სელექციურსუნამონაპკურებნი
დასაყნოსები
რაოდენ საოცარიც უნდა იყოს (თუმცა ისიცაა, ან კი რატომ უნდა იყოს საოცარი?!) ამ წინასაარჩევნოდ გათანგულ ქვეყანაშიც ხდება ხოლმე სასიხარულო-სარელაქსაციო რაღაც-რუღაცეები. კერძოდ, გასულ კვირას შევიტყვეთ, რომ ქართულ ბაზარზე ყველაზე ძვირად ღირებული სუნამოების ბრენდი „შეიხი” შემოვიდა. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ, ოფიციალური განმარტებით, ეს აწ უკვე ჩვენი „შეიხის“ ბრენდი მაღალ შემოსავლიან სეგმენტზე ყოფილა გათვლილი, თავად განსაჯეთ, კონკრეტულად თქვენთვის ეს სასიხარულო ფაქტია თუ გულისმომკვლელი (იმ მარტივი მიზეზით, რომ, ნაკლებ სავარაუდოა, „შეიხი“ გეპკუროთ). მაღალშემოსავლიან სეგმენტზე კი იმად ყოფილა გათვლილი, რომ „მხოლოდ სელექციური სუნამოებია წარმოდგენილი“. სახელდობრ, ქალის „შეიხური“ პარფიუმის ფასი 696-ლარიდან იწყება, ხოლო მამაკაცებისა – 542 ლარიდან (დაგვაიმედეს, რომ სუნამოებს საჩუქრად აქსესუარებსაც მოაყოლებენ).
უფრო მეტიც, ქართულ ბაზარზე ,,შეიხს“ თავი უკონკურენტოდ მიაჩნია, ჯერ ერთი, ზემონახსენები მიზეზით (მხოლოდ სელექციური სუნამოებიაო) და, რაც მთავარია, მათ ქართულ რეალობაში თავიანთი მომხმარებელიც ჰყოლია.
მართალია, მომხმარებელთა ვინაობა არ დაკონკრეტებულა, მაგრამ, თუ ამ ჩვენს ხალხის მსახურთა (მთავრობიან-პარლამენტიანად) მრავალნულიან ხელფასებს გავიხსენებთ, ადვილად მისახვედრია, რომ შეიხნაპკურებნიც პატიოსანი გვამნი იქნებიან. ხოლო, თუ ჯეროვნად მოვიქცევით, იქნებ თავიც კი დაგვაყნოსინონ, რომ ჩვენც, სეგმენტს გარეთ დარჩენილებმაც, გავიხაროთ?!