რას აკეთებს თბილისში ცნობილი საშა ლა ჟოლი მოსკოვში და რა მოჰპარა მას „ნინა რიჩიმ“
კუტურიე, ალექსანდრ, იგივე საშა არუთინოვი, რომელიც თავს ისევ თბილისელად მიიჩნევს და საქართველოში დაბრუნებაზე ფიქრობს, დიდ რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და „მოთხოვნადი“ დიზაინერია. „როგორც მეფე ლუი მეთოთხმეტემ ააყვავა და გაამდიდრა საფრანგეთი, ასევე შეცვალა და გაფურჩქნა მან რუსული მოდა, გახადა ის უფრო მიმზიდველი, უფრო ბრჭყვიალა და საოცრად მდიდრული“, – იწერება რუსულ პრესაში. „თბილისელებთან“ ინტერვიუში კი საშა ნოსტალგიურად იხსენებს თბილისში გატარებულ პერიოდს.
საშა არუთინოვი: ძალიან დიდი ხანია, რაც თბილისიდან მოსკოვში გადმოვედი საცხოვრებლად. მართალია, აქ ისე ადვილი არ არის ცხოვრება, როგორც თბილისში, ისე არ თბილა როგორც მანდ, არ არიან კეთილი ადამიანები, მაგრამ მოსკოვმა მაინც ძალიან კარგად მიმიღო. საერთოდ, მოსკოვში ძალიან დიდხანს ვცხოვრობდი, სკოლაც აქ დავამთავრე და საქართველოში ოჯახთან ერთად ჩამოვედი. ასე რომ, ეს ჩემთვის ახალი ქალაქი არ ყოფილა. მამაჩემის დამსახურებით ჩემმა ოჯახმა იცხოვრა კისლოვოდსკში, თბილისსა და მოსკოვში. ყველა ეს პერიოდი ძალიან საინტერესო იყო ჩემს ცხოვრებაში.
– მიუხედავად იმისა, რომ თბილისში თმის სტილისტად მუშაობდი, ძალიან პოპულარული იყავი, ყველა გიცნობდა, ხშირად იბეჭდებოდა შენთან ინტერვიუები. რა იყო ამის მიზეზი?
– თბილისში ცნობილი ვიყავი როგორც „საშა ლა ჟოლი“, ასე ერქვა იმ სალონს, სადაც ვმუშაობდი. მართლა არ მესმის, რატომ გავხდი ასეთი პოპულარული. როდესაც თბილისში ჩამოვედი, საქმე არ მქონდა, არ ვიცოდი, რა მეკეთებინა. მაშინ 18-19 წლის ვიყავი. როდესაც მამამ გაიგო, რომ პარიკმახერობას ვაპირებდი, შოკში ჩავარდა, ამბობდა, ჩემი შვილი დალაქი არ იქნებაო. ვერც ვხვდები, რატომ გადავწყვიტე, თმაზე მემუშავა, რაღაცამ მიმიზიდა ამ საქმისკენ. პატარა ვიყავი, როდესაც საკუთარი ფულის შოვნა დავიწყე. დაკავებული ვიყავი ცეკვით, ვმუშაობდი სამოდელო სააგენტოში. თბილისში კი აღმოვაჩინე, რომ არ არსებობს არც ცეკვების სკოლა, არც სამოდელო სააგენტოები, ამიტომაც, გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა ის, რაც ყველაზე ახლოს იყო ჩემთან მემუშავა სტილისტად. რაც შეეხება პოპულარობას, ძალიან მალე მოვიდა. ეს, ალბათ, მაინც იმ ადამიანებმა გადაწყვიტეს, ვინც ჩემთან დადიოდა. ხშირად მოდიოდნენ ჟურნალისტები და მთხოვდნენ, დამესახელებინა ის ცნობილი ადამიანები, ვისაც ვარცხნილობას ვუკეთებდი, მაგრამ მათ სახელებს არასდროს ვამხელდი. ეს არასწორად მიმაჩნია.
– ახლა თუ შეგიძლია დაასახელო ის ადამიანები, უკვე მრავალი წელი გავიდა.
– კი, მართლა ბევრი წელი გავიდა, ასე რომ შემიძლია ვთქვა, რომ იმ დროისთვის ბევრი პოპულარული მომღერალი, მსახიობი თუ სხვა სფეროს მოღვაწე ჩემთან დადიოდნენ: თამუნა ამონაშვილი, ეკა კვალიაშვილი, ნატო მეტონიძე, მაია ყარყარაშვილი, ქეთა თოფურია, სტიოპა, მაია დარსმელიძე... ნუ, ვინ აღარ, ყველას ხომ ვერ გავიხსენებ?!
– მოსკოვში ჩასვლის დროსაც ეს საქმე განაგრძე?
– გარკვეული პერიოდი – კი. მოსკოვში რომ ჩამოვედი დაახლოებით ერთი წელი ვიმუშავე ძალიან მაგარ სალონ „ლ’ორეალში“, მაგრამ შემდეგ უკვე ტანსაცმლის შეკვეთები წამოვიდა და აზრიც აღარ ჰქონდა სალონში დარჩენას.
– თბილისში გავრცელდა ჭორები, რომ პუტინის ცოლსაც კი უკეთებდი ვარცხნილობას.
– იცი, რა არის?! სიმართლეც რომ იყოს ეს ამბავი, ამის შესახებ მაინც არ ვილაპარაკებდი. მიმაჩნია, რომ სხვებმა უნდა ილაპარაკონ ჩემზე, მე კი არ უნდა ვიქო თავი, ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა. ასე ვიქცეოდი თბილისში ყოფნის დროსაც. ყველა ჩემი კლიენტი, ჩემი მეგობარია, ხოლო მეგობრების ხარჯზე რეკლამის გაკეთება არ მომწონს, ეს არ არის ჩემი. ადამიანმა საკუთარი თავი კი არ უნდა აქოს, სხვებმა უნდა აქონ.
– კი მაგრამ, იმისთვის, რომ გაქოს, სამწუხაროდ, პუტინის მეუღლესთან ნამდვილად ვერ შევძლებთ დარეკვას.
– (იცინის) კარგი, მაშინ, როგორც გინდათ ისე მიიღეთ – გინდა სიმართლედ, გინდა ტყუილად.
– როდის და როგორ დაიწყე ტანსაცმლის „კეთება“, რამ გადაგაწყვეტინა ეს?
– ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თბილისში ვცხოვრობდი, ძალიან რთული იყო ტანსაცმლის შოვნა, მაშინ ყველაფერი შეკვეთით იკერებოდა და შეკვეთებს მეც ვიღებდი. ეს ამბავი მოსკოვშიც გაგრძელდა, იქაც, ყველა ჩემი კლიენტი, ავტომატურად ხდებოდა ჩემი მეგობარი. ერთხელ, ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, ირა ციბულსკაია, ჩემთან თხოვნით მოვიდა, მას ჰყავდა შეყვარებული, ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა. ირამ მთხოვა ყოველთვის ძალიან საინტერესოდ და კარგად გამოიყურები და, იქნებ, დამეხმარო, რომ ის ბიჭი შოკში ჩავაგდოო. ერთი სიტყვით, მოვიფიქრეთ მისთვის კაბა, ფეხსაცმელი, სამკაული, ვარცხნილობა და, იმ დაბადების დღიდან დაბრუნებული არ იყო, რომ ატყდა შეკვეთები (იცინის). ერთდროულად ვმუშაობდი შეკვეთებზეც და სალონშიც. ბოლოს, როდესაც მივხვდი, ორივე საქმეს ერთდროულად ვეღარ გავუმკლავდებოდი, სალონიდან წამოვედი.
– როგორც ვიცი, უკვე გაქვს საკუთარი მოდის სახლი.
– დიახ, ათი წლის განმავლობაში პრაქტიკულად მარტო ვმუშაობდი, მქონდა საკუთარი ლეიბლი. შარშან ჩემს საქმიანობაში გაჩნდა პარტნიორი, რომელთან ერთადაც მივიღე მონაწილეობა რუსული მოდის კვირეულში. თებერვალში ჩვენება გვქონდა ლონდონში და ძალიან ბევრი შეკვეთა მივიღეთ. წელს „იურმალაზე“ სამ კონკურსანტს ვაცმევდი, ასევე, კოსტიუმები შევკერე „მის რუსეთისთვის“, რომელიც ბაჰამის კუნძულებზე „მის სამყაროზე“ მონაწილეობდა. რაც შეეხება ჩემს ბრენდს, ორი თვის წინ ჩემს პარტნიორს დავშორდი, ახლა მარტო ვმუშაობ, მადლობა ღმერთს და, ვქმნი ბრენდს „არუთინოვი“. ცოტა რთული პერიოდი გვაქვს, მაგრამ არა უშავს, ათკაციანი გუნდი მყავს და სამუშაოს ავუდივართ.
– დიზაინერის პოპულარობასა და წარმატებაში ხშირად გადამწყვეტ როლს საქორწილო კაბა თამაშობს, რომელსაც ის რომელიმე ცნობილი პატარძლისთვის ქმნის...
– საქორწილო კაბა შევქმენი... უფრო სწორად, გრაფ და გრაფინია ზახაროვების მთელი ქორწილის დიზაინი გავაკეთე. პატარძლისა და სიძის, ასევე მათი შვილების ჩაცმულობა მთლიანად მე მეკუთვნის. ხშირად მიმუშავია საქორწილო კაბებზე, რაც ძალიან მომწონს.
– შენი კლიენტის მხოლოდ ჩაცმულობაზე ზრუნავ თუ მთელ იმიჯზე?
– გააჩნია შემთხვევას. მოსკოვში კლიენტურა ძალიან მრავალფეროვანია. მაგალითად, ზახაროვების შემთხვევაში მათ მთელი ქორწილის იმიჯი მე მომანდეს: ორი კაბა პატარძლისთვის, ორი კოსტიუმი სიძისთვის, ბავშვებისთვის; პლუს ამას, ჩემი რჩევით მოხდა სხვა დეტალების შედგენაც. ძალიან ბევრი ვარსკვლავი მოდის და მთხოვს, რომ მთლიანად შევუცვალო იმიჯი, ბევრი კი ჩემი კოსტიუმებით გარდერობს ავსებს. ადრე მაინტერესებდა ვარსკვლავებთან მუშაობა, მომწონდა, მაგრამ ახლა ეს საერთოდ აღარ მაინტერესებს. რადიკალურად შემიცვლია რამდენიმე ვარსკვლავის იმიჯი. თუ გახსოვთ, კატია ლელი, რომელსაც გაურკვეველი წითელი ფერის თმა ჰქონდა და რაღაც საოცრებები სჭირდა თმაზე და შემდეგ უკვე მისი კლიპი პაშა ბურესთან ერთად, როდესაც ის რადიკალურად სხვანაირი სტილით გამოჩნდა ეკრანზე – ძალიან მოკლედ შეჭრილი თმით, – ეს ჩემი გაკეთებულია. მომღერალი სლავა, ჯგუფი „ა-სტუდიოს“ „ბეგი კი მნეს“ იმიჯი და სხვა. ძალიან ბევრია, ასე ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
– როდის დაიწყო შენი ასეთი პოპულარობა მოსკოვში?
– წლები და ბევრი შრომაა საჭირო იმისთვის, რომ მოსკოვში ისეთი ცნობილი დიზაინერი გახდე, რომელზეც მოთხოვნა ყოველთვის არის. რატომღაც, გამიმართლა, ეს ჩემდაუნებურად მოხდა ისე რომ, ამისთვის არც ძალდატანება დამჭირვებია, არც ვინმესთვის რაიმეს თხოვნა და არც დიდი კაპიტალდაბანდება. უბრალოდ, ყოველთვის აღმოჩნდებოდნენ ხოლმე ჩემ გვერდით ისეთი ადამიანები, ვისაც ჩემი შესაძლებლობების სჯეროდათ და სულ სადღაც „მტენიდნენ“, ასე ვთქვათ. ასე ხელის კვრით მივდიოდი წინ, თუმცა ყოველთვის ძალიან ბევრს ვშრომობდი, მხოლოდ ხელისკვრით არაფერი გამოვა.
– ვისთან მეგობრობ, ვისთან ერთად ერთობი?
– ესენი არიან: თეონა კონტრიძე, ნინსტეფანინ, ჯგუფიდან „ჰაი ფაივ“, მომღერალი სლავა, ქეთა თოფურია, დიმიტრი ლოგინოვი და კიდევ რამდენიმე. ესენი ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანები არიან. ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი ვარ, შესაბამისად, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, როგორც შოუ-ბიზნესში, ისე მსახიობებს, რეჟისორებსა და პოლიტიკოსებს შორის. წეღან უბრალოდ, ჩამოვთვალე ის ადამიანები, ვისთანაც ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს. ეს არის ქალაქი, სადაც ყოველდღე გართობაა. როდესაც ადრე ჩემს ფოსტას ვხსნიდი, იქ რამდენიმე მოსაწვევი მხვდებოდა – ვთქვათ, მოსაწვევები ოთხი სხვადასხვა წვეულებიდან. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ოთხივე ადგილას მისვლა მომესწრო. თავადაც ხვდებით, ალბათ. თავიდან ადამიანი მუშაობს სახელზე და შემდეგ უკვე – სახელი ადამიანზე. ახლა, როდესაც ფოსტას ვხსნი, ვერც ვითვლი, რამდენი მოსაწვევია. იქიდან ან ერთს ვირჩევ ან არსად არ მივდივარ. უკვე აღარ მაქვს იმ წვეულებებზე სიარულის თავი, სადაც სულ ერთი და იგივე ხალხია, ბანალური და არასაინტერესო თემებით.
– როგორც თქვი, ლონდონში ჩვენება გქონია. მოგვიყევი ამის შესახებ.
– ჩვენება ქალაქის ცენტრში, მეთვრამეტე საუკუნის ციხესიმაგრეში გვქონდა, სადაც ერთ დროს ჩვენებები გაუმართავთ ივ სენ-ლორანს, ლუი ვიტონს, ვივიენ ვესტვუდს, ახლა კი – ჩვენ. ძალიან მაგარი იყო. ლონდონში ძალიან უყვართ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ადრე ვფიქრობდი, რომ ისინი „პრეტ-ა-პორტეზე“ გიჟდებოდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქ „პრეტ-ა-პორტე“ საერთოდ არავის აცვია. ქალაქში ყველა ისეთი სამოსით დადის, როგორსაც ვესტვუდი ქმნის, გიჟური და ორიგინალური. შესაბამისად, ჩვენი არანორმალურად ლამაზი კაბებით ფორმატს საოცრად მოვუხდით. თან ეს ჩვენება არა კომერციული, არამედ საჩვენებელი იყო. ამის შემდეგ ჩვენთან მუშაობის სურვილი გამოთქვა ძალიან ბევრმა ჟურნალმა, დაწყებული ბრიტანული „ვოგით“. იმისთვის, რომ ამ ჟურნალებთან გვეთანამშრომლა, სააგენტო კონტრაქტი უნდა დაგვედო სააგენტო „გოუსთან“ და მათთვის ყოველთვიურად 6 ათასი ევრო უნდა გვეხადა. ამაზე, რა თქმა უნდა, უარი ვთქვით, მაგრამ სამ ჟურნალში გადაღებებისთვის ჩვენი სამოსი, შლაპები და ფეხსაცმელი მაინც გამოიყენეს. ამ კოლექციასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა: შარშან გაიმართა, ჩვენება, სადაც 2009 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია ვაჩვენე. შესაბამისად, უამრავი ფოტოები მქონდა, რომლებიც მოდელებს ჩემს ფეხსაცმელებში გადაუღეს და ამის ნახვა ინტერნეტში თავისუფლად შეგიძლიათ. წელს კი, აღმოვაჩინე, რომ „ნინა რიჩის“ თავის კოლექციაში ზუსტად ჩვენნაირი ფეხსაცმელი აქვს. წარმოგიდგენიათ, რა შოკს მივიღებდით?!
– ამ ფაქტზე რაიმე რეაგირება მოახდინეთ?
– ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო, როგორ შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო. შემდეგ, გალა ბარდოვამ, ძალიან ცნობილმა სტილისტმა მოსკოვში, რომელიც „ვოგთან“ და ასეთ ჟურნალებთან მუშაობს, ამიხსნა, რომ ეს, შესაძლოა, მისი ბრალი ყოფილიყო – მას ჩვენი კაბები და ფეხსაცმელი გადაღებისთვის წაღებული ჰქონდა პარიზში, რის შემდეგაც ის თვითმფრინავში ჟურნალს შლის და ფეხსაცმელს „ნინა რიჩი“ აწერია. თუმცა, ეს ყველაფერი ჩემს შარშანდელ კოლექციაში იყო. ვკითხე, გალ, სხვა საქმე არ აქვს „ნინა რიჩის“, რომ ასე იქცევა?! მან ამიხსნა, რომ მსხვილ მოდის სახლებში ყოველთვის მუშაობს დიდი ჯგუფი, რომელიც ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილ დიზაინერებს ყველა „ფიშკას“ ართმევს. იციან, რომ ამაზე სერიოზულ რეაგირებას ვერ მოახდენ.
– საშკა, თუ აპირებ, რომ თბილისში გამართო ჩვენება?
– მეტსაც გეტყვით: თბილისთან დაკავშირებით ძალიან დიდი გეგმები მაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, ალბათ საცხოვრებლად მანდ გადმოვალ. ძალიან მიყვარს მოსკოვი, ის ჩემი ქალაქია, მაგრამ ჩემი სული მაინც თბილისია. ძალიან მენატრება ის სილამაზე, რაც მანდაა. კიდევ უფრო უკეთესად ავაწყობ და დავალაგებ ბიზნესს მოსკოვში, გავმართავ წარმოებას და საცხოვრებლად თბილისში გადმოვალ, ისე, რომ ერთი თვე მოსკოვში ვიქნები, ორი თვე – თბილისში. იმავეს აპირებენ ქეთა თოფურია, თეონა კონტრიძე. რაც შეეხება კოლექციას, არ მგონია, მისი ჩვენების გამართვა თბილისში პრობლემა იყოს.