ირინას ღალატში ადანაშაულებენ
კატალონიურ „ბარსელონასთან” მორიგ მარცხთან ერთად, მადრიდის „რეალის” პორტუგალიელ ვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს კიდევ ერთი თავის ტკივილი მოემატა. იტალიური ტაბლოიდების ცნობით, მისი საცოლე, პლანეტის ერთ-ერთი ულამაზესი ქალბატონი – ირინა შეიკი ღალატობს. საქმე ისაა, რომ ამას წინათ ჟურნალისტებმა მომხიბლავი ირინა ნიუ-იორკში, „მედისონ სქვერ გარდენში” საკალათბურთო მატჩზე უცნობ მამაკაცთან ერთად შენიშნეს. წყვილი გვერდიგვერდ იჯდა და მხურვალედ ქომაგობდა „ნიუ-იორკ ნიქსის” კალათბურთელებს. ამ დროს კი კრიშტიანუ მადრიდში იმყოფებოდა და პრიმერა-დივიზიონის მორიგი მატჩისთვის ემზადებოდა. მოგვიანებით, ამ ბრალდებებს ირინამ თავად უპასუხა და განაცხადა, რომ მამაკაცი, მისი მეგობარი და შეთავსებით მენეჯერი რაიან ბრაუნია და იტალიური მედიით გავრცელებული ცნობა, აბსურდია.