„მოლიპულ გზაზე“
ანუ, ვინ უნდა დავიცვათ მავნე ზეგავლენისგან
იმ დროს, როდესაც ჩვენს სამშობლოში ქალების 30 პროცენტი გამართლებულად მიიჩნევს, თუკი ქმარი ან პარტნიორი ცოლს ან პარტნიორ ქალს სცემს, ხოლო ნახევარზე ოდნავ მეტი კი დარწმუნებულია, რომ ქალი მაშინაც კი უნდა ეთანხმებოდეს ქმარსა თუ პარტნიორს, თუკი თავად საპირისპიროს ფიქრობს, საქართველოს პარლამენტში კი შვიდად-შვიდი სქესით მდედრობითი რჩეულია, ჩვენი სულზე უტკბესი პარტნიორის სამშობლოში მასაჩუსეტის შტატის „დემოკრატი“ კონგრესმენი ფრანკი, რომელიც წელს აგერ უკვე 71 წლისა მოიყარა, პოლიტიკურ კარიერას ასრულებს. ყოველ შემთხვევაში, ასე ბრძანა გასული წლის ნოემბერში. მეტიც, როგორც კი დაასრულებს, მაშინვე თავის პარტნიორ, 42 წლის ჯიმ რიდიზე ქორწინდება. ქორწინების შემდეგ კი წყვილი ფოტოლაბორატორიაში იმუშავებს და იცხოვრებენ, როგორც ზღაპრებშია, ტკბილად და ბედნიერად.
სხვათა შორის, კონგრესმენმა ფრანკმა ჯერ კიდევ 1987 წელს აღიარა, მათ შორის, ერთ-ერთმა პირველმა ამერიკელი პოლიტიკოსებიდან, რომ ჰომოსექსუალური მიდრეკილების გახლდათ, თუმცა ამ კავშირის დაკანონებას, როგორც ვხედავთ, ოდენ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ აპირებს.
ბუნებრივია, ზემოთქმული აშშ-ის შიდა საქმეა, ისევე როგორც კონგრესმენი ფრანკის პირადი პრობლემა თუ უპრობლემობა, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ ამ ჩვენს პოლიტიკოს-ჩინოვნიკებს ფრიად ხშირი მიმოსვლა აქვთ ოკეანის გაღმა, საკითხავიც აი, ის არის, როგორ მოვარიდოთ მავნე ზეგავლენას (მით უფრო, რომ, მოგეხსენებათ, რას არ შესწირავს სამშობლოს გამოლიბერალებას დემოკრატიაზე უზომოდ შეყვარებული ამ ჩვენი პოლიტსპექტრის თუნდაც რიგითი წარმომადგენელი).