კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა ჩააგდოს ქალმა მამაკაცი შოკში და აგრძნობინოს სინანული

შეცდომას ვუშვებთ, როცა ადამიანებს სქესის მიხედვით ვყოფთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე გრძნობებს ეხება. არ არის მართალი იმის მტკიცება, თითქოს ქალებს მეტად სტკივათ, კაცებს კი – ნაკლებად. მამაკაცები უფრო განიცდიან და იტანჯებიან სიყვარულში განცდილი მარცხისგან და ამიტომ მათ მეტი თანადგომა სჭირდებათ, ვიდრე ქალებს. თუ ერთმანეთის გაგება გვინდა, რის გარეშეც წარმოუდგენელია ნებისმიერი ურთიერთობა, სიტყვები „მეტი“ და „ნაკლები“ – უნდა დავივიწყოთ, ზოგჯერ გულით ვიფიქროთ და წარმოვიდგინოთ საკუთარი თავი იმ ადამიანის (გნებავთ – ქალის, გნებავთ – მამაკაცის) ადგილას, რომელსაც ჩვენი გამიზნული სიცივით ტკივილს ვაყენებთ. არაფერია იმაზე ცუდი, როცა სხვას ისე ექცევი, როგორც არ გინდა, რომ შენ თავად მოგექცნენ, სინანული კი ნებისმიერ შემთხვევაში მოდის და ერთნაირად აწუხებს ქალსაც და კაცსაც...

 

ვახო (38 წლის): დღემდე ვცდილობ, გავიგო, რა მოხდა. ვერც შოკიდან გამოვდივარ და ვერც იმ ტკივილისგან ვთავისუფლდები, რომელიც დაუმსახურებლად მივიღე. მიყვარდა, ძალიან მიყვარდა, არაფრისთვის მიმიქცევია ყურადღება ამ სიყვარულის გამო და, რა მივიღე?! დრო არაფერსაც არ კურნავს, ტყუილი ყოფილა. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ვატყუებდი საკუთარ თავს, რომ ყველაფერი დამავიწყდა. ვის გამოსვლია სირაქლემას პრინციპით ცხოვრება, მე გამომსვლოდა?! მინდა, ერთ კითხვაზე მაინც მქონდეს პასუხი: – ასე რატომ მომექცა, რა დავუშავე?

– შეყვარებულებს ხშირად ჰგონიათ, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ და ამიტომ ცხოვრება დამთავრდა.

– მე არ ვამბობ, რომ ჩემი ცხოვრება დამთავრდა, მაგრამ, სიყვარულისა და ქალების რომ აღარ მჯერა, ამაში დარწმუნებული ვარ. სულ მეგონა, რომ ძლიერი მამაკაცი ვიყავი და მხოლოდ სუსტი კაცები ებმებოდნენ ქალების ხაფანგში. სხვაზე რომ გამეგო ასეთი ამბავი, იქნებ, გამცინებოდა კიდეც, მაგრამ, ახლა ნამდვილად არ მაქვს საქმე სასაცილოდ, პირიქით, სინანული და უიმედობაა ჩემი ყოველდღიურობა. ძალიან დავითრგუნე. შეიძლება, იმიტომ, რომ თავს ვიდანაშაულებ – არ ღირდა მისი ასე შეყვარება. ჭკუით მაჯობა თუ, უბრალოდ, გაერთო ჩემზე, ვერ გამიგია, მაგრამ, ფაქტია, რომ ძალიან ცუდად მომექცა. ღამეები არ მეძინა, როცა ვაცნობიერებდი, როგორ მიმაგდო.

– ქალმა მიგაგდოთ? საყვარელმა?

– ფაქტობრივად, ცოლმა. როგორია კაცისთვის ამის აღიარება? მამაკაცებს ძირითადად, ჩვენი „საგმირო საქმეების“ მოყოლა გვიყვარს და სწორედ ამიტომაც „გვერხევა“.

– რისი თქმა გინდათ? – 

– ჰო, „გვერხევა“. უმრავლესობის იმიჯი შეგვექმნა, რომ უდარდელი ჭრიჭინებივით ვცხოვრობთ და არაფერი გვადარდებს; რომ ჩვენ არც სიყვარული ვიცით, არც ერთგულება და ჩვენთვის სულერთია, დღეს თუ ერთთან ვიქნებით და ხვალ – მეორესთან. რეალურად ასე არ არის. მამაკაცი, რომელიც ბევრს ლაპარაკობს ქალებზე, სინამდვილეში ერთი ქალითაც კმაყოფილდება და, რა ალაპარაკებს, გაუგებარია. ამით ხომ აშკარად უფუჭებს სხვებს საქმეს. გულწრფელად მშურს იმ მამაკაცის, რომელიც ცოლს უყვარს. ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა და იშვიათობაც.

– რატომ გგონიათ, რომ იშვიათობაა?

– იმიტომ, რომ სულ უფრო იკლებს ისეთი ქალების რიცხვი, ვინც ოჯახის ფასი იცის, ვინც მზად არის, საყვარელ მამაკაცს მოემსახუროს. ყველას ფულის ტომარა უნდა გვერდით, გართობა და ევროპაში მოგზაურობა.

– ეს ცუდია?

– აბა, კარგია?! შეიძლება, გათხოვებას ისე უყურებდე, როგორც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების შანსს?!

– მამაკაცები რომ არ აფასებენ ერთგულ და მზრუნველ ცოლებს?

– ხომ იცით, იმას არ აფასებ, რაც გაქვს და, თანაც, ისე გაქვს, რომ შესანარჩუნებლად წვალება არ გიწევს. შეიძლება, ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ, ეტყობა, ზედმეტადაც არ უნდა გადაჰყვე. მეც ასე არ დამემართა?! ზოგჯერ ვფიქრობ, რატომ ხდება ასეთი უსამართლობა? ერთგული, მოსიყვარულე ცოლები ისეთ მამაკაცებს ჰყავთ, ამას რომ არ იმსახურებენ, მე კი ქალი მთელი გულით შევიყვარე და იმან შოკში ჩამაგდო.

– ქალს შეუძლია, შოკში ჩააგდოს მამაკაცი?

– შეუძლია. ჯერ ერთი, სანამ მას არ შევხვდი, სიყვარულის „უკუჩვენებებზე“ წარმოდგენა არ მქონდა.

– სიყვარულს უკუჩვენებები აქვს?

– ჩემს შემთხვევაში აღმოაჩნდა. მე საშუალება არ მივეცი გონებას, გულისთვის შეეშალა ხელი. თურმე არ უნდა მექნა ასე. ყველაფერი უნდა გამეთვალისწინებინა. როგორც ჩანს, მაინც ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. მაგნიტივით მიმიზიდა თავისი სექსუალურობით, ყურებამდე შეყვარებული ვიყავი. ღამის კლუბში გავიცანი. ცეკვავდა და დანახვისთანავე დამაბრმავა. არავინ და არაფერი მაინტერესებდა. ერთ კვირაში მასთან გადავედი საცხოვრებლად, ნაქირავებში. დედაჩემი კინაღამ გაგიჟდა. ჯერ მლანძღა და მწყევლა. შემომითვალა, თვალით აღარ დამენახვოთ, არც შენ და არც შენი ეგრეთ წოდებული ცოლიო. მაგრამ, ჩემზე ამას საერთოდ არ უმოქმედია. არავის აზრი არ მაინტერესებდა, მიყვარდა და მორჩა.

– იქნებ, იმას არ უყვარდით?

– არ ვუყვარდი?! ჩვენს საერთო მომავალზე მელაპარაკებოდა, შვილებზე. მიყვარხარო, არ უთქვამს, მაგრამ, სიტყვებს აქვს მნიშვნელობა? თან ვყვებოდი. ერთი საათიც კი, მის გარეშე გატარებული, ჩემთვის ტანჯვა იყო.

– შეყვარებულები რეალურად ვერ აფასებენ სიტუაციას.

– თქვენ იმის თქმა გინდათ, რომ უფრო ადრე უნდა მივმხვდარიყავი, როგორი იყო ჩვენი ურთიერთობა?! მაშინ, რატომ იჯდა ჩუმად, როცა ქორწინებაზე ველაპარაკებოდი?! თქვენ ახლა ცდილობთ, მიმახვედროთ – მე თავიდანვე უნდა ვყოფილიყავი იმისთვის მზად, რომ ჩვენი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდებოდა. ვერ დაგეთანხმებით. ფისოსავით განაბული მეკვროდა და ისე მკოცნიდა, სული მიგუბდებოდა. არ უნდა დამეჯერებინა, რომ ვუყვარდი.

– საერთო ინტერესები გქონდათ? გყავდათ საერთო მეგობრები?

– შეიძლება, საერთო ინტერესები  გვქონდა კიდეც. გაგიკვირდებათ, რასაც ახლა გეტყვით, მაგრამ, არ მეცალა ამისთვის. არც მეგობრებთან ხშირად ყოფნის სურვილით ვიყავი შეპყრობილი. რაც თავი მახსოვს, სულ ჩემი მეგობრებისთვის ვიყავი, ყველგან მათთან ერთად დავდიოდი, მაგრამ, როცა შემიყვარდა, მარტო ამ ერთ ადამიანთან მინდოდა ყოფნა. რა არის ამაში გასაკვირი?!

– სულ რომ მის გვერდით იყავით, შეიძლება მობეზრდით. ამბობენ, ზედმეტი სიყვარულიც კი მოსაბეზრებელიაო.

– გამორიცხულია, არ შეიძლება, სიყვარული  მოგბეზრდეს. საყვარელი ადამიანი მაშინაც გენატრება, როცა გვერდით გყავს და მე ვიცი, ეს რა გრძნობაა. ჩემთვის ამ ქალზე ჭკვიანი, ლამაზი და საინტერესო არავინ იყო.

– თქვენ წეღან თქვით, რომ ცოლები იშვიათად უვლიან ქმრებს, ის გივლიდათ?

– მე ვუვლიდი და ვანებივრებდი. ჩვენი საერთო მომავალი უღრუბლო და ბედნიერი მეჩვენებოდა. ეჭვიც კი არ მქონია, რომ სულ ერთად არ ვიქნებოდით.

– და... გიღალატათ?

– ეგეც არ ვიცი. გიკვირთ? იმიტომაც ვარ შოკში, რომ უამრავი კითხვა დამრჩა პასუხგაუცემელი. ეთქვა, აღარ მინდიხარო, აღარ მიყვარხარო... სხვა შემიყვარდაო – გამიჭირდებოდა, მაგრამ, გავიგებდი.

– თქვენ ახლა ამბობთ ამას, მაგრამ, სკანდალის გარეშე ნამდვილად არ ჩაივლიდა. 

– გეთანხმებით, სკანდალი ალბათ იქნებოდა. სადაც სიყვარული და ემოციაა, იქ სკანდალიც არის და ჩხუბიც და ეს არ მიმაჩნია ტრაგედიად. მე ყველაფერი გარკვეული მიყვარს და მინდა. არასდროს ვთამაშობ, მით უფრო, იმ ადამიანთან, რომელიც ჩემთვის ძვირფასია და რომელიც მიყვარს. ვერაფრით შევეგუები იმ აზრს, რომ ასე უბრალოდ, ადგა და მიმატოვა. იცით, ეს ჩემთვის რამხელა ტკივილია?! შეურაცხყოფაზე აღარ ვლაპარაკობ. როცა ძალიან გტკივა, იქ თავმოყვარეობა უკანა პლანზე გადადის. იცით, კიდევ რა არ მესმის? რატომ აქვთ ქალებს იმის უფლება თუ უპირატესობა რომ, თუ ცუდად მოექცევიან, თავი მსხვერპლად წარმოაჩინონ. რატომ ვართ კაცები ყოველთვის დამნაშავენი. აი, ახლაც დარწმუნებული ვარ, რომელიმე ქალი ამის წაკითხვისას ჩემზე იტყვის, ახია მასზეო. თუმცა, გაუგებარია, რატომ არის კაცებზე ყოველთვის „ახი“?! რატომ არიან ქალები „მსხვერპლები“, კაცები კი „განტევების ვაცები“ გამოვდივართ?!

– კაცებს უფრო ახასიათებთ ისე წასვლა, რომ არაფერი აგიხსნან. 

– მე არ მივეკუთვნები ასეთი კაცების კატეგორიას. თუ ერთი აშავებს რაღაცას, დანარჩენებმა პასუხი რატომ უნდა აგონ? ერთი ქალის დანაშაულისთვის  ყველას ვაგებინოთ პასუხი?!

– მამაკაცებს ხომ უყვართ თქმა, ყველა ქალი ერთნაირიაო?

– ქალებიც ამბობენ, ყველა კაცი ერთნაირიაო. ჩემი აზრით, ეს ძალიან ბანალური და იაფფასიანი არგუმენტია, სასაცილოც კი. რას ვამტკიცებთ ამით ან ქალები, ან კაცები?! მე ახლა ვამბობ, თანაც ხმამაღლა და, არავისი მრცხვენია, რომ ქალისგან ვარ შოკში. სიყვარულისგან ტკივილი დამრჩა, საყვარელი ქალისგან – შოკი და იმედგაცრუება და, კიდევ – სინანული, რომელიც, ალბათ, არასდროს გამივლის. უკვე ვთქვი, რომ დრო მკურნალი არ არის. ოღონდ, ჩემი მეგობარივით არ მითხრათ, რომ ჯერ საკმარისი დრო არ არის გასული. მაინც, რამდენი უნდა გავიდეს, რომ ყველაფერი დამავიწყდეს და რწმენა დამიბრუნდეს?!

– თქვენ ხომ თავად თქვით, სისულელეა იმის მტკიცება, რომ ყველა ქალი ერთნაირიაო.

– ჰო, ალბათ, მაგრამ, შეყვარებული მამაკაცი ვეღარ არჩევს, როგორი ქალია მის გვერდით. სიყვარული მართლა ბრმაა. სულ ვფიქრობ, ჩემს ცხოვრებაში ხომ არ იყო ისეთი მომენტი, როცა ჩემზე შეყვარებულ ქალს ვუთხარი უარი და ამისთვის ხომ არ ვისჯები? რამდენიმე დღე აგრესიულიც ვიყავი – გავცოფდი და ვეძებდი, ვისზე ამომენთხია დაგროვილი ბოღმა. ეს შოკის მომგვრელი მიტოვება იყო.

– როგორია შოკის მომგვრელი მიტოვება?

– ერთ დღეს რომ წავა და აღარ მოვა. ჩვეულებრივად, ლოყაზე კოცნით რომ დაგემშვიდობება, კარს რომ გაიხურავს და აორთქლდება.

– რანაირად?

– აი, ამნაირად. პირში ჩალაგამოვლებული და გაბითურებული დამტოვა. ნებისმიერი სკანდალი გაცილებით უკეთესი იქნებოდა ამ გაუგებრობაზე. გეუბნებით, საშინელებაა, კოშმარი,  როცა არ იცი, რა ქნა, სად წახვიდე. პოლიციაში მინდოდა დამერეკა და მომეძებნა – ვიფიქრე, რამე ხომ არ დაემართა-მეთქი. მერე მისმა დაქალმა დამირეკა და მითხრა, არ ინერვიულო, კარგად არის, მაგრამ, შენ ვერ ნახავ ვეღარასოდესო. მერე გამითიშა ტელეფონი. რომ დავურეკე, აღარ მპასუხობდა. გავგიჟდი, ლამის ავუფეთქე ტელეფონი. ბოლოს აიღო. რაც უკვე გითხარი, იმის მეტი, არაფერი არ ვიცი და აღარ დამირეკოო. რა უნდა მექნა? მაინც სულელივით ველოდებოდი. წყალწაღებული რომ ხავსს მოებღაუჭება, ისე ვიქცეოდი. აღარ მიკვირს იმ ქალების, ქმრები ცხვირწინ რომ ღალატობენ და ამას ეგუებიან. თურმე, შესაძლებელი ყოფილა, ასე გიყვარდეს. საშინელებაა, მაგრამ, რეალურია. რომ დაბრუნებულიყო, იმავე წამს ვაპატიებდი ყველაფერს.

– ესე იგი, არ ყოფილა სხვაობა შეყვარებულ ქალსა და შეყვარებულ მამაკაცს შორის.

– არანაირი, არანაირი სხვაობა არ არის. ზღვარგადასული სიყვარული ერთნაირად აკარგვინებს თავმოყვარეობას ორივეს. საშინელ რაღაცას ვამბობ ამხელა კაცი, მაგრამ, მე ამ სიყვარულმა დამანგრია, გამომფიტა და გამომაცარიელა. საკუთარი თავისთვის ვერ მიპატიებია, რომ ვერ ვერევი ამ ყველაფერს.

– ეძებთ და ვერ პოულობთ?

– აღარ ვეძებ. რა აზრი აქვს? ზოგჯერ მეშინია კიდეც, სადმე შემთხვევით არ შემხვდეს. საშუალება რომ მქონდეს, სულ წავიდოდი აქედან. ჩემს კითხვებზე პასუხი რომ მაპოვნინა, იქნებ, ცოტა შვება ვიგრძნო. ესეც თავის მოტყუება იქნება, მაგრამ, მაინც...

– ყველაზე მეტად რა გაინტერესებთ?

– ასე რატომ მომექცა და, კიდევ, მიზეზი, რისთვისაც თითქოს პასუხს მაგებინებს. რა იყო ეს – შურისძიება? გამომიყენა? მაგრამ, დიდი სიყვარულის, სითბოსა და ყურადღების გარდა, მისთვის ხომ არაფერი მიმიცია? მიყვარდა და მზად ვიყავი, მისთვის მთელი ჩემი ცხოვრება მიმეცა. ალბათ, როგორ დამცინის... შეიძლება, პირველიც არ ვიყავი, ვინც გაასულელა ასეთი საქციელი მის ხასიათში ზის. ქალები მამაკაცებზე საშიშები არიან, არ უნდა ამას ლაპარაკი.

– თქვენ გგონიათ, მამაკაცები არ იქცევიან ასე?

– მე არ მაქვს ასეთი ფაქტის შესახებ ინფორმაცია და, თუკი მამაკაცებიც იქცევიან ასე, როგორც მე მომექცნენ, ისინიც ზუსტად ისეთივე არაადამიანურად სასტიკები არიან, როგორც ჩემი რჩეულია. აქამდე ვიცოდი, რომ ქალისთვის ოჯახი და ქმარი ძალიან ბევრს ნიშნავდა, მაგრამ, მოტყუებული აღმოვჩნდი და სინანული მკლავს...

– სინანული – რის გამო?

– ჩემი უანგარო და უსაზღვრო სიყვარულის გამო. ბოლომდე დავიხარჯე და, სულ ტყუილად. ჩემს ასაკში რომ ასე გამიტყდა გული, ბედნიერ მომავალზე ლაპარაკი სასაცილოა... ჯერ შოკიდანაც არ გამოვსულვარ.

 

 

скачать dle 11.3