კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად სახლობდნენ ლაზები და რატომ უწოდებდნენ ერთსა და იმავე სამეფოს ბერძნები და რომაელები ლაზიკას, ქართველები კი – ეგრისს

მართალია, დანამდვილებით არ ვიცით, რა ბედი ელის ქალაქ ლაზიკას, ყოველ შემთხვევაში, ზემოდან გვარწმუნებენ, რომ ქალაქი ლაზიკა კიდეც აშენდება და ნახევარი მილიონითაც დასახლდება, სამაგიეროდ, დანამდვილებითაა ცნობილი, რომ ეს უკვე იყო. ანუ ლაზიკა, მთლად ქალაქი თუ არა, სამეფო, უდავოდ, არსებობდა. სად სახლობდნენ ლაზები, როდის შეიქმნა ლაზიკის სამეფო და სად იყო ის განფენილი, –  თემაზე ნოდარ ლომოური გვესაუბრება.

 

– მე ეს საკითხი ძალიან დაწვრილებით მაქვს შესწავლილი როგორც წერილობითი წყაროებით, ისე არქეოლოგიური მასალით, ეთნოგრაფიული და ანთროპოლიგიური თვალსაზრისით. ლაზიკა იყო შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ცენტრალური ნაწილი. მისი საზღვარი იწყებოდა, დაახლოებით, ჭოროხის შესართავიდან ცოტა ჩრდილოეთით, მოიცავდა ფაზისს და გადიოდა ცოტა უფრო ჩრდილოეთით, ზუსტად არ ჩანს, სად, მაგრამ საკმაოდ დაშორებით, რის შემდეგაც სახლობდნენ აფსილები, აბაზგები და სხვები, მთებისკენ კი –  სვანები. აი, ეს იყო ლაზიკის ტერიტორია. განსაკუთრებით შემიძლია, ხაზი გავუსვა იმას, რომ წლების განმავლობაში ვმუშაობდი ნოქალაქევში, სენაკის რაიონში და იქ არქეოლოგიურ გათხრებს ვაწარმოებდი. გათხრები ჩემს დროს დავიწყეთ, ხელმძღვანელი იყო პარმენ ზაქარაია, მე ვიყავი მისი მოადგილე. შემდეგ, მართალია, მოადგილე აღარ ვიყავი, მაგრამ ყოველთვის ჩავდიოდი და ნოქალაქევი, ანუ ციხეგოჯი, რომელიც მდინარე ტეხურის ნაპირზეა, მიმაჩნია ლაზიკის დედაქალაქად. 

– საიდან გაჩნდა ეს ლაზიკა? 

– როგორც გითხარით, შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე სახლობდნენ: მაკრონებისა და ჰენიოხების ტომები, შემდეგ ზიდრიტები, შემდეგ ლაზები, აფსილები, აბაზგები და სხვები. საიდან გაჩნდა ლაზიკა? უმეტესობა, ივანე ჯავახიშვილი, სიმონ ჯანაშია, გიორგი მელიქიშვილი და მეც იმ აზრის ვარ, რომ ეს არის ყოფილი კოლხეთის სამეფო. ყველა ძველ წყაროში ლაპარაკია იმაზე, რომ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ცხოვრობდნენ კოლხები. ცნობილია ის გავრცელებული ლეგენდა არგონავტების მიერ ოქროს საწმისის მოტაცების შესახებ; იქ არის ნახსენები ქალაქი კუტაია, როგორც ჩანს, ქუთაისი –  როგორც კოლხეთის მეფე აიეტის მთავარი ქალაქი.

ძველი წელთაღრიცხვის 65 წელს რომაელებმა დალაშქრეს ამიერკავკასია: სომხეთიც, ქართლიც, ეგრეთ წოდებული ალბანეთიც, ანუ დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი და კოლხეთი, ოღონდ უშუალოდ რომის ქვეშევრდომობაში აღმოჩნდა მხოლოდ დასავლეთ საქართველო. ესე იგი, შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო და უნდა ვივარაუდოთ, რომ ყველა ზემოჩამოთვლილი ტომი შედიოდა კოლხეთის სამეფოში, ოღონდ ისინი იყვნენ ცალკეული ტომები. ამ მოსაზრებას, ძირითადად, ყველა იზიარებს. მათ ფარავდა იმ ტომის სახელი, რომელიც, როგორც ჩანს, იყო აი, ამ გაერთიანების სათავეში. ეს იყო ძლიერი კოლხების ტომი. ძველ აღმოსავლურ წყაროებში მოიხსენიება სახელწოდება „კილჰა“. როგორც ჩანს, ეს არის იგივე კოლხეთი.

მაგრამ შემდეგ, როდესაც რომაელებმა კოლხეთის სამეფო დაიპყრეს, ის ცალკეულ ერთეულებად დაიშალა და შუა ნაწილზე აღმოჩნდნენ ლაზები. აღმოჩნდნენ იმ თვალსაზრისით კი არა, რომ საიდანმე მოვიდნენ, არამედ მანამდეც იყვნენ, ოღონდ როგორც კოლხეთის ერთ-ერთი ადიმინისტრაციული ოლქი. მისი ცენტრალური ნაწილი იყო ის ადგილი, სადაც რიონი ერთვის შავ ზღვას, ანუ სადაც იყო ქალაქი ფაზისი, მერმინდელი ფოთი. კოლხეთის სამეფოს დაშლის შემდეგ ლაზიკას, ანუ კოლხეთის სამეფოს ცენტრალურ ნაწილს სათავეში ედგა რომაელების მოხელე. ლაზიკას სამხრეთით ემეზობლებოდნენ ზიდრიტები, ჩრდილოეთიდან –  აფსილები, აბაზგები, აღმოსავლეთი კი იბერია იყო. საზღვარი გადიოდა, დაახლოებით, შორაპნისა და სკანდის ტერიტორიაზე. იქიდან ზღვამდე იყო ლაზიკის ტერიტორია. ზიდრიტებსაც თავიანთი მმართველი ჰყავდათ. ამ მმართველებს, სხვათა შორის, ზოგიერთი რომაელი ავტორი „ბაზილევსებსაც“ კი უწოდებს, ანუ მეფეს, ოღონდ მერმინდელი გაგებით, მაგრამ ეს მეფე არ იყო ნამდვილი მეფე. ეს იყო რომაელების მიერ დანიშნული მოხელე და ერთ-ერთი ავტორი პირდაპირ ამბობს ლაზების შესახებ, რომ, როდესაც ლაზიკის მეფე გარდაიცვლებოდა, რომის იმპერატორი ახალ მეფეს ნიშნავდა, ანუ მეფობა ლაზიკაში მემკვიდრეობით არ გადადიოდა.

– ლაზიკის მეფედ წოდებული, წარმოშობით ლაზი იყო თუ რომაელი?

– არანაირი ცნობა, რომ ის რომაელი იყო, არ გვაქვს. შემდეგ, როდესაც უკვე გარკვეული წინააღმდეგობები იკვეთება რომის იმპერიასთან, აშკარად ჩანს, რომ მეფედ წოდებული წარმოშობით იყო ლაზი, რადგან ისინი ცდილობდნენ რომის იმპერიისგან გათავისუფლებას. რამდენჯერმე იყო ასეთი მცდელობა ხან სელჯუკების, ანუ თურქების, ხან სპარსელების, მოგვიანებით, არაბების დახმარებითაც კი, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ, რომის იმპერატორმა თანდათანობით ლაზების მეფის ქვეშევრდომებად გამოაცხადა აფსილები, აბაზგები, უფრო ჩრდილოეთით –  ჰენიოხური ტომები, სვანები და, ფაქტობრივად, მოხდა დასავლეთ საქართველოს გაერთიანება ლაზიკის სამეფო წარმოქმნისთვის.

– ეს რომელი საუკუნეა?

– ეს უკვე ახალი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნის შემდგომი ხანაა, ვიდრე, დაახლოებით, მეექვსე საუკუნემდე, შეიძლება, მეშვიდემდეც. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ყოველთვის ვერ გეტყვით ზუსტ თარიღს, იმიტომ რომ ბერძენი, რომაელი და, მოგვიანებით, ბიზანტიელი ავტორების ცნობები ყოველთვის ზუსტად არ ემთხვევა ერთმანეთს. გითხარით, რომ ლაზიკის სამხრეთით სახლობდნენ ზიდრიტები. ჩვენ არ ვიცით, ვინ არიან ეს ზიდრიტები, მაგრამ ისინი სახლობდნენ  იმ ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს აჭარის ჩრდილოეთ ნაწილში, მაგრამ ისინი ახალი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში ექვემდებარებოდნენ იბერიის მეფე ფარსმან მეორეს.

– რა უცნაურად ყოფილა შეჭრილი იბერია დასავლეთ საქართველოში.

– დიახ, აი, აქ იყო გამოჭრილი იბერია. სხვათა შორის, ეს ფარსმან მეორე ძალიან საინტერესო ფიგურაა, მისი ქანდაკება რომში დაიდგა. თვითონ სახელწოდება „ლაზიკა“ ბერძნულ-რომაურია, მაგრამ, როდესაც უკვე ქართული წყაროები ჩნდება ამ ტერიტორიაზე, რას უწოდებენ ქართველები ლაზებს? ეგრებს, ანუ მეგრელს. მაშასადამე, ლაზები იგივე ეგრები არიან. ამიტომ ეს იყო ეგრისის და არა ლაზიკის სამეფო, იმიტომ რომ ქართველებისთვის ლაზიკა ყოველთვის ეგრისი იყო. შემდეგ, როდესაც ლაზიკა, ანუ ეგრისი აუჯანყდა რომს და გამოეყო, რაღაც პერიოდის განმავლობაში ეკლესიურად ექვემდებარებოდა კონსტანტინოპოლის პატრიარქს, მაგრამ მეშვიდე-მერვე საუკუნიდან ეკლესიურადაც გამოეყო რომს. იმავდროულად, აღმოსავლეთ საქართველოც თანდათანობით ერთიანდება და ეგრისის სამეფო უკვე მცხეთის კათოლიკოსს ექვემდებარება, ცოტა ხნის შემდეგ კი პოლიტიკურადაც ერთიანდება აღმოსავლეთ საქართველოსთან.

– და ნებაყოფლობითია ეს გაერთიანება?

– ერთ რამეს მინდა, ხაზი გავუსვა და ეს უსათუოდ უნდა აღინიშნოს. იგივე კოლხეთის სამეფო, იგივე მერმინდელი ლაზიკის სამეფო, თავის აფსილებიან-აბაზგებიანად, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული თვალსაზრისით, წარმოადგენდა ერთიან კოლხურ ტერიტორიას. მიუხედავად იმისა, სად იყო პოლიტიკურად, ექვემდებარებოდა ლაზიკას, რომის იმპერიას თუ დაპყრობილი იყო ჯიქების მიერ, ეთნოკულტურულად ეს იყო ქართული ტერიტორია. განვმარტოთ, რას ნიშნავს ეთნოკულტურულად. თქვენ ეთნიკურად ხართ ქართლელი, ვიღაც არის, ვთქვათ, რაჭველი, მაგრამ ეთნოკულტურულად ორივენი ხართ ქართველები. ანუ მთელი ის ლაზიკის სამეფო თავისი აფსილებით, აბაზგებით, დღევანდელი აფხაზების წინაპრებად რომ ითვლებიან, ეთნოკულტურულად, უძველესი დროიდან, ვიდრე შუა საუკუნეებამდე, იყო ქართული ტერიტორია. ამიტომ, რაც კი იქ არქეოლოგიური მასალაა მოპოვებული, საერთოა მთელი დასავლეთ საქართველოსთვის, რაღაც მცირედი თავისებურებები აქვს, როგორც ნებისმიერ ქართულ ტომს აქვს თავისებურება, მაგრამ ეთნოკულტურულად ის არის ზოგადქართული. აი, ამას უნდა გაესვას დღეს განსაკუთრებით ხაზი ილორისა და ბედიის ტაძრებთან მიმართებაში. ამ პრობლემაზე ბევრი მიმუშავია, ამიტომ ძალიან კარგად გავეცანი ბერძენ-რომაელი ავტორების შრომებს და ამან ძალაუნებურად მიმიყვანა აფხაზეთის პრობლემამდე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მეორე საუკუნის 30-იან წლებში ტრაპიზონის ოლქის მმართველი იყო ცნობილი ისტორიკოსი ფლავიუს არიანე, რომელმაც მეორე საუკუნის 30-იან წლებში, ვიდრე სოხუმამდე იმოგზაურა გემით, შეისწავლა და აღწერა ყველაფერი და ანგარიშის სახით წარუდგინა რომის იმპერატორს. იქიდან გვაქვს ჩვენ ასეთი ზუსტი ცნობები,  სწორედ მისი ანგარიშიდან ვიცით იმავე ზიდრიდების შესახებ; ვიცით, სად რომელი ტომი სახლობდა. მას პირდაპირ აქვს მოტანილი ცნობები, რა ფართობი ეკავა ამა თუ იმ ტომს შავი ზღვის სანაპიროზე, გაზომილიც კი აქვს; რა უფლებები ჰქონდათ, ვინ ვის ექვემდებარებოდა. ეს ყველაფერი ისე ზუსტად არის აღწერილი, სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ ეს ტერიტორია ჩვენ მეტ-ნაკლებად კარგად ვიცით.

– თუ სწორად მივხვდი, ლაზები სახლობდნენ ფოთს იქით, დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიის ნაწილზეც?

– სანამ ნოქალაქევში დავიწყებდით გათხრებს, ჩვენ გავთხარეთ გუდავა, იგივე გუდაყვა, რომელიც სამეგრელოსა და აფხაზეთს შორისაა და ის აფსილების საზღვრად მიგვაჩნია. აქეთ ცხოვრობდნენ: ლაზები, ანუ ეგრები, იქით კი –  აფსილები. რაც შეეხება აფხაზებს: ეს ძალიან რთული თემაა. მე ძალიან ბევრი მტერი მყავს იმ ქართველებს შორის, რომლებიც წარმოშობით აფხაზეთიდან არიან, თუმცა მყავს ისეთებიც, რომლებიც მთლიანად მიჭერენ მხარს. ჩემი აზრით, აფსილები და აბაზგები იყვნენ ჩერქეზულ-ადიღეური ტომები. მე არ ვიცი, შედიოდნენ თუ არა ისინი კოლხეთის სამეფოში, მაგრამ ძველი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნიდან ისინი უკვე აქ ცხოვრობენ და დღევანდელი აფხაზები მათი შთამომავლები არიან.

– ეთნოკულტურალად ქართველები იყვნენ?

– ეთნოკულტურულად ისინი ქართველები იყვნენ, თუმცა, ალბათ, აბაზგურ ენაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ სვანებიც ხომ ლაპარაკობდნენ სვანურად?!

– თვით მეცხრამეტე საუკუნის ბოლომდე აფხაზების საეკლესიო ენა იყო ქართული, ისინი ქართულად ლოცულობდნენ.

– თუ მეცხრამეტე საუკუნემდე ქართულად ლოცულობდნენ, მეოცე საუკუნეში, ჩემს დროს, ჯერ ერთი, ვინ ლოცულობდა საერთოდ, მაგრამ ჩვენთან, ქართველებთან, მხოლოდ რუსულად ლაპარაკობდნენ. ჩვენმა ხელისუფლებამ დაუშვა დიდი შეცდომა, როდესაც აფხაზური სკოლები გადააქცია რუსულ-აფხაზურ სკოლებად. მე მახსოვს, სოხუმში, მაღაზიაში რომ შევიდოდით, თუ გამყიდველები იყვნენ აფხაზი გოგონები, ქართულად არ დაგელაპარაკებოდნენ, მხოლოდ რუსულად. გაგონილი გექნებათ, იყო ასეთი შალვა ინალიფა, ცნობილი სეპარატისტი. ის შალვა ინალიფა აქ, თბილისში, ჩვენი დიდი ეთნოგრაფის, გიორგი ჩიტაიას მოწაფე იყო, როდესაც მე ასპირანტი ვიყავი. დაახლოებით, ერთი ასაკის ვართ. ძალიან კარგად ვიცნობდი და შესანიშნავად ვლაპარაკობდით ქართულად. როდესაც სოხუმში შევხვდი მას, ქართულად მივესალმე. რუსულად მიპასუხა: ქართული არ მესმისო. ვკითხე, ერთ წელიწადში ქართული ენა დაგავიწყდა-მეთქი? ქართულად არასდროს ვლაპარაკობდიო. აფხაზეთთან მიმართებაში იყო შეცდომები, მაგრამ იყო კი ეს უნებური შეცდომები თუ ისინი რუსეთიდან იყო ნაკარნახევი?!

– როგორები იყვნენ ეს ლაზები? გარდა იმისა, რომ ვიცით, სად სახლობდნენ, რომელ ქართველურ ტომს ჰგავდნენ?

– ანთროპოლოგებს შესწავლილი აქვთ არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა. აი, ამ ფოტოზე გამოსახული კაცი, გვარად აბდუშელიშვილი, არის საქართველოში ანთროპოლოგიური მეცნიერების დამაარსებელი. ჩემი თანაკლასელი, მეგობარი იყო. ის ამბობდა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ნაპოვნი ანთროპოლოგიური მასალა მაინც განსხვავდება დანარჩენი ლაზიკის ტერიტორიაზე ნაპოვნი მასალისგან. აფხაზეთის გარდა ტერიტორიაზე ნაპოვნი მასალა წარმოადგენს დასავლურ-ქართულ ეთნიკურ ჯგუფს, რომლებიც სახლობდნენ დაწყებული ტრაპზონიდან, ვიდრე აფსილების დასახლებამდე.

– გალი?

– გალი არავითარ შემთხვევაში არ იყო აფსილების, ეს იყო მთლიანად ქართული ტერიტორია.

– ლაზები ცხოვრობენ დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. იქ როგორ მოხვდნენ, თუ მათი განსახლების არეალი იყო ჭოროხს აქეთ?

– ისინი უწოდებენ თავიანთ თავს ლაზებს, თორემ ჭანები არიან, რომლებიც, როდესაც ერთიანი ქართული სახელმწიფო დაიშალა, აღმოჩნდნენ თურქეთის ტერიტორიაზე. ნაწილი აჭარაში შედიოდა, ნაწილი –  თურქეთის სომხურ ოლქებში, ნაწილი –  დანარჩენ  თურქეთში, იმიტომ რომ დიდ არეალზე იყვნენ დასახლებული.

– უცხოური და ქართული წყაროები რატომ უწოდებენ განსხვავებულ სახელებს –  ლაზი და ეგრი, ერთსა და იმავე ტომს?

– მე ვფიქრობ, ეს არის ქრონოლოგიის ამბავი. მაშინ ზღვის სანაპიროს ცენტრალურ ნაწილში, სოლივით ცხოვრობდნენ ლაზები, უფრო სიღრმეში, როგორც ჩანს, ცხოვრობდნენ ეგრები, ოღონდ ისინი შემდეგ გაერთიანდნენ. ბერძნები და რომალები ზღვიდან მოდიოდნენ და ვის ხედავდნენ სანაპიროზე? ლაზს, მაგრამ, თუ პირდაპირ ნოქალაქევში ან როდოპოლისში, ანუ ვარციხეში მიხვიდოდი, იქ უკვე ეგრები იყვნენ. დღევანდელი მეგრელების წინაპრები არიან როგორც ლაზები, ისე ეგრები.

 

 

скачать dle 11.3