ჩალარიანებულები
ანუ, გვიყმეთ, თქვენი კვნესამე!
ალბათ, ვერ გაგაკვირვებთ, თუ ვიტყვი, რომ „საქართველოს კანონს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ იგივე დაებედა, რაც, ძირითადად, ქართულ კანონებს ებედებათ ხოლმე. ჯერ ერთი, ის პარლამენტის მიერ სამჯერ მოსმენა-დამტკიცების შემდეგ ჩასწორდა (მეტიც, თვით „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგაც კი), თუმცა იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, ეს ის არ არის, თქვენ რომ გგონიათო. ის არის თუ სხვა რამ, ზემონახსენებ კანონში (რომელიც 2011 წლის დეკემბრის მიწურულს შევიდა ძალაში), უკვე იგეგმება ცვლილებების შეტანა (მოკალი და ვერ მიეჩვივნენ ეს ჩვენი კანონმდებლები ჯერ ფიქრს და მხოლოდ ამის შემდეგ – მოქმედებას, ანუ, მათთვის კვლავაც უცხოა „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერის“ პრინციპი). ჰოდა, რაკი ვერ შეეჩვივნენ, გადაწყდა, რომ პირველივე საგაზაფხულო სესიაზე ამ ორგანული კანონის 30-ე მუხლს ახალი, მე-12 პუნქტი დაემატება, რის მიხედვითაც, პოლიტიკური სუბიექტები სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად, ბიუჯეტიდან დამატებით 2 229 291 ლარს მიიღებენ.
ამ საარჩევნო სუბიექტების სია და მათთვის გამოყოფილი თანხის ოდენობები შემდეგნაირია (აქვე გეტყვით, ამ თანხით ის საარჩევნო სუბიექტები დაჯილდოვდებიან, რომლებმაც აქამომდე ჩატარებულ ადგილობრივ ან საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბარიერები გადალახეს): „ნაცმოძრაობა“ 600 000-ს მიიღებს, „მრეწველები“ – 213 912-ს; „ქრისტიან-დემოკრატები“, „ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია“ და პაატა დავიათაის ერთ დროს „ჩვენ თვითონ“, ახლა კი – „ევროპელი დემოკრატები“ – 200 000-200 000-ს; „თავისუფალი დემოკრატები“, „მემარჯვენეები“, „რესპუბლიკელები“ და „საქართველოს გზა“, სათითაოდ 117 405-117 405 ლარს; „კონსერვატორები“, „ხალხის პარტია“ და მოძრაობა „ერთიანი საქართველოსთვის“ – 115 253 – 115 253-ით ჩალარიანდებიან.
ერთი სიტყვით, ამ დამატებით დაფინანსებას ის პოლიტპარტიები მიიღებენ, რომლებიც ბიუჯეტიდან ისედაც ფინანსდებიან. ამას გარდა, ახალი საარჩევნო კანონმდებლობით, 2012 წლის არჩევნებში გამარჯვებულ პარტიებს აუნაზღაურდებათ ის ხარჯიც, რასაც ისინი წინასაარჩევნოდ რეკლამისთვის გასწევენ (მილიონ ლარამდე ფარგლებში), რა თქმა უნდა, ბიუჯეტიდან, ესე იგი, ამომრჩევლის ჯიბეებიდან.
ამ თანხების გათვალისწინებით კი, იქნებ, პირდაპირ ვეყმოთ იქ, ზემოთ მყოფ მრავალნულიანებს, ჩვენ, ქვემოთ მყოფი ორნულიანები?!