ინტიმური საუბრები
ქმარმა ავადმყოფი დედის სახლში მოყვანა ამიკრძალა
გავთხოვდი მრავალსულიან ოჯახში. ჩვენთან ცხოვრობდნენ: ნიკას მშობლები, გაუთხოვარი და და ცოლშვილიანი ძმა. წლების განმავლობაში ხმა არ ამომიღია ზედმეტად, რომ უსიამოვნება არ მომხდარიყო. ცხადია, როცა ერთ ოჯახში (მით უფრო – ერთ ბინაში) ამდენი სული ცხოვრობს, „ბომბის“ აფეთქება ყოველ წუთსაა მოსალოდნელი, მაგრამ ასეთი რამ ჩვენთან არ მომხდარა, ყოველ შემთხვევაში, ჩემ გამო. რა თქმა უნდა, ბევრი რაღაც არ მომწონდა, ბევრის საქციელი ან სიტყვა მაღიზიანებდა და ხშირად ცრემლებამდეც კი მივსულვარ, მაგრამ, ჩემი ქმრის ხათრით ყველაფერს ვუძლებდი და ვიტანდი. ჩემი გათხოვებიდან ხუთი წლის შემდეგ მული გამითხოვდა, კიდევ ორი წლის მერე მაზლმა იყიდა ბინა და თავისი ოჯახით ცალკე გადავიდა, ნიკას მშობლებმა კი, პენსიაზე გასვლის შემდეგ, სოფელში გადაწყვიტეს წასვლა (მცხეთის რაიონში არაჩვეულებრივი სახლი აქვთ, ბაღითა და პატარა მეურნეობით) და, როგორც იქნა, დავრჩით მე და ჩემი ქმარ-შვილი მარტო. მაშინ ვიგრძენი, რამხელა ბედნიერება ყოფილა, როცა მხოლოდ შენს პირად ოჯახზე ხარ პასუხისმგებელი. ახალმა სიტუაციამ ნიკას თითქოს ახალი ენერგია და სიხალისე მისცა, მეც და ბავშვებსაც განსაკუთრებული ყურაღდებით გვექცეოდა, თან, სულ იმაზე მიხდიდა მადლობას, ამდენი წლის განმავლობაში ასე უკონფლიქტოდ რომ უძლებდი ჩემიანებს, თან ჰყვებოდი ყველას და ჩვენც გვივლიდიო. მერე ისე მოხდა, რომ მამა გარდამეცვალა, დედას ნერვიულობის გამო დამბლა დაეცა და ლოგინად ჩავარდა. მართალია, მშობლები ჩემი ძმის ოჯახთან ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ ჩემი რძალი მეოთხე შვილზე იყო ფეხმძიმედ, ის სამიც ძალიან პატარები ჰყავდა და, თავისთავად ცხადია, დედაჩემს ვერ მოუვლიდა. ბინაც არ ჰქონდათ იმხელა, რომ მე გადავსულიყავი მათთან (თუმცა, ამასაც ვერ ვიზამდი, რადგან მეც ხომ ჩემი ოჯახი მყავდა მოსავლელი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილები უკვე წამოზრდილები იყვნენ), არც იმის საშუალება გვქონდა, მომვლელი დაგვექირავებინა. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი ის იყო, დედა ჩემთან გადმომეყვანა, მით უფრო, რომ ერთი პატარა ოთახი თავისუფალი გვქონდა. ეს ვუთხარი კიდეც ჩემს ძმას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ნიკასაც უნდა შევთანხმებოდი. ეს შეთანხმებაც ზრდილობის გამო გადავწყვიტე, რადგან, დარწმუნებული ვიყავი, მეტყოდა, ასეთ რამეს როგორ მეკითხები, ცხადია, ჩვენ უნდა წამოვიყვანოთო. მაგრამ, თურმე, თორმეტწლიანი თანაცხოვრების მიუხედავად, აბსოლუტურად არ მცნობია ჩემი ქმარი. თავისი კატეგორიული უარი დედაჩემის გადმოყვანაზე ასე ამიხსნა: ის ოთახი იმისთვის მჭირდება, სტუმარი რომ მომივა, ღამე გავათენებინო; ან, იქნებ სულაც, ჩემმა მშობლებმა მოინდომეს რამდენიმე დღით ჩვენთან ჩამოსვლა და დარჩენა. რა ვუპასუხო, სიდედრი შევასახლე იმ ოთახში, თქვენთვის ადგილი აღარ დამრჩა და არ ჩამოხვიდეთ-მეთქი?! არ გამოვა ეგ საქმე, რამე სხვა მოიფიქრე. ძლივს მარტო დავრჩით ბინაში და ახლა ლოგინად ჩავარდნილი სიდედრის კვნესის მოსმენის თავი ნამდვილად არ მაქვსო. ისე მეწყინა, ისე მეტკინა გული, რომ ნიკას დანახვაც აღარ მინდოდა. თითქმის მთელი დღე დედაჩემთან ვიყავი, ხანდახან ღამითაც იქ ვრჩებოდი, მერე უთენია სახლში მოვრბოდი, ამათ დავხედავდი და ისევ დედასთან გავრბოდი. ერთ დღეს კი, გამთენიისას რომ მოვქანდი დედაჩემისგან, რომ ოჯახისთვის მიმეხედა, სახლში სტუმარი დაგვხვდა – სოფლიდან ჩამოსული ვიღაც ხნიერი კაცი. ნიკამ მითხრა, მამაჩემის მეზობელია მცხეთაში, ფეხი მოაჭრეს და ერთი თვე ჩვენთან უნდა იყოს, რადგან თბილისში არავინ ჰყავს ნათესავიო. მერე, ვინ უნდა მოუაროს-მეთქი, – ვკითხე ჭკუიდან გადასულმა. ხან მისი ცოლი ჩამოვა რამდენიმე დღით და ხან ქალიშვილი და ისინი მიხედავენ, შენ კი, როცა სახლში იქნები, ცოტა ხელს წააშველებ. ამ კაცისგან ისეთი პატივნაცემია მამაჩემი, ჩვენგან უფრო მეტიც ეკუთვნისო ისე გავცოფდი, მთელი ხმით ავყვირდი. აღარც კი მახსოვს, რას ვამბობდი, იმაში კი დარწმუნებული ვარ, საშინელი სიტყვები ვუწოდე. იმ საწყალმა კაცმა ყველაფერი გაიგონა, მაგრამ სხვაგან გადასვლა აზრადაც არ მოსვლია. ნიკამ კი ჩემი ყვირილისა და ჩხუბის დასრულების შემდეგ მოკლედ მიპასუხა: ეს ბინა ჩემია, ამ ოჯახში მე ვარ უფროსი და ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდა. თუ არ მოგწონს, შეგიძლია, მიბრძანდეო. ეს სიტყვები უკვე ბოლო წვეთი იყო – მეორე დღესვე შევიტანე განცხადება გაყრაზე და, რაც იურიდიულად გვეკუთვნოდა მე და ჩემს შვილებს, ყველაფერი მოვითხოვე. დიდი ბრძოლისა და წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, ვაჟბატონი იძულებული გახდა, ბინა დაეშალა და ნახევარი ჩვენთვის მოეცა.
მართალია, ორ ოთახში მთლად თავისუფლად ვერ ვეტევით ოთხი სული (მე, დედაჩემი და ჩემი ორი შვილი), მაგრამ, სამაგიეროდ, საცოდავ დედაჩემს, რომელსაც დიდი დღე აღარ უწერია, სიცოცხლის ბოლო დღეებში მაინც მოვუვლი ისე, რომ მერე სინანულმა არ შემიპყროს.
დალი, 38 წლის.
ღალატის გამო ცოლი ჩემზე შურს იძიებს
ცოლს ღალატის გამო გავშორდი, ანუ, მე ვუღალატე და არ მაპატია. თუმცა, ჩემს საქციელს მთლად ღალატადაც ვერ ჩავთვლი, რადგან, ოფიციალური საყვარელი კი არ გავიჩინე, შემთხვევითი ურთიერთობა მქონდა ქალთან, რომელიც არც მანამდე და არც მერე აღარ მინახავს. შემთხვევითი-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ მართლაც ასე მოხდა. ჩემი მეგობარი ცოლს ირთავდა და ქორწილის წინ „მალჩიშნიკი“ მოაწყო. ცხადია, მარტო კაცები ვიყავით, მაგრამ, ქეიფის შემდეგ ერთ-ერთმა ჩვენმა ძმაკაცმა სიურპრიზი გაგვიკეთა და ქალები მოიყვანა. რა უნდა მექნა ასეთ დროს, გამომეცხადებინა, რომ პიონერული ფიცი მაქვს ცოლისთვის მიცემული და სახლში უნდა წავიდე-მეთქი?! მით უმეტეს, რომ, ისეთი ნასვამი ვიყავი, იმ ქალის სახეც კი აღარ მახსოვს. ეს ამბავი კი ისევ იმ სიურპრიზის ავტორი ძმაკაცის წყალობით გასკდა: მეორე დღეს ათჯერ მაინც დამირეკა – ჯანზე როგორ ხარ, ხომ არ დაბერდიო. ერთ-ერთ დარეკვაზე ჩემი მობილური ცოლმა აიღო და იმ იდიოტმა მასაც იგივე უთხრა: მე მეგონა, შენი ქმარი დაბერდა და ჩამოსაწერი გახდა, მაგან კი ყველას გადაგვიჯოკრა, იმისთანა რამეები ჩაიდინაო. ჩემი ცოლი ისედაც ეჭვიანია და ესღა უნდოდა?! ჯერ ჩემი ტანსაცმელი დაათვალიერა დიდი ლუპით და ოქროსფერი თმის რამდენიმე ღერი იპოვა პიჯაკზე მიკრული. მერე იმ ღერებით ხელში, დოინჯშემოყრილი დამადგა თავზე და, ისეთი დაკითხვა მომიწყო, ვეღარ გავუძელი და ყველაფერში გულწრფელად გამოვუტყდი. მერე ლამის მუხლებზე დამდგარი ვთხოვდი პატიებას, მაგრამ, არც კი მომისმინა. მაშინვე ჩაალაგა ჩემი ნივთები და ერთი დღის ვადა მომცა, რომ ჩემთვის ბინა მეშოვა, თვითონ კი მეორე დილითვე გავარდა და გაყრაზე შეიტანა განცხადება. მიზეზად, ცხადია, ჩემი ღალატი დაასახელა. ამ ყველაფრის შემდეგ ჩამოურეკა ჩემს ძმაკაცებს და ყველას გარყვნილი და გათახსირებული უძახა. შემდეგ დაემუქრა, თქვენს ცოლებს დავურეკავ და ყველაფერს ვეტყვიო. საწყლები ისეთ დღეში ჩაყარა, ხან რიგ-რიგობით და ხან ერთად მოდიოდნენ და ეხვეწებოდნენ, ცოლებთან არ დაგვაბეზღოო.
საბედნიეროდ, ქეთის ცოლებთან არ დაურეკავს, მაგრამ, მე მაინც გამეყარა, ალიმენტიც დაანიშნინა და ახლა ისეთ დღეში მაგდებს, თავის მოკვლა მინდა: გარდა იმისა, რომ ნამუსზე ამაგდო და ბინიდან წილი არ მომცა (თუ მზად ხარ, შენს შვილებს ბინა წაართვა, კი ბატონო, წაიღე შენი ერთი ოთახიო), ჩემი საბანკო ანგარიშიდან ყოველ კვირას მახსნევინებს საკმაოდ სოლიდურ თანხებს და, რომ ჰკითხო, ბავშვებს ახმარს. მე ჩემს შვილებს ისედაც არაფერს მოვაკლებ, მაგრამ, ეს გამოძალვა საშინლად მაღიზიანებს და მაბრაზებს. აქამდე ყველაფერზე ვთანხმდებოდი იმის შიშით, რომ ბავშვების ნახვა არ ამიკრძალოს-მეთქი, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, მაინც არ მაძლევს შვილებთან შეხვედრის უფლებას, იმის მიუხედავად, რომ სასამართლომ უფლება მომცა, ბავშვები კვირაში ერთხელ ვნახო.
აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ზედმეტ უსიამოვნებასაც ვერიდები, რადგან ბავშვები ისედაც საშინლად განიცდიან სახლიდან ჩემს წასვლას. ერთმა ახლობელმა მირჩია, ცოლს სასამართლოში უჩივლე, რომ შეთანხმებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებას არღვევსო, მაგრამ, ამას ვერ ვაკეთებ. ჯერ ერთი, მერიდება, რომ ჩემი შვილების დედას ვუჩივლო, თანაც, ზუსტად ვიცი, ამას ისეთი რეაქცია მოჰყვება, მთლად შეაძულებს შვილებს ჩემს თავს. ჰოდა, ვარ ახლა ასე – უოჯახოდ, უშვილებოდ, ნაქირვებ ბინაში და იმას ვფიქრობ, როგორ მოვიქცე, რომ ჩემს ყოფილ ცოლს გული მოვულბო და თუნდაც ბავშვების ხათრით შემირიგდეს.
გუჯა, 36 წლის.
უცნაური ისტორია
მუდმივად ვკითხულობ თქვენს რუბრიკას და ძალიან ხშირად წამიკითხავს წერილი ნაშვილები ბავშვების შესახებ, რომლებშიც სულ განსხვავებული ისტორიები იყო მოთხრობილი, მაგრამ ჩემი ამბავი მაინც ყველასგან გამოირჩევა.
შემიყვარდა ქალი, რომელსაც არცთუ სახარბიელო წარსული ჰქონდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც შევირთე ცოლად, რადგან მის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომედგინა. ამის გამო გავინაწყენე და დავკარგე მშობლები, და-ძმა, ნათესავები და რამდენიმე მეგობარიც კი, რადგან, საეჭვო წარსულის მქონე რძალი არავინ მიიღო და აღიარა, მე კი სხვა ქალის სახელის გაგონებაც კი არ მინდოდა, ისე ყურებამდე ვიყავი შეყვარებული.
სხვათა შორის, ისეთი ცოლობა გამიწია, პატიოსნებასა და ოჯახის ქალობაზე თავდადებული ბევრი ქალბატონი ვერ დაიტრაბახებდა. მასთან ძალიან ბედნიერი ვიყავი და წუთითაც არ მინანია ჩემი ნაბიჯი. ჩვენს ბედნიერებას ერთადერთი რამ ჩრდილავდა – სამი წელი ისე გავიდა, შვილი არ გაგვიჩნდა, არადა, ასაკიც ისეთი გვქონდა, რომ ეს პრობლემა დროულად უნდა გადაგვეწყვიტა. ექიმებთან სიარულმა შედეგი რომ ვერ გამოიღო, ლია გადამეკიდა, ბავშვი ვიშვილოთო. ამაზე მეც ვფიქრობდი, მაგრამ, ვერ ვრისკავდი – ახალშობილი რომ ავიყვანოთ, ვაითუ, ჯანმრთელი არ გამოდგეს (გენეტიკას ხომ ვერ გამოვიკვლევდით) ან თოთო ბავშვის მოვლა გაგვიჭირდეს-მეთქი. ეს რომ ლიას ვუთხარი, აიჩემა, 4-5 წლის ბიჭი ავიყვანოთ და ყველა პრობლემა მოგვარდებაო. იმდენი მიჩიჩინა, დამითანხმა. დაატრიალა ნაცნობები და ბავშვთა სახლიდან 5 წლის არაჩვეულებრივი ბიჭუნა წამოვიყვანეთ. გიორგი ერქვა და სახელი აღარ შევუცვალეთ, მხოლოდ ჩემი გვარი მივეცი.
გიორგი ძალიან მშვიდი და კარგი ზნის ბავშვი გამოდგა და ისე მალე შეგვეჩვია, მეგონა, ჩვენთან დაიბადა და გაიზარდა-მეთქი. თან, ძალიან ნიჭიერი აღმოჩნდა – არაჩვეულებრივად მღეროდა. სხვათა შორის, ლიასაც ჰქონდა სიმღერის ნიჭი, ბიჭს რამდენიმე ხალხური სიმღერა ასწავლა და ისე ტკბილად მღეროდნენ ორ ხმაში, გესიამოვნებოდათ.
ხანდახან, როცა ბავშვი გვეკითხებოდა, თუ თქვენი შვილი ვარ, იმ სახლში (ასე ეძახდა ბავშვთა სახლს) რატომ ვცხოვრობდიო, ვპასუხობდით, რომ ჩვენ საქართველოში არ ვცხოვრობდით. სხვა ქვეყანაში წასვლის წინ დროებით იქ დავტოვეთ, ახლა კი დავბრუნდით და ისევ წამოვიყვანეთ. გიორგიმ რამდენჯერმე გვითხრა, მახსოვს, იქ დედიკომ მიმიყვანაო და თითს ლიასკენ იშვერდა.
ორი წლის შემდეგ ბავშვი ისე დაემსგავსა ლიას, ნამდვილი დედა-შვილი გეგონებოდა. ცოტა კიდევ რომ წამოიზარდა, სიარულით დაწყებული და სახის მიმიკებით დამთავრებული, ორივეს აბსოლუტურად ერთნაირი ჰქონდა. კიდევ ბევრ რაღაცაში რომ აღმოვაჩინე მსგავსება (სიმღერისა და ხატვის ნიჭი, ხასიათი, ნაკვთები, თვალების ფერი), უცნაური ეჭვის ჭია შემიჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი სიგიჟემდე მიყვარდა და ჩემს ღვიძლ შვილად მიმაჩნდა; მიუხედავად იმისა, რომ ბედნიერი ქმარი ვიყავი, მაინც ტვინს მიღრღნიდა იმაზე ფიქრი, გიორგი ლიას შვილი ხომ არ არის-მეთქი. ეს ეჭვი ნევროზშიც რომ გადამეზარდა, ვეღარ მოვითმინე და ლიას ყველაფერი ვუთხარი. საწყალი, ჯერ გაშეშდა, მერე კი ტირილი დაიწყო და პატიებას მთხოვდა ტყუილის გამო. ბოლოს გამომიტყდა, გიორგის თუ არ ვიშვილებდით, გაგეყრებოდი, ბავშვს იქიდან წამოვიყვანდი და როგორმე მარტო გავზრდიდიო. რამდენიმე თვე დამჭირდა ამ ტყუილის მოსანელებლად. თან მწყინდა, რომ ლია ბოლომდე არ მენდო, თან, ვერც ვამტყუნებდი, ასე რომ მოიქცა და, სადღაც, გულის სიღრმეში, მომწონდა კიდეც, რომ ჩემმა ცოლმა დედობა დააყენა პირველ ადგილზე, მიუხედავად ჩვენი სიყვარულისა. ეს ყველაფერი ბოლომდე რომ გადავხარშე და გავაცნობიერე, ისევ გადავიყარე გულიდან ეჭვები და მთელი არსებით დავუბრუნდი ოჯახს. ახლა ბედნიერი კაცი ვარ: მყავს ულამაზესი ცოლ-შვილი, ჩემს გიორგის კი ისეთი ნიჭი აღმოაჩნდა სიმღერაში, რამდენიმე წლის წინ უგამოცდოდ მიიღეს კონსერვატორიაში და ახლა მსოფლიოს უვლის გარშემო კონცერტებით.
ალექსი, 61 წლის.
ახლა აღარავის ვენდობი
ძალიან მიმნდობი ადამიანი ვიყავი. ვინმე რამეს რომ მეტყოდა, რომც მცოდნოდა, სიმართლეს არ მეუბნებოდა, მაინც ვუჯერებდი, რადგან, ვერ წარმომედგინა, რატომ უნდა მოატყუო ადამიანი ისე, სხვათა შორის, მით უფრო, თუ არანაირ გამორჩენას ამ ტყუილისგან არ ელი. ამის გამო იმდენჯერ ვიწვნიე გაწბილება და იმედგაცრუება, რომ თანდათან ეჭვიანი და უნდობი გავხდი თითქმის ყველას მიმართ – ახლა ყველაში ეჭვი მეპარება, ყველაზე ახლობელი და ერთგული ადამიანების ყოველ სიტყვასა თუ ქმედებაში ტყუილსა და ორგულობას ვხედავ. იმ დონეზე მივედი, რომ ოჯახის წევრებსაც (მათ შორის დედ-მამასაც) ალმაცერად ვუყურებ; რაც არ უნდა მითხრან, ყველაფრის გადამოწმებას ვცდილობ.
მანამდე, სანამ ასეთი გავხდებოდი, ანუ, როცა უაზროდ ვენდობოდი ყველას, შემიყვარდა ბიჭი, რომელსაც კარგა ხანს ვხვდებოდი და მისი ყოველი სიტყვის მჯეროდა. ყოველი შეხვედრისას ერთგულებასა და სიყვარულს რომ მეფიცებოდა, მეგონა, მართლა გიჟდებოდა ჩემზე, მართლა არავინ აინტერესებდა ჩემ გარდა, მაგრამ, ერთ დღესაც, გამომიცხადა, არც არასდროს მყვარებიხარ, ჩემს შეყვარებულთან ვიყავი ნაჩხუბარი და მის ჯინაზე გხვდებოდი. ახლა კი ისევ შევრიგდით და აღარაფერში მჭირდებიო. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა. ნებისმიერი ტკივილის გადატანა ძნელია, მაგრამ, განსაკუთრებით მძიმეა, როცა არა მარტო შეურაცხყოფილი და მიტოვებული, არამედ, მოტყუებულიც რჩები.
ძლივს გადავიტანე ეს ამბავი, რომ ახლა დაქალი გამომიტყდა ისეთ ამაზრზენ ტყუილში, რომ გამხელისაც კი მრცხვენია. ამ მეორე შემთხვევამ მთლად გამანადგურა.
მესამე და ყველაზე მძლავრი დარტყმა კი მშობლებმა მომაყენეს: 17 წლის ისე გავხდი, მათ შორის წაკინკლავებასაც არ შევსწრებივარ. ერთმანეთთან მტრედებივით იყვნენ, სულ „შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე“ გაუდიოდათ, მათ მეგობრებს სიყვარულის ეტალონად მიაჩნდათ, „რომეო და ჯულიეტას“ ეძახდნენ, მაგრამ, ერთ დღესაც, დედამ რაღაცაზე ეჭვი აიღო და ძალიან მალე მამა ღალატშიც გამოიჭირა, რის გამოც საშინელი სკანდალი მოუწყო. ამ ჩხუბში გაირკვა, რომ მამაჩემი ყოველთვის ღალატობდა დედაჩემს, ანუ, მუდმივად ჰყავდა ერთჯერადი ქალები ან ხანგრძლივდროიანი საყვარელი. დედას ბრალდებებს მამამ გაოცებულმა უპასუხა: ვერ გავიგე, რა გინდა, გაკლდა ჩემგან ყურადღება და პატივისცემაო?! ამაზე დედაჩემი კინაღამ შეიშალა და ნახევარსაათიანი ისტერიკის შემდეგ უთხრა, რადგან მხოლოდ ყურადღებაა მთავარი, ხვალიდან მეც გავაორმაგებ შენ მიმართ ყურადღებასა და პატივისცემას, მაგრამ, საყვარელსაც გავიჩენ და ვნახავ, თუ მოგეწონებაო. მამას ამ სიტყვებზე ხმამაღლა და ირონიულად გაეცინა და მერე დამცინავად უთხრა – შე საცოდავო, მაგისი შნოც არ მოგცა ღმერთმაო. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ საყვარელი მამაკაცისგან უარყოფილ ქალს ყველაზე უარესის გაკეთება შეუძლია – ერთი თვის შემდეგ გავიგე, რომ დედამ მართლა გაიჩინა საყვარელი, თანაც, საკმაოდ მდიდარი და რესპექტაბელური მამაკაცი. პირობისამებრ, ყურადღებას არ აკლებდა ოჯახს და იმ ჩხუბის შემდეგ საყვედურის მაგვარიც კი არაფერი წამოსცდენია ქმრის მიმართ, ოღონდ, აღარ უძახდა, „ჩემო სიცოცხლეს“, არსად დადიოდა მასთან ერთად და მე, თითქმის ბავშვიც კი, ვგრძნობდი, რომ მათ შორის აღარაფერი ხდებოდა (საწოლს ვგულისხმობ), რასაც მამა ხანდახან და, თანაც, გაუბედავად აპროტესტებდა, მაგრამ, ამ მცირე მცდელობისასაც კი, დედა ისე ირონიული ღიმილით ასწევდა წარბს და ისეთი უსიამოვნო ხმით ჰკითხავდა – „ბატონო?“, რომ ზურგში ჭიანჭველები დამივლიდა ხოლმე და სადმე ძალიან შორს მინდოდა გადაკარგვა.
ბოლოს დედამ ვეღარ გაუძლო და მამას ყველაფერში გამოუტყდა, იმან კი აპატია, ოღონდ, ერთი პირობით – რომ იმ კაცს მიატოვებდა. დედა მაშინვე დათანხმდა და ისეთი „გულის ამაჩუყებელი“ იყო მათი შერიგება, რომ სახლიდან წავედი და ერთი თვე ბებიასთან ვიყავი. მერეც არ მინდოდა შინ დაბრუნება, მაგრამ, მაშინ, ბებოსთვის სიმართლე უნდა მეთქვა, რასაც ის ნამდვილად ვერ გადაიტანდა. ამიტომ, გაჩუმება და ბედს შეგუება გადავწყვიტე, რაც არაფრით არ გამომდის.
ამ ყველაფრის შემდეგ, ალბათ, არავინ გამამტყუნებს, რომ არავის მიმართ აღარ მაქვს ნდობა, ყველა ყალბი და ფარისეველი მგონია.
გვანცა, 18 წლის.