რომელი ცნობილი ქართველები ვერ მოხვდებიან „ნანუკას შოუში“ და რას აღიარებს ის
„ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ მესამე სეზონზე არანორმალური სისწრაფით წევს თამასას ზევით და ყოველ სამშაბათს მართლა ახერხებს ისეთი შოუს გაკათებას, რომელსაც აბსოლუტურად ყველა თაობის ადამიანი უყურებს. რა ხდება კულისებში, ვინ ფიქრობს თემებზე და რომელი ცნობილი ადამიანები ვერ მოხვდებიან ვერასდროს ამ შოუში, ნანუკა ჟორჟოლიანი გულწრფელად პასუხობს.
ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ სეზონზე ძალიან დიდი შრომა გვიწევს. პირველი სეზონი დამკვიდრების, გაცნობის იყო, მეორე უკვე – შეჩვევის. მესამე სეზონი კი არის ის, რომ შოუ, როგორც მოცემულობა, მიიღეს და ახლა ყველა გადაცემამ იმედები უნდა გაამართლოს. როდესაც ბათუმს ვაკეთებდით, გადაცემის ჩაწერა დამთავრდა თუ არა, გაჩნდა კითხვა, ამის მერე რაღა უნდა გავაკეთოთ?! იგივე კითხვა გაჩნდა აფხაზეთის შემდეგაც, რომელიც თავისთავად სენსიტიური თემაა. ოსეთში რომ არ ჩამიშვებენ, ზუსტად ვიცი. ამის გამო ხანდახან დეპრესიაშემოპარული ხასიათიც კი მაქვს ხოლმე. არა, დეპრესია არა. ამას უფრო ჩაფიქრებულ-დაფიქრებული ჰქვია. სულ ვფიქრობ იმაზე, რა გავაკეთოთ, რა მოვახდინოთ ახალი.
– მით უფრო საქართველოში, რომელიც მრავალფეროვნების საშუალებას არ გაძლევს..
– აბსოლუტურად გეთანხმები. წარმოიდგინე, ოპრამ ოცდახუთჯერ გაიმეორა ერთი და იგივე თემა. ოპრას შემოაკლდა თემები, რა მასშტაბებზე გელაპარაკებით, ხვდებით?! ქალს შეუძლია, ჰოლივუდის ნებისმიერ ვარსკვლავს არც დაურეკოს, ისე მოიყვანოს შოუში და ის სელინ დიონს, როგორც თავის საყვარელ რესპონდენტს, ოცდახუთჯერ იმეორებს. თეონა კონტრიძე შევადარე სელინ დიონს (იცინის). წავიკითხე ინტერვიუ, სადაც ოპრა წერდა, როგორ ჰქონდა თემების კრიზისი.
– ოპრას შეეძლო, ჯასტინ ბიბერი და სელენა გომესი მიეწვია შოუში და ასევე, მერილ სტრიპიც. შენ კიდევ აქ უკვე გრადაცია გაქვს. ასეთ რთულ ვითარებაში არიან ადამიანები, ვისაც ყველანაირი კრიზისის მიუხედავად, არ იწვევ.
– კი, არიან ასეთი ადამიანები. აქვე, სელენა გომესზეც მინდა, ერთი-ორი სიტყვა ვთქვა. ხშირად მსაყვედურობენ, რომ სელენა გომესი დაბალი დონეა და არ შეიძლება, საქართველოში მისი პროპაგანდაო. სხვათა შორის, ის ჩემი შვილისთვისაც გოიმია და მარიამი მსაყვედურობს, რატომ გიდევს მისი სიმღერა შოუს დაწყებაზეო. მაგრამ ზოგადად, მარიამის თაობის ბავშვებისა და, მასზე პატარებისთვისაც ძალიან საყვარელი მომღერალია – ლამაზი გოგო, ჯასტინ ბიბერის შეყვარებული და ეს სიმღერა მოსწონთ. თან, ამ დროს სულ ვპასუხობ, რომ მირჩევნია, ბავშვებმა სელენა გომესს უსმინონ, ვიდრე იმას, რასაც ხშირად ასმენინებენ გინდა ტელევიზიით, გინდა რადიოთი.
– და მათ შენ არ იწვევ. ამის თქმა მინდოდა, როცა ოპრას მაგალითი მოვიყვანე.
– არა. გია სურამელაშვილს ჩემს შოუში არასდროს მოვიწვევ და კიდევ ბევრს.
– იმათ, დღეს რომ რადიო ჩარტების ლიდერები არიან.
– კი და ჩემთვის ეს არგუმენტი არ არის. ჩემი და მაია ასათიანის გადაცემები რეიტინგულია. ამ გადაცემებს ხალხი უყურებს და უყვარს. ჩემზე ცუდად გამომდის, მირჩევნია მაიაზე ვილაპარაკო, რომელსაც ვაღიარებ, უფრო მეტი რეიტინგი და გავლენა აქვს. მაიას აღარ სჭირდება რესპონდენტის მიტანილი რეიტინგი...
– მგონი, პირიქით, მაია ქმნის რეიტინგულს მისი გადაცემის სტუმრებს.
– ნამდვილად ასეა. მირჩევნია, მინუს ხუთი პროცენტი მქონდეს რეიტინგი და რასაც არ ვუსმენ, არც სხვას არ მოვასმენინო. განა ქართულ სიმღერებზე არ ვქეიფობ, როგორ არა, მაგრამ მირჩევნია, გიო ხუციშვილს, ნატო გელაშვილს, თეატრალურ კვარტეტს, ბექა ჩხაიძეს ვუსმინო, ვიდრე მათ, ვისი ტირაჟირებაც ხდება. ხშირად ამბობენ, რომ მათ ყველა უსმენს, მაგრამ ამას მალავენო. შვილებს გეფიცებით, გია სურამელაშვილს თუ ვუსმენდე. რა უნდა დავთვრე, ხალხო, ნუ გადამრიეთ. მე თუ ეგრე დავთვერი, აღარავინ გადმორთოთ ჩემს გადაცემაზე (იცინის). ასი პროცენტით ვიცი, რომ მაია ასათიანიც არ უსმენს. მაია გია სურამელაშვილზე არასდროს არ გაერთობა. მაია გამორჩეულად ინტელექტუალი გოგოა. მესმის, ის, ალბათ, ფიქრობს, რატომაც არა, თუ მაყურებელს უნდა... ზოგ მაყურებელს პორნო უნდა პირდაპირ ეთერში და ამას ხომ ვერ ვიზამთ. გადაცემაში მაპატიეთ და რომ ჩავიხადო, იცით, რამხელა რეიტინგს დავწერ?! მთელი საქართველო ამაზე ილაპარაკებს. მაგრამ, არის რაღაცეები, რის კომპრომისზეც არ უნდა წახვიდე.
– გია სურამელაშვილს არასდროს მოიწვევ, კიდევ ძალიან ბევრს, რომლის სახელებსაც არ ჩამოვთვლი. ვინ გრჩება?
– (იცინის) ძალიან დიდ დანაკლისზე მივდივარ. მაგრამ, თურმე ხომ მრჩება. აბა, რას უყურებთ ყოველ სამშაბათს?!
– რა ხდება ამ ოთახში ასეთი?
– ჯადო (იცინის). მრჩება კი არა, თქვენ, ალბათ, არ იცით, რომ სეზონის დამთავრებამდე ყველა გადაცემა დაგეგმილი მაქვს. სეზონის დასაწყისიდანვე ასე არ იყო, მაგრამ მერე ნელ-ნელა მოვიდა თემები. ისეთი შემთხვევაც ყოფილა, რომ ოთხშაბათ საღამოს, ხუთშაბათის ჩაწერისთვის თემა არ მქონია. ღამის პირველ საათზე დამირეკავს რესპონდენტისთვის, ხომ არ გაგაღვიძე, იქნებ ხვალ შოუში მოხვიდე-მეთქი.
– მაია სტეფნაძემ დამირეკა იმ დღეს, ღამით, მარი ტომარაძეს ეძებდა.
– აი, ნათელი მაგალითი ხარ იმისა, როგორ რეჟიმში ვმუშაობთ. ახლა ისე წამოვიდა თემები, რომ ყველა გადაცემა დავგეგმეთ, მაგრამ სულ ასეც არ არის. ჩემმა პროდიუსერებმა განსაკუთრებით, მაია სტეფნაძემ იცის, რომ თუ უნდა მაჩხუბოს, მაშინ ისეთი სტუმარი უნდა შემომთავაზოს, რომელიც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. თან, ამისთვის მაქვს არგუმენტები – შეიძლება ის ადამიანი, მომღერლის, მსახიობის სტატუსით არ მოვიყვანო, მაგრამ მოხდეს მის პირად ცხოვრებაში რაღაც სიახლეები, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს და რატომაც არა, შეიძლება მათი მოპატიჟება. მაგრამ, კატეგორიულად ვეწინააღმდეგები მათ წახალისებას. ვიღაცეები მღერიან დუქანში, ვიღაცეები რესტორანში და ფილარმონიაში. ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. ამ დამოკიდებულებას მყარი არგუმენტი აქვს. ჩატარდა კვლევა, რომელმაც გამოავლინა, ჩემს გადაცემას აქტიურად უყურებენ ბავშვები ოთხიდან თორმეტ წლამდე, მათ უნდათ ნანუკა სახლში. ეს, რა თქმა უნდა, „მულწიაშკამ” განაპირობა. აბა, ჩემი კრიმინალურ სფეროში მოღვაწეობა მათ არ ახსოვთ (იცინის). იმ დონეზე იმუშავა ნანუკას გოგომ, რომ საკუთარი საბავშვო ცენტრის გახსნა გადავწყვიტე. ბავშვების ეს თაობა რომ გიყურებს, აღვირახსნილობაა მათ ეს საშინელებები მოასმენინო. მესმის, რომ „ემტივიზე” მოხვედრას რეიტინგი განაპირობებს, მაგრამ მოდი, ვთქვათ, რომ საქართველოში სულ სხვა სიტუაციაა. სოციალური ქსელი არ არის ისეთი მასობრივი, რომ მან მომღერლის რეიტინგი განაპირობოს. ოთხიდან თორმეტ წლამდე ბავშვი რომ გიყურებს, საზიზღრობის პროპაგანდით არ უნდა დაკავდე. არადა, ჩვენი გადაცემები სახეებს ქმნიან. ბევრი სახე შემიძლია, ჩამოგითვალოთ, რომელიც ჩემი გადაცემით შეიყვარა ხალხმა და გახდა პოპულარული. მარტო ბერა მეყოფა ამის მაგალითად. ბატონი ჯემალი, თავისი უსაყვარლესი შვილებით ერთ დღეში გახდა გმირი, რომლის დახმარების სურვილიც მთელმა საქართველომ გამოთქვა. ყველამ ნახეთ, რა რეაქციები მოჰყვა მის გადაცემას და რამდენი ადამიანი დაეხმარა. როცა გადაცემებს ამხელა გავლენა აქვს და ვიმეორებ, მაიას ჩემზე მეტი გავლენა აქვს, მას მარტო „დროებაც” კი ეყოფა იმისთვის, რომ ქართულ ტელევიზიაში ეპოქის შემქმნელ ჟურნალისტად დარჩეს, უფრო მეტად მოგვეთხოვება რაღაცეები. არ უნდა შევახსენო ვიღაცას, რომ შეუძლია, გლდანში წავიდეს და გია სურამელაშვილს მოუსმინოს. ამასთან დაკავშირებით, ვანო ჯავახიშვილის ხუმრობა იყო სუპერ – გია სურამელაშვილის შემდეგ, რამე „უჟასს” თუ ვნახავდი არ მეგონაო. „ემერჯენსების” გადაცემა მქონდა მე. ათიანში გარტყმული ხუმრობა იყო (იცინის).
– ეპატაჟზე არ მიდიხართ?
– გააჩნია ეპატაჟში რას გულისხმობთ. ამას წინათ მამაკაცი დაგვიკავშირდა და გვითხრა, ეთერში გავიხდიო. ქალის სიშიშვლეს, უფრო სწორად, ლამაზი ქალის სიშიშვლეს ესთეტიკა აქვს. უკრაინელი გოგოები გვყავდა ჩამოყვანილი, რომლებსაც ძალიან დიდი რეიტინგი ჰქონდათ და წარმოგიდგენიათ, კაცის სიშიშვლე რა რეიტინგს დაწერდა?! მაგრამ, არ მინდა, ასეთი რეიტინგი, სხვა რამე მირჩევნია, ვაკეთო.
– ამ ოთახში ხშირად ჩხუბობთ?
– ძალიან, უფ, ჩხუბი მძიმე სიტყვაა, უფრო „ბრეინ შტორმინგია”. აქ ნანუკას სიტყვა არაფერს ნიშნავს, ხმათა უმრავლესობა წყვეტს ყველაფერს. მაგრამ, ხმათა უმრავლესობაც ცოტა ისეთი ამბავია, გია სურამელაშვილს ხმათა უმრავლესობაც ვერ გადაწყვეტს (იცინის).
– იდეების ძირითადი გენერატორი ვინ არის?
– ეს პროდიუსერებმა უნდა თქვან. ალბათ, ყველა ერთად. ამ გადაცემას გუნდი ქმნის. ძალიან მაგარი გუნდი მყავს და სანამ ჟურნალისტიკაში ვიქნები, ვიცი, ერთი ადამიანი სულ ჩემ გვერდით იქნება – მაია სტეფნაძე. მის გარეშე რომ ვეღარ ვიმუშავებ, ეს ზუსტად ვიცი. მაპატიოს ყველა ჩემმა თანამშრომელმა, ამ გადაცემაზე უამრავი ადამიანი მუშაობს. სამი წელია, ერთად ვართ და უკვე უსიტყვოდ ხვდება ყველაფერს. თან, ინგა გრიგოლიასთან ნამუშევარი პროდიუსერია, რა „შკოლა” აქვს გავლილი, ხომ ხვდებით?! მასთან მუშაობა ძალიან დიდი კომფორტია.
– ვინ არის ისეთი, ვინც მუდმივ ოპოზიციაშია, სულ წიწინებს და უკმაყოფილოა?
– თათა სახელაშვილი. ახლა ქეთი პაიჭაძე დაგვემატა, კიდევ უარესი. ძალიან ხშირად ღამის ოთხ საათზე გავსულვართ სამსახურიდან და ვხვდები, რომ რაღაც თემაზე დავის და კამათის გარდა, არაფერი გაგვიკეთებია. ხშირად მარტო კამათში დაგვთენებია. თათა როგორ არარეალურ რაღაცეებს ამბობს ხოლმე, იცი?! მინდა, გადაცემაში ჩამოფრინდე და როდესაც რეჟისორი ეკითხება, როგორ შემოვიყვანო თვითმფრინავი სტუდიაშიო, ეს პასუხობს – არ მაინტერესებს. ასეთ მაგარ გუნდთან ერთად გადაცემის კეთება ერთი სიამოვნებაა.