მსოფლიოს მილიარდერების ახირებები, გატაცებები და კულინარიული კაპრიზები
მილიარდერები, მათი ახირებები, გატაცებები და ჩვევები, უმეტეს შემთხვევაში, განსხვავდება უბრალო ადამიანების გატაცებებისგან. ეს ფაქტი არც არის გასაკვირი, რადგან მილიარდერები – არაორდინარული ადამიანები არიან. ისინი არასტანდარტულად აზროვნებენ, იღბლიანები, შრომისმოყვარენი არიან და წარმატების ფორმულის საიდუმლოს ფლობენ. თუმცა, ისინიც, ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათაც შეიძლება, თავისებური გატაცებები ჰქონდეთ. მსოფლიოს მილიარდერთა ჩვევებსა და ახირებებზე „თბილისელების” ამ ნომრიდან შეიტყობთ.
მილიარდერი ფილიპ ანშუტცი – სამრეწველო მაგნატი, რკინიგზის, საფეხბურთო კლუბების, სატელეკომუნიკაციო კომპანიების მფლობელი და ამერიკის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ყოველდღე დილის ხუთის ნახევარზე იღვიძებს და დაახლოებით 15 კილომეტრამდე მანძილს ფარავს ძუნძულით. ცნობილია, რომ ანშუტცი მედიის წარმომადგენლებს არ წყალობს და უკანასკნელი ინტერვიუ ბიზნესმენთან, რომელიც ამჟამად უკვე 72 წლისაა, მხოლოდ შორეულ 1974 წელს გამოქვეყნდა.
ექსცენტრიკულ მილიარდერს, რიჩარდ ბრენსონს არაერთხელ უცდია „გინესის რეკორდების წიგნში” შესვლა. 1985 წლიდან ის მსოფლიო რეკორდებს კუდში მისდევს და რამდენიმე მათგანი გააუმჯობესა კიდეც. 1991 წელს ბრენსონმა წყნარი ოკეანე გადაკვეთა იაპონიიდან კანადის არქტიკის ნაწილამდე – სულ 10,800 კილომეტრი საჰაერო ბურთით და ამით მან რეკორდი მოხსნა. 2004 წელს ბრენსონმა კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა – ლა-მანშის სრუტე რეკორდულად სწრაფ დროში – 1 საათსა და 40 წუთში გადაცურა სატრანსპორტო ამფიბია „გიბს აქუადათი”. ბრენსონმა წინა რეკორდი 4 საათით გააუმჯობესა. აღსანიშნავია, რომ ბრენსონი არ ერიდება ისეთ ავანტიურულ და სარისკო თავგადასავლებში მონაწილეობის მიღებას, სადაც სასწორზე ადამიანის სიცოცხლე დევს.
გ. ლ. ჰანტი – ამერიკელი მილიარდერი თავის პოლიტიკურ შეხედულებებს ყოველდღიურ რადიოჩანაწერებში აფიქსირებდა. ეს ჩანაწერები 300-მდე რადიოსადგურის ეთერით ტრანსლირდებოდა ამერიკის ტერიტორიაზე. მასვე ეკუთვნის უტოპიური რომანი, ავტობიოგრაფიული ჩანაწერებით – „ალპაკა”.
თევზაობაზე შეყვარებული მილიარდერი, როს პერო ამერიკული, ტრადიციული ორპარტიული სისტემის წინააღმდეგ წავიდა და საკუთარი საპრეზიდენტო კამპანიის დაწყების მიზნით, პარტია ჩამოაყალიბა. ამით კი 1912 წლის შემდეგ, პირველად, მესამე კანდიდატის რანგში, წარმატებული წინაასაარჩევნო კამპანია აწარმოა. მიუხედავად იმისა, რომ ორივეჯერ დამარცხდა არჩევნებში ბილ ქლინთონთან ამბობენ, სწორედ როს პეროს დამსახურებაა, რომ ბილ ქლინთონმა გაიმარჯვა – როს პერომ წაართვა ხმების დიდი უმრავლესობა ჯორჯ ბუშ-უფროსს.
ლეგენდარული ჯონ დ. როკფელერი პენსიაზე გასვლის შემდეგაც კი, ენერგიულობით გამოირჩეოდა. ბიზნესიდან წასული მილიარდერი გოლფის თამაშმა გაიტაცა და საკუთარ მიწებზე მან სპეციალური მოედნები ააშენა, სადაც გოლფის თამაშს დღის განმავლობაში 4-7 საათს უთმობდა. როკფელერი თავად ხელმძღვანელობდა მოედნების დასუფთავების ოპერაციას, ხოლო ყინვის დროს თავის პარტნიორებს გათბობით აღჭურვილ ჟილეტებს ურიგებდა. ამის გარდა, როკფელერის ახირება გახლდათ ხეების გადარგვა. იგი პირადად აკონტროლებდა და ხშირ შემთხვევაში, თავადაც რგავდა, სპეციალისტებთან ერთად, 30 მეტრამდე უზარმაზარ ხეებს სპეციალური დანადგარებით თავის ნაკვეთში ნიუ-იორკთან ახლოს, პოკანტიკოში. ასევე, როკფელერი ნერგების დარგვის დიდი მოყვარულია და მისი პირადი რეკორდია – კვირაში 10 ათასამდე ნერგი.
მილიარდერი ჯონ პოლ გეტი ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერობით იყო გატაცებული. მის სასახლეში ლონდონთან ახლოს ხშირად იკრიბებოდნენ ანტიკვარები და ხელოვნებათმცოდნეები, რომლებიც კონსულტაციებს უტარებდნენ და რჩევებს აძლევდნენ მილიარდერს ამა თუ იმ ნივთის ყიდვის თაობაზე. მათივე დახმარებით დგინდებოდა ნივთების სინამდვილე. ჯონ პოლ გეტი დღის უმეტეს ნაწილს მუზეუმებსა და ანტიკვარულ მაღაზიებში ატარებდა, სადაც ისტორიულ ექსპონატებს და სასურველ ნივთებს არჩევდა თავისი კოლექციისთვის.
მელინდაზე დაქორწინებამდე ბილ გეითსი ენ ვინბლადს, პროგრამული უზრუნველყოფის კიდევ ერთ პიონერს, ეტრფოდა და მათი რომანი თავიდან ბოლომდე ერთი დიდი უცნაურობა იყო. შეყვარებული წყვილი არდადეგების დროს იმის ნაცვლად, რომ კინოში ან კაფეში წასულიყო, ერთმანეთს ფიზიკის წიგნებს უკითხავდნენ და თავიანთი პროფესორის, რიჩარდ ფეინმანის აუდიოლექციების კურსს უსმენდნენ. საზაფხულო წვეულებებზე ბილი იმის ნაცვლად, რომ ალკოჰოლი და სხვა სასმელები შეეთავაზებინა სტუმრებისთვის, მათ სხვადასხვა სახის ლოგიკურ თამაშებში იწვევდა. ერთხელ კი სტუმრებს ექვსი ტონა ქვიშა დაახვედრა და ქვიშის სახლების აგებაში ტურნირის მოწყობა შესთავაზა, რომელშიც, ცნობისთვის, თავადვე გაიმარჯვა. გეითსის გატაცებებიდან აღსანიშნავია წყალქვეშა თევზაობა და სპორტული ავტომობილების სწრაფი მართვა. საინტერესოა, რომ პროფესორებს უნივერსიტეტში გეითსი დაჰპირდა, 30 წლის ასაკამდე მილიონერი გავხდებიო, თუმცა, 31 წლის ასაკში, იგი არა მარტო მილიონერი, მილიარდერი იყო.
უორენ ბაფეტი, ლეგენდარული ფინანსისტი საკვების ამბავში სულაც არ არის პრეტენზიული. მილიარდერის საყვარელი კერძია ჰამბურგერი, პოპკორნი, ტკბილეულიდან კი – შოკოლადის ნაყინი. სასმელებიდან ბლის გაზირებულ სასმელს ანიჭებს უპირატესობას. ცნობილია, რომ ბაფეტი დიდად არ იხარჯება საჭმელზე, იგი დღეში თავის რაციონში 1 000 კალორიაზე მეტს არ იღებს. საინტერესოა, რომ ბაფეტთან სადილობა აუქციონზე იყიდება და გასულ წელს ერთ-ერთმა მსურველმა ამაში 2,6 მილიონი დოლარი გადაიხადა.
„ფეისბუქის” მფლობელი და მილიარდერი მარკ ცუკერბერგი ცნობილი იყო როგორც ვეგეტარიანელი, ბოლო დროს კი ხორცის ჭამაც დაიწყო. თუმცა, ამას თავისებური დატვირთვა აქვს, ხორცი აუცილებლად მარკის მიერ დაკლული ცხოველისა და ფრინველის უნდა იყოს. 2011 წელს ცუკერბერგმა პირველად დაკლა ღორი, თხა და ქათამი.
რომან აბრამოვიჩი ტრიუფელის ჯიშის სოკოს მოყვარულია. ერთხელ მან ერთ-ერთ აუქციონზე თეთრი ტრიუფელი 1,5 მილიონ რუბლად შეიძინა, თუმცა მისგან კერძის დამზადება ვერ მოახერხა და სოკო მაცივარში გაფუჭდა. მედიის ცნობით, ერთხელ აბრამოვიჩმა ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში ტრიუფელისგან დამზადებულ კერძში 50 ათასი ფუნტი გადაიხადა. ასევე, ცნობილია ფაქტი, რომ ბაქოში, რესტორანში, აბრამოვიჩმა სასწრაფო რეისით ლონდონის ჩინური რესტორნიდან სუშის პორცია გამოაგზავნინა.
რუსი ოლიგარქის ოლეგ დერიპასკას სამზარეულოში სხვადასხვა ეროვნების მზარეულები მუშაობენ მონაცვლეობით, რომლებიც მას ნაირფეროვან კერძებს უმზადებენ. მაგალითად, იაპონელ მზარეულს დერიპასკა ხელფასის სახით თვეში 10 ათას დოლარს უხდის.
რუსეთიდან გაქცეულ და ინტერპოლის მიერ ძებნილ სკანდალურ ოლიგარქს, ბორის ბერეზოვსკის ქართული სამზარეულოს კერძები უყვარს. ასევე, მისი უსაყვარლესი კერძია სპაგეტი თეთრი ტრიუფელით.
რუსეთის პრეზიდენტობაზე მეოცნებე მილიარდერი მიხაილ პროხოროვი სისხლიანი ბიფშტექსის მოყვარულია, იგი ცნობილია, როგორც გურმანი. იმასაც ამბობენ, რომ ორმეტრიან პროხოროვს არასდროს დაულევია 20 გრადუსზე მეტი სიძლიერის ალკოჰოლური სასმელი.