ფენომენალური ნიჭის მქონე მომავალი რეკორდსმენი
1972 წელს დაბადებული, მარნეულში მცხოვრები ეტიბარ ელჩიევ-ბუდაღლის საოცარი ნიჭის შესახებ ვიდეოები შეგიძლიათ, ინტერნეტ სივრცეში იოლად ნახოთ. ამ ადამიანს აქვს სხეული-მაგნიტი, რომელსაც ყველა ზომისა თუ წონის ნივთის სხეულზე მიკრობა შეუძლია და ამ ნიჭით მისი ოჯახის სხვა წევრებიც არიან დაჯილდოებულნი. მარნეულის რაიონში მცხოვრები ბატონი ეტიბარი ბიოდენებით უამრავ დაავადებას მკურნალობს და მისი პაციენტები ყოველთვის მადლობის სათქმელად ბრუნდებიან მასთან.
ეტიბარი: პაციენტების წამალი ჩემი ხელია. 11 წლისამ აღმოვაჩინე საკუთარ თავში უნარი, რომ შემიძლია, ხელით ნებისმიერი დაავადების „დანახვა“, დიაგნოზის დასმა და მკურნალობა. ერთი წლის წინ კი ჩემი სხეულის მაგნიტიზმიც აღმოვაჩინე.
ყველაზე ცნობილი ის ვიდეოა, სადაც ბატონ ეტიბარს სხეულზე ეკრობა მანქანის ეგრეთ წოდებული კაპოტი, რომელიც დაახლოებით 105 კილოგრამს იწონის. ამ ყველაფრის კულმინაცია იყო, როდესაც ამ კაპოტზე მამაკაცი ჩამოჯდა და ამ ყველაფერს ბატონმა ეტიბარმა გაუძლო. ეს საოცარი ნიჭის მქონე ადამიანი თავად დაუკავშირდა კლუბ „რეკორდს”. კლუბი და მისი ხელმძღვანელი შოთა ქელდიშვილი უკვე ამ თვეში აპირებენ მსოფლიო რეკორდის ორგანიზებას, რისთვისაც კლუბს სპონსორები სჭირდება. ნებისმიერი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ კლუბ „რეკორდს”: rekordsmeni@yahoo.com. ამ მიმართულებით მსოფლიოში არსებობს რეკორდები და ყველაზე სერიოზული მათ შორის ახალგაზრდა ბიჭის მიერ დამყარებული რეკორდია, რომელმაც სახეზე ჩვიდმეტი კოვზი „მიიწება“. ბატონ ეტიბარს კი, მინიმუმ, ამ რეკორდის გასამმაგება შეუძლია.
ეტიბარი: თხოვნით მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს, რომ გამოიკვლიონ ჩემი ძალები და მომცენ მკურნალობის სერტიფიკატი. აბსოლუტურად სუფთა ენერგია მაქვს, რომლითაც ბევრი დაავადების დამარცხება შემიძლია. ჩემი ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჩემი რწმენა მაძლევს იმის საშუალებას, რომ ადამიანები განვკურნო, რაც ყველას არ შეუძლია. პაციენტისგან მიღებული უარყოფითი ენერგია ისე მოქმედებს ჩემზე, რომ ცრემლები მომდის, მისგან გათავისუფლება კი ყველას არ შეუძლია.