კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აჩერებს დროს დეკორატიული საათების კოლექციონერი ლელა კაციაშვილი


ის დიდ დროს ატარებს სახელოსნოში, რომელსაც „თავისუფალი დრო“ დაარქვა, სახელოსნოში, სადაც დეკორატიული საათების კოლექციაა თავმოყრილი. ამ საათებით, პროფესიით ჟურნალისტი ლელა კაციაშვილი მის მიერ განვლილი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდს ასახავს. ამიტომაცაა ლელას ხელით შექმნილი საათები განსხვავებული, ჭრელი, ზოგი ბავშვურად ლაღი, ზოგი უცნაური, ზღაპრული, იდუმალი. დღეისათვის ის ორი ათასამდე საათის ავტორია. როდის შექმნა მან პირველი ნიმუში და როგორ მოვიდა დღემდე, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ლელა კაციაშვილი: დროსთან მიმართებაში ჩემი დამოკიდებულება მაქვს. დრო ფილოსოფიური კატეგორიაა. როდესაც ვიწყებ საათების კეთებას, რა თქმა უნდა, ამ მომენტში მარტო ხელოვნებაზე არ ვფიქრობ... დროზეც ვფიქრობ.

ბავშვობიდან მიყვარდა ძალიან ძველებური საათები, გუგული რომ იჯდა შიგნით. როცა გავიზარდე და შევამჩნიე, რა სწრაფად გადის დრო, დავიწყე ფიქრი იმაზე, როგორ შემეჩერებინა ის, ძალიან რომ არ მაჩქარებდეს, ანუ შემექმნა ისეთი რამ, რომელიც თან საათი იქნებოდა, თან ნახატსაც რომ დამსგავსებოდა. როდესაც მას შევხედავდი, მარტო დროზე რომ არ მეფიქრა. ასე დავიწყე დეკორატიული საათების შექმნა.

– რა პროფესიის ბრძანდებით?

– პროფესიით ჟურნალისტი ვარ.

– რამდენი წელია, რაც ამ საქმით ხართ გატაცებული?

– 2000 წლიდან, უკვე ცხრა წელია. ადრე ძალიან ბევრ საათს ვაკეთებდი, დღეში შეიძლება ხუთი-ექვსი საათი გამეკეთებინა, თითქოს სერიებად გადმოვცემდი მათი მეშვეობით ჩემს განცდებს, ახლა უფრო ავტობიოგრაფიული საათების კეთება დავიწყე.

– დაგვათვალიერებინეთ ეს საათების კოლექცია და მათ მიხედვით გვიამბეთ თქვენი ავტობიოგრაფია.

– იყო პერიოდი, როდესაც ქუჩის ფესტივალებს ვაწყობდით ხოლმე, მაშინ გავაკეთე საათი „ბანჯო“. ჩემი სახელოსნოს გვერდით მუსიკალური მაღაზია იყო, სადაც მოდიოდნენ და უკრავდნენ ხოლმე: ზუმბა, ხოსე, ნიაზი... მე და ჩემს დას ზოგჯერ სცენაც გაგვიფორმებია მათთვის. იმ პერიოდს მახსენებს სწორედ ეს საათი.

ბებოსთან როცა ვიყავი სოფელში, იქიდან წამოვიღე ფაიფურის ლარნაკის ნატეხი და თუჯის ნაკეთობა, რომელიც შემდეგ საათის საკიდი გახდა, არადა, ერთ დროს, უფრო სწორად, მეთვრამეტე საუკუნეში, ის ხილის ლარნაკის ფრაგმენტი იყო. ეს საათი ბებოს მახსენებს, რადგან იმ ნივთებისგან არის დამზადებული, რომელიც მას ეკუთვნოდა და ყოველდღიურად ეხებოდა ხოლმე თავისი თბილი ხელებით.

– ეს მწვანე საათი თითქოს ბავშვურია.

– გეთანხმებით, ბავშვურია. როდესაც მას ვამზადებდი, ვცდილობდი, ბავშვობის ნოსტალგია გამომეხატა. ეს საათი სულ ახალი დამზადებული მაქვს, მასზე მინანქრით სოკოს ფორმის ზღაპრული სახლია გამოსახული.

– ამჟამად რამდენი საათი გაქვთ შექმნილი?

– დღეისათვის ორი ათასზე მეტი საათი მაქვს გაკეთებული, მათი უმრავლესობა ამ სახელოსნოშია თავმოყრილი.

ისედაც დაძაბულ ცხოვრებას დაძაბვა აღარ სჭირდება. ამიტომ მინდა, რომ ეს საათები იყოს მშვიდი, ასოციაციური, ხანდახან – ზღაპრულიც. დრო ისედაც გავა... ჩვენ რომ არ დავიძაბოთ, ის ისედაც მიდის, ხოლო დაძაბულობასა და სიჩქარეს არაფერი კარგი არ მოაქვს. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის, არ მოაქვს.

არასდროს ვიცი, საიდან რა გამოვა. უბრალოდ, მომაქვს სახელოსნოში სხვადასხვა, ერთი შეხედვით, უსარგებლო ნივთები. შეიძლება, ისინი წლობით იდოს უაზროდ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს საათად გადაიქცეს. შეიძლება, საათს მხოლოდ დღეში ერთხელ შეხედო მაგრამ, მან, გარდა იმისა, რომ დროს გამცნობს, კიდევ ცოტათი მაინც უნდა გაგართოს.

– მე ეს ვარდისფერი საათი მომეწონა...

– ეს საათიც საკმაოდ ძველია, 90-იან წლებში, შიმშილისა და სიცივის პერიოდშია დამზადებული. ხიზილალის კოლოფის თავსახურისგანაა გაკეთებული, რომელიც, რა თქმა უნდა, შემორჩენილი იყო სახლში. ხიზილალა კი არა, ყველა სახლიდან კვამლი გამოდიოდა, მაგრამ ეს საათი მაინც როგორი ვარდისფერია... იმ მომენტში ასე გავიფერადე ცხოვრება.

ეს საათიც იმავე პერიოდშია გაკეთებული ნავთქურის ძირისგან.

– ამ საათს რა ისტორია აქვს?

– ეს არის საათი-მუსიკა, მასაც მუსიკასავით ღრმა და სევდიანი თვალები აქვს. მისი სახე მინანქრითაა მოხატული, ის ძველი ვიოლინოსგან გავაკეთე. ეს საათი კი მანქანის ფარისაგან. მასში ჩანს ყველაფერი, რაც კი ამ სახელოსნოში ხდება: ვინ შევიდა, ვინ გავიდა და ასე შემდეგ.

– ეს კეთილი სახლი-საათიც თქვენი ნახელავია?

– დიახ, ეს ჩემი სახლია, მე ვცხოვრობ მასში...

– ძირითადად რა მასალით მუშაობთ?

– რკინა, მინანქარი, ხე, მინა, სარკე, ფაიფური... რასაც კი ვნახავ, ყველაფერს ვინახავ, ძველი ნივთი იქნება თუ რაღაცის ნამტვრევი.

ახლახან შვეიცარიაში მქონდა გამოფენა, რომელზეც ყველაზე პოპულარული იყო ღუმელის მილის თავისგან გაკეთებული საათი. ძალიან მოსწონდათ. იქ ალბათ მეცხრამეტე საუკუნის შემდეგ აღარ უნახავთ ღუმელი და ამიტომაც მოიხიბლნენ ასე. ძალიან ვნერვიულობდი გასაკვირიც არაა, შვეიცარია ხომ საათების ქვეყანაა და საქართველოდან ჩასულს ჩემი საათებით მათ ნამდვილად ვერ გავაკვირვებდი. ძალიან გამიხარდა, რომ სამმა დიზაინერმა შეიძინა ჩემ მიერ შექმნილი საათები, მათ შორის ერთ-ერთი შვეიცარიის საათების ქარხნის დიზაინერი იყო, ერთი საათი კოლექციონერმაც შეიძინა.

– თითოეული საათის აწყობას რა დროს ანდომებთ?

– გააჩნია. ყოფილა საათები, რომლებიც 15 წუთში ამიწყვია, ზოგიერთი მათგანი კი წლობით დევს, არ არის დამთავრებული და არც უნდა, რომ დამთავრდეს, იცვლება და იცვლება: ხან რაღაცას მოვაცლი, ხან რაღაცას დავამატებ, ხან მოვახერხავ, ხან დავახატავ...

– არის ამ კოლექციაში ისეთი საათი, რომელსაც ვერასოდეს შეელევით?

– არის, როგორ არა, და, არაერთი.

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?

– ეს კოლექცია მთელი ჩემი ცხოვრებაა. მასში არც ერთი საათი არ არის გასწორებული, არც ერთი არ უჩვენებს ზუსტ დროს, ყველა იმ დროშია ჩარჩენილი, როცა შეიქმნა.


скачать dle 11.3