კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქმარმა ცოლი შვილის თანდასწრებით მოკლა

 

28 წლის ვოვა ვ. განსასჯელის სკამზე მეუღლის მკვლელობისთვის აღმოჩნდა. მისი სასამართლო პროცესის მსვლელობას დარბაზში სრულიად უცნობი ადამიანებიც კი ადევნებდნენ თვალს. როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, დამსწრეთა უმრავლესობა განსასჯელს თანაუგრძნობდა. სწორედ ამიტომ, ხმაურით მიმდინარე პროცესიდან, რეპლიკების გამო, არაერთი ადამიანი გააძევეს...

არაერთგვაროვანი პოზიციის მიუხედავად, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ახალგაზრდა მამაკაცი წაყენებულ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და ციხეში 9 წლით გაამწესა. შედეგად, მშობლების გარეშე დარჩა 2 წლის მათე, რომელსაც მამამ დედა მოუკლა... სხვათა შორის, დროის გასვლის მიუხედავად, ამ შემზარავ  ტრაგედიას დღემდე იხსენებენ...

 ახალგაზრდა ქალი ქმარმა საკუთარ სახლში, საკუთარ საძინებელში, შვილის თვალწინ მოკლა. დანაშაულში ეჭვმიტანილის დაკავება  ძალოვნებმა ოპერატიულად შეძლეს და ბრალიც წაუყენეს. ცოლის მკვლელობის მიზეზად თავიდანვე ეჭვიანობა დასახელდა. საქმის მასალებშიც აღნიშნული იყო, რომ ვოვა ვ-მ დანაშაული ეჭვიანობის გამო ჩაიდინა, მაგრამ, რას გულისხმობდა ეჭვიანობაში, ამაზე განსასჯელმა მხოლოდ პროცესის დასასრულს ისაუბრა. მანამდე მხოლოდ იმას აცხადებდა, რომ ცოლი ღალატობდა და ამიტომ მოკლა. ჰქონდა თუ არა მის ეჭვებს რეალური მიზეზი? ეს  დღემდე უცნობია. უტყუარი პასუხი კი განსასჯელის  ახლობლებისთვისაც ისევე საინტერესოა, როგორც გარდაცვლილის ნათესავებისთვის.

საქმის მასალებით, ყველაფერი სიყვარულით დაიწყო – მომავალ ცოლ-ქმარს ერთმანეთი სკოლაში შეუყვარდა. ვოვასგან განსხვავებით, სკოლის დამთავრების შემდეგ ნანა ო. უნივერსიტეტში ჩაირიცხა და სწავლა თბილისში განაგრძო. შეყვარებულები ერთმანეთს ხშირად ვეღარ ხვდებოდნენ და, ვინაიდან ამას ორივე განიცდიდა, მესამე კურსის სტუდენტი გოგონა ვოვა ვ-ს ცოლად გაჰყვა და მათი სიყვარული სამასკაციანი ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილი ვოვას დედასთან ერთად ცხოვრობდა, რძალ-დედამთილს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა. მალე პატარა მათეც გაჩნდა, მაგრამ, ახალგაზრდა წყვილის ცოლქმრული იდილია მალე დაირღვა. თითქოს გაუგებარი საბაბით  ქმარმა ეჭვიანობა დაიწყო – ცოლს მეზობელ მამაკაცებთან მისალმებასაც კი უკრძალავდა. როგორც მოგვიანებით მან ჩვენებაში თქვა, მას ეჭვები არ ასვენებდა, მაგრამ, ვინაიდან ვერავისთან ვერაფერს ამბობდა, პროტესტს ამ ფორმით გამოხატავდა. 

ქმრის ეჭვების ერთ-ერთი „ადრესატი“ დედამისის მამიდაშვილი, ანუ, ოჯახის ძალიან ახლობელი იოსებ ბ-ც კი გახდა. საქმე გაყრამდეც მივიდა, თუმცა, ვოვას დედა ურთიერთობის განმუხტვას ყველანაირად ცდილობდა. მთავარი კი ის იყო, რომ ვერაფრით ვერ ხვდებოდა, მისი რძალი და შვილი რას ვერ იყოფდნენ...

ვოვა ვ-ს აგრესიის „საიდუმლო” ერთ ჩვეულებრივ დღეს გაირკვა, როდესაც მათ სახლში სტუმრად სწორედ დედამისის მამიდაშვილი, იოსებ ბ. მივიდა. მან რძალი განსაკუთრებული სიყვარულით მოიკითხა და ყვავილებიც კი მიართვა. ეჭვიანმა, თანაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ქმარმა კი ემოცები ვეღარ მოთოკა და ყველას გასაკვირად, ახლო ნათესავს უკანასკნელი სიტყვებით აგინა, რის შემდეგაც, არათუ მათ სახლში მისვლა, მიმდებარე ტერიტორიაზე გავლაც კი კატეგორიულად აუკრძალა. ამ ფაქტს, ბუნებრივია, ინციდენტი მოჰყვა – იოსებ ბ-მ საცემად გაიწია. მოჩხუბრები გააშველეს, იოსებ ბ-მ მათი სახლი დატოვა, მაგრამ ინციდენტი ამით არ ამოწურულა. კონფლიქტი ცოლ-ქმარს შორის გაგრძელდა. ნანა მთვრალი ქმრის საქციელით იყო შეურაცხყოფილი, ქმარი კი ცოლს აგინებდა, რომ ქმრის ბიძა, ანუ, იოსებ ბ. მოსწონდა... ამის გამო მან ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სახლში მისი ახლობლები დაიბარა. მათთან მისულ ნანას დედას კი განუცხადა, რომ მის შვილს საყვარელი ჰყავდა და, ჯობდა, მშვიდობიანად წაეყვანათ... 

ნანა ო. ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა, ასეთი დამცირების გამო ქმარს პასუხს უბრუნებდა და, მომხდარით შეურაცხყოფილი, სახლიდან წასვლას თავადვე აპირებდა. მან ნივთების ჩალაგებაც დაიწყო, მაგრამ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ქმარი ცოლს წინ გადაუდგა და დაემუქრა, რომ სახლიდან კი წავიდოდა, მაგრამ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სათქმელს ბოლომდე ეტყოდა.

ვოვას დედა შვილის დაწყნარებას ცდილობდა. რძალს კი სთხოვდა, არსად წასულიყო, რადგან, იმედი ჰქონდა, რომ ვოვა გამოფხიზლდებოდა, დასხდებოდნენ და სიტუაციას საღი გონებით გაარკვევდნენ. დედამთილმა რძალი დაითანხმა, იმ ღამეს ნანას დედაც მათთან დარჩა და სიტუაცია თითქოს დაწყნარდა. მძახლები ერთმანეთში საუბრობდნენ, ცოლ-ქმარიც თითქოს დამშვიდდა, მაგრამ, რას წარმოიდგენდნენ დედები, რომ დაახლოებით ნახევარ საათში საშინელი სურათის თვითმხილველები გახდებოდნენ... 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქმარმა ცოლს საძინებელში წაყოლა სთხოვა. დაახლოებით ოც წუთში კი ოთახიდან ყვირილისა და ჩხუბის ხმა გაისმა. ქალები ოთახისკენ გაიქცნენ, მაგრამ საძინებლის კარი დაკეტილი დახვდათ. ოთახიდან ნანას განწირული ხმა და ბავშვის ტირილი ისმოდა. კარების შესამტვრევად მათ  დაახლოებით ათი წუთი დასჭირდათ, მაგრამ, უკვე გვიანი იყო: ოთახი სისხლით იყო სავსე, ნანა სისხლში ცურავდა, ვოვას კი ერთ ხელში დანა, მეორეში კი შვილი ეჭირა და ყვიროდა, რომ მოღალატე ცოლი მოკლა... ამის შემდეგ მან ბავშვი საწოლზე დააწვინა და იქაურობას გაეცალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ, ვინაიდან გულში იყო დაჭრილი, ოპერაცია უშედეგოდ დასრულდა – სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა და დანაშაულის ჩადენაში განსასჯელს არა მხოლოდ სიდედრი, თავიდან საკუთარი დედაც კი ამხელდა. ცხადია, ქმარი მკვლელობას აღიარებდა. ამბობდა, რომ დანაშაული ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა, მაგრამ, საქმის კვალიფიკაციას – განზრახ მკვლელობას – არ ეთანხმებოდა. თუმცა, ხაზს უსვამდა, რომ სასჯელს მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

განსასჯელმა დეტალური ჩვენება პროცესის დასასრულს მისცა და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისმა გულის ამაჩუყებელმა ისტორიამ ყველას თანაგრძნობა გამოიწვია: „ყველამ იცის, რომ მე და ნანას ერთმანეთი სკოლიდან გვიყვარდა, მაგრამ, ნანა მეორე კურსზე იყო, როდესაც ჩემ მიმართ შეიცვალა – თბილისში ჩემი ჩაკითხვა აღარ სიამოვნებდა. მასთან ერთად ქირით მისი ჯგუფელი ცხოვრობდა. ვინაიდან მასაც კარგად ვიცნობდი, თეონას ვკითხე, რა იყო ამის მიზეზი. სწორედ მისგან გავიგე, რომ ნანა სხვას ხვდებოდა და, როგორც მეგობრისთვის უთქვამს, ამის თქმას ვერ მიბედავდა. ვიფიქრე, რომ ქალაქმა სოფლელ გოგოზე გავლენა მოახდინა, მაგრამ, გადაუვლიდა და დამიბრუნდებოდა. ასეც მოხდა: ერთ დღეს ნანამ თვითონ მთხოვა ჩასვლა. მისმა ზედმეტად თბილმა შეხვედრამ ცოტა დამაბნია კიდეც, შემდეგ კი ატირდა. მიზეზი რომ ვკითხე მიპასუხა  – მიყვარხარ, მაგრამ ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდაო. ვერ მივხვდი, რაში იყო საქმე და ვკითხე – თუ გიყვარვარ, ყველაფერი კი არ დასრულდა, ახლა იწყება-მეთქი. ამ სიტყვების გაგონებისას კიდევ უფრო ატირდა...

ვიფიქრე, რომ დაწყნარდებოდა და მეორე დღეს მივაკითხავდი, მაგრამ, ცუდად ვარო და დარჩენა მთხოვა. ვინაიდან გულში ცუდი განზრახვა არ მქონია, დავრჩი. იმ ღამეს გამომიტყდა, რომ არცთუ დიდი ხნის წინ სხვასთან ჰქონდა ინტიმური კავშირი, მაგრამ,  ლტოლვილი ბიჭი, რომელსაც ვითომ უყვარდა, „აორთქლდა” – მშობლებთან ერთად მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემთვის მძიმე დარტყმა იყო, ნანა ძალიან შემეცოდა... ერთი საყვედურიც კი არ მითქვამს. იმდენად შემეცოდა, პირიქით, მოვეფერე და ვუთხარი, რომ ყველანაირად გვერდში დავუდგებოდი და ნანა მეორე დღესვე ცოლად წამოვიყვანე... ეს ამბავი არავინ იცოდა, გარდა თეონასი, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა. სწორედ ის იყო ნანას მეჯვარე. 

ეს ამბავი ოჯახში არავისთვის მითქვამს, ნანასთვის ერთხელაც კი არ შემიხსენებია. ბავშვს ველოდებოდით და მისი წარსული საბოლოოდ დავივიწყე, მაგრამ როგორც ნანა ამბობდა, მისთვის უკვე სრულიად უცხო და, თანაც, მატყუარა ადამიანი, როგორც ჩანს, თავად ვერ დაივიწყა – სრულიად შემთხვევით, მის ტელეფონში ტექსტური შეტყობინებები ვიპოვე... 

რეზო, რომელთანაც ჩემს ცოლს წარსულში ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა, ნანას სწერდა, რომ თბილისში დაბრუნდა, ისევ უყვარდა და შეხვედრას სთხოვდა. რომ არა შემთხვევითობა, ამას ვერ გავიგებდი. 

საქმე ისაა, რომ იმ დღეს ჩვენთან მეზობელი შემოვიდა. მას ტელეფონი მოჰპარეს და, ვინაიდან ნომრებიც დაკარგა, ერთ-ერთი საერთო ნაცნობის ნომერი უნდოდა. ჩემი ტელეფონი მეორე სართულზე იყო და რადგან ნანას ტელეფონი იქვე იდო, ნომერი მის ტელეფონში მოვძებნე და მეზობელს ვუკარნახე. ამ დროს ესემესი მოვიდა, ინსტინქტურად გავხსენი და კინაღამ გონება დავკარგე: ვიღაც რეზო ჩემს ცოლს სწერდა, რომ, თუ უყვარდა, მის გამო ყველაფერს შეძლებდა... 

ამის შემდეგ სხვა შეტყობინებებიც წავიკითხე. აშკარა იყო, ნანა და რეზო ერთმანეთს ხშირად ეკონტაქტებოდნენ...

დედაჩემის მამიდაშვილს რეალურად ჩემთვის არაფერი დაუშავებია. ზუსტად ვიცი, მას ჩემს ცოლთან არაფერი აკავშირებდა, მაგრამ, ნანას მესიჯებიდან გავიგე, რომ ჩემი ნათესავი იმ რეზოს ჰგავდა – ყოფილ საყვარელს ნანა თავად სწერდა: ჩემი ქმრის ერთ-ერთი ნათესავი გგავს და ოჯახში მისი მოსვლა განსაკუთრებულად მიხარიაო... სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც იოსებს ვეჩხუბე...

ნანას მესიჯებს დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში ისე ვკითხულობდი, ვერაფერს ხვდებოდა. პარალელურად, მესიჯებს ჩემს ტელეფონში „ვაბლუთუზებდი”, მაგრამ, ნანას მაინც არაფერს ვეუბნებოდი – მაინტერესებდა, ეს ყველაფერი სადამდე გაგრძელდებოდა. ვვარაუდობდი, რომ წერტილი დაესმებოდა, მაგრამ, პირიქით მოხდა – ნანა ჩემ მიმართ შეიცვალა და გაყრით მემუქრებოდა...

იმ დღეს, როდესაც დედაჩემის ნათესავთან ვიჩხუბე, ნანამ ისეთი სახე მიიღო, თითქოს ვერაფერს ხვდებოდა. ვინაიდან მაინც მიყვარდა, ოჯახის დანგრევა არ მინდოდა. ოთახში რომ შევიყვანე ვთხოვე, დროა, ყველაფერი მომიყვე-მეთქი. მიმტკიცებდა, შენს ნათესავთან მართლა არაფერი მაკავშირებსო. ვუთხარი, რომ მისი მჯეროდა, მაგრამ, არ მჯეროდა მისი გულწრფელობის. ვთხოვე, თუ რამე პრობლემა გაქვს, დაგეხმარები-მეთქი. კიდევ რომ არ გამოტყდა, მესიჯები ვაჩვენე. ჯერ თავი გაიგიჟა – ნომერი ეშლებოდა ვიღაცას და მეც ვეხუმრებოდიო, მაგრამ, სხვა შეტყობინებებიც რომ ვაჩვენე, ყვირილი დაიწყო – ჩემს ტელეფონს რატომ სინჯავდიო. შემდეგ კი მომახალა, რომ არ ვუყვარდით, არც მე და არც ბავშვი და ამიტომ სახლიდან აპირებდა წასვლას... მერე რა მოვიმოქმედე, აღარ მახსოვს...” – განაცხადა განსასჯელმა, რომლის ადვოკატმაც სასამართლო პროცესზე ბრალდებულის ტელეფონში ჩაწერილი ტექსტური შეტყობინებები წარმოადგინა და განაცხადა, რომ მათი სინამდვილე ექსპერტიზით დადასტურდა... ასევე, დადასტურდა ის ფაქტიც, რომ ნანას წარსულში სხვა მამაკაცთან ინტიმური ურთიერთობა ნამდვილად ჰქონდა. ეს ფაქტი არა მხოლოდ მისმა მეჯვარემ, არამედ, თავად რეზო გ-მ დაადასტურა, რომელიც მოწმედ გამოიძახეს და არც მესიჯები უარყო...

მიუხედავად გამამართლებელი გარემოებებისა, ვოვა ვ-ს ბრალად დაედო განზრახ მკვლელობა და 9 წლით პატიმრობა მიესაჯა...

 

 

скачать dle 11.3