„ცეხავიკი“ აბო, „ცხვირა“ და ჰაერში გამოძალული 30 ათასი მანეთი
კოტე ტუღუში, იგივე „ცხვირა“, ცნობილი თბილისელი თაღლითი იყო და ამ დანაშაულისთვის ოთხჯერ იყო ნასამართლევი. ის ისეთი ნიჭიერი პიროვნება იყო, რომ, პატიოსნად ცხოვრების შემთხვევაში, აუცილებლად დიდი ადამიანი გახდებოდა. თუმცა, მან კრიმინალური გზა არჩია და ამ სფეროშიც საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწია.
1969 წელია. ცნობილი თბილისელი „ცეხავიკი“, აბო სეფიაშვილი, მოსკოვში მიფრინავდა და „ტუ-104-ის“ სალონში პირველ სავარძელზე იყო მოკალათებული. იმავე რეისით მიფრინავდა მოსკოვში „ცხვირაც“, რომელიც რამდენიმე რიგით უკან იჯდა. აფრინდა თუ არა თვითმფრინავი, ათიოდე წუთის შემდეგ წამოხტა „ცხვირა“ და თვითმფრინავის სალონში ნერვიული სიარული დაიწყო, თან ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, თითქოს რაღაცას ეძებდა. ბოლოს სტიუარდესა გამოიძახა და უთხრა:
– ხმელეთზე გადაეცით, რომ მოსკოვის მილიციის ოპერჯგუფი დაგვახვედრონ. თვითმფრინავში 10 ათასი მანეთი დავკარგე. ეჭვი მაქვს, რომ ერთ-ერთმა მგზავრმა მოიპარა და მგზავრები გაჩხრიკონო...
სტიუარდესა პილოტებისკენ გაემართა, რომ მგზავრის სიტყვები გადაეცა მათთვის, შეშფოთებულმა აბო სეფიაშვილმა კი „ცხვირა“ იხმო და უთხრა:
– დაგენაცვლე, გააუქმე შენი მოთხოვნა და 10 ათასს მე გადაგიხდი, უთხარი, რომ ფული ვიპოვეო.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, „ცხვირამ“ აბოს 30 ათასი მანეთი გამოართვა და მხოლოდ მას შემდეგ გააუქმა თავისი მოთხოვნა. სტიუარდესას ბოდიშის მოხდით უთხრა, რომ ფული იპოვა. საქმე კი ის იყო, რომ აბოს მოსკოვში 300 ათასი მანეთი მიჰქონდა და, მილიციას რომ მისთვის ეს თანხა აღმოეჩინა, დიდ შარში გაეხვეოდა. „ცხვირამ“ კი იცოდა სეფიაშვილის ფულიანი ვოიაჟის ამბავი და ასეთი სპექტაკლი ფულის გამოძალვის მიზნით დადგა.
პოლკოვნიკ ზურაბ ფალიანის ნაამბობის მიხედვით