ვინ არის ლეგენდარული ჩონსი ბილაპსის კერპი და NBA-ს რომელი კალათბურთელის რეკორდი მოხსნა კევინ ლავმა
მოგეხსენებათ, 2012 წელი ჩინური კალენდრის მიხედვით დრაკონის წელია და განსაკუთრებულია 12, 24, 36 და ასე შემდეგ ასაკის ადამიანებისთვის, რადგან ამ წელს მათ წარმატება ელით. „თბილისელების” ამ ნომერში ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში მოთამაშე ყველაზე ცნობილ „დრაკონებს” შემოგთავაზებთ და ვნახოთ, წარმატებული იქნება თუ არა ეს წელი კალათბურთის ვარსკვლავებისთვის.
ბრედლი ალან მილერი – დაიბადა 1976 წელს – „მინესოტა ტიმბერვულვზი”
ბრედლი მილერი უპირველეს ყოვლისა კალათბურთის მოყვარულთათვის ცნობილია 2002 წელს შაკილ ონილთან ჩხუბით. იმ ჩხუბის ინიციატორი, ცნობისთვის, ლეგენდარული შაკილი იყო. დრაკონის წელში დაბადებასთან ერთად, ბრედლი ჰოროსკოპით ვერძია, ვერძები კი გამარჯვებებისთვის მიზანსწრაფულები არიან.
კევინ გარნეტი – დაიბადა 1976 წელს – „ბოსტონ-სელტიქსი”
კევინ გარნეტი NBA-ს ძველი გვარდიის წარმომადგენელი და „ბოსტონ-სელტიქსის” უპირობო ლიდერია. მასზე ხუმრობენ, „დრაკონს” არასდროს სძინავს და ის მუდამ მზად არის შეტევისთვის. ბოლო წლებია გარნეტს სრული პოტენციალის გამოსავლენად ტრავმები უშლის ხელს, ძირითადად, ზურგისა და ფეხების არეში. თუმცა, კალათბურთისთვის სოლიდურ ასაკში, იგი ჯერაც ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე და არც მოედანზე არსებულ კინკლაობებზე ამბობს უარს. მას ეს შეხლა-შემოხლა მოსვლია დუაიტ ჰოვარდთან, ხოსე-ხუან ბარეასთან...
ტადეუს იანგი – დაიბადა 1988 წელს – „ფილადელფია-76”
„ფილადელფიის” „დრაკონი” ფორვარდი, ტადეუს იანგი გუნდის ვარსკვლავი, სული და გულია. კლუბის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ მასთან ერთად, ისინი წარმატებას მიაღწევენ. ერთადერთი, რამაც შესაძლოა, შეუშალოს მას ხელი ვარსკვლავად ჩამოყალიბებაში სუსტი ნერვებია ძალიან ფიცხი მოთამაშეა ტადეუსი და ხშირად მსაჯებთან ან მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეებთან კამათობს.
ლენდრი ფილდსი – დაიბადა 1988 წელს – „ნიუ-იორკ ნიკსი”
ლენდრი ფილდსი 2010 წელს, დრაფტის შედეგად მოხვდა NBA-ში. საინტერესოა, რომ მამამისი, სტივ ფილდსიც დრაფტის საშუალებით მოხვდა ლიგაში, თუმცა გაცილებით დიდი ხნის წინ, შორეულ 1975 წელს ფილდსი რამდენჯერმე დაასახელეს აღმოსავლეთის კონფერენციის საუკეთესო ახალწვეულად და მას საკმაოდ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ ლიგაში. ერთადერთი, რასაც მას უწუნებენ, არის მიდრეკილება სიმსუქნისკენ. ამან შესაძლოა, დაღი დაასვას მის სისწრაფეს მოედანზე.
დანილო გალინარი – დაიბადა 1988 წელს – „დენვერ-ნაგეტსი”
„დენვერ-ნაგეტსის” ფორვარდი, იტალიის ნაკრების წევრი, დანილო გალინარი ლიგაში 2008 წლიდან ასპარეზობს და ერთ დროს ის „ევროლიგის” ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნეოდა. ჯერჯერობით გალინარის თავისი პოტენციალი სრულად არ გამოუვლენია. თუმცა, ამბობენ, რომ წლევანდელ სეზონში, რომელიც ლოკაუტის გამო გვიან დაიწყო, იგი მობილიზებას მოახერხებს და თავის კლუბს პლეი-ოფის საგზურის მოპოვებაში დაეხმარება. სხვათა შორის, ლოკაუტის პერიოდში გალინარი მშობლიური „მილანის” ღირსებას იცავდა იტალიის ჩემპიონატში, სადაც წარმატებით ასპარეზობს ჩვენებური ვიქტორ სანიკიძე.
კევინ ლავი – დაიბადა 1988 წელს – „მინესოტა ტიმბერვულვზი”
ბრედლი მილერის შემდეგ, ლავი მეორე „დრაკონია” მინესოტურ გუნდში. ნიჭიერი, ახალგაზრდა და პროგრესირებადი – ასე ახასიათებენ მას საკალათბურთო ინდუსტრიაში. ლავი ამერიკის ნაკრების წევრია და 2010 წელს მან მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ლავს ამერიკული კალათბურთის მომავალ ვარსკვლავად მიიჩნევენ, რადგან ძალიან ახალგაზრდამ უკვე მოახერხა, რამდენიმე რეკორდის დამყარება – მათ შორის ლეგენდარული ქარიმ აბდულ-ჯაბარისა და მოზეს მელოუნის რეკორდები მოხსნა. გასულ წელს მან პირველად მიიღო მონაწილეობა „ყველა ვარსკვლავთა” მატჩში, NBA-ს კომისარის ინიციატივით ლავმა ტრავმირებული იაო მინი შეცვალა.
ჩონსი ბილაპსი – დაიბადა 1976 წელს – „ლოს-ანჯელეს კლიპერსი”
კიდევ ერთი „დრაკონი” NBA-ს ძველი გვარდიიდან. ნაციონალურ ასოციაციაში ბილაპსი 1997 წლიდან ასპარეზობს და ამ ხნის განმავლობაში მან არაერთხელ მიიღო მონაწილეობა „ყველა ვარსკვლავთა” მატჩში. გარდა ამისა, ბილაპსი 2004 წლის NBA-ს ჩემპიონია „დეტროიტ პისტონზის” შემადგენლობაში და 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონია ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების მაისურით. ბილაპსი დღემდე ეროვნული ნაკრების კანდიდატია და შესაძლოა, 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, „დრიმ თიმად” წოდებულ გუნდს, მორიგი ოქროს მედალი მოაგებინოს. ცნობისთვის, ბილაპსის კერპი ლეგენდარული ჯო დუმარსი იყო და მის პატივსაცემად ჩონსი 4-ნომრიან მაისურს ატარებს კლუბში.
რასელ უესტბრუკი – დაიბადა 1988 წელს – „ოკლაჰომა-სიტი ტანდერი”
რასელ უესტბრუკი პირველივე სეზონზე NBA-ში საუკეთესო ახალწვეულთა ხუთეულში მოხვდა. უესტბრუკი ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტიდან მოხვდა 2008 წლის დრაფტზე, სადაც ის მეხუთე ნომრად, ოკლაჰომის გუნდმა აირჩია. კევინ ლავის და ჩონსი ბილაპსის მსგავსად, რასელ უესტბრუკი 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონია.
კევინ დიურანტი – დაიბადა 1988 წელს – „ოკლაჰომა-სიტი ტანდერი”
2010-2011 წლების ყველაზე შედეგიანი მოთამაშე და ვარსკვლავური „დრაკონი” ოკლაჰომური გუნდიდან – დიურანტის ბავშვობის ოცნება იყო NBA-ში მოხვედრა და 2008 წელს, დრაფტზე მისი ოცნება რეალობად იქცა. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ დრაფტზე არჩევისას დიურანტი ამერიკის ნაკრების მწვრთნელის თვალთახედვის არეში მოხვდა და რამდენიმე წვრთნაშიც მიიღო მონაწილეობა. დიურანტი 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ყველაზე ფასეულ მოთამაშედ დასახელდა. ეს იყო ჩემპიონატი, რომელზეც ამერიკელებმა ოქროს მედლები მოიპოვეს.
ანტუან ჯეიმისონი – დაიბადა 1988 წელს – „კლივლენდ კავალიერსი”
გასულ წელს ანტუან ჯეიმისონი, რომელიც ამერიკის ნაციონალურ ასოციაციაში 1998 წლიდან თამაშობს, 18 000 დაგროვილ ქულას გადასცდა და იგი ჯერაც თავისი გუნდის მთავარ დამრტყმელ ძალად ითვლება. საინტერესოა, რომ, თავდაპირველად ჯეიმისონი ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდა და კალათბურთზე მოგვიანებით გადაერთო. თუმცა, ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ იგი მწვრთნელებს შეემჩნიათ და დრაფტის საგზური მიეცათ. 2004 წელს ჯეიმისონი NBA-ს საუკეთესო მეექვსე მოთამაშედ აღიარეს. მას ორჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა „ყველა ვარსკვლავთა” მატჩში.
დექსტერ პიტმენი – დაიბადა 1988 წელს – „მაიამი ჰითი”
პიტმენი 2010 წლის დრაფტზე მეორე წრეში 32-ე ნომრად აირჩია ფლორიდულმა კლუბმა და იმ წლის ახალწვეულთა შორის მას ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აღმოაჩნდა. წლევანდელ სეზონში მაიამის საჩემპიონო ამბიციები აქვს და „დრაკონი” პიტმენი ამ ოცნების ასრულების ერთ-ერთ მთავარ მოქმედ პირად უნდა იქცეს.
დერიკ როუზი – დაიბადა 1988 წელს – „ჩიკაგო ბულზი”
ყველაზე ვარსკვლავური „დრაკონი” NBA-ს „დრაკონებს” შორის – დერიკ როუზი გასული სეზონის ყველაზე ძვირფას მოთამაშედ აღიარეს. ის პირველია, ვისაც ასე ახალგაზრდულ ასაკში ხვდა წილად ეს პატივი. როუზი 2008 წლის დრაფტის პირველი ნომერი და 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონია. იმავე წელს მან მონაწილეობა მიიღო „ყველა ვარსკვლავის” მატჩში და 1998 წლის შემდეგ „ჩიკაგო ბულზის” პირველი მოთამაშე გახდა, რომელიც NBA-ს ყველაზე სანახაობრივ წარმოდგენაში მიიწვიეს. ცნობისთვის, დერიკ როუზამდე „ჩიკაგო ბულზის” უკანასკნელი მოთამაშე, რომელიც „ყველა ვარსკვლავთა” მატჩში იღებდა მონაწილეობას, ლეგენდარული მაიკლ ჯორდანი გახლდათ.