როგორ ეძებს ვორონეჟში მცხოვრები 29 წლის ახალგაზრდა მამაკაცი მამას საქართველოში
29 წლის არტიომ ვასილის ძე ბოგდანოვი ეძებს დაახლოებით 50-52 წლის ვლადიმერ ოთარის ძე ონაშვილს.
ისტორია: ვეძებ ჩემს ბიოლოგიურ მამას, დაახლოებით 50-52 წლის ვლადიმერ ოთარის ძე ონაშვილს. ვიცი, რომ მამაჩემი საქართველოში უნდა ცხოვრობდეს. სამწუხაროდ. მისი ფოტოც კი არ გამაჩნია, რადგან მის შესახებ მხოლოდ 20 წლის ასაკში გავიგე, სრულიად შემთხვევით. 1980-1982 წლებში მამაჩემი იმყოფებოდა ვორონეჟში, სადაც გაიცნო დედაჩემი. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ისინი არ დაქორწინებულან. ჩემმა ბიოლოგიურმა მამამ ჩემი არსებობის შესახებ არაფერი იცის, ამიტომ, ჩემი ერთადერთი იმედი ის ისტორიაა, რაც მე შემიძლია, გიამბოთ. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ მამის მოძებნაში. ტერიტორიულად საქართველოსგან შორს ვარ – დედასთან და გამზრდელ მამასთან ერთად ვორონეჟში ვცხოვრობ და თქვენი რუბრიკის დიდი იმედი მაქვს.
– გვიამბე, როგორ გაიგე მამის ვინაობა მხოლოდ 20 წლის ასაკში და რა იყო შენი მშობლების ერთმანეთთან დაშორების მიზეზი?
– მე დავიბადე 1982 წლის 15 მაისს და გავიზარდე ქალაქ ვორონეჟში. დედაჩემმა, მარინა ალექსანდრეს ასულმა ვასილკოვამ, დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი და 1980-1982 წლებში ექთნად მუშაობდა ვორონეჟის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც გაუცნია ჩემი ბიოლოგიური მამა. დედამ მითხრა, რომ მათ გაცნობისთანავე შეუყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ მამაჩემს, ანუ ვლადიმერს, არ შეეძლო ვორონეჟში დარჩენა, დედას კი საქართველოში წასვლა არ უნდოდა, ამიტომაც ისინი დაშორდნენ. მამაჩემმა დედის ორსულობის ამბავი არ იცოდა, ანუ, მან არც კი იცის ჩემი არსებობის შესახებ. მე დაბადებისთანავე ბიძის (დედის ძმის) სახელი დამარქვეს. 3 წლის რომ გავხდი, დედაჩემი გათხოვდა, აღმზრდელმა მამამ (იგორ პაშას ძე ბოგდანოვმა) თავისი გვარი მომცა და შვილივით მზრდიდა. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ბიოლოგიური მამა სულ სხვა ადამიანია, მაგრამ, 20 წლის რომ გავხდი, დედამ სიმართლე მითხრა და ასე გავიგე, რომ მამაჩემი ქართველია და ყველაფერი, რაც მის შესახებ ვიცი, ის არის, რომ არის მაღალი, სიმპათიური და შავგვრემანი კაცი. საქართველოში მამას ჰყავდა მშობლები და, თუ არ ვცდები და დედას სწორად ახსოვს, უმცროსი და (მისი და ამჟამად დაახლოებით 48-49 წლის უნდა იყოს). სამწუხაროდ, მისი სახელი ჩემთვის უცნობია. მამინაცვალთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ის ჩემი მეგობარია და ყველაფერში მიგებს. აღმოჩნდა, რომ დედას ჩემთვის სიმართლის თქმა არ უნდოდა, მაგრამ, იგორმა ურჩია, რომ ეს გაეკეთებინა – ოდესმე მაინც გაიგებს და, ჯობია, შენ თვითონ უთხრაო.
– რამდენი ხანია, რაც მამას აქტიურად ეძებ და როგორ ფიქრობ, პოვნის შემთხვევაში ის თუ მოინდომებს შენთან დაკავშირებას?
– დიდი იმედი მაქვს, რომ მამაჩემი დღემდე საქართველოშია და საცხოვრებლად სხვაგან არ გადასულა. დარწმუნებული ვარ, რომ მას აქვს თავისი ოჯახი და, ალბათ, შვილებიც ეყოლება. ძალიან მაინტერესებს ჩემი ნახევარდაძმის გაცნობაც. ყოველთვის მინდოდა, ძმა რომ მყოლოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დედისერთა ვარ. თუკი აღმოჩნდა, რომ მამას ჰყავს შვილები, რომლებიც ასევე მოინდომებენ ჩემთან ურთიერთობას, ამაზე კარგი რა უნდა მოხდეს. სამი წელია, რაც მამას ვეძებ, მაგრამ, უშედეგოდ. მით უმეტეს, მამაჩემის შემთხვევაში – მან ხომ არც კი იცის ჩემი არსებობის შესახებ.
– თუკი მამას იპოვი, მაგრამ, აღმოჩნდება, რომ მას შენთან დაკავშირება არ სურს (სამწუხაროდ, ასეც ხომ ხდება ხოლმე), რა რეაქცია გექნება ამაზე?
– ჩემთვის, უპირველეს ყოვლისა, მთავარია, მამა ვიპოვო. ხოლო, თუ ვიპოვი და მას არ ენდომება (რაიმე მიზეზების გამო) ჩემთან დაკავშირება, მე ამასაც გავიგებ. მთავარი მაინც ის არის, რომ ვიპოვო, გავაგებინო მას ჩემი არსებობის შესახებ. ვფიქრობ, რომ მისი ოჯახი ამ საკითხს ობიექტურად მიიღებს და ჩვენ შორის კავშირის წინააღმდეგნი არ იქნებიან. ჩემთვის ცნობილია ყოველი ძიებისა და პოვნის პირობები: თუ მამა ჩემთან ურთიერთობის წინააღმდეგი იქნება, თქვენ მე მის საკონტაქტო მონაცემებს არ მომცემთ. ამის მიუხედავად, მე მაინც თანახმა ვარ, ვცადო ბედი. დედაჩემს სწორედ ამ მიზეზით არ უნდოდა, რომ მე მამის ძებნა დამეწყო, მაგრამ, ჩემთვის უმთავრესია სიმართლის გაგება. დანამდვილებით ხომ არ ვიცი, რა მოხდება, თუკი მას ვიპოვი. მე დარწმუნებული ვარ ჩემი სურვილის უვნებლობაში და ამიტომაც ვეძებ მას.
– მამის პოვნასთან დაკავშირებით თუ გგულშემატკივრობს ვინმე?
– დედამ იცის, რომ მამას ვეძებ და ვერ მეწინააღმდეგება, თუმცა, ფიქრობს, რომ ვერ ვიპოვი. ჩემს აღმზრდელ მამას კი ძალიან უნდა, რომ ბიოლოგიური მამა ვიპოვო. ის არაჩვეულებრივი ადამიანია და ყველანაირად მგულშემატკივრობს. იგორს მიაჩნია, რომ მამის პოვნის შემთხვევაშიც კი, ჩვენი მამაშვილური ურთიერთობა არ შეიცვლება. მე მას ყოველთვის დავაფასებ, რადგან, მან შვილივით გამზარდა.