რა ქმედებებს იწვევს ბოროტი ძალის შესვლა ადამიანში
თანამედროვე ადამიანს საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს დაცემულ სულთა და, საერთოდ, სულთა სამყაროს შესახებ. ხშირად გაიგონებთ ასეთ ფრაზებს: ბოროტი ანგელოზი, კეთილი ანგელოზი, სახლის ანგელოზი. არსებობენ თუ არა კეთილი და ბოროტი ანგელოზები და როგორ მოქმედებენ დაცემული სულები ადამიანებზე, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).
– მამაო გიორგი, არსებობენ დაცემული სულები?
– დაცემული ანგელოზები, დემონები, ეშმაკები განეკუთვნებიან ანგელოზთა მოდგმას და ატარებენ მათი ბუნებისთვის დამახასიათებელ ყველა თვისებას. წმიდა ათანასე დიდის განსაზღვრებით: „ანგელოზები ცოცხალი, გონიერი, უხორცო, გალობისუნარიანი და უკვდავი არსებანი არიან”. წმიდა დიმიტრი როსტოველი აღნიშნავს, რომ „ანგელოზები ქმნილ არიან ღმრთის ხატად და მსგავსად, როგორც შემდგომ შეიქმნა ადამიანი”. ანგელოზები დროითა და სივრცით შემოსაზღვრული და, იმავდროულად, გარეგნული იერსახის მქონე არსებანი არიან. თვით სიტყვა „ანგელოზი” ბერძნულია და ნიშნავს: მაცნეს, მაუწყებელს. ეს სახელწოდება მან იმ დანიშნულებიდან გამომდინარე მიიღო, რომელიც ყოველთვის ღმერთის მიერ ადამიანთა მოდგმის გადასარჩენად არის მიმართული. ანგელოზთა შექმნის დრო წმიდა წერილში ზუსტად არ არის მითითებული, მაგრამ ეკლესიის მიერ მიღებული სწავლების თანახმად, მათი შექმნა წინ უსწრებდა ღმერთის მიერ მატერიალური სამყაროსა და ადამიანის შექმნას. დაცემული ანგელოზების შესახებ სწავლება კი შემდეგნაირია: იმ დრომდე, სანამ ეშმაკი ნათლის ანგელოზი იყო, ის ზეცაში მკვიდრობდა. წმიდა გამოცხადების მიხედვით, ცოდვა სათავეს სწორედ ეშმაკისგან იღებს. ბერძნულ ენაში ეშმაკი იწოდება „დიაბელოდ”, რაც ნიშნავს ცილისმწამებელს, ხოლო „სატანა” სემიტური სიტყვაა და აღნიშნავს მხდომს, მოწინააღმდეგეს. სატანა მხდომია უფლის წინაშე. მამათა ერთსულოვანი აზრით, მისი დაცემის მიზეზი თავდაჯერებულობა იყო. საკუთარი მდგომარეობით მოხიბვლის შემდეგ, მან მადლიერება დაკარგა, თავის აღმატებული მყოფადობა საკუთარ დამსახურებას მიაწერა და დაეცა.
– მამაო, თუ არის ცნობილი, სად არის დაცემულ ანგელოზთა ადგილსამყოფელი?
– მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების თანახმად, სულებს აქვთ ადგილსამყოფელი, რომელიც, საკუთარი ბუნებისა და თავისუფალი ნებიდან გამომდინარე, მათ შეძენილ თვისებებს შეესაბამება. დაცემულ ანგელოზთა ადგილსამყოფლად იქცა ცისქვეშა სივრცე, რომელიც ჰაერად იწოდება, დედამიწის ზედაპირი და ქვესკნელი, ანუ ჯოჯოხეთი. იობის წიგნში დაცემული ანგელოზი წარმოგვიდგება ცისქვეშეთში მოხეტიალე არსებად, რომელიც, კაცთა მოდგმის მიმართ დაუძლეველი ბოროტებით გაწამებული, მთელ ქვეყნიერებაზე დაწანწალებს. დედამიწაზე რომ ცხოვრობენ დემონები, ეს ნათლად არის დამოწმებული სახარებაში, სადაც მოთხრობილია მათი ქმედებები და ჩადენილი ბოროტებანი. ისინი ხდებიან მრავალი ავადმყოფობისა და სნეულების მიზეზი, მათ შეუძლიათ, შეაღწიონ ადამიანებსა და ცხოველებში (უფლის დაშვებით) და ტანჯონ ისინი. დემონები ცხოვრობენ წყალშიც, რაც ნათლისღების დღესასწაულზეც კარგად ჩანს, როდესაც მღვდელმსახურნი აღასრულებენ წყლის კურთხევის ლოცვებს და ღმერთს სთხოვენ, გაწმინდოს წყლები მათში მყოფი ბოროტი სულებისგან. ამჟამად კი დაცემული სულების ადგილსამყოფელი არის ჯოჯოხეთი, ანუ ქვესკნელი, ტარტაროზი, დედამიწის უძირო წიაღი. უფალმა თავის ამქვეყნად ორ მოსვლას შორის არსებულ უზარმაზარ შუალედში სატანა შეკრა და, როგორც აპოკალიფსშია მოთხრობლი, „შთააგდო იგი უფსკრულსა შინა და დაჰხშა კარი და დაჰბეჭდა მას ზედა” (აპოკ. 20,3).
– როგორი გარეგნობა აქვთ დაცემულ სულებს და როგორ მოქმედებენ ისინი ადამიანებზე?
– წმიდა მაკარი დიდი ამბობს, რომ, ისევე, როგორც ნებისმიერ სულს, ანგელოზებს აქვთ თავიანთი იერსახე. ეს გარეგნობა მსგავსია ხორცში მყოფი ადამიანის გარეგნული იერსახისა. იგივე წმიდანი აღნიშნავს, რომ ანგელოზებსა და სულებს ძალიან ფაქიზი, მაგრამ სხეულებრივი სახე გააჩნიათ – ფეხები, თმა, ერთი სიტყვით, ისინი ემსგავსებიან ადამიანის ხილულ სხეულს. სათნოებათა სილამაზე და ღვთის მადლი ასხივოსნებს წმიდა ანგელოზების სახეებს, ხოლო, რადგან დაცემული ანგელოზებისთვის უკიდურესი ბოროტებაა დამახასიათებელი, ამიტომ მათი სახეები ავაზაკთა და ბოროტმოქმედთა სახეებს ჰგვანან. დემონებმა საკუთარ არსებაში სიკეთის მოსპობით, ბოროტების აღმოცენებითა და განვითარებით დაიმახინჯეს თავი. ეს მათ გარეგნობაზეც აისახება, ამიტომ წმიდა წერილში მათ მხეცებს უწოდებენ, ხოლო ეშმაკების მთავარს – გველს. მათი გარეგნობა საზარელი და არასასიამოვნო სანახავია. დემონებმა მთელი თავიანთ ღვარძლი და სიძულვილი ღვთის ხატად შექმნილ ადამიანებზე გადმოანთხიეს. მათი ძალისხმევა იმისკენ არის მიმართული, რომ, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი დაღუპოს, ამისთვის კი არაფერს იშურებენ. ბოროტი სული ორნაირ სახეს იღებს: ხან უძირო წყვდიადია, ხან კი ნათლის ანგელოზად გარდაისახება. ამიტომაც ადამიანმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რომ სინათლის ნაცვლად სიკვდილს არ შევეყაროთ.
– რა ემართება ადამიანს, როდესაც მასში ეშმაკი შედის?
– ადამიანში შესვლის შემდეგ ეშმაკები სულის საშინელ დაბინდვას იწვევენ. ეს თავს იჩენს ისეთი ქმედების სახით, როგორსაც ადამიანი თრობის, ციებ-ცხელების ან ზედმეტი შეციებისას გამოავლენს. მაგრამ დემონს არ შეუძლია ადამიანის სული საკუთარ სამკვიდრებლად აქციოს. ადამიანში ბოროტი სულის დამკვიდრება ღვთის განსაკუთრებული დაშვებით ხდება. ეშმაკების გარეგნობა საზარელი და არასასიამოვნო სანახავია, ისინი ყველანაირი საშუალებით მოქმედებენ ადამიანებზე და ცდილობენ, ცოდვის მორევში ჩაითრიონ.
– მამაო, როგორ უნდა დავიცვათ მათგან თავი?
– მართლმადიდებელ ქრისტიანებს საეკლესიო საიდუმლოებებთან, ყველაზე მეტად კი – ქრისტეს სისხლთან და ხორცთან ზიარება ათავისუფლებს ეშმაკის ბატონობისგან, მაგრამ ეს მხოლოდ სრულყოფილი რწმენის შემთხვევაში ხორციელდება. რადგან სრულყოფილებას ყველა ვერ აღწევს, ამიტომ ამქვეყნად ეშმაკის ბატონობა გრძელდება. მისი ტყვეობისგან გათავისუფლება მხოლოდ ჭეშმარიტ მორწმუნეებს შეუძლიათ, ეს კი არის შედეგი მაცხოვრის ჯვარცმის უდიდესი მადლისა. ეკლესიის გამოცდილებიდან კარგად არის ცნობილი, თუ როგორ მოქმედებს ბოროტ ძალებზე საკმეველი, წმიდანთა სამოსი, ხატების სასწაულმოქმედება. იობის წიგნში დაცემული ანგელოზი წარმოგვიდგება ცისქვეშეთში მოხეტიალე არსებად, რომელიც, კაცთა მოდგმის მიმართ დაუძლეველი ბოროტებით განაწამები, მთელ ქვეყნიერებაზე დაწანწალებს და ცდილობს, ის რამენაირად დაღუპოს. თანამედროვე ქრისტიანების პირველი დაუდევრობა ქრისტიანული სწავლების ჯეროვანი არცოდნაა. ამას კარგად იყენებს ბოროტი ძალა და მას ადამიანები ისე ვერ ებრძვიან რწმენით, ლოცვით, ეკლესიაში სირულით, ზიარებით, როგორც ეს საჭიროა. დემონები ცდილობენ, უფრო მეტად გააძლიერონ ადამიანებზე საკუთარი გავლენა, ქმედება, გავლენის ქვეშ მოაქციონ ისინი და არ მისცენ ქრისტესთან, ეკლესიასთან მიახლოების საშუალება. ეს კი თანამედროვე ქრისტიანებისგან ითხოვს განსაკუთრებულ სულიერ სიფხიზლეს, ყურადღებას, საეკლესიო კანონთა და წმიდა მამათა დადგენილებების შესრულებას, სიფრთხილის გამოჩენას. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს პეტრე მოციქულის სიტყვები: „განიფრთხვეთ, მღვიძარე იყვენით, რამეთუ წინამოსაჯული თქვენი ეშმაკი, ვითარცა ლომი მყვირალი, მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქას” (პეტრე 5,8).