რა წარმატებას მიაღწია ჯაბა ქარსელაძემ საფრანგეთში და რის გამო ბლოკავდნენ მას სერიოზული კომპანიები
მომღერალი ჯაბა ქარსელაძე უკვე რამდენიმე წელია, უცხოეთში ცხოვრობს. მართალია იქ სიმღერისთვის ნაკლებად აქვს დრო, მაგრამ რამდენიმე უმაღლესის დამთავრების შემდეგ, კარიერას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად ის საფრანგეთში, ქალაქ გრენობლის ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში მუშაობს. თუმცა, ეს ყველაფერი ადვილად არ მოსულა, იყო ბევრი იმედგაცრუებაც, საბოლოოდ კი „შნეიდერ ელექტრიკის” თანამშრომელი გახდა და ამ მსხვილი კომპანიის კრედიტ-მენეჯერია. როგორ და ვისთან ერთად ცხოვრობს ის სამშობლოდან შორს, მისსავე ინტერვიუდან შეიტყობთ.
ჯაბა ქარსელაძე: შვეიცარიაში სწავლის დამთავრების შემდეგ, ამერიკაში ვიყავი სტაჟირებაზე. მერე საფრანგეთის ქალაქ გრენობლში გადმოვედი, რომელიც ინსტიტუტების ქალაქია. აქ ერთ უნივერსიტეტში დაახლოებით 65 000 სტუდენტია. მოკლედ, ძალიან ახალგაზრდული ქალაქია.
– ამ ქალაქში რატომ გადმოხვედი საცხოვრებლად?
– საფრანგეთში არის ერთ-ერთი ძალიან დიდი კომპანია – „შნეიდერ ელექტრიკი.” თუკი რაიმე ელექტრონული მზადდება მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია ეს გახლავთ, რომლის წლიური ბრუნვა 15 მილიარდი ევროა. ბევრი გასაუბრებისა და დაკითხვის შემდეგ, მიმიღეს კრედიტ-მენეჯერად. თავს არ ვიქებ, მაგრამ ამ კომპანიაში მართლა არ იღებენ ახალ კადრებს. მე კი გამიმართლა. ჯერჯერობით ერთწლიანი კონტრაქტი მაქვს გაფორმებული, მაგრამ იმედი მაქვს, მერეც დავრჩები. საკმაოდ გამიჭირდა სამსახურის შოვნა. რაც ჩამოვედი, ივლისის შემდეგ, სამსახურს ვეძებდი, მაგრამ ქართული პასპორტის გამო ბევრგან მბლოკავდნენ. მიზეზად კი იმას მეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან არ ვართ და მათი პრიორიტეტი იყო, ჯერ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები დაესაქმებინათ და თუ ადგილი დარჩებოდათ, მერე – სხვები. ადგილი კი არასდროს რჩებოდათ. მიხარია, რომ საბოლოოდ, გამიმართლა.
– რა თანამდებობაზე ხარ?
– ვარ კრედიტ-მენეჯერი. ეს თანამდებობა ბანკისთვის სხვა რამეა, ჩვენთან სხვა დანიშნულება აქვს. ჩვენს კომპანიას მილიონობით კლიენტი ჰყავს, რომლებიც, ზოგ შემთხვევაში, რაიმე მიზეზის ან პრობლემის გამო, ფულს ვერ იხდიან. მას შემდეგ, რაც ეს თანხა საეჭვო ვალებში, ანუ „შავ სიაში” გადავა, ჩემი მოვალეობაა, მისი ამოღება. მოკლედ, ხალხს ვატერორებ, რომ ეს თანხა გადმორიცხონ, უფრო სწორად იმ ადამიანებს, რომლებიც მე მექვემდებარებიან. კლიენტებთან უშუალოდ შეხება არ მაქვს. თუ მაინც ვერ მოხერხდა ამის გაკეთება, მაშინ მე შემიძლია, კლიენტს დავუბლოკო ანგარიში, რომლის შემდეგ, რაღაც დროის განმავლობაში, ვერანაირ ოპერაციას ვეღარ გააკეთებს ვერც ერთ ქვეყანაში, სადაც კი ჩვენი ორგანიზაციაა. რაც მთავარია, საფრანგეთში ამ თანამდებობაზე 4 ადამიანია, და მათ შორის ვარ მეც. არასდროს მეგონა, ასეთ თანამდებობაზე თუ ვიმუშავებდი, რადგან ჩემს ხასიათში არ ჯდებოდა „პრავების კაჩავი” და ასე შემდეგ. როგორც კი მასწავლეს, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა, მაშინვე ერთმილიონიანი პორტფელი მომცეს, საიდანაც ერთ კვირაში უკვე 800 000 ამოვიღე.
ჩემი მიზანია, საბოლოოდ დავიმკვიდრო თავი და თუნდაც ჩემს მშობლებს, ან სხვებს, დავანახვო, რომ მე შემიძლია უფრო მეტად ვიყო დამოუკიდებელი. მოსაბეზრებელია, როცა მთელი ცხოვრება ვიღაცაზე ხარ დამოკიდებული. ჩემს თავს კი არ ვუმტკიცებ, ან სხვას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, შედეგად მივიღებ იმას, რომ რაც ვისწავლე, ტყუილად არ მისწავლია. თავს არ ვიქებ, მაგრამ მართლა ძნელია საფრანგეთში უცხოელისთვის სამსახურის შოვნა. მიხარია ყოველ დილით ადრე გაღვიძება, რადგან ვიცი, რომ სამსახურში უნდა წავიდე. მგონი, ეს ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევა, როცა ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მიხარია და მსიამოვნებს.
– ყოველდღე მუშაობ?
– კვირაში 4 დღე ვმუშაობ – ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით. გარდა ამისა, ჩემი გადაწყვეტილებით, გრენობლის უნივერსიტეტში დოქტორანტურაში ჩავაბარე, სადაც ერთადერთი, დაზღვევის ფულს ვიხდი – 200 ევროს, მეტს არაფერს. ეს კიდევ ცალკე კურიოზია, რადგან სადაზღვევო კომპანია უკვე გავაკოტრე. რასაც თვეში ვიხდი, მგონი, 20 იმდენს მინაზღაურებენ. ალბათ, მალე მეტყვიან, შვილო, ოღონდ თავი დაგვანებე, აქეთ გადაგიხდით ფულს და შენ აღარ დაეზღვიოო. თუკი რაიმე გამოკვლევა არსებობს, ყველაფერი ჩავიტარე. ბოლოს ჩემმა ექიმმა მითხრა, ისე კარგი ფსიქიატრი რომ გენახა, აჯობებდა, რადგან ყველაფრის გამოკვლევა უკვე არანორნალურობაში გადაგდისო.
– საფრანგეთში მარტო ცხოვრობ?
– საერთოდ კი, მაგრამ უკვე ერთი თვეა, დედაჩემია ჩემთან ჩამოსული. გარდა იმისა, რომ მოვენატრე, მეც მჭირდებოდა ძალიან. როცა მხოლოდ ვსწავლობდი, მაშინ უფრო მიადვილდებოდა რაღაცეების გაკეთება, მაგრამ ახლა, როცა დილიდან საღამომდე სამსახურში ვარ, სახლში მოსულს არაფრის თავი აღარ მაქვს. ამიტომ, დედაჩემს ვთხოვე, რომ ჩამოსულიყო.
მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში ძალიან ვიღლები, ბოლოს მივხვდი, რომ მარტო სწავლა ძალიან მოსაბეზრებელია. ამიტომ, მუშაობა რომ არ დამეწყო, ალბათ, მალე „გავრეკავდი“ კიდეც.
– ცოტა თემას მინდა გადავუხვიო. მანანა თოდაძესთან დაკავშირებით რა ხდება? რაიმე საერთო პროექტზე მუშაობთ? ამას იმიტომ გეკითხები, რომ სოციალურ ქცელში რამდენჯერმე თვალი მოვკარი შენს გამოქვეყნებულ სტატუსს.
– მანანა დღესდღეობით ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. რაც უცხოეთში გადმოვედი, ძალიან ბევრი რამ დავინახე ადამიანებში, ვის რა ურთიერთობა ჰქონდა ჩემთან და ვინ რა გააკეთა. გულახდილად გეტყვი, დღეს ძალიან ბევრზე ვარ გულდაწყვეტილი საქართველოში და გული მაქვს ნატკენი.
– რატომ?
– როცა კარგად ხარ, რაღაცას აკეთებ და ეს მათთვისაც სასარგებლოა, მაშინ შენს გვერდით არიან. რომ წამოვედი, მივხვდი, რომ ძალიან ცოტა მეგობარი მყავს გარშემო, ვისაც გულით უხარია ჩემი წარმატება. ბევრ ადამიანს ირიბი გამოცდა ჩავუტარე, რაშიც ძალიან ცუდი შედეგი მივიღე. ამიტომ, რომ გითხრა, საქართველოში ჩემი ოჯახის წევრების გარდა, ვინმე ისე მენატრება, ყოველ ღამით სიზმარში ვხედავ-მეთქი, არა. გული იმაზეც მწყდება, რომ ადამიანები ყოველთვის უარყოფითს ეძებენ შენში და წარმატებულ საქმეებზე კი არ წერენ, არამედ რაღაც სისულელეებს. ბევრ ჟურნალისტზეც დამწყდა გული, რომლებსაც ადრე მეგობრად ვთვლიდი, მაგრამ თურმე ვცდებოდი. როგორც აღმოჩნდა, ყველა მაინც საკუთარ ინტერესს და საკუთარი თავის „გაქაჩვას” ცდილობს. ეს კი ჩემთვის მიუღებელია. ალბათ, მოვა ის დღეც, როცა ყველა კითხვას პასუხს გავცემ.
რაც შეეხება მანანა თოდაძეს, ჩემი ძალიან ახლო მეგობარია. ასევე, ვგეგმავთ ერთობლივ, ძალიან საინტერესო პროექტს. იმის გარდა, რომ ჩავწერთ ძალიან ლამაზ დუეტს, გვაქვს საახალწლო გეგმებიც, რომლის შესახებ ჯერ ვერაფერს ვიტყვი. ძალიან გულიანი ადამიანია, ვუყვარვარ და თბილად არის ჩემს მიმართ განწყობილი. დიდი ხანი არ არის, რაც ვიცნობ, ჯერ ერთი წელიც არ იქნება. თუკი რამე რჩევა მჭირდება, თუნდაც მუსიკალური, ყოველთვის ვეკითხები და ისიც მპასუხობს. ვამაყობ, რომ ასეთი მეგობარი მყავს. ძალიან ბევრს ეს, ალბათ შურს, რადგან რაღაც სისულელეების ლაპარაკი დაიწყეს. იმდენად მომბეზრდა ეს ყველაფერი, რომ არავის ნათქვამს აღარ ვაქცევ ასეთ დროს ყურადღებას. მე ყველაზე კარგად ვიცი, ჩემს ცხოვრებაში რა ხდება და რას ვაკეთებ. ვაღიარებ, ბევრი შეცდომა დამიშვია და ჩემს თავთან მიმართებაში ბევრი ისეთი რაღაც გამიკეთებია, რაც არ უნდა გამეკეთებინა, უფრო მეტიც, ზედმეტიც მომსვლია. რაც მთავარია, დღემდე მაინც მიმაჩნია, რომ ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც გულით მინდოდა და არა – რაღაც სიყალბის გამო. მართალია, ემოციური ადამიანი ვარ, მაგრამ ბოლო დროს ემოციები 50 პროცენტით მაინც დამიქვეითდა. მივხვდი, რომ არ ღირს ნერვების შლა და ვიღაცეების გამო, დროის დაკარგვა. ისედაც ბევრი ჭაღარა მაქვს და აღარ მინდა, კიდევ მომემატოს. აქედან გამომდინარე, ვცდილობ, მაქსიმალურად „დავიკიდო” უარყოფითი ემოციები, რაც გამომდის.
– როდის დაბრუნდება ჯაბა ქარსელაძე საქართველოში?
– ამ ეტაპზე მიმაჩნია, რომ ჩემი ადგილი აქ არის. როცა ჩავთვლი, რომ ჩემი ადგილი საქართველოშია და შევძლებ ისეთი რამ გავაკეთო, რაც ხალხს ესიამოვნება, აუცილებლად დავბრუნდები. როცა საქართველოს დავჭირდები და მექნება შემოთავაზება, უპირველესად მის გვერდში ვიქნები, მაგრამ ამ ეტაპზე ცოტა ზედმეტი ვარ. გამომდინარე აქედან, ჩემი ადგილი ჯერჯერობით მანდ არ არის, როცა იქნება, აუცილებლად დავბრუნდები.