარებაში ფულის ხარჯვა არ უყვარდა, არც სვამდა. ამიტომ, მის ხელმომჭირნეობაზე, ვისაც კი არ ეზარება, მითებს იგონებს. დედაჩემმა თავის დროზე პატარა წიგნად „ნიანგში“ გამოუშვა მოგონება – „მაქსიმიჩის ანდერძი“, სადაც ბიძამისის ბავშვობა გაიხსენა ბებია ბერეჟიანის მონაყოლიდან. დედას დაბადების დღეზე სანდრო ბაბუა შემოირბენდა მოსალოცად და არავითარ შემთხვევაში არ დაჯდებოდა სუფრასთან ხალხში – სად მცალია მე ახლა სამაიმუნოდ, რეპეტიციაზე მეჩქარებაო, – იტყოდა და გარბოდა“.

*

სანდრო ჟორჟოლიანის სუსტი წერტილი ლამაზი ქალები ყოფილა. ამასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ამბავი შეიძლება გავიხსენოთ: გასტროლებზე ყოფნისას ერთი ქალის სილამაზემ სანდრო ლამის სულ გადარია და კარგა ხანს სთხოვდა შეხვედრას. ეს ამბავი ჟორა შავგულიძემ რომ გაიგო, გადაწყვიტა, ჟორჟოლიანს თავისებურად გახუმრებოდა. ჟორას იმ ქალბატონისთვის უთქვამს: სანდროს უთხარით, ვითომ მორცხვი ხართ და ღამით შეჰპირდით შეხვედრასო. გახარებული ჟორჟოლიანი დათქმულ ადგილას მივიდა. ცოტა ხანში აღმოაჩინა, რომ იმ ქალის ნაცვლად ქალის სამოსში გამოწყობილი შავგულიძე ახვევდა თავბრუს. 

ერთხელ, გასტროლებზე, ერთ-ერთმა მსახიობმა ჟორჟოლიანს საწოლის ქვეშ ანთებული ლამპა შეუდგა. საწყალს ისე დასცხა, რომ მთელი ღამე წრიალებდა. ცნობილია, რომ, ოდესის უნივერსიტეტის წყალობით, სანდრო ჟორჟოლიანი საკმაოდ კარგად ფლობდა ფრანგულ ენას – გამართულად ლაპარაკობდა და კითხულობდა ფრანგულად, გამოწერილი ჰქონდა სხვადასხვა ფრანგული გამოცემა. პირადი ბედნიერება მას 42 წლის ასაკში ეწვია – 23 წლით უმცროს მშვენიერ პოლონელ პიანისტზე, დედით ქართველ ქალბატონზე, ირინა ორეხოვსკაიაზე დაქორწინდა, რომელთანაც მას უმშვენიერესი დინარა შეეძინა (დინარა ჟორჟოლიანს მაყურებელი იცნობს ფილმიდან „ოთარაანთ ქვრივი“, სადაც ის თავადის ქალს – კესოს თამაშობს). დინარას დაბადების შემდეგ ირინამ პედაგოგობას მიჰყო ხელი. ცოლ-ქმარი მალე დაშორდნენ. თუმცა, ისინი კარგ მეგობრებად დარჩნენ. მსახიობი  ყოფილ მეუღლესთან სადილადაც კი მიდიოდა ხოლმე. თავისი სილამაზისა და კინოში თამაშის გამოცდილების მიუხედავად, დინარამ სულ სხვა პროფესია – უცხო ენები აირჩია. სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ კათედრის გამგეც იყო. ამერიკაში გამგზავრება საქართველოსთვის ყველაზე მძიმე დროს, 1990 წელს მოუწია. სიეტლის უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად წავიდა და დღემდე ამერიკაში ცხოვრობს თავის ორ ქალიშვილთან და შვილიშვილებთან ერთად.

 

 

скачать dle 11.3