რატომ ეძინა აკაკი გოგიჩაიშვილს მეუღლესთან ერთად რამდენიმე დღის განმავლობაში „რუსთავი 2-ში“ ფანჯრის რაფაზე
„ყოველდღიური რუტინა, „დედლაინები“, ზოგადად, „ნიუს რუმის“ სიტუაცია ძალიან რთულია. მაგრამ, ამ ყოველდღიურობას იმდენად მივეჩვიე, თან „ბიზნესკურიერის“ მთელი კოლექტივი ისე ვმუშაობთ, ისეთი აწყობილი მექანიზმი გვაქვს, რომ საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ თავს“, – ეს სიტყვები აკაკი გოგიჩაიშვილს ეკუთვნის. მას ინტერვიუს ჩასაწერად „რუსთავი 2-ში“ „ბიზნესკურიერის“ სამუშაო ოთახში შევხვდი, სადაც მუდმივად ფუსფუსი და სამუშაო გარემოა.
აკაკი გოგიჩაიშვილი: ადმინისტრაციის მხრიდან არის შემოთავაზება – თუ გინდა, იფიქრე, კვირაში ერთხელ თოქ-შოუს ტიპის გადაცემაზეო. თუ დამატებით კიდევ იქნება სხვა პროექტი, თან კვირაში ერთხელ, ჩემთვის მისაღებია. ზაფხულში გვქონდა ასეთი პროექტის გაკეთების მცდელობა, მაგრამ ის პილოტი, ანუ საცდელი ვარიანტი, რომელიც გაკეთდა, არ იყო საკმარისად კარგი. დღეს სატელევიზიო სივრცეში ბევრი თოქ-შოუა, მაგრამ ყველა ორიენტირებულია სკანდალზე, ძალიან ყვითელია. მესმის, რომ შეიძლება საზოგადოების მხრიდან „პრაიმ-თაიმში“ არის ამის დაკვეთა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც არჩევს სერიოზულ თემებზე საუბარს, იმაზე, რაც მას ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდება, ეხება.
– როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი ასეთი გადაცემის წამყვანად?
– ოჯახიც მაქვს და გამოცდილებაც – რატომაც არა. ზოგადად, ჩვენი სატელევიზიო სივრცე, მიზეზთა გამო, გაახალგაზრდავდა. როცა საუბარია გასართობ გადაცემებზე, კი ბატონო, პრობლემა არ არის, მაგრამ უხერხულია, როცა 20-25 წლის ჟურნალისტი ცხოვრებისეულ საკითხებზე გვესაუბრება – ეს, მინიმუმ, ნაკლებად დამაჯერებელია. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ასეთ თემატიკაზე მუშაობას საშუალო ან ზედა ასაკის წამყვანები მოკიდებენ ხელს და ტელევიზიებიც გამოიჩენენ ნებას, ამ ასაკისა და კატეგორიის ხალხს მისცენ ეთერი.
– არასდროს ყოფილხართ ისეთ სიტუაციაში, როცა მედიიდან წასვლა გდომებიათ?
– ცოლი სულ მეჩიჩინება: ამდენს ლაპარაკობ ბიზნესზე, ამდენი ინფორმაცია გვაქვს, სულ ეკრანს ხომ არ გამოეკიდები, იქნებ ვიფიქროთ შემდგომ ცხოვრებაზე, იქნებ ბიზნესი დავიწყოთო. ზუსტად ვიცი, რომ არც სურვილი მაქვს და არც გამომივა. ამიტომ, ვაკეთებ იმას, რაც გამომდის. ბოლოს და ბოლოს, საქართველოში უნდა იყოს ტრადიცია, რომ ჟურნალისტმაც, სპორტსმენივით, 40 წლის ასაკში დაამთავროს კარიერა. ასეთი ინფორმაციულობისა და კავშირების ფონზე, ბიზნესი რომ დამეწყო, კარგი იქნებოდა, მაგრამ ზუსტად ვიცი, არ გამომივა. ჩემში არ არის ის თვისებები, რასაც მინიმუმ, ქართული ბიზნესი მოითხოვს.
– ჟურნალისტიკის გარდა, კიდევ რის კეთება შეგიძლიათ, თუნდაც სახლში?
– თუ დამჭირდება, ყველაფრის კეთება შემიძლია, მით უმეტეს, საოჯახო საქმეებზე არ მაქვს პრობლემა. ნინო შვებულებაშია წასული და უკვე რამდენიმე დღეა, ბავშვი ნახევარი დღე, როცა სამსახურში არ ვარ, ჩემთან არის. ჭამა იქნება, ჩაცმა-დახურვა, გაღვიძება თუ სხვა დანარჩენი, ყველაფერი ჩემზეა და ეს ჩემთვის არანაირი ტვირთი არ არის.
– მოკლედ, მეუღლეს სრული დასვენება მიეცით.
– დღეს ჩვენც ვმუშაობთ, ისევე, როგორც შენ (ინტერვიუ ჩაწერილია 19 იანვარს – ავტორი). იდეაში, უნდა ვისვენებდეთ. საბოლოო ჯამში, წელიწადში ასეთი დღეების რაოდენობა გროვდება 12 ან 13 და ადმინისტრაცია საშუალებას გვაძლევს, ამის ხარჯზე ავიღოთ დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება. ანდა, შეგვიძლია, მოვითხოვოთ ნამუშევრის დამატებითი ანაზღაურება.
– ერთად დასვენებას ვერასდროს ახერხებთ?
– ახლაც ეთერში ვარ და როგორ? ავად გახდომის უფლებაც კი არ მაქვს. ბოლო დროს, როცა განსაკუთრებული სიტუაციაა, მიშა სესიაშვილი მეხმარება, ჩამანაცვლებს ხოლმე. მაგრამ, არ არის კარგი, რომ დიდი დროით, ერთ-ორ დღეზე მეტად, ჩამოშორდე ეთერს.
– იმას, რომ მეუღლეები ამდენი წელია, ერთად მუშაობთ, აქვს თავისი უარყოფითი მხარეები?
– ეს კარგიც არის და ცუდიც. კარგია იმიტომ, რომ ურთიერთგაგებაა – შენი მეგობარიც არის, კოლეგაც, მეუღლეც. ფაქტობრივად, ნებისმიერი კონფლიქტი, რომელიც სამუშაო ადგილას შეიძლება წარმოიქმნას, საბოლოო ჯამში, მშვიდობიანად უნდა დასრულდეს – სხვა გზა არ არის. ბოლოს და ბოლოს, თუ წარმოიქმნება ისეთი მომენტი, როცა სამსახურის დროს გარეთ ხდება რაღაც, მაშინაც ერთად ვართ; გვაქვს საშუალება, პროდიუსერთან ერთად გავარჩიოთ და მეორე დღეს სწრაფად დავგეგმოთ ფაქტზე რეაგირება – ეს კარგია. ცუდია ის, რომ 24 საათის განმავლობაში ერთად ვართ, მობეზრებას არ ვიტყოდი და შეჩვევა ხდება. ამიტომ ის ერთგვარი რომანტიზმი, რაც ახლავს იმას, რომ მეუღლე წასულია სამსახურში, ცოლი სახლში ელოდება, ცოტა მოენატრა, საჭმელი მოუმზადა, შეხვდა – არ არის.
– ადრეც არ გქონიათ რომანტიკული ურთიერთობა?
– არა, სულ ერთად ვმუშაობდით, სულ ამ რეჟიმში ვიყავით. ქორწილიც სპეციალურად დავნიშნეთ პარასკევს, ორდღიანი საქორწილო მოგზაურობა გვქონდა ბათუმში და ორშაბათს სამსახურში ვიყავით.
– ყველაფრის მიუხედავად, მუდამ ინარჩუნებთ სტაბილურობას და 12 წელია, ერთად ხართ.
– ზოგი მიიჩნევს, რომ ცოლქმრობა მთლიანად სიყვარულზე, გრძნობაზეა დამყარებული. რა თქმა უნდა, ვეთანხმები, გარკვეული პერიოდი, თუნდაც ერთი წელი ასეა – გრძნობა, ურთიერთმოწონება თუ ურთიერთმიზიდულობა არის ამ შემთხვევაში შემაკავებელი ფაქტორი. მაგრამ, შემდეგ – პასუხისმგებლობა ერთმანეთის წინაშე, პასუხისმგებლობა ბავშვის წინაშე, გარშემო მყოფთა, სამსახურის, იმ პროექტის წინაშე, რომელშიც ორივეა ჩართული – ეს არის, ალბათ, ძირითადი და შემდეგ, სხვა დანარჩენი.
– ალბათ, ბავშვის აღზრდაშიც ორივე ერთნაირად ხართ ჩართული.
– კი, რადგან ორივე ერთად მივდივართ სახლში და ერთად მოვდივართ სამსახურში. სახლში შრომას თანაბრად ვინაწილებთ – თუ საჭიროა, შემიძლია, ჭურჭელი დავრეცხო, სახლი გამოვხვეტო, მტვერსასრუტი გამოვიყენო. ყველაფერი შემიძლია გავაკეთო.
– ალბათ, ხშირად საუბრობთ ბავშვის მომავალზე.
– ვფიქრობ, ბავშვის მომავლის განსაზღვრასთან მიმართებაში მშობლის მთავარი ამოცანაა, თავს არ მოახვიოს მას რაღაც, სწორად გამოიცნოს, რისი ნიჭი და მისწრაფება აქვს და ხელი შეუწყოს. ჩვენ დროს ისეთი ტრადიცია იყო, რომ ბავშვი აუცილებლად უნდა გაჰყოლოდა მამის კვალს, ან სხვა რამეს. მეც, პრინციპში, ასე მომიწია. დიდი დრო დავკარგე გეოლოგიაზე – 5 წელი სწავლა, მერე 4 წელი ასპირანტურაში, დისერტაციის დაცვა და ასე შემდეგ. რაღაც პერიოდში მივხვდი, რომ ეს არ არის საჩემო საქმე, ის, რაც სიამოვნებას მანიჭებს. თუმცა, თავიდანვე ვიცოდი, რომ ჟურნალისტიკა მაინტერესებდა, ვერ გავყევი მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახმა მითხრა – სად მიდიხარ, რა შუაშია, ჩვენთვის აბსოლუტურად უცნობი სფეროა და რა გინდა იქო? ბოლოს მაინც იქ მოვხვდი, მაგრამ ტყუილად დავკარგე წლები – 10 წელი.
– ეს როგორ მიიღეს ოჯახის წევრებმა?
– ძალიან ცუდად. იმ დროს უნივერსიტეტში ვმუშაობდი კათედრაზე, თან დავდიოდი და ნიუსებს ვაკეთებდი. მერე, როდესაც აქაურმა ხელფასმა უნივერსიტეტის ხელფასს გაუსწრო, ვთქვი – ფინანსურადაც არ არის სწორი არჩევანი-მეთქი და წამოვედი. თუმცა, ჩემს შემთხვევაში, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ეს წლები არ დაკარგულა, რადგან გეოლოგიის სფეროში მოღვაწეობისას, ვისწავლე უმაღლესი მათემატიკა, უმაღლესი ქიმია, უმაღლესი ფიზიკა და ბევრი სხვა საგანი, ჟურნალისტს კი, ზოგადი ცოდნა ყოველთვის სჭირდება.
– „რუსთავი 2-ის“ საახალწლო შოუში მაყურებლის წინაშე მეუღლესთან ერთად განსხვავებულ ამპლუაში გამოჩნდით. ადვილად მოირგეთ ეს როლი?
– საერთოდ ძალიან კორპორატიული სულისკვეთების ადამიანი ვარ. თუ კომპანიას რაღაც სჭირდება, არ მაქვს პრობლემა. „60 წუთის“ პერიოდში იყო სამუშაო, როდესაც მეც და ჩემი მეუღლეც, სახლში არ მოვიდოდით დღეების განმავლობაში – ფანჯრის რაფაზე გვეძინა, რადგან მაშინ არ იყო ასეთი კომფორტული შენობა. ცხოვრებაში არ მიცეკვია, მით უმეტეს არ მიმღერია. ზუსტად ვიცი, რომ არც სმენა მაქვს, არც ხმა. სტუდიაში პირველი ფრაზა რომ წარმოვთქვი, ვინც იწერდა, გამოვიდა და თქვა: ამისგან არაფერი გამოვა, ვერაფერს გავაკეთებთ, გამორიცხულიაო. მთავარი ის იყო, რომ სასაცილო ყოფილიყო და საბოლოო მიზანიც ის, რომ საკუთარ თავზე გაგვეცინა.
– ხომ არ უმღეროდით ბავშვსაც?
– დაძინების დროს ვუმღეროდი, მაგრამ მეუბნებოდა: ძალიან გთხოვ, გაჩერდი, პირობას გაძლევ, ჩემით დავიძინებო. ბავშვობაში კი მიყვარდა ზღაპრები, მაგრამ აღარ მახსოვს. ამიტომ, რაღაც სისულელეებს ვიგონებ მოყოლის პროცესში. ის მერე ისე ინტერესდება, რომ არ იძინებს. მე მეძინება, გამეღვიძება, აღარ ვიცი, რას ვბოდავ, ის მაინც მისმენს.