კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის ჩაცმა მიიჩნევა ცუდ ტონად და რა ფართი მოაწყვეს ერთდროულად „ბუდა-ბარში“ ავთანდილმა და კრისტინა აგილერამ


მოდის სახლი „ავთანდილი“ კიევის მოდის კვირეულის, სასურველი სტუმარი რომ არის, ეს სიახლეს აღარ წარმოადგენს ქართველი მოდის მიმდევრებისთვის და არა მხოლოდ მათთვის. მაგრამ ავთო ცქვიტინიძე მოდის სხვა ცენტრების კარებსაც ისეთივე წარმატებით აღებს. წელს მათ რიცხვს ლონდონი შეემატა, რომელიც, მართალია, მიჩვეულია ყველაფერ ახალსა და ორიგინალურს, მაგრამ „ავთანდილი“ მაინც დიდი ხმაურით მიიღო.

ავთო ცქვიტინიძე: კიევის მოდის კვირეულამდე მოლაპარაკებები გვქონდა ლონდონის შოუ-რუმებთან, სადაც ჩავედით და ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. შემდეგი სეზონიდან უკვე ამ შოუ-რუმებში „ავთანდილი“ გამოიფინება. ეს არის შოუ-რუმები, სადაც ბაიერები დადიან და ნახულობენ კოლექციებს. „ბაიერების“ საკითხი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე დიდი ხანია, რაც ნიუ-იორკის შოუ-რუმებში „ვიფინები“ და ლონდონი, სტრატეგიულად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან საფეხურად იქცა.

– ლონდონი არის ქალაქი, რომელიც გიჟდება ვესტვუდზე. შესაბამისად როგორ მიიღო მან „ავთანდილი“?

– ლონდონი, სხვათა შორის, მილანისა და პარიზისგან განსხვავებით, ახალ სახელებს, ახალ დიზაინერებს იოლად იღებს, მათ შორის დამწყებებსაც. პარიზში ეს დიდი სირთულე არაა. რამდენიმე სეზონი მოგვიწია შრომა იმისთვის, რომ პარიზის შოუ-რუმებში „ავთანდილის“ კოლექცია გამოფენილიყო. ერთი სიტყვით, როგორც კი ლონდონიდან ჩამოვედი, წავედით კიევში, სადაც, ტრადიციულად, კიევის მოდის კვირეულზე 2010 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია ვაჩვენე. ჩვენების მეორე დღეს კი გაიმართა გრანდიოზული პრეზენტაცია „ავთანდილი მერსედესისთვის“.

– მოდი, ჯერ გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაზე ვისაუბროთ.

– ჩვენება გაიმართა კლასიკური მუსიკის თანხლებით. პოდიუმზე კლასიკურ, რომანტიკულ სტილში გამოწყობილი მოდელები გამოვიდნენ. ჩვენებას მედიის ორასამდე წარმომადგენელი, ჟურნალისტები და მოდის კრიტიკოსები, მთელი მსოფლიოს წამყვანი მედია-საშუალებები ესწრებოდნენ, რომლებიც მოდას აშუქებენ. ჩვენების შემდეგ ყოველთვის პრესკონფერენცია ტარდება და, როდესაც ჟურნალისტები ფეხზე ამდგარი მიკრავდნენ ტაშს და კითხვებში მხოლოდ და მხოლოდ მადლიერების ტონი იგრძნობოდა, უბედნიერესი ვიყავი. ფანტასტიკური რეცენზიები დაიწერა. საერთოდ, კიევის კვირეული იმიტომ უფროა ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ მთელი მსოფლიოს პრესა ესწრება და უფრო მეტი და ფართო გზის გახსნას ვახერხებ, ზუსტად იმ ადამიანებს ვაწვდი ხმას, ვისაც საჭიროა. ამავდროულად, ძალიან სერიოზულ „ბუქებში“ „ვიბეჭდები“. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც მზადაა, „ავთანდილი“ ატაროს – როდესაც ქალაქის ცენტრში, პუშკინის ბაღში, ჩვენებაზე ორასი ადამიანით მეტი მოდის, ვიდრე მოპატიჟებულია, ეს უკვე იმის მაჩვენებელია, რომ ბაზარი მზად არის იმისთვის, რომ „ავთანდილმა“ უფრო სერიოზული კომერციული ნაბიჯები გადადგას. ჩვენების შემდეგ იყო გრანდიოზული „ავთერ-ფართი“, სადაც ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი მოვიდა.

– სად იყო ეს წვეულება?

– გრანდიოზულ რესტორან „დაგმარში“, რომელიც ფეშენ-წვეულებებზეა გათვლილი. შარშანდელ სეზონზე ჩემი და კრისტინა აგილერას ფართი ერთდროულად გაიმართა „ბუდა-ბარში“. ერთ დღეს დაემთხვა ეს ყველაფერი და წვეულებაც გრანდიოზული გამოვიდა. რაც შეეხება მეორე დღეს გამართულ პრეზენტაციას „მერსედესის“ ცენტრში, რომელიც უზარმაზარ პავილიონში შედგა, წითელ ხალიჩაზე გამოფენილი იყო S კლასის „მერსედესის“ მოდელები, რომლებსაც „მერსედესის“ მყიდველები ათვალიერებდნენ და პარალელურად გამოფენილი იყო ჩემი კოლექცია. იყო შამპანურები, ვიოლინოები და ყველაფერი ის, რაც ასეთ ფანტასტიკურ საღამოებზეა ხოლმე. ძალიან კმაყოფილი ვარ.

– ვინ არიან ის ადამიანები, ვინც შენი კოლექციების „ავთერ-ფართებზე“ ხვდება, ვინ არიან შენი მეგობრები?

– მაგალითად, ქართველებიდან სპეციალურად ჩემს ჩვენებაზე დასასწრებად მილანიდან ორი დღით ჩამოვიდა ანუკა არეშიძე. ძალიან გამიხარდა მისი ნახვა. ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ და ერთმანეთს წარმატებებში სულ ვგულშემატკივრობთ. ჩემი კოლექციები ძირითადად ანუკაზე ეწყობოდა.

– პრინციპში, ბოლო დროს ანუკა ერთადერთი ქართველი მოდელი იყო, რომელსაც სწყალობდი.

– (იცინის) შეიძლება, ასეც არის. რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, ჩემს ჩვენებას და, შემდეგ, წვეულებასაც, ის ადამიანები დაესწრნენ, ვინც ზოგადად ამინდს ქმნიან პოლიტიკაში, ქვეყნის ცხოვრებაში. უფრო სწორად, პოლიტიკოსების ცოლები იყვნენ ბევრნი (იცინის). საერთოდ, კიევში ცხოვრება ჩქეფს, კლუბური ცხოვრება საოცრად არის განვითარებული, ჩამკვდარი თბილისური ცხოვრებისგან განსხვავებით. იქ ქალებს სჭირდებათ ბევრი და განსხვავებული კაბა და არა „პანტოვი“, რომელიც ყველას აცვია. შესაძლებელია, მან ძალიან ძვირად ღირებული ბრენდის კაბა ჩაიცვას და ერთ წვეულებაზე ოთხი ქალი აღმოჩნდეს ვთქვათ „გუჩის“ კაბაში. სტატუსი აუცილებლად უნდა გეტყობოდეს, იქნება ეს „ბირკინის“, „ლუი ვიტონის“ თუ „შანელის“ ჩანთა. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ „ავთანდილის“ კაბა უკვე სტატუსურია, უმაღლესი ხარისხის ბრენდებში გადის და ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

– თუმცა, არანაკლებ საინტერესოა ბექსთეიჯი.

– ბექსთეიჯით ისეთი მოხიბლულები არიან ხოლმე ჩვენი ოპერატორები, რომ ჩვენებაზე მეტი კადრი ყოველთვის კულისებს ეძღვნება (იცინის). ულამაზესი გოგონები აგიჟებენ მათ.

– ვინ არის მოდელი, რომელიც სულ ხსნის შენს ჩვენებას?

– იცი რა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სეზონია ჩემს ჩვენებას ხსნის იულია გალკინა და ხურავს ირა კაპატნიცა, არ მინდა, „ავთანდილი“ რომელიმე მოდელთან ასოცირდებოდეს. შემიძლია, ნებისმიერ დროს შევცვალო მოდელი. „ავთანდილის“ სახე იყო და არის ჩემი მეუღლე, რომელიც კომპანიის სარეკლამო სახედ იქცა უკვე დიდი ხანია. ის ძალიან პოპულარულია, პრესას ძალიან უყვარს ჩვენი ერთად გადაღება. გადასარევად ეცვა და უკვე ტრადიციულად შევიდა სწორად ჩაცმული ქალბატონების სიაში, რომელიც ყოველთვის დგინდება ფართებზე და ელიტურ შეკრებებზე.

– როგორია „ავთანდილის“ გაზაფხული-ზაფხულის ქალი?

– ძალიან ნაზი, რომანტიკული. კოლექციაში გამოვიყენე მხოლოდ ოთხი ფერი: თეთრი, შავი, ვერცხლისფერი და ბაცი მოოქროსფრო-კანისფერი. უკვე ოთხი სეზონია, ძალიან ბევრ ფერს აღარ ვიყენებ, ეს, ეტყობა, ასაკის ბრალიც არის, ფსიქოლოგიურადაც უფრო გავიზარდე, შევიცვალე და სერიოზული ქალის „კეთება“ უფრო მსიამოვნებს, ვიდრე თინეიჯერულის. დიდი რაოდენობით გამოვიყენე გიპიური, თან, ძალიან მაღალი ხარისხის. ასევე, ბევრი მარგალიტი. შიფონსა და გიპიურს შორის მარგალიტები მოვაქციეთ, ანუ, ფარულად გავალამაზეთ მარგალიტებით. შიფონი ჯინსივით იყო გახეხილი, გაქექილი და მარგალიტები ალაგ-ალაგ ჩანდა. ამ ყველაფრით ძალიან საინტერესო რაღაც მივიღეთ, თითქოს კაბები ბებიას სკივრიდან იყო ამოღებული, ანუ ვინტაჟის ელემენტები შევიტანეთ კაბებში, რომელთა სილუეტი და თარგი თანამედროვე იყო. ლიპები, მაღალი მხრები, წელში გამოყვანილი სილუეტი – ეს ყველაფერი თანამედროვე ტენდენციებში არაჩვეულებრივად ჯდებოდა და, ამასთან ერთად, ქსოვილები ისე იყო დამუშავებული, რომ დაძველებულის იერი ჰქონდა. კოლექციაზე უკვე მივიღეთ შეკვეთები და მომავალი წლიდან მაღაზიებში დაიკიდება. სულ წარმოდგენილი იყო ოცდათექვსმეტი კაბა. რაც შეეხება ფეხსაცმელებს, ვაჩვენე ღია ფეხსაცმელი თოთხმეტსანტიმეტრიან ქუსლზე, რომელიც კოჭამდე ამოდიოდა, მაგრამ ცხვირი ჰქონდა მოჭრილი და წვრილი, ბრტყელი თასმით შეკრული.

– ესე იგი, ღია ფეხსაცმელი ზამთარ-ზაფხულ შეგვიძლია, ჩავიცვათ.

– დიახ. (იცინის). სეზონური გახდა. ადრე, გახსოვს, ზამთარ-ზაფხულ სულ ჩექმები რომ ეცვათ? ახლა პირიქით, სულ „ბასანოშკებით“ უნდა იარო.

– ჩვენ რა ვქნათ, ვისაც ნაკლებად შეგვიძლია ერთი სეზონით ადრე სამოსის შეძენა და ჯერჯერობით მხოლოდ მოახლოებულ ზამთარზე ვფიქრობთ. რას გვირჩევ?

– შავი ისევ დომინანტი ფერია მთელ სამოდელო სამყაროში და არც მე ვარ გამონაკლისი. ასევე მოწითალო-მობორდოსფრო, მუქი მელნისფერი-ლურჯი, მონაცრისფრო-კრემისფერი. რაც შეეხება სილუეტს, ვთქვათ, პალტოების შემთხვევაში, არჩევანი დიდია. არის წელში გამოყვანილი, ძალიან ქალური და, ასევე, თავისუფალი, განიერი, ტანზე მარტივად შემოსახვევი პალტოები, რომლებიც არაჩვეულებრივია მუქ კოლგოტსა და ღია ფეხსაცმელზე. ამ სტილის პალტოს ბაფთით თუ შეიკრავთ, გადასარევი იქნება. ცოტას გაიყინებით, მაგრამ ლამაზად იქნებით (იცინის). მოდაშია რამდენიმე სხვადასხვა ცხოველის ბეწვი ერთ ქურქში. ცოტა სკეპტიკურად ვუყურებდი ამ წამოწყებას, მაგრამ, როდესაც უკვე ვნახე ჩვენებებზე, ძალიან მომეწონა, თუმცა, ძალიან პრეტენზიულია. მე აქტიურად არ ვმუშაობ ბეწვზე, რადგან მას საკმაოდ იშვიათად იყენებენ. ყოველ წელს ბეწვის ქურქს არავინ ცვლის. ბეწვში გაჩნდა თვლების, „ტიულის“, გიპიურის დეტალები, ანუ დიზაინერები მაინც ცდილობენ ბეწვის გახალისებას. ძალიან ცუდ ტონად მიიჩნევა ერთი მთლიანი ბეწვი, რომელიც ცხოველს მოგვაგონებს. გადაჭარბება არაფერში ვარგა.


скачать dle 11.3