ვინ „გააბოროტა“ ვანიკო თარხნიშვილი და როდის მოიყვანა მან ცოლი
მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. მან მსახიობის ბოჰემური ცხოვრების წესი დაარღვია და მთავარი სიმყუდროვე სახლში იპოვა – ვანიკო თარხნიშვილი დაქორწინდა. მისი რჩეული ძალიან ლამაზი გოგონა, სოფო გელავაა და წყვილი უკვე ცალკე ცხოვრობს. ვანიკოს ამ თემებზე საუბარი არ უყვარს – პირადი ხომ მაინც შეიძლება, ჩემთვის დავიტოვოო, მაგრამ, ჟურნალისტების საქმეც ხომ ეგ არის, ყველაფერი გამოვიძიოთ და გავიგოთ. საუბარი შორი გზიდან დავიწყეთ და, რა თქმა უნდა, მეუღლემდეც მივედით.
ვანიკო თარხნიშვილი: დიდი განსხვავებული ჩემს საქმიანობაში არ ხდება, ახალი არაფერია. თეატრშიც იმავე რეჟიმით ვმუშაობთ, როგორც ვმუშაობდით, ახალი ფილმებიც არ ჩანს, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე გადაღებები არ მაქვს. ახლა ყველანი ველოდებით საშობაო ზღაპარს – „ანოსა და ვანოს თავგადასავალს“, რომელიც ზაფხულში გადავიღეთ. პირველად ვითამაშე ზღაპარში, სადაც ბოროტს ვასახიერებ. ასე გამორჩეულად სახასიათო როლი არასდროს მითამაშია. ყოველთვის ჩვეულებრივ ადამიანებს ვთამაშობდი, განსაკუთრებით კეთილი ან ბოროტი არ ვყოფილვარ. ფილმს ვიღებდით მწვანე კონცხზე, ბოტანიკურ ბაღში, ულამაზეს ადგილას. იმედია, შედეგი კარგი იქნება.
– განსაკუთრებით განიცდი ხოლმე პრემიერებს. მგონი, რეჟისორზე მეტად ნერვიულობ.
– მეტყობა?! ყოველთვის ვნერვიულობ. სწორ დამოკიდებულებად არ მიმაჩნია, რომ რაღაცას ჩემთვის ვაკეთებ და სხვის აზრს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ რას იფიქრებს? მთავარია, მე მგონია, რომ კარგია. ეს მცდარი პოზიციაა. იმიტომ ვმუშაობ, რომ ადამიანებმა ნახონ, შეაფასონ, დაამახსოვრდეთ. ბევრს და ერთმანეთისგან განსხვავებულ ადამიანებს ვეკითხები ხოლმე აზრს. თუ შენთვის გადაიღე, მაშინ, გააკეთე „ჰოუმ ვიდეო” და შენი ოჯახის წევრებს აყურებინე. მაინტერესებს ყველას აზრი, ვინც კარგს ამბობს და ვინც ამბობს ცუდს.
– ცუდს გეუბნებიან?
– რა თქმა უნდა. არ ვეკითხები აზრს ისეთ ადამიანს, რომელიც, ვიცი, რომ მომატყუებს – ამას წინასწარ ვხვდები.
– კარგი კითხვა გაქვს ხოლმე ამასთან დაკავშირებით: მეორედ ნახავ?
– კი, სხვათა შორის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ადამიანს ფილმის მეორედ ნახვის სურვილი უჩნდება, ესე იგი, მოსწონს. არის ასეთი ფილმები: ახლა კი მომეწონა, მაგრამ, მეორედ არ ვნახავ. მაგრამ, მინდა, ჩემი მონაწილეობით ისეთი ფილმები იყოს, რომლის ნახვის სურვილიც მაყურებელს ბევრჯერ ექნება. სულ ასე, რა თქმა უნდა, არ გამოდის.
– შენ გაქვს ისეთი ფილმი, რომელსაც სულ შეგიძლია, უყურო?
– ძალიან ბევრი არა, მაგრამ, არის. არის ფილმები, რომელთა სათაურებიც არ ვიცი, მაგრამ, ხშირად ვუყურებ ხოლმე. როდესაც არხებს ვათვალიერებ, თუ სადმე ვუდი ალენის ფილმს მოვკარი თვალი, ყოველთვის ვაჩერებ. ვუდი ალენს აქვს ეგ მაგნიტიზმი – ბოლომდე გაყურებინებს თავის ფილმს.
– ტელევიზორთან ხშირად ხარ? ჩუსტები, გაზეთი, სახლში ყოფნა გიყვარს?
– ტელევიზორი ზუსტად ის ატრიბუტია, რომელიც სახლში სიმყუდროვეს ქმნის. სახლი მის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ტელევიზორს ვუყურებ სულ – სახლში შევდივარ თუ არა, ვრთავ და, რომც არ ვუყურებდე, ჩართული უნდა იყოს. ტელევიზორი თუ გამორთულია, მგონია, რომ ომია. ასეთი შეგრძნება მაქვს და, რაღაც, აღელვებული დავდივარ ხოლმე. ღამითაც კი ჩართული მაქვს. შეიძლება, ცუდია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ, მიჩვეული ვარ. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რა ინფორმაციას მაწვდის ის – სახლის „ჩუსტები”, ხალათი და ტელევიზორი ჩემი კომფორტია.
– საერთოდ, რა გიქმნის კომფორტს? მარტო სახლში კი არა, ზოგადად.
– გარემო. შეიძლება, ბანალური პასუხია, მაგრამ, ასეა. კომფორტისთვის მაინცდამაინც სიმშვიდე მინდა ან ხმაურიანი ადგილები – ასე არ არის. მთავარი ადამიანებია, ვინ არიან ჩემ გარშემო. თუ კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობა ნეგატიურია და ის სადმე ჩემთან ახლოსაა, ვერ ვარ კარგად, მიჭირს იქ ყოფნა და გავრბივარ. შემიძლია, სამსახურიდანაც წავიდე ამის გამო.
– ამბობენ, რომ ურთიერთობებში მსუბუქი არ ხარ – არ ხარ ძალიან გახსნილი.
– ვინ ამბობს ამას?! ამაზე არ მიფიქრია. ვინც ჩემთან კარგად არის, მასთან ძალიან ბუნებრივი ვარ, არ ვიტყუები. არ მიყვარს ტყუილი და მაგარი ტიპი ვარ-მეთქი ამას არ ვამბობ, უბრალოდ, მირჩევნია, გახსნილი ვიყო. მიხარია, გახარებული ვარ თუ უხასიათოდ – არ ვთამაშობ. თუ რამე სიმძიმე მაქვს ხასიათში, ძალიან ახლობელ ადამიანებთან გამოვავლენ. ჩვეულებრივი ვარ, არაფრით განსაკუთრებული.
– ვიცი, რომ ეს ბოლო პერიოდი სახლის რემონტისა და მოწყობის ამბებით იყავი დაკავებული. გეხერხება საოჯახო საქმეები?
– კარგი, მხოლოდ და მხოლოდ შენთვის, როგორც იტყვიან, ექსკლუზიურად ვიტყვი, რომ ცოლი მოვიყვანე, სახლი შევიძინეთ და მე და ჩემი მეუღლე, სოფო გელავა, იქ გადავედით. ამ თემაზე დეტალურად საუბარი ჯერჯერობით არ მინდა, თუმცა, გპირდები, რომ დეტალებზე მხოლოდ შენთან ვილაპარაკებ. დასამალიც არაფერია ამ სიტუაციაში. უბრალოდ, ჩემი ცხოვრება ისედაც საჯაროა და, ხომ შეიძლება, მინდოდეს, რომ, რაღაცეები, რაც ძალიან პირადულია, ჩემთვის დავიტოვო?! ეს მხოლოდ და მხოლოდ მოფრთხილების, საყვარელ ადამიანზე მზრუნველობის გამო ხდება, სხვა მიზეზი არ არსებობს. ამიტომაც, პრესასთან ამ თემაზე ლაპარაკი არ გვინდა. რაც შეეხება ჩემს მეოჯახეობას, ვფიქრობ, ასეთი ვარ. ცხოვრების ამ ეტაპზე ჩვენს სახლს, ბუდეს ვაწყობთ და ეს ძალიან მსიამოვნებს. მიყვარს ჩემი სახლი, ჩემი ახლანდელი მდგომარეობა და იქ ყოფნა მინდა სულ. სახლს სისტემატურად რაღაცეებს ვამატებთ და ამით „ვკაიფობ”. მაგალითად, ახლა თიკა ფაცაციამ ულამაზესი ჩაიდანი მაჩუქა. ჩაიდანს კარგი ისტორია აქვს: თიკა ჩემთვის საჩუქარს ეძებდა, შევიდა ერთ-ერთ მაღაზიაში, სადაც გამყიდველმა ხან რა ურჩია, ხან – რა. მოკლედ, თიკამ რომ დაიწყო ტიპაჟის ახსნა, სხვანაირი ტიპია, გადაპრანჭული რაღაცეები არ მოეწონებაო, უცებ თავში დაარტყა და გამყიდველს უთხრა: იცი, ვისთვის მინდა? ვანიკო თარხნიშვილისთვისო. იმანაც, ეგრევე უპასუხა – ვანიკოს, ვიცი, ასეთი ჩაიდანი ენდომებაო და, ზუსტად ის საჩუქარი მომიტანა, რომელიც ძალიან მომეწონა და მოუხდა ჩემს სახლს.
– ახლა ხომ ვერაფრისთვის ვეღარ იმეტებ ფულს სახლის ნივთების გარდა?
– ფულს ძირითადად დალევაში, გართობაში ვხარჯავდი; ვფლანგავდი – კარგი გაგებით. მაგრამ ახლა სახლზე მზრუნველობა უფრო მიხარია. ის კი არა, კარადაც კი საკუთარი ხელით ავაწყვე. ფული სხვა რაღაცეებში დავხარჯე, კარადა არ მქონდა და მე და მამაჩემმა პატარა კონსტრუქცია ავაწყვეთ, რომელიც დროებით კარადის ფუნქციასაც ითავსებს.
– ახალმოსახლეობა გქონდათ? იყო სტუმრიანობა?
– პატარა სახლი გვაქვს და ჩვენი მეგობრები ნაწილ-ნაწილ მოდიან.
– სრულიად ჟურნალისტური სამყარო ელოდება თქვენს ქორწილს. როდის იქნება?
– აი, ამაზე უკვე სხვა დროს ვილაპარაკოთ (იცინის). სახლი, ოჯახი და სამსახური კარგად თავსდება ჩემს ცხოვრებაში. მუშაობისთვის ბევრი დრო მაქვს, ამიტომ, სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას ახალ პროექტებში, იქნება ეს კინო, სერიალი თუ სხვა. ერთი ეგ არის, რომ ამ მჭიდრო გრაფიკში რთულად თავსდება გართობა – გართობისთვის ვეღარ ვიცლი. თუმცა, ამაზე გული დიდად არ მწყდება. ცხოვრების ამ ეტაპზე თავს მშვენივრად ვგრძნობ ხალათში, ტელევიზორთან (იცინის).